ბანქოს სახლი (ნაწილიIX) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (ნაწილიIX)

ამ თანხას რეალურად დახარჯულთან საერთო არაფერი აქვს. - როგორც იქნა, ამოთქვა მან ბოლოს.

ურჰარტს პასუხის გაცემა არ უჩქარია. ჯერ ბარმენისკენ შებრუნდა და კიდევ ორი კონიაკის მოტანა სთხოვა, ოსტატურად გაბმულ ობობას ქსელს კი, უფრო მეტი სიმტკიცისთვის, რამდენიმე აბრეშუმის ძაფი მხოლოდ ამის შემდეგღა მიუმატა:

- გასული წლის სექტემბრიდან სააგენტოში სხვადასხვა თანხას დოკუმენტების სათანადო გაფორმების გარეშე რეგულარულად იღებდი და, როგორც უკვე გითხარი, მათმა რაოდენობამ სადღეისოდ 22.300 გირვანქა სტერლინგს მიაღწია. თავიდან შედარებით მცირე თანხით დაიწყე, მაგრამ შემდეგ როგორც ჩანს, მადა მოგემატა და თვეში 4.000 გირვანქამდე ახვედი. არადა, ალბათ, თავადაც დამეთანხმები, რომ ამდენი ჭამა-სმა თვით ყველაზე ბობოქარი წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც კი სრულიად შეუძლებელია.

- დამიჯერე, ფრენსის, ყველა ხარჯი, რისთვისაც ამ ფულს ვიღებდი, სავსებით კანონიერი იყო... - ამოიგმინა ო"ნეილმა.

- რაც უნდა თქვა და ამტკიცო, მაინც არ დაგიჯერებ, რადგან ჩემთვის ისიც ზუსტადაა ცნობილი, თუ ეს ფული როდის და რაში დახარჯე. - კონიაკი სიამოვნებით მოწრუპა სავარძლის საზურგეზე ნებიერად გადაწოლილმა მთავარმა შოლტმა, რომლის მსხვერპლიც უკვე ისე გაშეშებულიყო, თითქოს სავარძელს მიალურსმნესო. - რა არის იცი, როჯერ? - ისევ სრულიად მშვიდად განაგრძო მან შემდეგ, - მე, როგორც მთავარ შოლტს, ყველა იმ ადამიანური პრობლემის პირადად გაცნობა მიხდება, რომელთა უმეტესობაზეც შენ შესაძლოა, ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არ გქონდეს. შორს რომ არ წავიდე, გეტყვი, რომ მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში ზოგიერთმა ჩვენმა ყოჩაღმა პარლამენტარმა თავი მარტო ცოლის ცემით, ღალატით, თაღლითობითა და ჭკუიდან შეშლით კი არა, სისხლის აღრევითაც კი გამოიჩინა.

- სისხლის აღრევით? - ყურებს არ დაუჯერა ო"ნეილმა.

- საბედნიეროდ, ასეთი მხოლოდ ერთადერთი ფაქტი იყო... რა თქმა უნდა, ამის ჩამდენს არჩევნებში ხელმეორედ მონაწილეობის უფლება აღარ მივეცით, მაგრამ ხმაურიც არ აგვიტეხია. ან კი რა საჭირო იყო და ვის რა სარგებელს მოუტანდა ამის გაკეთება? სწორედ ამიტომაცაა, რომ ამ შემთხვევის შესახებ შენ და შენისთანებს არაფერი გსმენიათ. რაღა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის სისხლის აღრევა ყველა დასაშვებ თუ დაუშვებელ ზღვარსაც კი სცილდება, მაგრამ, საერთოდ, მორალის კითხვით ნამდვილად არ ვარ დაკავებული. მეტიც, ვთვლი, რომ ამა თუ იმ სისუსტის ქონის უფლება ყველას აქვს, ოღონდ - მხოლოდ მანამდე, სანამ ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

- ჰო... - ამოიხვნეშა ო"ნეილმა, - ძალიან ფართო საზოგადოებისთვის...

