"იმდენად მომეწონა, ვერ გამოვიზოგე..." - გზაპრესი

"იმდენად მომეწონა, ვერ გამოვიზოგე..."

ავტორი, რომელიც ბავშვობაში შეუყვარდა და დღეს კიდევ უფრო მეტად უყვარს, ნოდარ დუმბაძეა. ამბობს, რომ კარგი მეხსიერებით არ გამოირჩევა, მაგრამ ის, რაც მასზე შთაბეჭდილებას ახდენს, ადვილად ამახსოვრდება.

პრეამბულის მაგიერ

- ბექა, ბავშვობაში წასაკითხ ლიტერატურას ვინ გირჩევდა?

- სკოლის პერიოდში, კლასგარეშე ლიტერატურით დედა მამარაგებდა. ხშირად, წაკითხულ წიგნებზე სამეგობროშიც ვლაპარაკობდით და ერთმანეთს ვურჩევდით, რომელი ნაწარმოები წაგვეკითხა. დაახლოებით ისე ხდებოდა, ახლა ერთმანეთს სათამაშო დისკებს რომ ურჩევენ.

- ცდილობ, შვილებს კითხვა შეაყვარო?

- ამ მხრივ ჩემი მეუღლე მეტად აქტიურობს. ბავშვები ძალიან პატარები რომ იყვნენ, ზღაპრებს, საბავშვო ლიტერატურას ის უფრო ხშირად უკითხავდა.

- წიგნების შეძენა მაინც თუ შედის შენს მოვალეობაში?

- ჩვენთან სამსახურში თვეში ერთხელ შემოდის ერთ-ერთი საგამომცემლო სახლი და ახალ წიგნს ყოველ ჯერზე ვყიდულობ.

- წიგნი მოგიპარავს?

- კი, მანგლისში ვისვენებდი, იქაურ ბიბლიოთეკაში "ბიძია თომას ქოხი" მოვიპარე და წამოვიღე. მახსოვს, ამ ნაწარმოების კითხვა რომ დავიწყე, დავჯექი და სანამ ბოლო ფურცელზე არ მივედი, არ ავმდგარვარ. იმდენად მომეწონა, ერთი სული მქონდა, ფინალამდე როდის მივიდოდი. ვერ გამოვიზოგე, დავიწყე და დავამთავრე.

- წიგნის კითხვის დროს გიტირია?

- (იცინის) ბავშვობაში იქნებოდა ასეთი შემთხვევები. ისე, ზოგიერთი ფილმის ნახვისას, ახლაც მეტირება. ცრემლი შეიძლება არ წამომივიდეს, მაგრამ გული ადვილად მიჩუყდება.

- ახლა თავისუფალი დრო რომ გქონდეს, რომელ ნაწარმოებს წაიკითხავდი?

- კონსტანტინე გამსახურდია მიყვარს. მის "დავით აღმაშენებელს" სიამოვნებით წავიკითხავდი. დროის გამონახვა აუცილებლად უნდა მოვახერხო.

- ამ ნაწარმოების წაკითხვა ასე ძალიან რატომ მოგინდა?

- რამდენიმე დღის წინ, სამეგობროში დავით აღმაშენებლის ეპოქაზე, მის ცხოვრებაზე ვლაპრაკობდით. მომინდა, ხელახლა გადავიკითხო.

- კონსტანტინე გამსახურდიას გარდა, გამორჩეულად კიდევ რომელი ავტორი გიყვარს?

- ნოდარ დუმბაძე ბავშვობაში შემიყვარდა და დღეს კიდევ უფრო მეტად მიყვარს.

- პოეზია გიყვარს?

- ლექსებს თავად არ ვწერ, მაგრამ სიამოვნებით ვკითხულობ.

- ზეპირად ბევრი ლექსი იცი?

- ახლა უნდა მათქმევინო?

- არა, მე გეტყვი და ავტორი დამისახელე, კითხვარზე გადავიდეთ.

- ცოტათი ვღელავ, მაგრამ დავიწყოთ.

- "აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს-/ ეს კაცია, ალბათ, თურქის თემის.../ და მე ვყვირი: - ჩემს სისხლს დალევს უწინამც და მე ვმღერი: - აფხაზეთი ჩემი!/ როსმე "არგო" (სხვა ხომალდი გუშინაც)/ მოაპობდა ზვირთებს ნიჩბის ცემით.../ და მე ვყვირი: - მკვდარსაც მნახვენ უწინამც!/ და მე ვმღერი: - აფხაზეთი ჩემი". ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- არ ვიცი.

- მურმან ლებანიძე. რა ერქვა სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მამას?

- (იცინის) ისაკი ერქვა.

- ქალების ფსიქოლოგიას კარგად იცნობ?

- ზომიერად.

- მარჩელო მასტროიანი ქალების ფსიქოლოგიის დიდი მცოდნე იყო. მათზე ყველაფერი იცოდა, ისიც კი, თუ რომელი ქალი უნდა გაეცნო პლაჟზე, როცა ზღვაზე შვებულების გასატარებლად მიდიოდა. რა ნიშნით არჩევდა გოგონებს პლაჟზე?

- სუსტი ნებისყოფისას არჩევდა?

- არა.

- მარტო ვინც იყო?

- არა.

- მოკლე კაბა ვისაც ეცვა? მაგრამ იქ ყველას ასე აცვია. მითხარი, ვერ ვხვდები, რა ნიშნით არჩევდა?

- ყველაზე გაურუჯავს არჩევდა, მთელი შვებულება წინ აქვსო.

GzaPress- სხვათა შორის ახლა მე კარგი ინფორმაცია მივიღე. ვიცი, მკითხავ, შენ როგორ აკეთებდი (ახლა მეუღლე მყავს) არჩევანსო და ბარემ გიპასუხებ. არჩევანს ყველაზე პატარაზე ვაკეთებდი, ვფიქრობდი, ამას მთელი ცხოვრება წინ აქვს და მაღალი გაიზრდება-მეთქი.

- ეს ცეკვა 20-იან წლებში ცენტრალურ ამერიკაში გაჩნდა. 30-იან წლებში კათოლიკურმა ეკლესიამ აკრძალა. ხელმეორედ ის ბრაზილიაში აღმოაჩინეს, ხოლო საქვეყნოდ პოპულარობა 1988 წელს მოიპოვა. რომელ ცეკვაზეა ლაპარაკი?

- რადგან კათოლიკური ეკლესია იყო ჩარეული, ზედმეტად მოშიშვლებული კოსტიუმით ცეკვა იქნებოდა.

- ცეკვის სახეობა უნდა დამისახელო.

- რომელიმე სექსუალური ცეკვა იქნებოდა. შესაძლოა, ჯაივი, არა?

- ლამბადაზეა ლაპარაკი. ყოფილი სსრკ-ის დროს, ცეკას ერთ-ერთი გენერალური მდივნის დადგენილებით, საშენი მასალების ეკონომიის მიზნით, საცხოვრებელ სახლებს ჭერის სიმაღლე შეუმცირეს. ვინ იყო ამ დადგენილების ავტორი?

- ხრუშჩოვი.

- რისი შიშია ნომოფობია?

- არ ვიცი.

- მობილურის არქონის შიშია. შენ თუ გაქვს რამე ფობია?

- არა. არც მინდა ფობიების თემას რომ ჩავუღრმავდე.

- ბავშვობაში მას ეძახდნენ "ანგელოზს მოხრილი ფეხებით", შემდეგ კი სპორტის ერთ-ერთ სახეობაში სახელი გაითქვა...

- (მაწყვეტინებს) შეგიძლია სპორტის სახეობა დამისახელო?

- ის ცნობილი ფეხბურთელი გახდა. მას ფეხბურთის მოედნის უდიდეს შოუმენს უწოდებდნენ.

- ერთადერთი მამაკაცი ვარ, ვისაც ფეხბურთი არ უყვარს. არ ვთამაშობ, არ ვიცი.

- სავარაუდო პასუხი მითხარი.

- მარადონა.

- ცდები.

- გარინჩა.

- სპარსული იგავის მიხედვით, არსებობენ სამი სახეობის მტრები. პირველი - უბრალოდ მტერი, მეორე - მეგობრის მტერი, დაასახელეთ მტრის მესამე "სახეობა".

- მტრის მტერი?

- მტრის მტერი ხომ შენი მეგობარი იქნება.

- მაშინ გამოდის, რომ მესამე "სახეობა" მტრის მეგობარია.

- ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე ბრუკ შილდსს იდეა მოუვიდა, გაეყიდა ის, რისმა ფასმაც 45000 დოლარს მიაღწია. როცა ვაჭრობა შეწყდა, ბრუკის საქმროს ნერვებმა უმტყუნა და ეჭვიანობისგან დაბოღმილმა სკანდალი ატეხა. რა გაყიდა მსახიობმა?

- საქმრომ და არა ქმარმა? საცვალი ან რაღაც ამდაგვარი ნივთი?

- არანაირი ნივთი არ გაუყიდია.

- აბა?

- ადამიანის ქმედებაზე ალაპარაკი.

- საქმრო ხომ არ გაყიდა (ცინის)?

- არა.

- ვერ გამოვიცანი, სწორი პასუხი მითხარი.

- კოცნა გაყიდა.

- მართალი ყოფილა ის კაცი.

- საქმროს ადგილზე რომ ყოფილიყავი, როგორ მოიქცეოდი?

- იმ კოცნას უკან ვიყიდდი.

- მხატვრობაში როგორ ერკვევი?

- კარგი ცოდნით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ მთლად უვიციც არ ვარ.

- რომელი ნამუშევრებით არის ცნობილი ივანე აივაზოვსკი: პეიზაჟებით, ბიბლიური თემებით თუ პორტრეტებით?

- პეიზაჟებით.

- რომელი ყვავილი ითვლება მიუწვდომლობის სიმბოლოდ?

- ედელვაისი, რადგან მიუვალ ადგილებში იზრდება.

- მოსწავლეს 4 ფანქარი რომ ეყიდა, 5 თეთრი დარჩებოდა, ხოლო იმავე თანხით 8 ფანქარი რომ ეყიდა, 7 თეთრი დააკლდებოდა. რა თანხა ჰქონია მოსწავლეს?

- ღმერთო, შენ მიშველე! მაგას რა დაიანგარიშებს.

- 17 თეთრი. რა ერქვა ალექსანდრე მაკედონელის დედას?

- ოლიმპიადა.

- ვინ შეასრულა ილიკოს როლი ფილმში - "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"?

- სანდრო ჟორჟოლიანმა.

- "მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე სიყვარულით ერთხელაც არ ამძგერებია გული, თუმცა მოჩვენებით ხშირად მომჩვენებია თავი, ტრფიალების ალი მწვავს-მეთქი, ეტყობა ვერც ვერასდროს ვიგრძნობ ამ გულის ძგერას... ავხორცი თუ ვარ? მაშა! არ მოუტყუებიხართ, ოღონდ განა საშიშარი ვარ. ქალს დავინახავ თუ არა როდი შევყივლებ და ვეძგერები, ჯერ არასდროს ვყოფილვარ გასამართლებული ვნებიანობის მკაცრი გამოვლინებისთვის: სრულიდ ურისკოდ შეიძლება ჩემთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა, მით უმეტეს თუ ხმის მისაწვდენ ადგილზე პოლიციელი მორიგეობს". -ეს არის ერთ-ერთი ფრანგი მწერლის მიერ შეულამაზებლად დახატული ავტოპორტრეტი. დაასახელე ეს მწერალი.

- სწორი პასუხი არ ვიცი.

- ამბობენ, როცა ეს მწერალი გარდაიცვალა, პარიზის ყველა საროსკიპომ გლოვა გამოაცხადაო.

- გი დე მოპასანი?

- დიახ. რა ჰქვია დღისა და ღამის გათანაბრებას?

- ბუნიობა.

- ვინ იყო ბედისა და იღბლის ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში?

- ფორტუნა.

- დაბოლოს, დაასრულე ფრანსუა ვოლტერის ცნობილი გამონათქვამი: "ადამიანის შესახებ მსჯელობენ მხოლოდ მისი მთავარი საქმეების და არა - მისი..."

- ...აზრების მიხედვით.

- "...მისი შეცდომების მიხედვით".

თამუნა კვინიკაძე