"შო­რე­ნა კო­ლონ­კე­ლი­ძე შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და, მე­ფეს ავუ­ჯან­ყ­დე­ბო­დი" - გზაპრესი

"შო­რე­ნა კო­ლონ­კე­ლი­ძე შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და, მე­ფეს ავუ­ჯან­ყ­დე­ბო­დი"

"ზუსტად არ მახსოვს, რომელმა ნაწარმოებმა მოახდინა ჩემზე პირველი წარუშლელი შთაბეჭდილება, მაგრამ მახსოვს ემოციები, რომლებიც ყოველი ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ მქონდა", - ამბობს მწერალი ბექა ქურხული და ბავშვობიდან გამოყოლილ ემოციებს იხსენებს. ამბობს, რომ წიგნებისადმი ინტერესი ადრეულ ასაკში გამოავლინა და დღესაც აქტიური მკითხველია.

"შორენა კოლონკელიძე შემიყვარდებოდა, მეფეს ავუჯანყდებოდი"

- აქტიური მკითხველი ვარ. ამჟამად შუკშინის ნაწარმოებს ვკითხულობ. ცნობილი მოვლენების გამო, რუსული ლიტერატურა თითქოს აღარ მიზიდავს. ამ განცდის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ რუსულ ლიტერატურას კარგად ვიცნობ. ჩემი ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი რუსული გამოცემებია.

ლიტერატორების ოჯახში გავიზარდე, მამა - ჟურნალისტი, დედა ლეილა ბეროშვილი ცნობილი მწერალი და სცენარისტი იყო. ბავშვობაში წიგნის სამყაროში ჩემი მეგზური მშობლები იყვნენ. წიგნებისადმი დიდი ინტერესი მქონდა, განსაკუთრებით სათავგადასავლო ლიტერატურა მიზიდავდა. თავადაც არ მჯერა, 6 წლის ასაკში, ჯანი როდარის "ჩიპოლინოს თავგადასავალი" რომ წავიკითხე, ეგრევე სერვანტესის "დონ-კიხოტი" მივაყოლე. რა თქმა უნდა, ვერაფერი გავიგე. მერე "სამი მუშკეტერი" დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვერ ვიგებდი, წიგნებიდან რაღაც მაინც მრჩებოდა. ძალიან პატარა ვიყავი, როცა "ვეფხისტყაოსანს" მიკითხავდნენ. მამა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას მაცნობდა, ის მუხტი ახლაც მახსოვს.

ზუსტად ვერ ვიხსენებ, რომელი იყო პირველი ნაწარმოები, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ მახსოვს ემოციები, რომლებიც ყოველი ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ მქონდა. "ჩიპოლინოს თავგადასავალი" რომ წავიკითხე, ვამბობდი, ესენი კომუნისტები არიან-მეთქი. დონ-კიხოტზე ვთქვი, ცუდი კაცი არ არის და სულ რატომ სცემენ-მეთქი? "სამი მუშკეტერი" რომ წავიკითხე, მას შემდეგ "დავღუპე" ჩემი მშობლიური პირველი ექსპერიმენტული სკოლა, დავიწყე ხმალაობა და ცემა-ტყეპა. ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა რეზო ინანიშვილის შემოქმედებამ. ჩვენ მეზობლები ვიყავით და პირადად ვიცნობდი. რომ წამოვიზარდე, გამიტაცა გურამ რჩეულიშვილმა, ჯემალ ქარჩხაძემ, გურამ დოჩანაშვილმა... "ჯაყოს ხიზნები" ძალიან ადრეულ ასაკში წავიკითხე.

რომელ პერსონაჟთან ვიმეგობრებდი? ფრანსუა რაბლესთან და ფრანსუა ვიიონთან ერთად ანჟუს ღვინოს დიდი სიამოვნებით დავლევდი. ვისაუბრებდით ღვინოსა და ქალებზე, ლიტერატურაზე - ნაკლებად. ბანდიტობაზეც საინტერესო იქნებოდა დიალოგი. ფრანსუა ვიიონი ცნობილი ბანდიტი იყო. სულ მაინტერესებს, ჰემინგუეის დათრობას თუ შევძლებდი.

რომელი ქალი პერსონაჟი შემიყვარდებოდა? ეს კითხვა ვინმეს 15-16 წლის ასაკში რომ დაესვა, აუცილებლად გურამ რჩეულიშვილის ნათელას (მოთხრობიდან "ნათელა") დავასახელებდი. ძალიან მაგარი გოგოა. ნამდვილად ვიცი, თამარ შერვაშიძე არ შემიყვარდებოდა. შორენა კოლონკელიძეზე გავგიჟდებოდი, შემიყვარდებოდა და თან მგონია, რომ ვიჩხუბებდი, მეფეს ყველა ვარიანტში ავუჯანყდებოდი.

ჩემი ნაწარმოებების პერსონაჟებთან ვმეგობრობ და მომავალშიც ვიმეგობრებ. უმრავლესობა რეალური ადამიანები არიან, პროტოტიპებში საკუთარი თავი არაერთ ადამიანს ამოუცნია.

- გოდერძი ჩოხელი თავის ერთ-ერთ მოთხრობაში, როდესაც ის მიტოვებულ სოფელს აღწერს, აღნიშნავს, მხოლოდ რამდენიმე იმედის თეთრი ძაფი მოჩანდაო. რას გულისხმობდა ის "იმედის ძაფებში"?

- (ფიქრობს)...

- მიგანიშნებ, ზამთარში, ნახევრად მიტოვებული სოფელი წარმოიდგინე.

- ა! ფანტასტიკური შედარებაა, ბუხრიდან ამოსული კვამლი, ასეა?

- დიახ. ლაკონიაში ჩაკეტილი სპარტელებისთვის ფილიპე მაკედონელს მიუწერია: თუ მოვედი, ძირფესვიანად ამოგთხრითო. რა უპასუხეს ლაკონიელებმა?

- მოდითო.

- "თუ". მათი პასუხი ძალიან ლაკონიური იყო. რომელი არასამეფო წარმომავლობის ადამიანის პორტრეტი დაბეჭდეს პირველად ბრიტანეთის საფოსტო მარკაზე?

- ბერნარდ შოუ, არა?

- ცდები.

- რთული კითხვები გაქვს. შექსპირი?

- დიახ. 1905 წელს პარიზში უჩვეულო შეჯიბრება მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდა 300 ადამიანი. მათ 300 მეტრი უნდა დაეფარათ. გამარჯვებულმა დისტანცია 3 წუთსა და 12 წამში დაფარა. დაასახელე ადგილი, სადაც ეს შეჯიბრება მოეწყო. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში, ეიფელის კოშკზე თუ ელისეს მინდვრებზე?

- ელისეს მინდვრებზე?

- ცდები.

- ეიფელის კოშკზე.

- გზაზე ერთ მწკრივში რამდენიმე ბავშვი მიდის, პირველმა თქვა, რომ მას უკან 2 ბავშვი მიჰყვება, უკან მყოფმა კი თქვა, რომ მის წინ 2 ბავშვი მიდის. რამდენი ბავშვი მიდის გზაზე?

- მათემატიკაში განთქმული ოროსანი ვიყავი. 5 მიდის?

- არა.

- (პაუზის შემდეგ) 3.

- არაბების მიერ ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ, მათმა მთავარსარდალმა განაცხადა, ყურანში ისედაც ყველაფერი წერიაო და ბარბაროსული ბრძანება გასცა. რისი გაკეთება დაავალა მან ჯარისკაცებს?

- ალექსანდრიის ბიბლიოთეკის განადგურების ბრძანება გასცა.

- თავდაპირველად "პობედას" "როდინა" ერქვა, მანქანას სახელწოდება სტალინის მითითებით შეუცვალეს...

- ...(მაწყვეტინებს) სტალინმა იკითხა, რა ფასად შეიძლება გაყიდო სამშობლო?

- შუა საუკუნეების ევროპაში ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეებში ლოდების გარდა კატაპულტით მკვდარ ცხოველებსაც ისროდნენ. რატომ?

- ეპიდემია რომ გავრცელებულიყო.

- გიბრალტარის სრუტეში არის კუნძული, რომლის გვერდის ავლაც ანტიკურ ხანაში შეუძლებელი იყო. ამით კარგად სარგებლობდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები და ყველას გადასახადს ახდევინებდნენ. რა ერქვა კუნძულს?

- საბაჟო?

- ცდები. ტარიფი ერქვა. "მოვახიე ნაჭერი... ზეწარი იყო, დაკერება რომ არ მოუხერხდა არაფრით და გადავაკარი ჩარჩოზე... თურმე დაგრუნტვა ნდომებია. რომ დავხატე, უკანა მხარეს უკეთესი ნახატი შეიქმნა". რომელმა ცნობილმა ქართველმა მწერალმა აღწერა ასე თავისი პირველი ნახატის შექმნის ამბავი?

- ოტია იოსელიანმა.

- დღეს მას შეყვარებულთა არისტოკრატულ ცეკვას უწოდებენ, მაგრამ მის ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, აღმოჩნდება, რომ ამერიკაში ევროპიდან ემიგრირებული ღარიბებისა და მონების ცეკვა იყო. რომელ ცეკვაზეა ლაპარაკი?

- ტანგოზე.

- კოკო შანელი ამბობდა, რომ ხელები ქალის სავიზიტო ბარათია, ყელი - პასპორტი. ქალის სხეულის რომელ ნაწილს უწოდებდა ის საზღვარგარეთის პასპორტს?

- მოდის არაფერი ვიცი, თვალები?

- ცდებით.

- ფეხები?

- მკერდი.

- რაღაც მაგდაგვარი მინდოდა მეთქვა, მაგრამ მე წესიერი ადამიანი ვარ (იცინის).

- "ჯაყოს ხიზნებში" რა გვარი იყო მარგო?

- ყაფლანიშვილი.

- რას ეძახიან ახალდაქორწინებულებს მთიულეთში?

- ახალყოილნი.

- ჟირაფს მეტი კისრის მალა აქვს თუ ბეღურას?

- ბეღურას.

- ადამიანის რომელ გრძნობას უწოდა შექსპირმა "მწვანეთვალება ურჩხული"?

- ეჭვიანობას.

- ქალის გარდა კიდევ ვინ არის გამოსახული კლოდ მონეს ნახატზე "მანდილოსანი ქოლგით"?

- არ მახსოვს.

- ბავშვი. რა ერქვა ლუარსაბისა და დარეჯანის მაჭანკალს, რომელსაც სუტკნეინას უწოდებდნენ?

- აი, თავი სად მომეჭრა, ვერ ვიხსენებ.

- ხორეშანი. რა ერქვა ელადაში ადამიანს, რომელსაც ოჯახში ერთ-ერთი სტუმარი დაუპატიჟებლად მიიყვანდა?

- არ ვიცი.

- პარაზიტი.

- რა უბედურებაა, სტუმარს პარაზიტი როგორ უნდა უწოდო?

- "არის რაღაც საერთო ღვინის სმასა და კითხვას შორის. მე მგონი ის, რომ ორივეს ეგრეთ წოდებულ პიროვნების თავისუფლებასთან მივყავართ, ოღონდ ერთი - მიშვებული, აგდებული და ულამაზო თავისუფლებაა, უპასუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი - შემართებული, გამოცდილი და ყოვლისშემძლე, ამაღლებული". რომელ ცნობილ ნაწარმოებში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?

- გურამ დოჩანაშვილის "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა".

- ღვინის სმასა და კითხვას შორის რამე საერთოს თავად თუ პოულობ?

- ნამდვილ წიგნს და ნამდვილ ღვინოს ძნელად სწყდები. რაც მეტს კითხულობ, რაც მეტს სვამ, ეშხში შედიხარ.

- ვინ არის ავტორი სიმღერისა "თხამ შეჭამა ვენახი"?

- რა ვერაგული კითხვები გაქვს. ზუსტად არ ვიცი, ხალხური მგონია.

- დიახ. დაბოლოს, დაასრულე ინგლისელი ფილოსოფოსის ჯონ ლოკის სიტყვები "განათლება ქმნის განსხვავებას ადამიანთა"

- "...ადამიანთა შორის".