ერე­ბის წარ­მო­შო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა - გზაპრესი

ერე­ბის წარ­მო­შო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა

- რა პერიოდიდან მოხდა ადამიანთა სხვადასხვა ერებად ჩამოყალიბება?

მამა მაკარი:

- ადამიანთა სხვადასხვა ერებად ჩამოყალიბება დაიწყო ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შეწყვეტის შემდეგ, როდესაც უფალმა ენები აღურია ადამიანებს. ხალხი დედამიწის სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტა. ეს დაედო საფუძვლად სხვადასხვა ერების ჩამოყალიბებას. შემდეგ მოხდა მათი დაყოფა. თუ ვთქვათ, ისრაელის ერს - ებრაელ ერს ავიღებთ, ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შეწყვეტის შემდეგ არ წარმოშობილა, ისინი მომდინარეობენ აბრაამიდან, ისრაელიანთა პირველი მამამთავრიდან, მაგრამ როგორც ერი, ებრაელები ეგვიპტეში ჩამოყალიბდნენ. ეს საკმაოდ დიდი პერიოდია ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შეწყვეტიდან - დაახლოებით 12 თაობის შემდეგ. არსებობენ ერები, რომლებიც უშუალოდ ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დღიდან მომდინარეობენ, მათ შორის - ქართველები და არიან ერები, რომლებიც მოგვიანებით ჩამოყალიბდნენ. ქართველი ერი ერთ-ერთი უძველესია. ამის უახლესი დამადასტურებელი ფაქტია სულ ახლახან აღმოჩენილი წარწერა კასპთან, გრაკლიანის გორაზე. უახლესი ინფორმაციით, ამერიკაში ზუსტად დაადგინეს, რომ ეს წარწერები მიეკუთვნება ქრისტესშობამდე IX საუკუნეს. ამ პერიოდისთვის მხოლოდ ორი დამწერლობაა ცნობილი - ეგვიპტური იეროგლიფები და შუმერული, ნუსხური დამწერლობა. სწორედ ამ დროის პარალელურად აღმოჩნდა დამწერლობა საქართველოში, რაც კიდევ ერთი უეჭველი ნიშანია, რომ ქართველები უძველესი ერი ვართ.

- რატომ გახდა საჭირო ადამიანთა ერებად ჩამოყალიბება?

- ვიცით, რომ წარღვნამდე ადამიანები ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ და კაცობრიობა იყო ერთიანი. შესაძლოა, ასეთ დროს ღვთისმოსაობა გავრცელდეს, მაგრამ ასევე ძალიან ადვილად ვრცელდება ცრუ სწავლება და უკეთური ცხოვრების წესიც. როდესაც ადამიანები სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ჯგუფებად ჩამოყალიბდნენ, ასეთმა ჩაკეტილმა სისტემებმა სხვადასხვა ერის წარმოშობას შეუწყო ხელი და ისინი სხვადასხვა ინტელექტითა თუ მენტალიტეტით ჩამოყალიბდნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამან პირველ რიგში ხელი შეუწყო იმას, რომ ისრაელის ერმა ეგვიპტეში ყოფნის დროს არ დაკარგა სარწმუნოება. ადამიანთა შორის ჭეშმარიტი სარწმუნოება იქნა შენარჩუნებული. თუ ისრაელის ერი არ იქნებოდა სხვა ენაზე მოლაპარაკე, სხვა მენტალიტეტის მქონე, მაშინ ეგვიპტეში ჩასახლების დროს ისევე იცხოვრებდნენ, როგორც ეგვიპტელები... სწორედ ამან განაპირობა, რომ ქრისტეს მოსვლამდე ადამიანთა გარკვეულ ნაწილში შენარჩუნებულიყო ჭეშმარიტი სარწმუნოება. მაცხოვრის მოსვლის შემდეგ, ქრისტიანობა გახდა ზეეროვნული და ყველა ეროვნებაზე მაღლა იდგა. როდესაც ქრისტიანებს ეროვნებას ეკითხებოდნენ, ისინი პასუხობდნენ, რომ იყვნენ ქრისტიანები და მათი სამშობლო იყო ზეციური იერუსალიმი ანუ ქრისტიანობა ეროვნებად ითვლებოდა. თუ ქრისტეს მოსვლამდე საჭირო იყო ეროვნულობა და ებრაელი ერის ეროვნულობის გამოხატულებით ჭეშმარიტი სარწმუნოება იქნა შენარჩუნებული. მაცხოვრის მოსვლის შემდგომ, ღვთისმოსაობის ანუ ჭეშმარიტი სარწმუნოების შესანარჩუნებლად ეროვნულობა საჭირო აღარ არის.

ხშირად ადამიანები თვლიან, რომ რადგან ჩვენი წინაპრები ქრისტიანები იყვნენ, ამიტომაც მივსდევ ქრისტიანობასო. ჩვენი წინაპრები უფრო ადრე წარმართები იყვნენ და გამოდის, ჩვენც წარმართები უნდა ვიყოთ. ადამიანი ქრისტიანი უნდა იყოს სარწმუნოების გამო და არა ტრადიციიდან გამომდინარე. ვინც ტრადიციის გამოა ქრისტიანი, არაქრისტიანულ ქვეყანაში ან წარმართობის დროს რომ დაბადებულიყო, ის არასოდეს მიიღებდა ჭეშმარიტებას, თუნდაც ქრისტიანობის გავრცელების დროს ეცხოვრა, ისევე დაუწყებდა დევნას ქრისტიანებს, როგორც წარმართები დევნიდნენ.

- როდესაც ადამიანი იმ სარწმუნოებას მისდევს, რომელიც საუკუნეებია, მისი ერის ტრადიციადაა ჩამოყალიბებული, აბრკოლებთ თუ არა ეს ჭეშმარიტების შეცნობაში?

