ქალბატონი თამადები და სუფრა, სადაც ზურა ბერიკაშვილი ლამის გაიგუდა - გზაპრესი

ქალბატონი თამადები და სუფრა, სადაც ზურა ბერიკაშვილი ლამის გაიგუდა

"კარგ თამადად კი არა, საერთოდ, თამადად არ მიმაჩნია თავი! ძალიან იშვიათად ვუძღვები სუფრას და მაშინაც, წინასწარ არაფერი მაქვს დაგეგმილი და არც სადღეგრძელოების თანამიმდევრობას ვიცავ!" - ქართული სუფრის ტრადიციებზე ზურა ბერიკაშვილი გვესაუბრა...

- ქართული სუფრა მართლაც, განსაკუთრებულია! თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ხალხია თავმოყრილი! ადამიანები ქმნიან სუფრას! როცა ყველაფერი გადადის ღრეობასა და მხოლოდ თრობაში, ეგ აღარ არის ქართული ტრადიცია! როდესაც სუფრას უძღვება ღირსეული და ჭკვიანი ადამიანი, იქ შეიძლება, ბევრი რამ ისწავლო, ბევრ რამეზე დაფიქრდე და ამავდროულად, გაერთო, დრო სასიამოვნოდ გაატარო!

- განსაკუთრებულ თამადებს შორის ვის გაიხსენებთ?

- განსაკუთრებულად კარგი თამადები იყვნენ: კოტე მახარაძე, გოგი გელოვანი, თემიკო ჩირგაძე... ერთხელ ზუგდიდში მოვხვდი სუფრაზე, რომელსაც ბორის წიფურია უძღვებოდა. იქ საჭმელიც ვერ გავსინჯე და ვერც დავლიე; მივიდოდი თუ არა სუფრასთან, მაშინვე გარეთ გამოვრბოდი, სიცილისგან რომ არ გავგუდულიყავი. ბორის წიფურიას ისეთი იუმორით მიჰყავდა სუფრა, რომ იქ უმეტესობა ჩემს დღეში იყო... ჩემს ქორწილში თამადა იყო ზურაბ ქაფიანიძე. მან ხუთასკაციანი სუფრა ზღაპრულად წაიყვანა. დღემდე ყველას კარგად ახსოვს ის დღე და ძალიან ხშირადაც იხსენებენ მის თამადობას... ვყოფილვარ სუფრებზე, რომლებსაც ქალბატონები თამადობდნენ და ზემოთ ჩამოთვლილ ლეგენდებზე არანაკლებადაც! მაგალითად, ძალიან ძლიერი თამადა გახლდათ ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი! მისი სუფრა ლექსებით, იუმორითა და მრავალფეროვნებით იყო გაჯერებული. შევსწრებივარ ქალბატონი ლენა ყიფშიძის თამადობასაც: იგი შედარებით ვიწრო წრეში უძღვებოდა სუფრას და არაჩვეულებრივად გაართვა საქმეს თავი! ამ ქალბატონების თამადობით მამაკაცებიც აღფრთოვანებულები იყვნენ!

- ცნობილია, რომ ბატონი გივი ბერიკაშვილი განსაკუთრებულად კარგი თამადაა...

- კი, შეიძლება ითქვას, რომ გივი კარგი თამადაა, მაგრამ ხშირად არ უძღვება სუფრას... არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, ამ საქმისგან თავი დაიძვრინონ. ზუსტად ეგრეა გივიც! თუმცა, ხანდახან მაინც უწევს. კარგ თამადებს შორის აუცილებლად უნდა ვახსენო ჩემი უფროსი მეგობარი, ანსამბლ "წინანდლის" ხელმძღვანელი, მუზეუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილი. დღეს ვისი თამადობაც კი მინახავს, მათ შორის, ბატონი გურამი გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული! მას საქართველოს თამადების საუკეთესო ხუთეულში შევიყვანდი!

- სერვისი - "თამადა გამოძახებით" რამდენად მოგწონთ?

