ტრა­დი­ცი­ე­ბი­ და ცრურ­წ­მე­ნე­ბი - გზაპრესი

ტრა­დი­ცი­ე­ბი­ და ცრურ­წ­მე­ნე­ბი

ამჯერად ტრადიციებისა და ცრურწმენების შესახებ ვისაუბრებთ...

- როგორ ყალიბდებოდა ტრადიციები ადამიანთა შორის? ყველა ეპოქაში სხვადასხვა ტრადიცია არსებობდა.

მამა მაკარი:

- ტრადიციები ყალიბდებოდა ადამიანის ცხოვრების წესიდან. არსებობს ასევე რელიგიური ტრადიციები, რომლებიც რელიგიური წესების მიხედვითაა ჩამოყალიბებული. დროდადრო მათში ხალხს შეაქვს ცვლილებები, რომელიც შემდეგ ყალიბდება და ხალხში ისე რჩება, როგორც სუფთა რელიგიური წესები. საქართველოს მაგალითზე ავიღოთ, ჩვენ შორის ბევრი ისეთი ტრადიციაა, რომელიც ხალხს სუფთა რელიგიური ტრადიცია ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. თავის დროზე რაღაც წესი ჩამოყალიბდა, რომელმაც დროთა განმავლობაში ცვლილება განიცადა, ხალხმა მისცა უკვე მას სხვა დანიშნულება და ეს არის არა რელიგიური ტრადიცია, არამედ უკვე ხალხური, რომელიც ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება საღვთო სწავლებას. ლომისობა ავიღოთ: ეს არის სუფთა ხალხური ტრადიცია, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს ეკლესიასთან. ამ დროს აღესრულება სისხლიანი მსხვერპლშეწირვა, რაც ეწინააღმდეგება საეკლესიო სწავლებას. რა თქმა უნდა, ადამიანს შეუძლია დაკლას საკლავი, მიიღოს მისი ხორცი, მოწყალების სახით გასცეს, მაგრამ ის რიტუალები და რწმენა, რასაც ადამიანები ამ დროს აღასრულებენ, წინააღმდეგობაში მოდის ქრისტიანულ სწავლებასთან. პირიქით, მისი საწინააღმდეგოც კია. ლომისობა მაგალითად მოვიყვანე, თორემ არაერთ მსგავს ტრადიციას წავაწყდებით. არსებობს ისეთი ტრადიციები, რომლებიც ქრისტიანობასთანაა ახლო კავშირში. შეაძლოა, ოდნავ სახეცვლილია, მაგრამ არა აქვს დოგმატური და ეკლესიის საწინააღმდეგო სწავლებები. ასეთ სწავლებებს ეკლესია არ უპირისპირდება. რაც შეეხება ტრადიციებს, რომლებიც თავად საღვთო სწავლებასა და მის არსს უპირისპირდება, ეკლესია ყოველთვის მოუწოდებს ადამიანებს, რომ ასეთი ტრადიციები არ მიიღონ და აღასრულონ.

- ადამიანთა უმეტესობა საერო, ხალხურ ტრადიციებს უფრო მეტი სიმტკიცით აღასრულებს, საერო ტრადიციების მიმდევარნი მეტად არიან, ვიდრე საეკლესიო ტრადიციებისა. რატომ ხდება ასე?

- საერო ტრადიციები დაკავშირებულია რიტუალურ ქმედებებთან, რომლებიც ადამიანებისთვის უფრო ადვილი აღსასრულებელია. საერო ტრადიციები ბუნდოვანი და გაუგებარია და ეს ბუნდოვანება ადამიანებს ღმერთთან სიახლოვე ჰგონიათ. ადამიანისთვის გაცილებით ადვილი გასაკეთებელია, ძველ ტაძართან ცხვარი დაკლას და რიტუალური ქმედებები აღასრულოს, ვიდრე ყოველდღე დილისა და საღამოს ლოცვები იკითხოს, რადგან სწამს, რომ ღვთის წინაშე მართალი ქმედება აღასრულა და უფალმა შეუნდო. მსგავსი ტრადიციები ადამიანთა წარმოსახვით `ღმერთთან დაახლოების~ მარტივი გზაა. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამით უფალს უახლოვდებიან, სინამდვილეში განეშორებიან უფალს.

- საერო, ხალხური ტრადიციების გამოხატულებაა ცრურწმენაც. რატომ იხრებიან ადამიანები ცრურწმენებისკენ?

- ცრურწმენაზე დაფუძნებული ყველა ტრადიცია ადამიანის გონების ნაყოფია, რომლებიც ადამიანთა წარმოსახვით ყალიბდებოდა ტრადიციების სახით. ცრურწმენებისთვის დამახასიათებელი რიტუალური ქმედებები რელიგიურად გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისთვის, გაცილებით ადვილი მისაღებია, ამიტომაც ცრურწმენებს უფრო მეტად ითვისებენ და მისდევენ. არსებობს ტრადიციები, რომელთაც კავშირი არა აქვთ ეკლესიასთან, მაგრამ თუ ეს ტრადიცები წინააღმდეგობაში არ მოდის საღვთო სწავლებასთან, ღვთის მცნებების აღსრულებასთან, მათი აღსრულება დანაშაული არ არის, ადამიანს არ წარწყმედს, მაგრამ არის ტრადიციები, რომლებიც უშუალოდ ღვთის მცნებებს ეწინააღმდეგება. ზოგიერთი მათგანი ადამიანს ღმერთს განაშორებს და სასუფევლის გარეშე ტოვებს. ადამიანური გონებით, ცრურწმენით გაცილებით ადვილია ადამიანმა მოიპოვოს ის, რაც მას სურს. დავუშვათ, ადამიანს სურს, შვილის სნეულებისგან განკურნება. როდესაც მას ეუბნებიან, - წადი ძველი ტაძრის ნანგრევებთან, სამჯერ შემოუარე, საკლავი შესწირე თუ სხვა ქმედებები აღასრულეო, ასეთი ქმედებების აღსრულება ურწმუნო ადამიანისთვის გაცილებით ადვილია, ვიდრე ეკლესიური წესებისა. როდესაც ეკლესიაში მოდის და ვეუბნებით, რომ უნდა ილოცოს სნეულისთვის, აღასრულოს ესა თუ ის საეკლესიო წესი და შემდეგ უფლის ნებაა, როდის აგვისრულებს სათხოვარს ან შესაძლოა საერთოდაც არ აგვისრულოს, რადგან საზიანო იყოს ჩვენი სულისთვის, ადამიანებს ამის გაგება უჭირთ, რადგან მარტივად უნდათ მიიღონ ღვთის წყალობა. ამიტომ ასეთი ადამიანი, განსაცდელთაგან თავის დასაღწევად მიმართავს სხვადასხვა სჯულის მჩხიბავს თუ ე.წ. მკურნალს და მათი მითითებით სხვადასხვა რიტუალურ ქმედებებს აღასრულებენ, ვთქვათ მიდიან რომელიმე ძველი ტაძრის ნანგრევებთან, საკლავს კლავენ, იმ ადგილიდან წამოღებულ კენჭს ან მიწას სასთუმლის ქვემოთ დაუდებენ და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ადამიანი მთელი ცხოვრება ასეთ სულიერ და გონიერ არეულობაშია ჩაფლული. იმ ენერგიის მცირე ნაწილიც რომ დაახარჯოს ადამიანმა თავის სულიერ ცხოვრებას, რასაც ცრურწმენების აღსრულებისთვის ხარჯავს, ღვთისგან გაცილებით მეტ წყალობას მოიპოვებს.

- რატომ უადვილდება ადამიანს ცრურწმენების აღსრულება, ქრისტიანული წესების შესრულება კი მძიმედ და ძნელად აღსასრულებლად ეჩვენება?

- ვიცით, რომ სამყაროში ადამიანის გარდა არსებობს უამრავი გონიერი არსება, - ანგელოზები, არსებობს ანგელოზთა ცხრა დასი, გონიერი, უნივთო და უსხეულო არსებები, რომელთაც მატერიალური სხეული არ გააჩნიათ, ისენი არიან სულები. მაგრამ ვიცით, რომ ხილული სამყაროს გაჩენამდე, ანგელოზთა ნაწილი დაეცა და იქცნენ უკვე დაცემულ ანგელოზებად ანუ ეშმაკებად. სწორედ დაცემული ანგელოზები ცდილობენ ყველანაირად, რომ ადამიანები განაშორონ ღმერთს და როგორც სხვა ცოდვებისკენ, ასევე მიიდრიკონ ცრურწმენებისკენ. კეთილი ანგელოზები უწყობენ ხელს ადამიანს ღვთის მცნებების აღსრულებაში და შეეწევიან, რომ არ ჩაიდინონ ცოდვები, მაგრამ რატომ არის, რომ ადამიანები ცრურწმენებისკენ უფრო მიიდრიკებიან, ვიდრე სარწმუნოებისკენ? რადგან დაცემული ანგელოზები ძალდატანებით ერევიან ადამიანების ცხოვრებაში, აიძულებენ ადამიანების გონებას, რომ ცოდვა ჩაიდინოს, ხოლო ღვთის ანგელოზები ადამიანის თავისუფალ ნებას ითვალისწინებენ, მხოლოდ აუწყებენ ადამიანის გონებას სიკეთეს, - მითითებებს აძლევენ, კეთილ სურვილებს უჩენენ ანუ დაცემული ანგელოზები ძალადობენ ადამიანის გონებაზე, ხოლო კეთილი ანგელოზები მოქმედებენ რჩევით. ამასთანავე, მას შემდეგ, რაც ადამიანი დაეცა ცოდვით, გამიწიერდა და ადამიანური ბუნებაც ხრწნადი გახდა, ამის შემდეგ უფრო მეტად მიდრეკილია ცოდვისკენ, ვიდრე - სიკეთის კეთებისკენ. სიკეთის კეთებას უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე უკეთურების კეთებას. თუ ბუნებასაც დავაკვირდებით, ის, რაც სასარგებლოა ადამიანისთვის, მეტი შრომა სჭირდება, ეკალბარდს შრომა არ სჭირდება, სასარგებლო მცენარეები და მიწა რომ გავასუფთაოთ ეკალბარდისგან, ამას სჭირდება შრომა. კულტურულ მცენარეებს როდესაც ვთესავთ და ვრგავთ, მას შრომა სჭირდება, რომ ნაყოფი გამოიღოს. ასევე, ადამიანს სიკეთის საკეთებლად სჭირდება ენერგიის ხარჯვა, რადგან მისი დაცემული ბუნებაა ცოდვისკენ მიდრეკილი და ამაში ასევე ხელს უწყობენ დაცემული ანგელოზები. ცრურწმენა თავისი პირდაპირი მნიშვნელობით არის ყველა არასწორი შეხედულება, რაც სცილდება ჭეშმრიტებას. ადამიანი როგორც კი მოსცილდება ჭეშმარიტების მადლს, მასზე მაშინვე იწყება დემონური ზემოქმედება, ჩნდება გადახრები აზროვნებაში, აღქმაში, მოვლენებთან მიმართებაში.

შორენა მერკვილაძე