რა წა­ვი­კითხოთ შვე­ბუ­ლე­ბის დროს, შვი­ლებ­მაც რომ მოგ­ვ­ბა­ძონ - გზაპრესი

რა წა­ვი­კითხოთ შვე­ბუ­ლე­ბის დროს, შვი­ლებ­მაც რომ მოგ­ვ­ბა­ძონ

- "რა წავაკითხოთ ბავშვებს არდადეგებზე". დიახ, ზაფხულში ეს მშობლის მთავარი საზრუნავია, თუმცა ნუ დაგვავიწყდება ერთი ჭეშმარიტება: თუ ბავშვი მშობელს ვერ ხედავს წიგნით ხელში, არც თავად დაეწაფება მისთვის შერჩეულ გამოცემებს.

ასე რომ, შვებულების დროს კარგი წიგნით განტვირთვა არა მხოლოდ ჩვენთვის, ბავშვისთვისაც სასარგებლო გახდება. რა წავიკითხოთ შვებულებაში ყოფნის დროს? არჩევანი მართლაც დიდია. უკეთ რომ შეარჩიოთ სასურველი გამოცემა, მცირეოდენ ანოტაციასაც ვურთავთ.

გაუჩინარებული ქალი

გილიან ფლინი

ვაჟი კარგავს ცოლს, ცნობილი მწერლების ნებიერა ქალიშვილს. პოლიცია ცდილობს გაუჩინარების მიზეზების გარკვევას. მალე, ქმარს ცოლის მკვლელობაში სდებენ ბრალს. იწყება გამოძიება, თუმცა, ამ ამბავში ლოგიკური ძაფები იოლად წყდება და იბურდება...

მობილური

სტივენ კინგი

ბოსტონის ქუჩებში დაეხეტებიან იმპულსით ზომბირებული, სისხლს მოწყურებული არსებები და ყველასა და ყველაფერს ანადგურებენ. მთავარი გმირები ცდილობენ, გაარკვიონ, რა ხდება... შეიძლება კი რაიმეს შეცვლა და თუ შეიძლება, როგორ?!

ობობას გამოჩენა

ჯეიმზ პეტერსონი

ჰოლივუდის კინოვარსკვლავის ქალიშვილისა და ფინანსთა მინისტრის ვაჟის გატაცება მხოლოდ დასაწყისია! გარი სონეჯი ბავშვების გამტაცებელია. სასტიკი და შეუბრალებელი. მას "საუკუნის დანაშაულის" ჩადენა სურს. დაუჯერებელი და მოულოდნელი ფინალი გაგაოცებთ.

თავებზე მონადირეები

იუ ნესბო

როჯერ ბრაუნი თავის უდიდეს ძარცვას გეგმავს. გეგმა იცვლება. საუკეთესო მონადირეზე ახლა სხვა იწყებს ნადირობას...

უცნაური თომასი

დინ კუნცი

ბესტსელერის გმირი, სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე მდგომი გალანტური გუშაგი თქვენს გულს დაატყვევებს. თომასის საოცარი ნიჭის შესახებ მხოლოდ მეგობრებმა და საყვარელმა გოგონამ იციან. სწორედ მათი დახმარებით ააცილებს ის დიდ უბედურებას უდაბნოს შუაგულში მოქცეულ პატარა ქალაქს.

გოგონა მატარებელში

პოლა ჰოკინსი

ყოველდღე ერთი და იგივე. რეიჩელი ყოველდღე ერთი და იმავე მატარებლით მგზავრობს. ერთ დღესაც ხედავს რაღაცას, რაც შოკში აგდებს. ახლა ყველაფერი შეიცვალა - რეიჩელს ეძლევა შანსი, იმ ადამიანების ცხოვრების ნაწილი გახდეს, რომლებსაც შორიდან ადევნებდა თვალს.

ბავშვი 44

ტომ რობ სმიტი

სტალინური ეპოქის საბჭოთა კავშირი სამოთხეა, სადაც დანაშაული არ ხდება და მოქალაქეებს მხოლოდ ერთი რამის ეშინიათ: ყოვლისშემძლე ხელისუფლების...

უკუათვლა

კენ ფოლეტი

მამაკაცი რკინიგზის სადგურის იატაკზე გაიღვიძებს. არაფერი ახსოვს. მერე გაზეთში წააწყდება ცნობას თანამგზავრის გაშვებასთან დაკავშირებით და მთავარი ამბავი აქ დაიწყება.

არავის უთხრა

ჰარლან ქობენი

მთვარის მკრთალი შუქით განათებული კამკამა ტბა. შემზარავი კივილი. შორეული ლანდი. ასეთი იყო ღამე, როცა დევიდ ბეკს ცოლი მოსტაცეს. მას ეუბნებიან ახლა, გონს მოეგოს და სამუდამოდ დაივიწყოს წარსული. ის ვერ ივიწყებს!

ბნელი ადგილები

გალიან ფლინი

კანზასის პატარა ქალაქი გაუგონარი სისასტიკით ჩადენილმა დანაშაულმა შეძრა: 15 წლის ბიჭმა, ბენ დეიმ, დედა და ორი და დახოცა. მკვლელს სასწაულებრივად გადაურჩა დეების ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი - 7 წლის ლიბი...

კონკიას მკვლელობა

მერი ჰიგინს

ჟურნალისტი ლორი მორენი, მორიგი გადაცემისთვის შეარჩევს ტრაგედიას, რომელმაც თავის დროზე მთელი ქვეყანა შეძრა: მაგრამ ამის ნაცვლად, მკვლელს შეხვდა. როდესაც მეორე დღეს მოკლული გოგონა იპოვეს, მას მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი ეცვა.

მდუმარე ცოლი

ა.ს.ა. ჰარისონი

როცა მდიდარი მამაკაცი ხარ და წარმატებული ბიზნესი გაქვს, ფარულ სასიყვარულო კავშირებს უნდა უფრთხოდე. კაცმა ეს არ იცის. ამიტომ ერთ დღეს უახლოეს მეგობრის შვილთან შემთხვევითი შეხვედრისას ზღვარს გადაკვეთს.

ქრისტინი

სტივენ კინგი

ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო. 17 წლის არნი კანინგემი ქრისტინის დანახვისთანავე მიხვდა, რომ მის დასაუფლებლად ყველაფერს იზამდა. ქრისტინი ქალი არ არის, მაგრამ არნი კანინგემს თავდავიწყებით უყვარს.

სიკომოროთა მწკრივი

ჯონ გრიშემი

იმ ღამემ ძმების ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. უმცროსი გადაიკარგა და ძალიან დიდხანს ემალებოდა წარსულს. უფროსმა ძმამ კი, სეთ ჰაბარდმა, მშობლიურ ოლქში ცხოვრება განაგრძო, მაგრამ გამუდმებით ღრღნიდა დანაშაულის გრძნობა...

გზა

კორმაკ მაკარტი

შემზარავი რეალობა: უიმედობისა და გამოუვალობის განცდა, კატასტროფის მოლოდინი, მუდმივი შიში და სიცივე. სიჩუმე. გვამები და კიდევ გვამები...

დაფლული გოლიათი

კაზუო იშიგურო

"ეს სევდიანი, ელეგიური ისტორიაა... ოცნებისეული მოგზაურობა... მარტივად საკითხავი, ძნელად დასავიწყებელი"... "ეს არის ყველაზე ამბიციური, სარისკო და უცნაური ამბავი, რაც იშიგურომ თავისი 33-წლიანი კარიერის განმავლობაში გამოაქვეყნა".

ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ

ენტონი დოერი

მეორე მსოფლიო ომი. პარიზი ოკუპირებულია. ქალაქიდან მარი-ლორა, ბრმა გოგონა მამასთან ერთად გარბის. მარის მამა - მუზეუმის გასაღებების მცველი. სიურპრიზებისა და თავსატეხების დიდოსტატი. ისინი გარბიან და თან დიდი განძი მიაქვთ - გაცოცხლებული, ხორცშესხმული ლეგენდა.

ვახშამი

ჰერმან კოხი

ძმები, პაულ და სერჟ ლომანები, ცოლებთან ერთად ამსტერდამში ფეშენებელურ რესტორანში სავახშმოდ ხვდებიან ერთმანეთს. პოულ ლოუმანი ისტორიის ყოფილი მასწავლებელია, მისი ძმა სერჟი - მომავალი პრემიერ-მინისტრი. მათი საუბარი თანდათან დრამად გადაიქცევა - ერთმანეთის მიყოლებით საშინელი ოჯახური საიდუმლოებები ამოტივტივდება და ირკვევა, რომ ორივეს შვილებს სასტიკი დანაშაული აქვთ ჩადენილი.

არჩევანი

ნიკოლას სპარქსი

თრევის პარკერი - წარმატებული ახალგაზრდა მამაკაცი. მას ყველაფერი აქვს - კარგი სამსახური, სახლი ოკეანის სანაპიროზე, საოცარი ხედი ფანჯრიდან. პარკერს სიყვარულის არ სჯერა და არც ეძებს. თუმცა, გაბი ჰოლანდთან შეხვედრის შემდეგ თრევისი საკუთარ ბედისწერას ცვლის!

ღირსება

ელიფ შაფაქი

მდინარე ევფრატის პირას მდებარე, მიყრუებული სოფლიდან ლონდონამდე გზა ცრემლით, ტკივილითა და იმედით არის სავსე. ისინი გაექცნენ სამშობლოს, საკუთარ თავს კი - ვერა. რომანი ერთი ოჯახის ამბავს მოგვითხრობს.

მატყუარა

ნორა რობერტსი

შელბი-ენ ფომროი-ფოქსვორთი დაქვრივდა. ილუზიები გაქრა. კაცი, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა, არა მხოლოდ მატყუარა აღმოჩნდა, თურმე არც არსებობდა...