ეს უნდა იცოდეთ! - რა შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და ვუ­ყი­დოთ ბავ­შ­ვებს სუ­პი­ნა­ტო­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი - გზაპრესი

ეს უნდა იცოდეთ! - რა შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და ვუ­ყი­დოთ ბავ­შ­ვებს სუ­პი­ნა­ტო­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი

"სულ მაქვს სურვილი, საქართველოში ტრადიციად დავამკვიდრო ფეხსაცმლის დიზაინერების დამოუკიდებელი ჩვენებები", - ამბობს მადონა ხარატიშვილი და იმ ნაკლოვანებებზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც ქართულ ბაზარზე შეიმჩნევა. რატომ არ არის სასარგებლო ბავშვს ბაზრობაზე შევუძინოთ ე.წ. სუპინატორიანი ფეხსაცმელი? რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფეხის ტერფის დაავადებებს ავარიდოთ თავი და ხერხემალიც არ დავიზიანოთ? - ამ და სხვა კითხვებზე დიზაინერმა გულახდილად გვიპასუხა.

- შარშან, "ვაჟაობაზე" მოწყობილი შოუჩვენება მართლაც, რომ დაუვიწყარი იყო. ჩვენ ქართულ ბაზარზე შემოვიტანეთ გათანამედროვებული ქალამანი, რომელიც მომხმარებლის დიდ მოწონებას იმსახურებს. დაახლოებით "ბალეტკის" მსგავსია, მაგრამ ბევრად მოხერხებული და ნატურალური ტყავისგან შეკერილი, იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომლითაც ჩვენი წინაპრები კერავდნენ ფეხსაცმელს. ამ თანამედროვე ქალამნების ჩვენება მოეწყო ლაშა რამიშვილის სიმღერის ფონზე, შოუს დადგმაში კი რეჟისორი დავით დანელია დაგვეხმარა. ეს იყო მოცეკვავეების, მსახიობების, მუსიკოსების, რეჟისორისა და დიზაინერის ტანდემი. ვფიქრობ, ოქტომბერში ან ნოემბერში მსგავს ღონისძიებას ისევ გავმართავთ. ოღონდ, ამჯერად წარმოვადგენთ "ფეხსაცმლის ისტორიას". კოლექციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მაყურებელს ვუჩვენებთ, თუ როგორ ვითარდებოდა ფეხსაცმელი წლების მანძილზე და სადამდე მივედით.

- ქალამნების შეკერვა რამ განაპირობა: იმან, რომ "ვაჟაობის" დღესასწაულზე ეწყობოდა ეს ჩვენება თუ უბრალოდ, დაბალძირიან ფეხსაცმელებზე დიდმა მოთხოვნამ?

- წარმოიდგინეთ, "ვაჟაობაზე" მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით რომ გასულიყვნენ, ლამაზი იქნებოდა? თუმცა, დაბალძირიანზე მოთხოვნილებაც იყო ერთ-ერთი მიზეზი. ვწუხვარ, ახალგაზრდობა რეზინისძირიან საშინელებას რომ იცვამს. ეს მათი ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი.

- თქვენ არასდროს იყენებთ რეზინის ძირს?

- არა. მაგალითად, ამ ქალამნებს აქვს ნატურალური ქართული ტყავისგან შეკერილი ძირი. თუმცა, რომ არ გასრიალდეს, რაღაც ელემენტებს ვამატებთ ქვემოდან.

- რით განსხვავდება ქართული ტყავი უცხოურისგან?

- უფრო სქელია და ჩემი აზრით, გაცილებით გამძლეც. იდეალურია და სიცოცხლის ხანგრძლივობაც მეტი აქვს (იღიმის). ზოგადად, ტყავი არასაზიანო, კომფორტულია და არანაირ ქიმიურ დანამატს არ შეიცავს. შეიძლება, შეკერო დერმატინის ფეხსაცმელი, მაგრამ შიგნიდან აუცილებლად, ტყავი უნდა ჰქონდეს, რათა ფეხი არ გაოფლიანდეს, არ ავიკიდოთ სოკოვანი დაავადებები და ა.შ.

- ზოგჯერ მაღაზიებში გვეუბნებიან, რომ ფეხსაცმელი ხარისხიანია, მაგრამ ხშირად ვტყუვდებით...

- (მაწყვეტინებს) ანტირეკლამა არ მიყვარს, მაგრამ უნდა ვთქვა: იაფფასიანი ფეხსაცმელი, რომელიც საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოაქვთ, ხშირ შემთხვევაში, შეკერილია გადამუშავებული ნაგვისგან მიღებული ხელოვნური ტყავით. "იუთუბზეც" შეგიძლიათ ნახოთ პროცესი, როცა ხელოვნურ ტყავს ამზადებენ. კაცმა არ იცის, რას ვიცვამთ და მერე გვიკვირს, რატომ გაჩნდა ამდენი სახის დაავადება.

- ხშირად ფასიც არ განსაზღვრავს ხარისხს. შეგიძლიათ გვირჩიოთ, როგორ განვასხვაოთ ხელოვნური ტყავი ნატურალურისგან?

- სანთებელას რომ გაუკიდებენ, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, ამით რას ადგენენ. მე ხელოვნურს ბუნებრივისგან შეგრძნებებით ვასხვავებ. ხელს რომ გაუსვამთ, ისეთი შეგრძნება უნდა გქონდეთ, თითქოს კანს ეხებით. ასევე, ტყავისგან შეკერილ ფეხსაცმელს ხშირად, ნაკერებში გადაკეცილი ზედაპირი არ აქვს. ტყავი პირდაპირ იჭრება და მას გალამაზება არ სჭირდება, ის არ დაიშლება... სხვათა შორის, არ არის აუცილებელი, კარგ ფეხსაცმელში ძვირი გადაიხადო. უბრალოდ, ის ექსკლუზიური არ იქნება. ქუთაისში არსებობს ქარხნები, სადაც მზადდება დაბალფასიანი, მაგრამ ხარისხიანი ფეხსაცმელები.

- ხშირად, ფეხსაცმელს შიგნიდან ქსოვილს აკერებენ - ეს რამდენად მიზანშეწონილია?

- თუ ბუნებრივი ქსოვილისგან არის, ფეხს არანაირ ზიანს არ მიაყენებს. თუმცა, ტყავისგან განსხვავებით, მისი გაწმენდა იოლი არ გახლავთ.

- როგორ უნდა მოვუაროთ ფეხსაცმელს?

- პირველ რიგში, დაუშვებელია ერთ ფეხზე მეორის დახმარებით გახდა. ასეთ შემთხვევაში, ფეხსაცმლის უკანა მხარეს ვაზიანებთ და არც უნდა გაგვიკვირდეს, თუ ამის შემდეგ ფორმას დაკარგავს. როცა ფეხსაცმელს შეიძენთ, პირველ დღეს სამ საათზე მეტხანს არ უნდა ჩაიცვათ, მეორე დღეს ეს დრო ერთი საათით გაზარდეთ, შემდეგ დღეს - კიდევ ერთი საათით და ა.შ. ფეხსაცმელი რომც შეიკეროთ, ის თქვენი ფეხის ზუსტი ყალიბი მაინც ვერ იქნება. ყველა თითს ინდივიდუალური ფორმა აქვს და ახალი ფეხსაცმლის თანდათანობით მორგებისას, მისი ბუნებრივი მეთოდით გაწელვა ხდება - ამ შემთხვევაში, არც არაფერი გვეტკინება და არც კოჟრი დაგვაჯდება. ფეხსაცმელი ყოველი მოხმარების შემდეგ, შიგნითა მხრიდან უნდა გაწმინდოთ სველი და კარგად გაწურული ტილოთი. თუმცა, სამწუხაროდ, ამას ბევრი არ აკეთებს. მქონდა შემთხვევა, როცა კლიენტმა კედი მომიბრუნა: არაკომფორტულია, ფეხში რაღაცები მერჭობა და ნახეთო. შევამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ შიგნიდან დასვრილი იყო. ალაგ-ალაგ ტალახი ჰქონდა ამოკრული. ჩემმა თანაშემწემ გაწმინდა და დაუბრუნა. კმაყოფილმა კლიენტმა თქვა, - რა ბედნიერებაა, რომ ფეხს არ მტკენს. რა გქონდათ ქსოვილში ჩატოვებულიო?.. ნატურალური ტყავი და ზამში სველი, კარგად გაწურული ქსოვილით იწმინდება.

- რა დატვირთვა აქვს ფეხსაცმლისთვის სუპინატორს?

- მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სუპინატორის გარეშე არ იკერება - მეწაღის ენაზე სუპინატორი ნიშნავს რკინას, რომელიც დამაგრებულია ფეხსაცმლის ძირსა და ლანჩს შორის. აი, ორთოპედიული კიდევ სხვა რამეა. ამ უკანასკნელს მიკროპოლისგან ამზადებენ და ტყავის სარჩულში ამაგრებენ.

- ბავშვის ფეხსაცმლის კერვისას რამდენად ხშირად იყენებთ ორთოპედიულ სუპინატორებს? როგორც ვიცი, ის ინდივიდუალურად უნდა იყოს ფეხზე მორგებული.

- გადახედეთ ჩვენს საბავშვო კოლექციას და ნახავთ, რომ არც ერთს არ აქვს დაკერებული ორთოპედიული სუპინატორი. ასეთს ვამზადებთ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი დაგვიკვეთს. მართალი ხართ, შეიძლება, არასწორად ჩადებულმა სუპინატორმა დააზიანოს კიდეც ფეხი. ის აუცილებლად, საჭიროების შემთხვევაში, ყველასთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს - ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- სწორძირიანი ფეხსაცმელი რამდენად მიზანშეწონილია?

- ცხადია, არ არის კარგი. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ამ საკითხს და სერიოზული განგაში ატეხონ. ვერ დაიჯერებთ, ისეა გაზრდილი ბავშვებში პოდაგრების რაოდენობა. ზოგიერთ ასაკოვან ქალბატონს გაცილებით ლამაზი და ჯანმრთელი ფეხის ტერფი აქვს, ვიდრე ახალგაზრდებს და ეს უმეტეს შემთხვევაში, ფეხსაცმელის ბრალია. ის აუცილებლად, ქუსლის მხარეს, 3-5 სანტიმეტრით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ცხვირი... გაითვალისწინეთ, არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი არა მარტო პოდაგრას ან კოჟრს იწვევს, არამედ სკოლიოზსაც. ზოგჯერ მეწაღეები ფეხსაცმელს ქუსლის ზომასაც კი არასწორად ურჩევენ - ეს განაპირობებს დისკომფორტს მისი გამოყენებისას. როცა ყიდულობთ, ყურადღება მიაქციეთ, ცხვირი ცოტა აწეული უნდა იყოს. ერთმა ცნობილმა დიზაინერმა თქვა, ჩემი ფეხსაცმელი უნდა იყოს ლამაზი და არა - კომფორტულიო. მის ყველა ფეხსაცმელს ცხვირი სწორად უდგას. კაცია და ვერ ხვდება, ასეთი მაღალქუსლიანით სიარული რა ტანჯვაა. თითებზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იდგე.

- მოდის თვალსაზრისით, ბოლო დროის ტენდენცია როგორია და კლიენტები რას ითხოვენ თქვენგან?

- მთელ მსოფლიოში მოხერხებულ, პრაქტიკულ ფეხსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას. მამაკაცებს ბოლო დროს მოსწონთ ტანგეტკისძირიანი ფეხსაცმელი, რომელიც არა მარტო სპორტულ ხაზს ატარებს, არამედ კლასიკურ სტილშიც იკერება. კოსტიუმზეც იცვამენ ვთქვათ, "ინსპექტორს", რომელსაც სპორტული ძირი აქვს. ქალებისთვის კლასიკა კლასიკად დარჩა: აქტუალურია წვრილი ქუსლი და რაც უფრო სწორია, მით უკეთესია. აი, თინეიჯერებს კი ფოჩებიანი, ფერადი კედი მოსწონთ. ფერთა გამაში შეზღუდვა არ არსებობს. 2016 წელს იმპროვიზაციის საშუალება გვაქვს და შარშანდელი კოლექციაც წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ. ასევე, აქტუალურია უხეშძირიანი ფეხსაცმელი. მოკლედ, ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, პრაქტიკულობა იმარჯვებს (იღიმის).

- ბოლო დროს ბევრ ქვეყანაში გამართეთ ჩვენება, არა?

- ახლახან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიყავით. სხვათა შორის, ბელორუსიაში გამართულ მოდის კვირეულზე დამასახელეს, როგორც "ყველაზე ავანგარდული ფეხსაცმლის ავტორი". ჩემი ნამუშევრები იყიდება იტალიაში, საფრანგეთში და ა.შ. მიხარია, რომ საქართველოს საზღვრებს მიღმა გადის ხარისხიანი ფეხსაცმელი, რომელიც უცხოელებს ძალიან მოსწონთ.

ლიკა ქაჯაია