ბანქოს სახლი (ნაწილიXI) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (ნაწილიXI)

შტეფენ კენდრიკის მიერ დასმული კითხვა იმდენად ზუსტი და ლაკონიური იყო, როგორც უნდა მოენდომებინა, პრემიერ-მინისტრი ვერც მისი შინაარსის დაამახინჯებას მოახერხებდა და მასთან შერკინებაში პირველად მონაწილე ახალბედა პარლამენტარს სიტყვას ბანზეც ვერაფრით აუგდებდა. ამიტომაც, როგორც კი კენდრიკმა თავისი ადგილი დაიკავა, თავად მაშინვე ფეხზე მოწყალე ღიმილით წამოდგა. წამით ახმაურებული დარბაზი კი სწრაფად ჩაჩუმდა და სამასივე სეირის მომლოდინემ მთელი ყურადღება კოლინრიჯზე გადაიტანა.

- ვიმედოვნებ, რომ პატივცემული ჯენტლმენი ზაფხულის მოახლოებით გამოწვეულ განწყობილებებს არ აჰყვება და ყურადღებით მოსმენის უნარს შეინარჩუნებს. - კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას მაინც შორიდან მოვლა ამჯობინა პრემიერმა და თან, თვალი სმენადქცეულ დარბაზს მოავლო. - ხოლო რადგანაც პალატის ახალბედა წევრიცაა, იქნებ, მისთვის იმის შეხსენებაც ღირდეს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მთავრობამ ჯანდაცვაზე გასაწევი სახელმწიფო ხარჯები 6-8 პროცენტით გაზარდა, მომავალში კი კიდევ მეტის გაკეთებას აპირებს. თანაც, თუ ერთმანეთს შევადარებთ...

- დასმულ კითხვაზე გაეცით პასუხი, სერ! - სიტყვა გააწყვეტინა კოლინრიჯს ოპოზიციის რიგებიდან წამოსულმა საკმაოდ ხმამაღალმა შეძახილმა.

- როცა დრო მოვა, დასმულ კითხვაზეც გავცემ პასუხს! - ცოტა უმისამართოდ შეიღრინა კოლინრიჯმა. - იმ პირობებში, როცა ამომრჩეველმა სათანადო დასკვნები გააკეთა და ხმა მთავრობას მისცა, ასეთ საკითხებზე ოპოზიციის საწყალობელი წკმუტუნი უკვე ფარისევლობის გარდა აღარაფერია.

ამ სიტყვების შემდეგ ოპოზიციის რიგს საერთო აღშფოთების შეძახილებმა გადაურბინა. სამთავრობო გუნდის წევრები კი, რომლებიც ვერაფრით მიმხვდარიყვნენ, პრემიერი მეტ-ნაკლებად კონკრეტული პასუხის გაცემას ასე რატომ გაურბოდა, ნერვიულად აჩურჩულდნენ.

- პალატის წევრებს მშვენივრად მოეხსენებათ, რომ მთავრობას მომავალში გასაწევი ხარჯების შესახებ წინასწარ ღიად მსჯელობა არ სჩვევია. ასე რომ, ჩვენი მიზანდასახულობის თაობაზე სათანადო დროს გამოვაცხადებთ. თანაც...

- უკვე ისედაც ყველაფერი გასაგებია! - პრემიერს ამჯერად სიტყვა უკვე პალატის ერთ-ერთმა გამოცდილმა წევრმა გააწყვეტინა. - დარწმუნებული ვარ, ეს გეგმა უბრალოდ კი არ შეაჩერეთ, საბოლოოდ გვერდზე მოისროლეთ! ან იქნებ, ისიც დაიჩემოთ, რომ ასე არ არის?

- თვალებში ნაცარს გვაყრის... - უცბად საკმაოდ ხმამაღლა გადაულაპარაკა საკუთარ კოლეგას კოლინრიჯისგან ორიოდ ნაბიჯში მჯდომმა ოპოზიციის ლიდერმა, რასაც უკვე ოპოზიციის მთელი რიგის კოლექტიური ქირქილი და შეძახილები მოჰყვა.

პრემიერი მიხვდა, რომ კამათი წააგო, რადგან სიმართლის სათანადოდ ჩამოყალიბება ვერ შეძლო, ტყუილის თქმა კი პალატას ვერაფრით აკადრა და, ამიტომაც, ერთადერთი გამოსავალი - ოპოზიციის ნებისმიერი გზით დადუმებაღა დარჩა.

- ძაღლების ხროვისგან მსგავსი შენიშვნების მოსმენას არ ვაპირებ! - მრისხანედ ესროლა მან უცბად დარბაზს და დაჯდა.

- ბატონო სპიკერო! - ოპოზიციის რიგში გამარჯვების შეძახილებსაც კი დაასწრო, ფეხზე ისე სწრაფად წამოხტა სტეფენ კენდრიკი. - პრემიერ-მინისტრის განცხადება უკიდურესად სამარცხვინოა. მე მას ავადმყოფებისა და მედიცინის მუშაკთათვის მიცემული წინასაარჩევნო დაპირების შეუსრულებლობის თაობაზე კითხვა პირდაპირ დავუსვი, პასუხად კი მხოლოდ შეურაცხყოფა მივიღე. მესმის, რომ ბატონ კოლინრიჯს გრანდიოზული და სრულიად სამარცხვინო სიცრუის აღიარების არანაირი სურვილი არ აქვს, მაგრამ ნუთუ არც თქვენ შეგწევთ პალატის წევრების უფლებების დაცვისა და მათ მიერ პირდაპირ დასმულ კითხვებზე პირდაპირი პასუხების გაცემის ძალა?

სპიკერის პასუხი პოზიციის რიგიდან კენდრიკის ნათქვამის მოწონების ნიშნად წამოსულმა ღრიალმა ჩაახშო, თუმცაღა ის დიდხანს ნამდვილად არ გაგრძელებულა და სპიკერმაც სათქმელი მალევე განაგრძო, უფრო სწორად კი ხელახლა დაიწყო:

- მართალია, პალატის პატივცემული წევრი სულ ახალი არჩეულია, მაგრამ როგორც ჩანს, პარლამენტის პროცედურა უკვე კარგად აითვისა. და თუ მართლაც ასეა, მაშინ ისიც უნდა მოეხსენებოდეს, რომ მე პრემიერ-მინისტრის პასუხების შინაარსსა და ტონზე იმაზე მეტად როდი ვაგებ პასუხს, ვიდრე მისთვის დასმული კითხვების ხასიათსა და მიზანზე. ასე რომ, ვფიქრობ, დღის წესრიგის მომდევნო საკითხზე გადასვლის დროა.

დარბაზი ისევ ახმაურდა და სანამ სპიკერი შეკრებილთა ყურადღების მომდევნო საკითხზე გადატანას ცდილობდა, აჭარხლებული კოლინრიჯი ადგილიდან წამოხტა, მთავარ შოლტს ხელით ანიშნა, გამომყევიო და დარბაზი განრისხებულმა დატოვა. `მხდალი~! `ლაჩარი~! - კიდევ ერთხელ გამაყრუებლად დაიგრგვინა ოპოზიციამ, სამთავრობო რიგებში კი უწინდებურად დაბნეული სიჩუმე სუფევდა.

- საიდან გაიგო? საიდან გაიგო-მეთქი ეს ყველაფერი იმ ძაღლისშვილმა? - საკუთარი ოფისის კარის ბოლომდე მიხურვასაც კი აღარ დაელოდა, ისე იფეთქა მდგომარეობიდან საბოლოოდ გამოსულმა კოლინრიჯმა. - ეს ძალიან ცუდის ნიშანია, ფრენსის, - მიუბრუნდა შემდეგ მთავარ შოლტს. - გეუბნები მე შენ, რომ საშინლად ცუდის. გუშინ ჩვენი კაბინეტის კომიტეტის სხდომაზე კანცლერის მოხსენება მოვისმინეთ, რომელიც დღეს მინისტრთა კაბინეტის სრულ შემადგენლობასაც ეცნობა, შუადღისთვის კი მოხსენების შინაარსი უკვე ოპოზიციის ნებისმიერი ცინგლიანი არამზადისთვის ხდება ხელმისაწვდომი. მაინც ვინ არის ინფორმაციის გაჟონვაში დამნაშავე, ვინ? ჭირსაც წავუღივარ თუ მე პირადად ამის შესახებ რამე ვიცოდე, მაგრამ შენ ხომ ჩვენი მთავარი შოლტი ხარ, ფრენსის, და მინდა, რომ სწორედ შენ გაიგო, შენგან მივიღო ზუსტი პასუხი, თუ ვინ ჩაიდინა ეს უმსგავსობა!

მადლობა ღმერთს! - გაიფიქრა ურჰარტმა და, როგორც იქნა, შვებით ამოისუნთქა, რადგან ამ მრისხანე მონოლოგამდე თითქმის უკვე ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ პრემიერი ინფორმაციის გაჟონვაში სწორედ მას ადანაშაულებდა.

- იმის გაფიქრებაც კი, რომ კაბინეტის წევრებიდან ვიღაცამ წინასწარგანზრახულად და სრულიად მიზანმიმართულად გაამხილა ასეთი ხასიათის ცნობები, საშინლად მაოგნებს და მთრგუნავს. - აპარატის მუშაკები თავიდანვე გამორიცხა და ამ გზით ეჭვმიტანილთა წრე საგრძნობლად შეზღუდა ურჰარტმა.

- პირდაპირ ყელში წაგვიჭირეს ხელი, ფრენსის! - ისევ იფეთქა კოლინრიჯმა. - ყელში-მეთქი!.. თანაც, ინფორმაციის გამცემმა პირადადაც დამამცირა და ამიტომაც, აუცილებლად უნდა გავიგო... არა, შენ უნდა გაიგო, უნდა იპოვო ის არამზადა და მერე მე ვიცი, რასაც ვუზამ!

- არჩევნების შემდეგ ჩვენი კოლეგები მეტისმეტად ბევრს კინკლაობენ. - მოსწრებულად შენიშნა ურჰარტმა. - რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, სხვის პოსტზეც ცოტას როდი უჭირავს თვალი.

- სხვის კი არა, ყველას ჩემს პოსტზე უჭირავს თვალი... მაგრამ ახლა მაინც ის უფრო მაინტერესებს, ამ საქმეზე რომელმა კრეტინმა ილაქლაქა?

- სამწუხაროდ, ჯერ კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი...

- თავს ნუ ისაწყლებ, ფრენსის!.. საქმეში შენსავით ღრმად ჩახედულს რამდენიმე გვარის ახლავე დასახელებაც არ უნდა გაუჭირდეს.

- არც გამიჭირდება, მაგრამ ეს ხომ ჯერ მაინც მხოლოდ ვარაუდი და თან, დიდი უსამართლობაც იქნებოდა იმათ მიმართ, ვისაც ახლა დავასახელებდი, რადგან...

- კარგი რა, ფრენსის!.. ჩემგან გესწავლება, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი უსამართლობაზეა აგებული? ასე რომ, მითხარი!

- თქმით კი გეტყვით, მაგრამ...

- არავითარი `მაგრამ!~ - გვერდით მდგარ სავარძელს ფეხი გამწარებით გაჰკრა პრემიერმა. - რადგან ეს ერთხელ უკვე მოხდა, მეორედ და მესამედაც აუცილებლად მოხდება! ასე რომ, ან ახლავე დაადე ვინმეს ხელი, ან ეჭვი მაინც მიიტანე... მოკლედ, რაც თავში მოგივა, ყველაფერი მითხარი, ერთი გვარი მაინც დამისახელე! ხომ იცი, რომ ამ ოთახში შემდგარი საუბრები არ იწერება!

- რადგან ჩემგან პასუხს ახლავე და ასე დაბეჯითებით ითხოვთ, რაღა თქმა უნდა, დაფიქრება და განსჯა აქვეც შემიძლია. ოღონდ, იმედია, მერე ამის გამო არ ვინანებ.

- გპირდები, რომ არასდროს არაფერს ინანებ.

- მაშინ დედუქციურად უნდა ვიმსჯელო.

- მერე რაღას უცდი? იმსჯელე!

- დროის ფაქტორიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფორმაციის გაჟონვა კომიტეტის გუშინდელი კი არა, კაბინეტის დღევანდელი სხდომის შემდეგ უნდა მომხდარიყო. მეთანხმებით?

ამჯერად კოლინრიჯს ხმა აღარ ამოუღია და მთავარ შოლტს თავი უსიტყვოდ დაუქნია.

- ძალიან კარგი. და რადგან ასეა, იქნებ, ისიც გავიხსენოთ, თქვენსა და ჩემ გარდა კომიტეტის შემადგენლობაში კიდევ ვინ შედის?

- ხაზინის კანცლერი, ფინანსთა, ჯანდაცვის, განათლების, გარემოს დაცვის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრები...

პრემიერ-მინისტრმა მხოლოდ კაბინეტის ის წევრები ჩამოთვალა, ვინც კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდა. ურჰარტმა კი რაიმეს, უფრო სწორად კი ვინმეს დამატებას ჯერ გაჩუმება არჩია.

- არა მგონია, ხაზინის ორი მინისტრი იმ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გაჟონვით ყოფილიყო დაინტერესებული, რომელიც თავადვე წამოიწყეს. - ხმამაღლა ფიქრი განაგრძო კოლინრიჯმა. - ჯანდაცვის მინისტრი კი პირიქით, ამის სასტიკი წინააღმდეგიც კი იყო. ასე რომ, პიტერ მაკენზის ამ საკითხისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობის საკმაოდ სერიოზული საფუძველი ჰქონდა. განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ჰაროლდ ირლი ყოველთვის დიდი ენატლიკინა იყო, ხოლო მაიკლ სამუელს ყოველთვის იმაზე მეტად მოსწონდა ჟურნალისტების გარემოცვაში ყოფნა, ვიდრე ეს მე მომეწონებოდა.

- ისე, სხვა ვარაუდებიც არსებობს, - პრემიერის ისედაც გვარიანად აფუთფუთებული ეჭვებისთვის კიდევ უფრო ნოყიერი ნიადაგის შექმნა ამჯერად უკვე აღარ დაახანა მთავარმა შოლტმა. - მაგრამ ეს მაინც მხოლოდ ვარაუდებია.

- ყველაფერი უნდა მითხრა-მეთქი, ფრენსის!

- მაიკლ სამუელს ტედი უილიამსთან აქვს ძალიან ახლო ურთიერთობა. - ბედს საბოლოოდ დამორჩილებულის გამომეტყველება მიიღო მთავარმა შოლტმა.

- ვიცი. მერე?

- ისინი, საერთოდაც, ყველაფერზე ერთად მსჯელობენ. ასე რომ, ინფორმაციას შესაძლოა, პარტიის ოფისიდანაც გაეჟონა...

- პარტიის ოფისიდან?

- დიახ. ოღონდ, რაღა თქმა უნდა, მხედველობაში თავად ტედი უილიამსი კი არა, მხოლოდ მისი გარემოცვის რომელიმე წევრი მყავს, რადგან მათ უმეტესობას ენაზე კბილის დაჭერა ძალზე ნაკლებად თუ ეხერხება. თანაც...

- მაგრამ იქნებ, ეს სწორედაც რომ ტედია? - გააწყვეტინა უცბად ურჰარტს სერიოზულად შეფიქრიანებულმა პრემიერმა. - დავიჯერო, `შენც, ბრუტუს?~

- არა, არა მგონია...

- ვითომ, რატომაც არა! ჩემი მხურვალე მომხრე ხომ ის არც არასდროს ყოფილა...

- შესაძლოა, მაგრამ...

- სხვადასხვა თაობას ვეკუთვნით, მაგრამ ჩემს გუნდში მაინც ჩავრთე. - უკვე თითქოს, მხოლოდ თავისთვის განაგრძობდა მსჯელობას კოლინრიჯი. - მეტიც, ბოლო ხანებში ზედმეტადაც კი ვენდობოდი, რადგან მიმაჩნდა, რომ როგორც ძველი გვარდიის წარმომადგენელს, ბევრი აღარაფრის იმედი უნდა ჰქონოდა... ნუთუ ასე ძალიან შევცდი, ფრენსის?

- აღარც კი ვიცი, რა გითხრათ... - ეჭვებსა და ვარაუდებში საბოლოოდ გახლართული თავზარდაცემული პრემიერის ცქერითა და საკუთარი სიტყვებით მიღწეული ეფექტით ტკბობა ძლივსღა დამალა მთავარმა შოლტმა. - თქვენ ხომ ყველაფრის სასწრაფოდ განსჯა მომთხოვეთ, ჰოდა... ამ ეტაპზე მეტი ნამდვილად არაფერი შემიძლია...

- შეგიძლია, ფრენსის! შეგიძლია და უნდა იპოვო კიდეც! მე მისი სახელის გაგება მინდა! გესმის?.. სახელის!..

ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრმა ნადირობის სეზონი გახსნილად გამოაცხადა და მთავარმა შოლტმაც მაშინვე თავისი მრავალნაცადი იარაღი მოიმარჯვა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში