"ბა­რო­ნი მი­უნ­ჰა­უ­ზე­ნი შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და" - გზაპრესი

"ბა­რო­ნი მი­უნ­ჰა­უ­ზე­ნი შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და"

სოციალურ ქსელში, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დიდ დროს ვატარებ და აქედანაც ბევრ ინფორმაციას ვიღებ", - ამბობს მსახიობი ია ვახანია. მისი საყვარელი ავტორები - გალაკტიონი, ალექსანდრე პუშკინი, ბულგაკოვი და დუმბაძე არიან, მაგრამ დასძენს, რომ ეს საყვარელ ავტორთა არასრული ჩამონათვალია. ნაწარმოებებს ხელმეორედ ხშირად უბრუნდება. ყველაზე ბევრჯერ "პატარა უფლისწული" აქვს წაკითხული და თვლის, რომ ეს მხოლოდ საბავშვო ლიტერატურა არ არის, მასში იმდენად დიდი ცოდნაა ჩადებული, ცხოვრების გზაზე ნებისმიერ ადამიანს რომ გამოადგება.

- სანამ "თეატრალურში" ჩავაბარებდი, პედაგოგიური უნივერსიტეტი დავამთავრე. რუსული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი ვარ. სტუდენტობის წლებში ბევრს ვკითხულობდი, ეს აუცილებელიც იყო. მსახიობობა თავიდანვე მინდოდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, თავიდანვე ამ ფაკულტეტზე არ ჩავაბარე. "თეატრალურის" სტუდენტი მოგვიანებით გავხდი. უფლის მადლიერი გახლავართ, დღეს მსახიობი რომ ვარ, მიყვარს ეს საქმე და დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

ლიტერატურული პერსონაჟები რეალურ სამყაროში რომ არსებობდნენ, დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი პატარა უფლისწულთან. გრიგორ გორინის ბარონი მიუნჰაუზენი კი შემიყვარდებოდა. ქალი ვარ და სამწუხაროდ, ამ როლს ვერ ვითამაშებ.

საოცნებო როლი რომელია? ჯულიეტა, მაგრამ ამ როლისთვის ძალიან მაღალი და გამხდარი ვარ, ვერ ვითამაშებ. ძლიერი ქალები მომწონს და მხიბლავს.

წიგნი არასდროს მომიპარავს, მაგრამ მოწონების შემთხვევაში ახლობლებთან იმდენი მიწუწუნია, უჩუქებიათ. წიგნების გაჩუქება თავადაც მიყვარს.

ინტელექტუალური თამაშების მოყვარული ვარ, ინტერნეტში ხშირად ვთამაშობ, საინტერესოდ ვერთობი.

ცუდი მეხსიერება არ მაქვს, ნანახი და წაკითხული იოლად მამახსოვრდება. ერთი პერიოდი ლექსებსაც ვწერდი. წიგნი ჯერ არ გამომიცია, მაგრამ ერთი პატარა კრებულის ლექსები მაქვს.

- მისი ფერები ყოველთვის შემდეგი თანამიმდევრობით ლაგდება: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. რაზეა ლაპარაკი?

- რა თქმა უნდა, ცისარტყელაზე.

- ამ ცხოველის სმენა ადამიანის სმენას 4-ჯერ აღემატება, ხოლო ყნოსვა - 37-ჯერ. რომელ ცხოველზეა ლაპარაკი?

- გარეულია თუ შინაური?

- შინაური.

- კატა?

- ცდები.

- მაშინ ძაღლი იქნება. მე კატები მეტად მიყვარს.

- ქალი და კაცი გზაზე მიდიან, მათ ვიღაც დაემგზავრება და ჰკითხავს, თქვენ ერთმანეთის რა ხართო? ქალი უპასუხებს, - ამ კაცის დედა ჩემი დედის დედამთილიაო. გამოიცანი, ვინ არიან ერთმანეთისთვის ქალი და კაცი?

- ვაიმე! ასეთი ჩახლართული ამბები მაბნევს. როგორ თქვი (კითხვის გამეორების შემდეგ)? და-ძმანი გამოდიან, ხომ?

- ცდები.

- გონება ამერია, აბა, რა გამოდიან, ცოლ-ქმარი?

- ისევ ცდები.

- (ფიქრობს) მამა-შვილი არიან. ხომ?

- რა თქმა უნდა. სად მდებარეობს კუნძული როდოსი, სადაც ცნობილი საოცრება მდებარეობდა?

- ეგეოსის ზღვაში.

- "39 საფეხური", "რებეკა", "ჩიტები", "ადამიანი, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა", "ფსიქო". ვინ არის ამ ფილმების რეჟისორი?

- ვერ გიპასუხებ.

- მიგანიშნებ, ეს რეჟისორი ლონდონიდან იყო, 1980 წელს ამერიკაში გარდაიცვალა.

- ალფრედ ჰიჩკოკი.

- თავდაპირველი მნიშვნელობით ეს ტერმინი ტყავის ტომარას ნიშნავდა, ინგლისის ხაზინის კანცლერი ქვეყნის პარლამენტის წინაშე, მოსალოდნელი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ მოხსენების დროს, ამ ტყავის ტომრით ხელში წარდგებოდა. მასში საფინანსო დოკუმენტები ეწყო. დროთა განმავლობაში ამ სიტყვამ თავისი თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგა და დამკვიდრდა, როგორც ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის აღმნიშვნელი ტერმინი. რომელ ტერმინზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- ბიუჯეტი. რა გვარი იყო ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი, ჯოყოლა?

- (ფიქრობს) მრცხვენია, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ, არადა, "სტუმარ-მასპინძელი" ძალიან მიყვარს. ახლახან ეს სპექტაკლი ბათუმის თეატრში დაიდგა.

- ალხასტაიძე. ის მეტალებს შორის ყველაზე უფრო წელვადი და ჭედვადია. 0,1 გრამი შეიძლება დაიჭიმოს 261 მეტრი სიგრძის უწვრილეს მავთულად, ბუნებაში უმეტესად თვითნაბადი სახით გვხვდება. რომელ მეტალზეა ლაპარაკი?

- სპილენძი?

- მიგანიშნებ, ძვირფას ლითონზეა ლაპარაკი.

- ოქრო.

- დაასახელე ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც კინოში იმედა კახიანმა, ხოლო თეატრში გოგი გეგეჭკორმა განასახიერა.

- ვერ გიპასუხებ.

- პლატონ სამანიშვილზეა ლაპარაკი. ეს მწვერვალი ნეპალისა და ტიბეტის საზღვარზე მდებარეობს, პირამიდის ფორმა აქვს და ყველაზე მაღალ მწვერვალადაა მიჩნეული. მისი სახელი ტიბეტურ ენაზე ღვთაებრივს ნიშნავს.

- ჯომულუნგმა.

- "საკმარისია, ერთი უბრალო გასეირნება ფსიქიატრიულ კლინიკაში, რათა დარწმუნდე, რომ ძალა არაფერს ნიშნავს". რომელი ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსია ამ სიტყვების ავტორი?

- ფრიდრიხ ნიცშე.

- ვინ გადაიღო მულტფილმი "ფიფქია და 7 ჯუჯა"?

- უოლტ დისნეიმ.

- ამჟამად რომელი ქალაქი მდებარეობს ანტიკური ქალაქის, დიოსკურიის ადგილზე?

- არ ვიცი.

- ეს ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზეა.

- სოხუმი ხომ არა?

- დიახ. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, რა ჰქვია ვაჭრობის ღმერთს, რომელიც ასევე მოგზაურთა მფარველადაც მიიჩნევა?

- ვერ გიპასუხებ.

- ჰერმესი. სადაური სიტყვაა "სადისტი"?

- რა მახსოვს.

- ფრანგულია. "თითქოს მზეს ჩამოვარდნოდა", "ბროწეულის ყვავილივით ჰყვაოდა", "ერთი მუჭა მიწის მიყრა ვერავინ გაუბედა ამ სილამაზეს". რომელ პერსონაჟს აღწერს ასე გიორგი ლეონიძე?

- მარიტას.

- ყველაზე მეტი გაწვევა სცენაზე მიიღო მომღერალმა, რომელმაც 1988 წლის 24 თებერვალს დასავლეთ ბერლინის ოპერის თეატრში შეასრულა ნემორინოს პარტია დონიცეტის ოპერაში, "სასიყვარულო სასმელი". ტაში 1 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა, ხოლო ფარდა 165-ჯერ აიხადა. ვინ იყო ეს მომღერალი?

- მინიშნებას ვერ მეტყვი? ცოცხალია? ქალია თუ კაცია?

- კაცია და ცოცხალი არ არის.

- ლუჩანო პავაროტი.

- ზესტაფონი, ქუთაისი, თბილისი და გორი. ამ ქალაქებიდან რომელია უძველესი?

- ქუთაისი.

- ვინ დაწერა "რევიზორი" და "მკვდარი სულები"?

- გოგოლმა.

- "ლამაზი ქალი სხვისია,/ ლამაზი ქალი მტრისას,/ თავს მოგჭრის ძმაო, ნისიად,/ ისეთ რამეებს იზამს./ ჭკვიანი ქალი რად გინდა,/ ჭკვიანი ქალი მტრისას,/ თავს დაგაჯდება, გაგქირდავს/ და ამოგიხმობს ტვინსა,/ მდიდარი - ჭირვეულია,/ მდიდარი ქალი მტრისას,/ ღარიბი - სულწასულია,/ სხვისი შეაცდენს ქისა.../ ...თქვენ ვაჟბატონო, რამდენი ცოდვა გდებიათ კისრად,/ ჰაუ, რამდენი ოჯახი აშენებულა, მტრისას..." ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- ვერ დავასახელებ.

- შოთა ნიშნიანიძე. ლექსის სახელწოდებაა "ქალების შეფასება ბერბიჭას მიერ".

- (იცინის) ძალიან მომეწონა. მე ოტია იოსელიანის მეგონა.

- ამ დამწერლობაში 40 000 სიმბოლოზე მეტია...

- ჩინურში...

- უნგრეთის ერთ-ერთი ქალაქის არქივში 200 წლის წინანდელი დოკუმენტი იპოვეს, რომლის მიხედვითაც, ქალაქის ზოგიერთ მცხოვრებს უნდა გადაეხადა ე.წ. ბოლის გადასახადი. ეს თანხა სახანძრო სამსახურის შესანახად გამოიყენებოდა. ვის ახდევინებდნენ ამ გადასახადს?

- სავარაუდოდ, მწეველებს ახდევინებდნენ.

- დიახ. კლასიკური ნიუიორკული საუზმე გულისხმობს სამ ელემენტს: ერთი არის ცხელი, მეორე - თბილი და მესამე - ახალი. ცხელი ეს არის ყავა, თბილი - ფუნთუშა, რა არის ახალი?

- გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი".

- მან პიანისტის კარიერა ხელის თითების დამბლის გამო მიატოვა, მთელი ცხოვრება მუსიკის კრიტიკოსობას მიუძღვნა. ერთხელ, როცა შოპენის ვარიაციები მოისმინა, განაცხადა: "ქედი მოიხარეთ, თქვენ წინაშე გენიოსია". დაასახელე ეს პიროვნება.

- ე.ი. შოპენის თანამედროვე იყო (ფიქრობს), ვერ დავასახელებ.

- შუმანი. დაბოლოს, დაასრულე ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამი: "ცხოვრების უდიდესი გაკვეთილია, იცოდე, რომ ხანდახან გიჟიც კი..."

- ჭკვიანია.

- "...გიჟიც კი მართალია".