რა­ტომ ეძ­ლე­ვათ ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხ­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ნი­ჭი? - გზაპრესი

რა­ტომ ეძ­ლე­ვათ ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხ­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ნი­ჭი?

- რატომ მოხდა ადამიანების სხვადასხვა ფენად ჩამოყალიბება?

მამა მაკარი:

- ეს ხდებოდა ადამიანთა შესაძლებლობების მიხედვით, ეს შესაძლებლობები კი სხვადასხვაგვარია - ფიზიკური, გონებრივი, ინტელექტუალური, ასევე - რამდენად მოძალადეა ადამიანი. ამის მიხედვით, ზოგიერთმა სიმდიდრით მიაღწია უპირატესობას სხვა ადამიანებზე, ზოგმა - ძალადობით, ზოგმაც ინტელექტუალურად... ადამიანთა ეს თვისებები განაპირობებდნენ იმას, რომ ზოგიერთნი ყოფილიყვნენ უპირატესნი, მაგრამ არამც და არამც არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ თავისი ინტელექტუალური, მატერიალური, გონებრივი თუ სხვა უპირატესობით, რომელიმე ადამიანს აქვს უფლება, იბატონოს სხვა ადამიანზე. ასეთი რამ არ არის ღვთისგან დაწესებული. ეს გახლავთ ადამიანების მიერ ჩამოყალიბებული წესები. უფალი ყველა ადამიანს თანაბარ უფლებებს აძლევს, ყველა ადამიანს თანაბრად აქვს თავისუფალი ნება და ერთნაირია ღვთის წინაშე. მიუხედავად სქესისა, შესაძლებლობებისა, ეროვნებისა თუ სხვა სხვაობებისა, უფალს ყველა ადამიანი ერთნაირად უყვარს. უფალმა მცნებად დაგვიდო, ისევე გვიყვარდეს ყველა ადამიანი, როგორც უფალმა შეგვიყვარა თითოეული ჩვენგანი. როგორც ღვთის სიყვარული არ განასხვავებს ადამიანებს, ასევე არ უნდა განვასხვაოთ ადამიანები ერთმანეთისგან, არანაირი ნიშნით.

- ღვთის სიყვარულის შემდეგ, უმთავრესი მცნება სწორედ მოყვასის სიყვარულია. თუმცა, გონებრივი, მატერიალური თუ სხვა შესაძლებლობებით გამორჩეული ადამიანები მიდრეკილნი არიან, სხვებზე უპირატესად წარმოაჩინონ თავი...

- ეს ხდება ადამიანის დაცემული ბუნების გამო. არა მარტო წარმართები და უსჯულოები, ქრისტიანებიც კი მიიდრიკებიან იმისკენ, რომ სხვებზე უპირატესნი იყვნენ. სახარების თანახმად, უფალი ეუბნება მოციქულებს: ვისაც უნდა თქვენ შორის პირველ ყოფა, იყოს თქვენდა მონა, ხოლო ვისაც უნდა თქვენ შორის ხელმწიფება, იყოს სხვისი მსახური. რატომ ბრძანა ეს უფალმა? - რადგან იცოდა, რომ სხვებზე უპირატესად თავის წარმოჩენის სურვილი, ადამიანის დაცემული ბუნების გამოხატულებაა. იმ პერიოდში რომ პირდაპირ ეთქვა უფალს ადამიანებისთვის - არასოდეს მოისურვოთ ვინმეზე უპირატესნი იყოთო, ვერ ჩასწვდებოდნენ ამ სწავლების არსს, რადგან არათუ უბრალო ადამიანთა, მოციქულების სულიერი მდგომარეობაც კი არ იყო ამაღლებული, როგორც სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოხდა. ამიტომ სწავლება მისცა: გინდა, სხვებზე უპირატესი იყო? მაშინ იყავი სხვისი მსახური. თუ ამქვეყნად იქნები სხვაზე თავმდაბალი და სხვისი მსახური, სასუფეველში იქნები უპირატესიო. ამით საშუალება მისცა ადამიანს, რომ ის მისწრაფება, რაც ადამიანში დევს - იყოს სხვაზე უპირატესი, განავითაროს სწორი მიმართულებით - სასუფეველში უფალთან იყოს სხვებზე უპირატესი. როგორ უნდა მოიპოვოს ეს უპირატესობა? მთელი ცხოვრება სიმდაბლითა და სხვისი მსახურებით.

- რატომ ეძლევათ ადამიანებს სხვადასხვა შესაძლებლობა?

- ადამიანები არა მარტო ფიზიკურად იბადებიან განსხვავებულები, არამედ გონებრივად, ფსიქოლოგიურად თუ სხვა შესაძლებლობებით... ეს არის უბრალოდ, მრავალფეროვნებისთვის. ადამიანებს, ტყუპსაც კი, თითის ანაბეჭდიც კი არა აქვთ ერთნაირი, თუმცა ადამიანს შეუძლია, რომ მონდომებით თავისი შესაძლებლობები გაზარდოს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური, გონებრივი და სხვა მიმართულებით. უფალმა უწყის, თითოეული ადამიანისთვის რა არის საუკეთესო, როგორ, რა შესაძლებლობების კომბინაციით შეიძლება დაუახლოვდეს ღმერთს. ამიტომ, უფალი ყველას აძლევს თავის შესაბამის ტალანტს, რომელიც შემდეგ ადამიანმა უნდა განავითაროს.

- რატომ ეძლევათ ადამიანებს სხვადასხვა ნიჭი?

- როგორც ვთქვით, თითოეული ადამიანი იბადება იმ შესაძლებლობათა კომბინაციით, რომელიც ყველაზე საუკეთესოა მისი ცხონებისთვის. ამის გამო აქვთ ბოძებული სხვადასხვა ნიჭიც. ამ ნიჭის გამოყენებითა და გაუმჯობესებით უნდა მივიდეს ადამიანი ღმერთთან. ისევე, როგორც ყველა ადამიანი ფიზიკურად არის ორიგინალური, ასევე ფსიქოლოგიურად, გონებრივად და სულიერად ორიგინალურია. უფალი ყველას განსხვავებულ, კონკრეტულ ნიჭს აძლევს, მაგრამ მათი გამოყენება, განხორციელება ჩვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული - შეგვიძლია კეთილი საქმეების საკეთებლად გამოვიყენოთ ან ბოროტად, თავის და მოყვასის საზიანოდ. ადამიანი უფალს უნდა ემსახუროს თავისი ნებით, მას რომ თავისუფალი ნება არ ჰქონოდა, არავითარი ნიჭი არ მიეცემოდა, მაგრამ კონკრეტულად რით უნდა ემსახუროს უფალს ადამიანი? ვთქვათ, იქნება ის პურის მცხობელი თუ მეცნიერი, ამას უფალი არ განუსაზღვრავს. ადამიანი თვითონ წყვეტს, რა გააკეთოს. თუ მან რაღაც იცის გამორჩეულად და ამ საქმით განადიდებს უფალს, რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო მდგომარეობაა.

- ზოგიერთი გამორჩეულად ნიჭიერი იბადება. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ღვთისგან ზოგიერთ ადამიანს განსაკუთრებული ნიჭი ეძლევა?

- მართალია, მაგრამ მთავარია, თვითონ ადამიანი როგორ გამოიყენებს მას. შესაძლოა, ადამიანს ბევრი რამის ნიჭი ჰქონდეს, მაგრამ ზარმაცი იყოს და მისი ნიჭი ფუჭად გაიბნევა. სწორედ შრომისმოყვარეობის შემდეგ გამოჩნდება, რომ ის ნიჭიერია. როგორც ვთქვით, უფალი წინასწარ ჭვრეტს ყოველი ჩვენგანის უნარსა და შესაძლებლობას და შესაბამისად, აძლევს კონკრეტულ ნიჭს, რათა მისთვის ეს იოლად გამოსაყენებელი და საცხოვნებლად ადვილი იყოს.

- ბოროტს თუ შესწევს ძალა, რომ ბოროტების კეთების ნიჭი მისცეს ადამიანს?

- ბოროტი სული ვერანაირ ნიჭს ვერ მისცემს ადამიანს, მას ამის ძალა არ შესწევს. ადამიანს ნიჭი მხოლოდ ღვთისგან ეძლევა. უფალი კი ყველა ადამიანს კეთილად ქმნის, ამიტომ არ შეიძლება, ბოროტების კეთების ნიჭი მისცეს. ნიჭის კეთილად ან ბოროტად წარმართვა ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ადამიანს ღვთისგან მრისხანების, სიძულვილისა თუ სხვა მსგავს თვისებათა ნიჭიც ეძლევა, რომ სძულდეს საკუთარი ცოდვები და ბოროტი სული, ხოლო თუ მოყვასზე მრისხანებს და სძულს იგი, გამოდის, რომ მრისხანებისა და სიძულვილის ნიჭს ბოროტად იყენებს.

- საინტერესოა, რატომ ეძლეოდათ წმინდა მამებს ღვთისგან გამორჩეული ნიჭი, თუ თავად უფალს ამ ნიჭის განშორებას სთხოვდნენ. რით იყვნენ გამორჩეულნი სხვა ადამიანებისგან?

- წმინდა მამები, წმინდა და მართალი ცხოვრებით სულიერების უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდნენ. სწორედ მაღალი სულიერების გამო ეძლეოდათ მათ გამორჩეული ნიჭი, ღვთის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ რომ გამოეყენებინათ. არ არსებობდა იმის საშიშროება, რომ ესა თუ ის გამორჩეული ნიჭი მათი სულის საზიანოდ იქნებოდა გამოყენებული, რადგან დაძლეული ჰქონდათ ყოველგვარი საცდური, იცოდნენ, როგორ ებრძოლათ ამპარტავნებასთან. თითოეული მათგანი სულიერ სრულყოფილებას ზიარებული თუ არა, მიახლოებული მაინც იყო. ამის შემდეგ ეძლეოდათ ნიჭი ღვთის განსადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ. როდესაც სხვა ადამიანები დაინახავდნენ, რა უბოძა უფალმა ღვთისმოსავ ადამიანს, თავადაც დაიწყებდნენ ღვთის დიდებას. წმინდა მამებს იმის ძალაც ჰქონდათ, რომ ეს ადამიანები უფალთან მიეყვანათ. მათ გულს ბოროტი ვეღარ ეხებოდა.

შორენა მერკვილაძე