- სხვათა შორის, ერთ-ერთი ჩემი უცროსი შოლტი პროფესიით ექიმია და ჩემთან მხოლოდ იმისთვის მყავს დანიშნული, რომ ადამიანებში სტრესის ნიშნები აღმომაჩენინოს.

- სტრესის ნიშნები? - როგორც იქნა, ოდნავ შეირხა აქამდე ლამის ქვასავით გაშეშებული ო"ნეილი.

- დიახ, დიახ, - დაუდასტურა მას ურჰარტმა, - სწორედაც რომ სტრესის. და უნდა გითხრა, რომ ამ საქმეში საკმაოდაც დავსპეცდი. ჩვენს პარლამენტში ხომ 300-ზე მეტი ადამიანია და თუ საერთოდ ყველას არა, მათ უმეტესობას მაინც მართლაც ძალიან რთულ პირობებში, თითქმის ზღვარზე უწევს მუშაობა. ასე რომ, რაღა გასაკვირია თუ... მოკლედ, გაოგნდები, რომ გითხრა, ჩვენთან, ვესტმისტერში, ნარკოტიკებს უკვე რამდენი მოიხმარს.

- ვესტმისტერში?.. ნარკოტიკებს?..

- მეტსაც გეტყვი: სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ქვეყნის მოსახლეობის 10 პროცენტი, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, პარლამენტის წევრებიც, ამა თუ იმ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ცდუნებას ფიზიოლოგიურად ანდა ფსიქოლოგიურად უკვე საერთოდ ვეღარ უმკლავდება. და ეს მათი ბრალი სულაც არ არის.

- ???

- პარლამენტარები მყავს მხედველობაში... - აზრი სასწრაფოდ დააზუსტა მთავარმა შოლტმა. - რადგან მათ, თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე, დალევასთან, სხვადასხვა აბების მიღებასთან და სხვა მსგავს ცდუნება-გადაცდომასთან გამკლავება სხვებზე ბევრად მეტად უჭირთ.

- პრინციპში, მართლაც ასეა...

- სხვათა შორის, დუვრის მახლობლად ძალიან კარგი გამაჯანსაღებელი ფერმაა.

- ფერმა?

- დიახ... ასე რატომ გაგიკვირდა? ნამდვილად ძალიან კარგი ფერმაა, სადაც ასეთ პარლამენტარებს რამდენიმე კვირით ვგზავნით ხოლმე. ჩვენდა საბედნიეროდ, მათი უმეტესობა უკან სრულიად განკურნებული გვიბრუნდება და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობასაც ძველებურად განაგრძობს.

- კარგია თუ მართლა იკურნებიან.

- რა თქმა უნდა. ოღონდ, მათი პრობლემის შესახებ რაც შეიძლება, დროულად უნდა შევიტყოთ. ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების პირველივე ნიშნებზე ასე მტკივნეულად სწორედ ამიტომაც ვრეაგირებთ. ეს განსაკუთრებით კოკაინის მოხმარებას ეხება, რაც ბოლო ხანებში ნამდვილ უბედურებად იქცა. როგორც ამბობენ, ეს ნარკოტიკი ერთ-ერთი ყველაზე მოდური და იოლად ხელმისაწვდომი გახდა. არადა, იცი, რომ თუ ამ უბედურებას დროზე არ მიხედავ, ცხვირის ძგიდეს ბოლომდე აჩირქებს?

- აბა, მე საიდან უნდა ვიცოდე? - დანაშაულზე წასწრებულივით აიჩეჩა მხრები ო"ნეილმა.

- სხვა მხრივაც ძალიან საინტერესო ნარკოტიკია. - მშვიდად განაგრძო მთავარმა შოლტმა. - ადამიანს მყისიერად აბრუებს და იმის შეგრძნებას უჩენს, რომ ხუთსაათიანი საქმის ხუთ წუთში გაკეთებაც სულ თავისუფლად შეუძლია. ერთი სიტყვით, თვით ყველაზე ჩვეულებრივ მოკვდავსაც კი გენიოსად აქცევს, ოღონდ - მხოლოდ ძალიან მცირე ხნით.

- ალბათ... - ბეჭებზე მაინც არაფრით დაეცა ო"ნეილი. - სხვისი არ ვიცი და პირადად მე, ზუსტად ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი...

- მოკლედ, ერთდროულად ძალიან მიმზიდველი და ძალიან ვერაგი რამეა.

- შესაძლოა, ასეც იყოს...

- ...და ძალიან ძვირად ღირებულიც... - მოსაუბრის საბოლოოდ დამსხვრეული ოცნებების კუბოში ბოლო ლურსმანიც დაუნდობლად ჩააჭედა მთავარმა შოლტმა.

- ვერ ვხვდები, ამ ყველაფერზე რატომ მელაპარაკები? - შესძახა უცბად მოთმინებადაკარგულმა ო"ნეილმა. - მე ხომ ნარკომანი არ ვარ!

- რა თქმა უნდა, როჯერ, რა თქმა უნდა, - მამაშვილურად დაუყვავა მას ურჰარტმა. - მაგრამ ხომ იცი, რომ ისეთი ადამიანებიც მრავლად არიან, ვისაც კაცმა არ იცის, შენზე რისი გაფიქრება შეუძლიათ. არადა, თავადაც მშვენივრად მოგეხსენება, რომ პრემიერ-მინისტრი ასეთ რამეს არასდროს არავის აპატიებს.

- პრემიერ-მინისტრი ჩემს ნარკომანობას არასდროს დაიჯერებს! - უცბად ისე ამოიხვნეშა ო"ნეილმა, თითქოს გულიც თან ამოაყოლაო.

- რასაც ნამდვილად ვერ იტყვი პარტიის თავმჯდომარეზე, რომელმაც ამ დღეებში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გამართული საუბრისას მაინცდამაინც თბილად როდი მოგიხსენია. მართალია, პრემიერ-მინისტრისა არ იყოს, ჯერ მანაც ბევრი არაფერი იცის, მაგრამ შენს მხურვალე თაყვანისმცემელს მაინც ძნელად თუ უწოდებს კაცი.

- ვიცი. - ბედს დამორჩილებულივით ჩაქინდრა თავი ო"ნეილმა.

- მაგრამ მაინც არ იღელვო. პრემიერ-მინისტრი ბოლომდე დავარწმუნე, რომ შენთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა.

- მართლა?

- აბა, რა! სანამ მხარს გიჭერ, საერთოდაც არაფრის შიში არ უნდა გქონდეს...

კოკაინის მომხმარებელი ნარკომანებისთვის დამახასიათებელი პარანოიამდე მისული შიშების თაობაზე ფრენსის ურჰარტს კარგად მოეხსენებოდა და, ამიტომაც, იმაშიც ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ მის მიერ თითიდან გამოწოვილი ეს ამბავი როჯერ ო"ნეილის ცნობიერებაში უთუოდ ღრმა კვალს დატოვებდა. თანაც, რადგანაც ასეთ ნარკომანებს სახელის მოხვეჭის დაუძლეველი წყურვილიც გამუდმებით კლავთ, რის მიღწევაც ო"ნეილს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური კავშირებისა და პრემიერ-მინისტრის მფარველობის წყალობით თუ შეეძლო, თუნდაც ერთი მათგანის დაკარგვაც კი იმედს საბოლოოდ გაუქრობდა და ასეც მოხდა.

- ახლა რაღა უნდა ვქნა? - საწყალობლად ამოიგმინა მან უცბად და თავი აკანკალებულ ხელებში ჩარგო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში