პური ჩვენი არსობისა - სასარგებლო თუ მავნებელი - გზაპრესი

პური ჩვენი არსობისა - სასარგებლო თუ მავნებელი

ხორბლის ფქვილისგან დამზადებული პროდუქცია და პური ადამიანების უმეტესობისთვის ყოველდღიურ რაციონში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. ამიტომ მისი სიჯანსაღისა და ხარისხის კონტროლი ნებისმიერი ჩვენგანის ინტერესში შედის. როგორ ხდება ფქვილის შემადგენლობასა და ხარისხზე დაკვირვება, როგორ უნდა ამოიცნოს მომხმარებელმა გემრიელი და სურნელოვანი პური თუ სხვა ნაწარმი, ამ თემაზე და ფქვილთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციისა და მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარეები გვესაუბრებიან. თემაზე კომენტარი სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც ვთხოვე, თუმცა, პრესსამსახურმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გადამამისამართა, ამ უკანასკნელმა კი - პირველთან. საბოლოოდ, პასუხი ვერც ერთი მათგანისგან ვეღარ მივიღე.

მადონა კოიძე, საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე:

- მომხმარებელს ძირითადად, შავი და რუხი პურის თემა აინტერესებს - რამდენადაა ჭვავისგან გამზადებული, ხომ არ ხდება "შეღებილი" პურის რეალიზაცია და მისი შეცდომაში შეყვანა. თუ რამდენად ხარისხიანი ფქვილით ხდება პურის გამოცხობა, მართლა "იღებება" თუ არა შავი და რუხი პური და ა.შ. მსგავს კვლევებს სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს. ის რომ განვსაზღვროთ, ჭვავის პური შეღებილია თუ არა, სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი ლაბორატორია არ არსებობს.

- როგორც ცნობილია, არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც პროდუქციას პერიოდულად საზღვარგარეთ გზავნიან და მათი კვლევა იქ ხდება. არის შემთხვევები, როდესაც შედეგები არცთუ ისე სახარბიელოა... თქვენ რას იკვლევთ კონკრეტულად?

- მაგალითად, პურზე კარტოფილის დაავადებას, რომელიც ზაფხულში ყველაზე მეტად პრობლემურია. ეს არის დაავადებული ფქვილისგან დამზადებული პროდუქტი. ანალოგიური ფაქტები ხშირად, თითქმის ყოველწლიურადაა და ვცდილობთ, გამოვავლინოთ და ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და საზოგადოებას მივაწოდოთ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ძალებით ვერ ვწვდებით, რომ კვლევა ჩავატაროთ, ამას სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს.

მალხაზ დოლიძე, მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე:

- საქართველოში, მოგეხსენებათ, სხვადასხვაგვარი ხარისხის ფქვილი შემოდის. გვაქვს პირველი, მეორე ხარისხის, ჭვავის. ფქვილი ორ ჯგუფად იყოფა - ხორბლისა და ჭვავის. ახლა, საბაზრო ეკონომიკით დაშვებულია, რომ ფქვილი რუსეთიდანაც შემოიტანონ. საერთოდ, რუსეთი ითვლება იმპორტიორ ქვეყნად. ასევეა, ყაზახეთი და სხვა ქვეყნები. თურქეთიდან ფქვილი კარგა ხანია, არ შემოსულა. რუსული ფქვილი ჯანსაღ და კარგ ფქვილად ითვლება, რადგან იქ გენური ინჟინერიაა და არაფერი მოქმედებს. მაგალითად, ჩემი ქარხანა და ბევრი ქართული ობიექტი ფქვილს აქაური წისქვილებიდან ვიღებთ, რადგან საქართველოში მიღებული ფქვილი უფრო სტაბილურად მიმაჩნია. კონსიგნაციის წესი მოქმედებს, როცა ფქვილს შემოიტან, დაგაცდის და თანხას ეტაპობრივად გადაიხდი. მეწარმისთვის ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. საქართველოში, ძირითადად, ხორბალი შემოაქვთ და ფქვილად აქ მუშავდება. საქართველო იმ რაოდენობის ფქვილს ვერ აწარმოებს, რაც მას წლის განმავლობაში სჭირდება. ახლა ამბობენ, დიდი მოსავალიაო, ალაობა დაიწყო, მიუხედავად ამისა, ალბათ 250 ათასი ტონა მოვა, საქართველოს კი მილიონ ტონამდე სასურსათო ხორბალი სჭირდება, მერე ეს უნდა გადამუშავდეს, პურად იქცეს და მომხმარებელს მიეწოდოს. ამიტომ, ცხადია, იმპორტირებულ ფქვილზე ვართ დამოკიდებული. ერთხანს ბარიერები იყო, თითქოს, ტექნიკური რეგლამენტი ჩავრთოთ და ეს ხარისხი საბაჟოზე შევამოწმოთო, რაც არ შეიძლებოდა, რადგან ამ დროს, როდესაც ქართული წისქვილები ერთი ერთზე დარჩნენ ქართულ ბაზართან, ფქვილის ფასებმა მაშინვე მოიმატა. შესაბამისად, ეს პურის ფასის ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას. დღევანდელი ფასი ასეთიაL - ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 37 ლარია, იყო პერიოდი, როცა ერთი ტომარა 60 ლარიც გახდა, 44 ლარიც, რაც ძალიან დააწვა მეწარმეებს, პროდუქციის თვითღირებულებას და ა.შ. ამის გამო, ბევრი გაკოტრდა.

- რა იყო ამის მიზეზი?

- წინა მთავრობამ 2007 წელს, ვითომდა ქართული წისქვილების ხელშეწყობის მიზნით, საბაზრო ტერმინალები გადაკეტა, ფქვილის შემოტანის უფლება არავის მისცეს. ამ დროს, თვითონ შემოჰქონდათ ხორბალი, ამუშავებდნენ და ქართული წისქვილების მეშვეობით რეალიზებას ახდენდნენ. ამიტომაც ავარდა მაშინ ფასები, ფქვილმა შაქრის ფასს გაასწრო. მერე, როდესაც მთავრობა შეიცვალა და ბიძინა ივანიშვილი მოვიდა, პრიორიტეტი საბაზრო ეკონომიკას მიანიჭეს, რაც, მიმაჩნია, რომ სწორია. ტექნიკური რეგლამენტების შემოღების მცდელობა კვლავ იყო, 1-2 თვით მაშინაც გაძვირდა და შეზღუდვები გამოაცხადეს. ჩემი აზრით, საბაზრო ეკონომიკამ თვითონ უნდა იმუშაოს და ფასებსაც თვითონ დახვეწს.

- თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან ხარისხის მკაცრი კონტროლი ხომ უნდა ხდებოდეს?

- დღეს კონტროლი საბაზრო ეკონომიკაა. ეს სტანდარტები საბჭოთა დროს ჩაჰბარდა. კონტროლი უნდა იყოს, მაგრამ კონტროლი ვართ ჩვენ ყველა - მომხმარებლები, მწარმოებლები და ა.შ. უხარისხო ფქვილის მიღების სურვილი არავის აქვს, არ გაგეყიდება და რად გინდა? არსებობს სურსათის უვნებლობის სამსახური, შესაბამისი სამინისტრო, საბაჟოზე სანიტარიული კონტროლი, რომლებიც ხარისხის კონტროლს ახორციელებენ.

- თქვენ, რის მიხედვით არჩევთ და ამოწმებთ ფქვილს? ან მომხმარებელმა ვიზუალურად როგორ გაარჩიოს, რამდენად ხარისხიანი ფქვილითაა გამომცხვარი ესა თუ ის პროდუქცია, პური იქნება ეს თუ სხვა რამ?

- პირადად მე, რუსული ფქვილი არასდროს მიმიღია, ტრადიციული მომწოდებლები მყავს, ქართული წისქვილები, რომლებიც ფქვილით მამარაგებენ. ფქვილს ვამოწმებ წებოგვარათი, ორგანოლეტიკით, სიმჟავეზე, კარტოფილის დაავადებაზე, მის სუნს, გემოს და ა.შ. ყველა იმ პარამეტრით, რაც სტანდარტითაა გათვალისწინებული. შემდეგ, მისი გადამუშავება ხდება. არსებობს ზამთრისა და ზაფხულის რეკომენდაციები, რასაც ვითვალისწინებთ.

- რა რეკომენდაციებია?

- მაგალითად, როდესაც ცხელა, თან ნესტია, შესაძლოა, კარტოფილის ჩხირი გაიპაროს ზაფხულის პერიოდში. ამ შემთხვევაში, პურის გული გამოუმცხვარი და წებოვანია, მეორე დღეს ფუჭდება. ამ ჩხირის დამარცხება სიმჟავის მომატებით ხდება, ოთხ გრადუსს ზემოთ სიმჟავეზე იღუპება და 200-300 გრადუს ტემპერატურას უძლებს. სიმჟავეს რეგულირება უნდა, ძალიან მჟავე ცომი უკვე ბატი-ბუტივითაა, სასაქონლო ხარისხს კარგავს, ამიტომ ეს ძალიან ფაქიზი სამუშაოა. ზაფხულში მეწარმეებს აფრთხილებენ, რომ შეფუთული პური ნაკლებად აწარმოონ, რადგან პური ოდნავ თბილი თუა, შეიძლება კარტოფილის ჩხირმა იჩინოს თავი. მთელი რიგი რეკომენდაციებია. საკმაოდ ძვირად ღირებული პრეპარატებიც არსებობს, რომელთა გამოყენებაც კარტოფილის ჩხირს ანეიტრალებს.