- გამიგონია, მაგრამ ჯერ არ მოვხვედრილვარ სუფრაზე, სადაც გამოძახებული და დაქირავებული თამადა იყო. ცოტა გასაკვირია, რომ საქართველოში, სამეგობრო-საახლობლოში ოჯახმა ვერ გამოძებნო ადამიანი, რომელიც სუფრას გაუძღვება! მაშინ საქართველოში მოქეიფე კაცების დეფიციტი გვქონია, რისიც ყველაზე ნაკლებად მჯერა! წამყვანი შეიძლება დაიქირავო, რომელიც თამადასთან ერთად, სტუმრებს სასიამოვნოდ გაართობს, მაგრამ გამოძახებული თამადა ჯერ არსად მინახავს და არც ვისურვებდი, მენახა...

- გაიხსენეთ სუფრა, რომელიც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ.

- საზღვარგარეთ ქართველებთან შეხვედრა ყოველთვის ძალიან ამაღელვებელია! მაგალითად, ნიუ-იორკში ზედიზედ ოთხი დღე, ქართულ სუფრებს გვიწყობდნენ ემიგრანტები და ვეღარც მივხვდი, სად ვიყავი ის ოთხი დღე - ამერიკაში თუ ისევ საქართველოში... უგემრიელესი ქართული სუფრა, მწვადებით, ფელამუშით, ქართული ღვინით და ასე შემდეგ... მეხუთე დღეს ვთქვი, - მინდა ვიგრძნო, რომ ამერიკაში ვარ-მეთქი. გაეცინათ, გამიყვანეს ქუჩაში და ქალაქი დამათვალიერებინეს... ახლახან იტალიაში ვიყავი, სადაც ძალიან კარგი ქართველები გავიცანი. იქაც გულიანად ვიქეიფეთ!

- სოფელში, გლეხებთან ერთად მოგილხენიათ?

- ხშირად მომილხენია და ყველაზე მეტი სიბრძნე სწორედაც რომ იქ გამიგონია! საქართველოს ყველა კუთხე მაქვს მოვლილი. ყველა სოფელში თუნდაც, ორი გამორჩეული თამადა რომ არ იყოს, ასეთი სოფელი არ მახსენდება... ძალიან მჭევრმეტყველი, განათლებული და ჭკვიანი ხალხი მინახავს. გამორჩეულად მღერიან, ლექსს კითხულობენ და გაგაოცებენ, იმდენად ნიჭიერები არიან! ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც სოფლებში ასეთ კარგ ხალხს გაიცნობ! მათ კარგად ესმით, რომ თამადობა მხოლოდ ბევრი ღვინის დალევას არ ნიშნავს. სიბრძნე, იუმორი, ხალისი და ყველა სიკეთე მოსდევთ!

- თქვენ ბევრმა დაგასახელათ კარგ თამადად, მაგრამ თავად მათ არ ეთანხმებით...

- კარგ თამადად კი არა, საერთოდ, თამადად არ მიმაჩნია თავი! ძალიან იშვიათად ვუძღვები სუფრას. უფრო, მეგობრების წრეში თუ ვითამადებ, თუმცა, არ დაგიმლავთ და დიდი ქორწილის თამადაც ვყოფილვარ... როცა სუფრას ბევრი ადამიანი უზის, ცოტა უფრო მეტი ხმაურიც არის, მაგრამ ვერავის დააძალებ, გაჩუმდეს და მოგისმინოს... პირადად მე, როდესაც თამადა საუბრობს ან ვინმე მღერის, დანა-ჩანგალს ვდებ და მონდომებით ვუსმენ.

- როცა ოჯახში სტუმრები გყავთ, სუფრას ვინ უძღვება?

- ასეთ დროს არ მიყვარს თამადობა და სასმლის დალევაც კი! სტუმარს კარგი მასპინძლობა სჭირდება, მთელი ყურადღება ამისკენ მაქვს გადატანილი, თამადობას კი რომელიმე მეგობარს მივანდობ ხოლმე!

მანანა გაბრიჭიძე