ბანქოს სახლი (ნაწილიX) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (ნაწილიX)

თუმცა მაინც უფრო ძველებურ ნაგებობას მოგაგონებთ. ის კი არა, საკმარისია, მცირე ხნით მის ცარიელ დარბაზში დაჯდე, რომ გრძელ მწვანე სკამებზე გადაკრული ახალი ტყავი თითქოს შენ თვალწინ გაიცრიცება, სავარძლებს შორის დატოვებულ გასასვლელებში კი ჩეტამის, უოლპოლის, ფოქსისა და დიზრაილის აჩრდილები დაიწყებენ ბორიალს. მაგრამ `ყველა პარლამენტის დედად~ წოდებულ თემთა პალატაში ისტორიული მოღვაწეების აჩრდილების გამოჩენამ იქნებ, ზოგი დიდად არ გააკვირვოს, მაგრამ საეჭვოა, იმას ვინმემ მოუძებნოს ახსნა, თუ ზემოთ ნახსენებ გრძელ მწვანე სკამებზე პალატის 650 წევრიდან ადგილი მხოლოდ ოთხასისთვის რატომ მოიძებნება. თანაც, თუ პალატის წევრი, გამოსვლების სკამის საზურგეში ჩამონტაჟებული ხმის გამაძლერებლის მეშვეობით მოსმენასაც მოისურვებს, იმდენად მოკაკვულ-მოღრეცილად მოუწევს ჯდომა, რომ თავგამოდებული მსმენელის ნაცვლად, მძინარეს უფრო დაემსგავსება. თუმცა, ზოგჯერ ეს შთაბეჭდილება მთლად მცდარიც არ უნდა იყოს.

ოპოზიციური პარტიების დეპუტატები მოპირდაპირედ, ერთმანეთისგან თითქოს მხოლოდ ხანჯლის სიგრძის გასასვლელითAდაშორებულ სკამებზე სხედან, რაც ბევრზე საკმაოდ დამამშვიდებლად მოქმედებს. თუმცა, ის ავიწყდებათ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ყოველთვის სწორედაც რომ ახლოდან, უფრო კონკრეტულად - უკანა სკამებიდან მოდის. პრემიერ-მინისტრისთვის კი ყველაზე საშიში იმის დავიწყებაა, მისი საპარლამენტო პარტიის ნახევარი იმაშიც ღრმად რომ არის დარწმუნებული, მის მოვალეობას თავად ბევრად უკეთესად, უფრო ზუსტად და უფრო სიღრმისეულად შევასრულებდიო.

კვირაში ორჯერ, პრემიერ-მინისტრს კითხვებზე პასუხების გაცემა უწევს, რისთვისაც პარლამენტის მუშაობის რეგლამენტში სპეციალური დრო არის გათვალისწინებული. პარლამენტის წევრებს ამ გზით თითქოსდა, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის უშუალოდ მისი უდიდებულესობა მთავრობის მეთაურისგან მიღების კარგი საშუალება აქვთ, სინამდვილეში კი განუხრელად დაცული ეს ძველი ტრადიცია გაძლებასა და გადარჩენაში რეგულარულ ვარჯიშს უფრო ჰგავს, რომელსაც ნერონისა და კლავდიუსის რომაულ არენებთან ბევრად მეტი საერთო აქვს, ვიდრე ოდესღაც ამ სისტემის შემმუშავებელ კონსტიტუციონალისტების იდეალებთან.

პრემიერ-მინისტრისთვის კითხვების დასმისას, ოპოზიციის მიზანი ინფორმაციის მიღება კი არა, კრიტიკა და მისთვის ზიანის მიყენებაა. პრემიერ-მინისტრის პასუხები კი, ინფორმაციაზე მეტად, კონტრგამოხდომას ჰგავს. თანაც, ბოლო სიტყვა, რომელიც ყოველთვის პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, გლადიატორებიდან ერთ-ერთისთვის ბოლო დარტყმის უფლების მიცემის მსგავსად, მასაც არსებით უპირატესობას ანიჭებს. ოღონდ, გამარჯვებითაც უთუოდ უნდა გაიმარჯვოს, რადგან სწორედ გამარჯვებაზე, უფრო ზუსტად კი მისი მიღწევის მანერაზეა დამოკიდებული პრემიერ-მინისტრის ზურგს უკან განლაგებული მისი რაზმის გამამხნევებელი შეძახილების სიხშირე და სიძლიერე. და ვაი იმ პრემიერს, ვისაც ოპოზიციისთვისთვის ანგარიშის სწრაფად გასწორება არ შეუძლია და მას ხელახლა თავდასხმის უფლებას აძლევს. მისი მომხრეების ხმაურიანი ენთუზიაზმი ჯერ ასეთივე ხმაურიანი უკმაყოფილებით, მერე კი მდუმარე გაკიცხვით იცვლება. საბოლოოდ, ასეთი პრემიერ-მინისტრი საკუთარი კოლეგების მხოლოდ უმნიშვნელო მხარდაჭერის იმედად რჩება. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ნებისმიერმა პრემიერ-მინისტრმა თვალყური მარტო მის პირდაპირ მოკალათებული ოპოზიციონერების კი არა, მის ზურგს უკან მსხდომი მომხრეების ინტრიგებსაც გულმოდგინედ უნდა ადევნოს. ასეთი გამუდმებული დაძაბულობის გამო, მაკმილანი ზოგჯერ ავადაც კი ხდებოდა, ვილსონს უძილობა ტანჯავდა, ტეტჩერს კი თავდაჭერილობა ღალატობდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰენრი კოლინრიჯი მათ სტანდარტებს ძალზე ნაკლებად უახლოვდებოდა, ადვილი წარმოსადგენი გახდება, რას გრძნობდა იგი პარლამენტარებთან ყოველი ასეთი შეხვედრის წინ.

ო"ნეილისა და კენდრიკის `საიდუმლო სერობის~ მომდევნო დღე პრემიერ-მინისტრისთვის ძალზე წარუმატებელი გამოდგა. ჯერ იყო და დაუნიგ-სტრიტის პრესმდივანს ბავშვი გაუხდა ავად, რის გამოც სამსახურში ვერ გამოცხადდა და პრესისთვის განკუთვნილმა ყოველდღიურმა ბრიფინგმაც მთლად მწყობრად და გამართულად ვერ ჩაიარა. თან, გვიანაც დამთავრდა, რამაც პედანტი კოლინრიჯი საკმაოდ გააღიზიანა. დიდხანს გაგრძელდა მთავრობის პოლიტიკის მიმდინარე საკითხების განსახილველად შეკრებილი კაბინეტის სხდომაც, რომლის დროსაც ხაზინის კანცლერის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ საერთო დაბნეულობა გამოიწვია. მისი თქმით, სამთავრობო უმრავლესობის შემცირება ფინანსურ მდგომარეობაზე იმდენად მკვეთრად აისახა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას ასეთი ენთუზიაზმით გამოცხადებული საავადმყოფოების ქსელის გაფართოების პროგრამის განხორციელება მიმდინარე ფინანსურ წელს სრულიად არარეალური გახადა. პრემიერ-მინისტრს ამ საკითხის გარშემო წამოწყებული ცხოველი დისკუსიის გაკონტროლება და მისთვის საჭირო მიმართულების მიცემა მართებდა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შეძლო და ისიც მალევე უწესრიგო კამათსა და ურთიერთსაყვედურებში გადაიზარდა.

- ძალიან სამწუხაროა, რომ კანცლერმა დროულად არ გაგვაფრთხილა, - ღვარძლიანად შენიშნა განათლების მინისტრმა. - რის შედეგადაც ჩვენც მეტისმეტად გავუტიეთ და სრულიად გაუთვლელი დაპირებები გავეცით.

პასუხად, კანცლერმა თავის მართლება სცადა: აქაოდა, რა ჩემი ბრალია, თუ არჩევნების შედეგები იმაზე უარესი გამოდგა, ვიდრე ამას თვით ყველაზე ცინიკური საფონდო ბირჟა იმედოვნებდაო?

დისკუსიის შედეგების შეჯამებისას, კოლინრიჯმა ჯანდაცვის მინისტრს მათი გეგმების შეცვლის შესაფერისი ახსნა-განმარტების შემცველი ტექსტის მომზადება დაავალა, რომელიც ორი კვირის შემდეგ, პარლამენტის საზაფხულო არდადეგებზე წასვლის წინ უნდა გამოქვეყნებულიყო.

- იმედი ვიქონიოთ, რომ იმ დროისთვის ადამიანების ფიქრი მათი მთავრობის ხელმძღვანელების მიერ ჩადენილ დამთრგუნველ სისულელეებზე მეტად, მოსალოდნელი საზაფხულო სისულელეებისკენ იქნება მიმართული. - სარკასტულად დასძინა ბოლოს 70 წლის ლორდ-კანცლერმა და ამით სხდომა როგორც იქნა, დასრულდა.

კაბინეტის სხდომის მთელი 25 წუთით გაწელვის გამო, განყოფილებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა შეფერხდა. ამან პრემიერი მდგომარეობიდან საბოლოოდ გამოიყვანა და როცა თემთა პალატის გადავსებულ დარბაზში დათქმულ დროზე გამოსაცხადებლად სირბილიც კი დასჭირდა, აშკარად იგრძნო, რომ ჩასაფრებულ და ენაალესილ ოპოზიციასთან ბოლომდე გასამკლავებლად ძალა აღარ ეყოფოდა.

პირველი 13 წუთისა და 50 წამის განმავლობაში კოლინრიჯმა ოპოზიციის შეკითხვები მაინც საკმაოდ ოსტატურად აისხლიტა და რამდენჯერმე მომხრეების მოწონების ტაშიც კი დაიმსახურა, მაგრამ სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, როცა შეხვედრაზე გამოყოფილი დროის გასვლამდე ერთ წუთზე ოდნავ მეტიღა დარჩა და საპარლამენტო პროცედურებზე პასუხისმგებელმა პალატის სპიკერმა, პრემიერ-მინისტრისთვის ბოლო შეკითხვის დასმის უფლება გასცა.

- სტეფენ კენდრიკი! - ხმამაღლა გამოაცხადა მან შეკითხვის დასმის მსურველი პალატის ახალგაზრდა წევრის სახელი და გვარი, რომელიც სხდომაში პირველად მონაწილეობდა და ამიტომაც, მის შესახებ პალატის წევრთაგან ჯერ ცოტა ვინმეს თუ სმენოდა.

- სერ! - მაშინვე ფეხზე წამოხტა კენდრიკი, - იქნებ, ბატონ პრემიერ-მინისტრს იმ ოფიციალური შეხვედრებისა და სხდომების ჩამოთვლა ვთხოვოთ, რომლებზე დასწრებაც დღეს მოუწევს?

შეკითხვა, უშინაარსოსთან ერთად, უკვე დასმული პირველი, მეორე და მეოთხე შეკითხვების გამეორებაც იყო, მაგრამ მსგავს შეკითხვებს ხომ აქ თუნდაც რაიმეს დასაზუსტებლად კი არა, პრემიერ-მინისტრისთვის შემდეგი, დამატებითი შეკითხვის ხასიათის დასამალავად სვამდნენ და რაღა თქმა უნდა, კენდრიკიც სწორედ ასე მოიქცა. პრემიერ-მინისტრი კი ადგილიდან ქედმაღლური გამომეტყველებით წამოიმართა და მის წინ, პატარა მაგიდაზე მოთავსებულ ბრიფინგებისთვის განკუთვნილი მასალებით სავსე საქაღალდეს დახედა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში