და­ახ­ლო­ე­ბით 30 მი­ლი­ო­ნი მო­ნაა ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ო­ში - გზაპრესი

და­ახ­ლო­ე­ბით 30 მი­ლი­ო­ნი მო­ნაა ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ო­ში

- უკვე ვისაუბრეთ პირველი სახელმწიფოების წარმოშობისა და ადამიანთა შორის მონარქიული მმართველობის ჩამოყალიბების შესახებ, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გასტანა. შემდეგ თანდათან შეიცვალა მმართველობის ფორმები...

მამა მაკარი:

- თუ მონარქიული მმართველობის პერიოდში მეფეს უფალი გვირჩევდა, თანამედროვე პერიოდში უფალმა ნება მოგვცა, თავად ავირჩიოთ საერო ხელისუფლება. ამიტომ არჩევანის გაკეთებისას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ვის ვირჩევთ, ვინ გვინდა მოვიდეს ხელისუფლებაში. როდესაც მმართველობა ხდება არჩევითი პრინციპით, უფალი თითოეულ ჩვენგანზე ანაწილებს პასუხისმგებლობას. თუ სამეფო ხელისუფლების დროს, ადამიანების ბრალეულობა არ იყო იმაში, მეფე როგორ მართავდა სახელმწიფოს, თანამედროვე პერიოდში, როდესაც ჩვენ ვირჩევთ ხელისუფლებას, თანამონაწილენი ვხდებით მათი კეთილი თუ უკეთური საქმეებისა. უფალმა ასეთი წესით მმართველობა ადამიანებს იმ პერიოდში მისცა, როდესაც ადამიანის გონება ამაღლდა და ისინი გათავისუფლდნენ მონური მენტალიტეტისგან. მონას სჭირდება, რომ ვიღაცამ მართოს, თავისუფალ ადამიანს ეს არ სჭირდება, თავად უნდა მართოს საკუთარი თავი. მთავრობა უნდა იყოს ხალხისგან დაქირავებული, რომ იმსახუროს და მოაგვაროს ის პრობლემები, რაც ერს აქვს და არა იმისთვის, რომ ადამიანებზე იბატონოს ან რაიმე პირადი სარგებელი ნახოს. თუ ხელისუფლება არაღვთივსათნოდ იქცევა და ჩვენ არაფერს ვაკეთებთ ამის წინააღმდეგ იმ მოსაზრებით, რომ ხელისუფალია და უფლება არ გვაქვს შევეწინააღმდეგოთ ან ვთვლით, რომ ხელისუფლებასთან მაინც ვერაფერს გავაწყობთ, უკვე ჩვენც თანაზიარნი ვხდებით მათი უკეთური საქმეებისა.

- კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველაზე დიდი ხნის მანძილზე სწორედ მონარქიული მმართველობა არსებობდა...

- ადამიანების მენტალიტეტი იყო ისეთი, რომ მონარქიულ მმართველობას საჭიროებდა. როდესაც მენტალიტეტი შეიცვალა და ადამიანი გათავისუფლდა მონური ფსიქოლოგიისგან, უფალმა ინება, რომ სახელმწიფო მმართველობაც თანდათან შეცვლილიყო. ყველა პერიოდში, ყველაზე ღვთივკურთხეული ის სახელმწიფოებრივი წყობა, ის საერო ხელისუფლებაა, რომელსაც უფალი უშვებს იმ დროს, როდესაც ვცხოვრობთ. თანამედროვე ცივილიზებული სამყარო გაცილებით ჰუმანურია. თუ უფლის ნებით თავიდან მონარქიული მმართველობა არსებობდა, პიროვნება განაგებდა ყველაფერს, თანამედროვე მსოფლიოში უფალმა უკვე მმართველობის სხვა ფორმა, - არა მონარქიული, არამედ - დემოკრატიული მმართველობა დაუშვა, რადგან ადამიანები ჰუმანურები გახდნენ და გაცილებით მეტი განათლება აქვთ. როდესაც სახელმწიფოს სამეფო ხელისუფლება მართავდა, განათლებაზე უმეტესწილად სამეფო ოჯახის წევრებს მიუწვდებოდათ ხელი, თანამედროვე სამყაროში განათლება ერთეულების პრივილეგია აღარაა, დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განათლება მიიღოს.

- საინტერესოა, რატომ ხდებოდა ადამიანთა მონებად ჩამოყალიბება? ვიცით, რომ ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ნელ-ნელა გაქრა მონის ინსტიტუტი...

- ადამიანები, რომლებმაც მეტი ძალაუფლება მოიპოვეს, აიძულებდნენ სხვა ადამიანებს, მათ სასარგებლოდ ეშრომათ და ასე ვთქვათ, მათი საკუთრება გამხდარიყვნენ. ეს იყო მონის ინსტიტუტი. მონები თითქმის ყველგან არსებობდნენ, მაგრამ ყველაზე მეტი მაინც რომის იმპერიაში იყო, რადგან იმ დროს იმპერია დაპყრობით ბრძოლებს აწარმოებდა და უამრავი ტყვე მოჰყავდათ, რომლებსაც ქვეყნის განვითარებისთვის იყენებდნენ, - მშენებლობა იქნებოდა ეს თუ სხვა საქმე. ასე შეიქმნა უზარმაზარი არმია მონებისა, მაგრამ შემდეგ, როდესაც რომის იმპერიამ ქრისტიანობა მიიღო, მონობა სხვა ფორმაციაში გადავიდა. იმპერია ვეღარ აწარმოებდა დაპყრობით ომებს, ამიტომ მონების შემოდინება აღარ ხდებოდა ქვეყანაში. ამას დაერთო ისიც, რომ ქრისტიანული სწავლება და შეხედულებები ასე თუ ისე სახელმწიფო მოხელეებშიც დამკვიდრდა და ნელ-ნელა მონები გაქრნენ. შემდეგ თავად რომის იმპერიაც დაემხო, დასავლეთ რომის იმპერიის დიდი ნაწილი გერმანულმა ტომებმა დაიპყრეს და ფაქტობრივად, რომის ძველი ცივილიზაცია, რომელსაც მონები სჭირდებოდა აღმშენებლობისა და განვითარებისთვის, დაინგრა. თუმცა მონები მაინც საკმაოდ გვიანობამდე შემორჩნენ (ამერიკაში XIX საუკუნემდეც კი). მეტიც, ისინი თანამედროვე მსოფლიოშიც არსებობენ. გაეროს მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 30 მილიონი მონაა და აქედან ნახევარი ინდოეთში ფიქსირდება...

- მონობის გაუქმების შემდეგ მოხდა ადამიანთა გლეხებად ჩამოყალიბება...

- ყოფილი მონების მცირე ნაწილი იქცა თავისუფალ ადამიანებად, ხოლო უდიდესი ნაწილი მიწათმფლობელებზე დამოკიდებულ გლეხებად. მცირედით გაუმჯობესდა მათი პირობები. ძირითადად, ეს მოხდა ევროპაში, თორემ იმ სტილის ფეოდალიზმი, რაც ევროპის ქვეყნებში იყო, აღმოსავლეთის ქვეყნებში არ ყოფილა. თუ ევროპაში მმართველებზე ნაკლებად იყვნენ ადგილობრივი ფეოდალები დამოკიდებული, აღმოსავლეთის ქვეყნებში, მაგალითად ირანში, აბსოლუტურად მმართველზე ანუ შაჰზე იყო დამოკიდებული ყველა ფენის წარმომადგენელი. რამდენი სიმდიდრეც უნდა ჰქონოდა ადამიანს, თუ შაჰის წინააღმდეგ წავიდოდა, მისთვის ყველაფერი დამთავრებული იყო. ხოლო ევროპაში, ასევე საქართველოშიც, ასე არ ხდებოდა, - თუ თავადს ჰყავდა ვთქვათ, ათასი კომლი, მისთვის ამ კომლის წართმევა ან ბრძოლაში უნებართვოდ წაყვანა, მეფესაც კი არ შეეძლო. გლეხები თავადაზნაურობის საკუთრებად ითვლებოდნენ. მათ უფლებები არ გააჩნდათ, არ შეეძლოთ თავისუფალი გადაადგილება, საცხოვრებლად სხვაგან წასვლა, არ გააჩნდათ პირადი საკუთრება. ეს აშკარად ჩანს იმ პერიოდის საბუთების წარმოებიდანაც. ასევე, როდესაც თავადს გლეხის გაყიდვა სურდა, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ თავის კუთვნილ გლეხს ყიდდა. მაგრამ ხანდახან ავაზაკურად მოიტაცებდა ხოლმე ვინმე ყმა-გლეხს და ყიდდა, თუმცა იშვიათად. სოლომონ პირველის ცნობილ ტრაქტატამდე, რომლის თანახმადაც მან გააუქმა და აკრძალა ტყვეთა გაყიდვა, რამდენიმე ათწლეულით ადრე, ეკლესია რამდენჯერმე შეეცადა, აეკრძალა ტყვეთა გაყიდვა და საეკლესიო დადგენილებითა და თავადაზნაურთა ხელმოწერით მიაღწია შეთანხმებას, რომ მუსლიმანზე არ გაეყიდათ ყმა-გლეხი. მიუხედავად ამისა, მაინც ირღვეოდა ეს წესი, რადგან ძირითადი მყიდველი ოსმალეთის სახელმწიფო იყო. ამ პერიოდში ევროპელი გლეხის მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო - მას თავისუფლად შეეძლო, ერთი თავადიდან მეორესთან წასულიყო. თუმცა პირადი საკუთრება არც მას გააჩნდა.

შორენა მერკვილაძე