დავით აღმაშენებლის მონეტა - უნიკალური ფულის ერთეული, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული
font-large font-small
დავით აღმაშენებლის მონეტა - უნიკალური ფულის ერთეული, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული
...1089 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა 16 წლის ჭაბუკი, მეფე დავით IV.
ამ სახელოვანი მეფის დროს ქართველი ხალხი ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა; დავითმა შეძლო ქვეყნის გაერთიანება და განმტკიცება, რისთვისაც ხალხმა აღმაშენებელი უწოდა. დავით აღმაშენებლის მეფობის ხანა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების ხანაა. საქართველო წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო გახდა. დავითი აგრძელებს ბიზანტიურტიტულიანი ქართული მონეტების ორი ტიპის მოჭრას.

პირველ ტიპზე მოთავსებულია წარწერა: "ქრისტე, ადიდე დავით აფხაზთა მეფე და სევასტოსი", მეორეს ცენტრში კი გამოსახულია ჯვარი და წრიული წარწერა: "ქრისტე, ადიდე დავით მეფე და სევასტოსი". მოგვიანებით, მეფემ უარი თქვა ბიზანტიურ ტიტულზე და როდესაც 1118 წელს აიღო ლორე და გააუქმა ტაშირის სამეფო, სპილენძის მონეტა მოჭრა, რომლის ავერსზე გამოსახულია მეფე საიმპერატორო ინსიგნიებით, ხოლო რევერსზე - მედიდური წარწერა: "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა". ეს მონეტა უნიკალურია და დღეს დიდი ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული. მონეტის წარწერის შინაარსი სრულად ასახავს ქვეყნის რეალურ პოლიტიკურ მდგომარეობას - იმ დროისთვის საქართველო წინა აზიის ერთ-ერთი უძლიერესი სუვერენული სახელმწიფოა.
იბერიაში ანუ ქართლის სამეფოში, კოლხეთისგან განსხვავებით, სამონეტო მიმოქცევა ძვ.წ. II საუკუნემდე შედარებით სუსტად იყო განვითარებული. იბერიის სამეფოში საკუთარი მონეტა არ მოჭრილა, ძვ.წ. I - ახ.წ. III საუკუნეებში კი იქ ფულადი მიმოქცევის საფუძველი რომაული და პართული ფული იყო. სამონეტო მიმოქცევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ბერძნულ-რომაული მონეტების მინაბაძები.
საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ლისიმაქეს და ალექსანდრეს სტატერების, ასევე რომის პირველი იმპერატორის, ოქტავიანე ავგუსტუსის (ძვ.წ. 27-
ახ.წ. 14 წწ.) დენარის ადგილობრივი მინაბაძები, როგორც ტექნიკური, ისე მხატვრული თვალსაზრისით, დიდად განსხვავდება ორიგინალებისგან. გამოსახულებები მინაბაძებზე დამახინჯებულია, წარწერების ნაცვლად, ხშირ შემთხვევაში, წერტილები და გაურკვეველი ხაზებია გამოსახული.
ოქროს მინაბაძების უმეტესობა მოჭრილია ძვ.წ. I ს-სა და ახ.წ. I ს-ის დასაწყისში. რომაული დენარების ადგილობრივი მინაბაძები, სავარაუდოდ, ბრუნვაში იყო ახ.წ. I ს-ის მიწურულიდან, ვიდრე III ს-ის ბოლომდე. იბერიაში ასევე ფართოდ მიმოიქცეოდა რომაული ოქროს ფული - აურეუსები, რომლებიც მსხვილი სავაჭრო გარიგებების დროს ანგარიშსწორების ძირითადი საშუალება გახლდათ. ბრუნვაში ჩართული იყო ასევე რომაული აურეუსების ადგილობრივი იმიტაციები.
ბეჭდვა