- კარტოფილის ჩხირით დაავადებული ფქვილისგან გამომცხვარი პროდუქციის მირთმევა ადამიანის ორგანიზმზე რა გავლენას ახდენს?

- მსოფლიოში პური ყველაზე უსაფრთხო პროდუქტად ითვლება. სტანდარტულად, რისკ-ჯგუფს კვების პროდუქტებში არ წარმოადგენს, რადგან პური 230-250 გრადუსზე ცხვება და შიგნით ყველა მიკრობი კვდება. მსოფლიოს 60% პურს მოიხმარს. "უსაფუვრო პური", "ჩვენ არ ვღებავთ" და ა.შ. - ეს უვიცი ადამიანების რეკლამებია, რომლებიც სხვისი შეშინების ხარჯზე თავიანთ საქმეს იკეთებენ.

- შავ პურზე რას იტყვით?

- ძალიან საინტერესო თემაა. შავი ფქვილი საქართველოში ბევრი არ არის, მასში, ძირითადად, ფერმენტირებულ ალაოს მოიხმარენ, რომელიც ერთი ტომარა ძალიან ძვირია და სხვადასხვა რაოდენობით იყენებენ. როცა რუხ და თეთრ ფქვილში ურევენ, პური მუქდება და რა თქმა უნდა, სუფთა შავი პური იშვიათად მინახავს. უმეტესობა დანამატებითაა გაკეთებული. დიაბეტიანი ადამიანებისთვის ეს ძალიან თავში სახლელია, რადგან პურში ყველაზე დიდი რაოდენობით შედის ნახშირწყალი ანუ შაქარი - გლუკოზა, ფრუქტოზა... დიაბეტით დაავადებულებს ურჩევენ, რომ მუქი შეფერილობის პური ჭამონ, რადგან მასში ნახშირწყლები ნაკლებია, სიმჟავე - მეტი. ეს კუჭის პერისტალტიკას უწყობს ხელს, ორგანიზმში სწრაფად არ შეიწოვება.

- რა დანამატები აქვს შავ პურს?

- ოფიციალურად დაშვებული სხვადასხვა სახის დანამატია, რომლებიც საქართველოში შემოდის და რამდენიმე ფირმა უშვებს. როცა თეთრ ფქვილში ამ დანამატის გარკვეულ რაოდენობას შეიტან, პროდუქციას ამუქებს. მაგალითად მე, ასეთ პურს არ ვუშვებ, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში არაა, რადგან როგორც აღვნიშნე, პური რისკსა და საშიშ ჯგუფს არ წარმოადგენს. პურით მკვდარი კაცი მსოფლიოში არ არსებობს.

- ერთ-ერთმა ფირმამ საზღვარგარეთ პურის ფქვილის კვლევა ჩაატარა და როგორც აღნიშნეს, მასში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები აღმოაჩინეს. თქვენ ამტკიცებთ, რომ პური ყველაზე უსაფრთხო პროდუქტია, თუმცა გამომცხვარი პროდუქტით მოწამვლის ფაქტები ზოგჯერ მაინც ფიქსირდება. რაშია საქმე?

- შეიძლება სინესტე იყოს მომატებული და ეს ფქვილი მერე გადასამუშავებლად არ ვარგა. სინესტე ტომრებში 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს, რადგან მერე მშრალ ნივთიერებასთან ანუ ფქვილთან რეაქციაში შედის.

- მომხმარებელმა ეს ყველაფერი ვიზუალურად როგორ გაარჩიოს?

- ორგანოლეპტურად უნდა გაარჩიოს, თანაბარი ფორიანობა, კარგი სუნი, გემო უნდა ჰქონდეს, კარგად გამომცხვარი, რბილი უნდა იყოს და ა.შ. პური თავისი შინაარსით შესანიშნავი პროდუქტია. პურის ჭამა ჩინეთმა და აზიის ქვეყნებმა დაიწყეს, ამიტომ მისი მოხმარება იზრდება. საუბარი იმაზეც იყო, რომ პურს ქლორიუმი და რკინა დავამატოთო, რადგან ჩიყვის დაავადებებია გავრცელებული და უფრო სასარგებლო იქნება. საერთოდ, როდესაც ბაზარზე რაიმე ახალი სახეობის პური გამოდის, ის აუცილებლად გამოკვლეული უნდა იყოს, თორემ ზოგან რომ წერია, ეს პური ამა თუ იმ დაავადებას არჩენსო, დაკვირვების და კვლევის გარეშე არ შეიძლება. ექიმბაშური მეთოდებით დამზადებული პური აღარ გამიგია, XXI საუკუნეში ვართ!

თამთა დადეშელი