- რა თქმა უნდა, მაგრამ უფალი ყველა ადამიანის გულს უკაკუნებს - ანუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ჭეშმარიტი სარწმუნოება, მიუხედავად იმისა, სად დაიბადება იგი. სულიწმიდის გამოხატულება ყველა ადამიანში არის სინდისის ხმა. თუ ადამიანი ბოლომდე მიენდობა თავის სინდისს, ის ბოლოს აუცილებლად მივა ჭეშმარიტი ღვთის რწმენამდე. არაქრისტიანულ გარემოში დაბადებული არაერთი ადამიანი გამხდარა ქრისტიანი. ამის მაგალითები დღესაც მრავლად გვაქვს. ცოტა ხნის წინ ერთი ირანელი პიროვნება ჩამოვიდა საქართველოში, ნათელ იღო და დაბრუნდა თავის სამშობლოში. მან სწორედ ირანში შეიცნო, რომ მართლმადიდებლობაა ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება... ეს არის მაგალითი, როგორ ეხება თითოეული ადამიანის გულს უფალი, მაგრამ თუ ადამიანი უკეტავს გულის კარს, ცხადია, ის უფალთან ვერ მივა.

- იქნებ ისიც განვმარტოთ, რატომ არის სწორედ მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია...

- მართლმადიდებლობა ღმერთის მართლად, სწორად დიდებას ნიშნავს, ამიტომაც ეწოდება ჭეშმარიტ სარწმუნოებას მართლმადიდებლური. მართლმადიდებლობა თავისი არსით სამყაროს შექმნის დღიდან არსებობს. პირველი მართლმადიდებლები არიან უფლის ანგელოზები, რომლებიც სამყაროს შექმნის დროიდან ღმერთს მართლად, სწორად ადიდებენ. ტერმინი `მართლმადიდებელი~ ბერძნული სიტყვის - `ორთოდოქსის~ (სწორი დიდება) შესაბამისად გამოიყენება, რათა გამოვხატოთ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები - ღმერთის მართლად მადიდებლები ვართ. იგი მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც ქრისტიანობაში სხვადასხვა მიმდინარეობა და მწვალებლობები ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლა-მოძღვრების წინააღმდეგ მიმართული სწავლებები გაჩნდა. სწორედ მათგან გამოსარჩევად უწოდეს ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევარმა ქრისტიანებმა თავიანთ სარწმუნოებას მართლმადიდებლური. ჭეშმარიტი სარწმუნოება არის ერთი და ეს მართლმადიდებლობაა, რომლის სწავლა-მოძღვრებაც ეყრდნობა `წმინდა წერილს~, მოციქულთა ქადაგებებს და მოცემულია თვით იესო ქრისტეს მიერ. მოციქულთა ხანიდან მოყოლებული, მას არათუ სწავლებაში, გარეგნულ გამოხატულებაშიც კი არ შეუტანია არავითარი ცვლილება, მართლმადიდებელი ღვთისმსახურნი შესამოსელსაც კი მოციქულთა ხანის დროინდელს ატარებენ. ამასთანავე, მართლმადიდებლობა ერთადერთი რელიგიაა, რომელიც შეიწყნარებს ყველა რელიგიური მიმდინარეობის მიმდევარ ადამიანს - არა მათ სწავლებას, არამედ თავად ადამიანს.

- დღეისათვის მსოფლიოში არაერთი რელიგიური მიმდინარეობა არსებობს, თუნდაც ქრისტიანული მიმდინარეობები - მათი რიცხვი სამასამდეა, თითოეული მათგანი ამტკიცებს, რომ სწორედ მათი სარწმუნოებაა ჭეშმარიტი. მართალია იმის შესახებ უკვე ვისაუბრეთ, თუ რატომაა მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი რელიგია, მაგრამ არაფერი გვითქვამს არამართლმადიდებლურ მიმდინარეობათა ცდომილების შესახებ... როგორ შეიძლება დავრწმუნდეთ თითოეული მათგანის ცდომილებაში?

- ძველად არსებობდა ოქროს სასინჯი ქვა, რომლითაც ამოწმებდნენ, ხალასი იყო თუ არა ოქრო, რადგან ოქრომჭედლებმა იცოდნენ, როგორი ხმოვანება უნდა გამოეცა სასინჯ ქვაზე მირტყმისას ხალას ოქროს. ასეთივე სასინჯი ქვაა მართლმადიდებლობაც, ამიტომ ყველა რელიგიური მიმდინარეობა, როგორც ქრისტიანული, ასევე არაქრისტიანული და მათი სწავლა-მოძღვრება უნდა შევადაროთ მართლმადიდებლურს, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთლიანად ეყრდნობა `წმინდა წერილს~ და უცვლელად მისდევს უფლისა და მოციქულთა მიერ ნაქადაგარ სწავლებას. მასში არაფერი გვხვდება ჩვეულებრივ, მოკვდავ ადამიანთა ნააზრევი და განმარტებული. ე.ი. არ არის ჭეშმარიტი. ნებისმიერი არამართლმადიდებლური სწავლა-მოძღვრება ავიღოთ: არც ერთი მათგანი სათავეს არ იღებს სულიწმიდის მადლით განბრძნობილ მოციქულთა ქადაგებიდან, თითოეული მათგანისთვის არსებობს დრო, როდესაც დაიწყო მათი სწავლება და არსებობს პიროვნება, რომელმაც დაიწყო მათი სწავლება ანუ ჰყავთ ცრუმოძღვარი და მის მიერ მოგონილ სწავლებას იზიარებენ; თუმცა თითოეული მათგანი ამტკიცებდა, რომ ამა თუ იმ საკითხის მათეული განმარტება, რის გამოც გამოეყვნენ ