სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი წყო­ბა უფალ­მა ადა­მი­ან­თა და­სა­ცა­ვად და­უშ­ვა - გზაპრესი

სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი წყო­ბა უფალ­მა ადა­მი­ან­თა და­სა­ცა­ვად და­უშ­ვა

- როგორ მოხდა ევროპული სახელმწიფოების წარმოშობა?

მამა მაკარი:

- ევროპული სახელმწიფოები ძირითადად გერმანული ტომებისგან წარმოიშვა. ესპანეთში ლათინი მოსახლეობა ცხოვრობდა, მაგრამ ვიცით, რომ ესპანეთი გერმანელებმა დაიპყრეს და ამის შემდეგ წარმოიშვა სახელმწიფო. ევროპის ტერიტორია, სადაც გერმანელი ტომები არ ცხოვრობდნენ, არის იუგოსლავიის ყოფილი ქვეყნები და ალბანეთი; აღმოსავლეთ ევროპაში - სლავები და რუმინელები, რომლებიც ჰუნების შთამომავლები არიან; ბერძნები და ფინელები, და დანარჩენი ევროპა წარმოიშვა სხვადასხვა გერმანელი ტომებისგან. იმ პერიოდში, როდესაც რომის იმპერია აღზევების ზენიტში იმყოფებოდა, გერმანულ ტომებს განუვითარებელი ცივილიზაცია ჰქონდათ. უმეტესწილად, სოფლის მეურნეობას ან მესაქონლეობას მისდევდნენ, მეთევზეობითა და ნადირობით ირჩენდნენ თავს. როდესაც მათ გვერდით გამოჩნდა ისეთი მდიდარი ქვეყანა, როგორიც რომის იმპერია იყო, ნელ-ნელა დაიწყეს გადასახლებები, დაპყრობები, დარბევები. შემდგომში სწორედ ეს ტომები მონაწილეობდნენ რომის იმპერიის დასასრულში, თუმცა ვერ მოახერხეს ცივილიზაციის იმ დონეზე შენარჩუნება, რაც რომის იმპერიაში არსებობდა. რომაული ცივილიზაცია განადგურდა. ამ პერიოდს ისტორიკოსები ბნელ საუკუნეებს ეძახიან. შემდეგ ევროპულმა სახელმწიფოებმა ნელ-ნელა დაიწყეს აღორძინება, მაგრამ ტექნიკური ცივილიზაციის თვალსაზრისით, მხოლოდ XVI-XVII საუკუნეებში მიაღწიეს იმ დონეს, რაც რომის იმპერიას ჰქონდა, ხოლო სამართლებრივ საკითხებში - მხოლოდ XX საუკუნეში. თუმცა, ეს სამართალი მხოლოდ თავისუფალ ადამიანებზე ვრცელდებოდა და არა - მონებზე. რომის იმპერიის არსებობის დროს ევროპა არ იყო ერთიანი სახელმწიფო. შემდეგ უამრავი პატარ-პატარა სახელმწიფო ჩამოყალიბდა. მალე ამ სახელმწიფოებს შორის დაიწყო დაპირისპირებები, ზოგი გაძლიერდა, ზოგი დასუსტდა. დამოკიდებულება ევროპელთა შორის ყოველთვის პროტესტისკენ იყო მიმართული. თუ რომელიმე სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს დაიპყრობდა, დაპყრობილი პროტესტს გამოთქვამდა და ხელისუფალთა ან აზნაურთა წინააღმდეგ ჯანყდებოდა. ამან ევროპის რესპუბლიკური მმართველობისკენ გადახრა გამოიწვია, მაგრამ ეს საკმაოდ გვიან, დაახლოებით XX საუკუნეში მოხდა. ამ დრომდე ევროპული სახელმწიფოების უმრავლეობას მეფე მართავდა და არა - არჩეული ხელისუფლება. პირველი სახელმწიფო, სადაც საყოველთაო კენჭისყრით აირჩიეს პარლამენტი და მოსახლეობის უმეტესობა მონაწილეობდა, ქალიც და მამაკაციც, ეს იყო საქართველო - 1919 წლის პარლამენტის არჩევნებში. ეს გაცილებით გვიან მოხდა სხვა სახელმწიფოებში.

- რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოების არსებობას და რატომ ქმნიდნენ ადამიანები სახელმწიფოებს?

- ადამიანის სულიერი არსებობისთვის სახელმწიფოების არსებობას მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ იმისათვის, რომ თავად ადამიანებს შორის ურთიერთობა მოწესრიგდეს, მათი ცხოვრება მიწიერად უნდა იყოს მოწესრიგებული, საჭიროა მიწიერი მმართველობა. ადამიანებს საერო მმართველი არ სჭირდებათ, მათი მმართველი ღმერთია, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები ღვთივსათნოდ, ღვთის მცნებებით ცხოვრობენ, მაგრამ თუ ადამიანები იწყებენ ღვთის მცნებების დარღვევას, იწყებენ ცოდვების ჩადენას - მკვლელობას, ქურდობას, ძარცვას... თავიანთი ცოდვებით კი არა მხოლოდ საკუთარ თავს, სხვებსაც ზიანს აყენებენ, უფალი ამის გამო უშვებს, რომ ვიღაცა ვიღაცაზე ბატონობდეს. მიწიერი კანონები იმისთვის არსებობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაშაული მოხდეს დედამიწაზე. სახელმწიფოებრივი წყობა, საერო ხელისუფლების არსებობა უფალმა სწორედ ადამიანთა დასაცავად დაუშვა. სახელმწიფოებს აყალიბებდა ადამიანების ძალაუფლებისკენ მიდრეკილებაც, ასე ყალიბდებოდა პირველი სახელმწიფოები, თუ არ ჩავთვლით ბერძნულ ქალაქ- სახელმწიფოებს, სადაც სახელმწიფოების ჩამოყალიბება სხვა პრინციპით ხდებოდა, ვიდრე აღმოსავლეთის ქვეყნებში - სპარსეთში, ბაბილონში, ეგვიპტეში... აქ ყველაფერი უშუალოდ ძალადობის ნიადაგზე ყალიბდებოდა. რაც შეეხება საბერძნეთის სახელმწიფოებს, უფრო ურთიერთთანამშრომლობაზე აგებული სახელმწიფოები გვხვდებოდა, მაგრამ ხელისუფალნი რაღაც დოზით ყოველთვის ძალადობდნენ ადამიანებზე ანუ იდეალურად სამართლიანი ხელისუფლება, ადრინდელ პერიოდში, ფაქტობრივად არ არსებობდა.

რაც მეტად აკონტროლებს მოსახლეობა ხელისუფლებას, იგი მეტად სამართლიანია, რადგან იცის, რომ ადამიანთა ნებაზეა დამოკიდებული. თუ ადამიანები კარგავენ ხელისუფლებაზე კონტროლს, სახელმწიფო უსამართლო და ძალადობრივი ხდება.

- რა არის სასულიერო მმართველობის დანიშნულება?

- წარმართობის პერიოდში საერო და სასულიერო მმართველობა უფრო მეტად იყო გადაჯაჭვული ერთმანეთზე. რაც შეეხება ისრაელის სახელმწიფოს, მსაჯულთა ხანაშიც და შემდგომ მეფობის პერიოდშიც, არსებობდა სასულიერო მმართველობა ანუ სინედრიონი მართავდა ქვეყანას. სხვა მმართველობა არ ჰქონდა ისრაელს. თანამედროვე პერიოდს რაც შეეხება, თუ რელიგიური მიმდინარეობები მართავენ ქვეყანას, ეს ცუდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, რადგან ამ შემთხვევაში ხდება ფუნდამეტალიზმის წინა პლანზე წამოწევა და ღვთისგან ადამიანისადმი მინიჭებული უპირველესი უფლების - თავისუფალი ნების დარღვევა. ეკლესია არის ის ორგანიზაცია, ის ადგილი, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ზეცაში უნდა ავიდეს. ეკლესია არ არსებობს იმისათვის, რომ მიწიერი საკითხები მოაგვაროს, სახელმწიფოებრივ ქმედებებში ჩაერიოს. როდესაც ეკლესია მიწიერი საკითხების მოგვარებაზე გადადის, კარგავს თავის უმთავრეს ფუნქციას - იზრუნოს ადამიანთა სულიერ ცხოვრებაზე. როგორც უნდა ვიზრუნოთ ხორციელი პრობლემების მოგვარებაზე, თუ სულიერი პრობლემები დავივიწყეთ, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ. შეიძლება ადამიანს მოუგვარდეს მიწიერი პრობლემები, მაგრამ ეს ხელს არ შეუწყობს მის ღმერთთან დამკვიდრებას. ეკლესიის მოვალეობა ადამიანის ღმერთამდე მიყვანაა.

ძველი აღთქმის ეკლესია განაგებდა ადამიანების ურთიერთობას ღმერთთან და ადამიანებს შორის. სჯული ადამიანებს ასწავლიდა, რა არ უნდა ჩაედინათ და თუ ჩაიდენდნენ, რა სასჯელი ელოდათ, თორემ ძველი აღთქმის ეკლესია არ ყოფილა ჩვეულებრივი სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურა, თავისი ჯარით, პოლიციით... მისი მოვალეობა ადამიანებს შორის ურთიერთობების მოწესრიგება იყო, თანაც არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ძველი აღთქმის პერიოდია, როდესაც ეკლესია ადამიანებს ამზადებდა უფალთან შესახვედრად, მის მოვალეობაში მიწიერი საკითხების მოგვარებაც შედიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უფალი მოვიდა, ჯვრას ეცვა და მკვდრეთით აღდგა, ეკლესიის ფუნქციიდან აბსოლუტურად ყველა მიწიერი საკითხი გამოვიდა, ახალაღთქმისეული ეკლესია ზეეროვნული გახდა. ქრისტიანობის გავრცელების პირველ საუკუნეებში, როდესაც ქრისტიანებს შეიპყრობდნენ და ეკითხებოდნენ, რომელი ქალაქიდან იყვნენ, მიუგებდნენ, რომ მათი ქალაქი ზეციური იერუსალიმი იყო, ხოლო, როდესაც ეროვნებას ეკითხებოდნენ, ამბობდნენ, რომ ქრისტიანები იყვნენ. სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანებს შორის განსხვავება არ არსებობდა, ყველანი ერთმანეთის ძმები იყვნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც სახელმწიფოებმა ქრისტიანობა მიიღეს, ანუ ხელისუფალნიც ქრისტიანები გახდნენ, ეროვნულ ნიადაგზე დაპირისპირებები დაიწყო.

შორენა მერკვილაძე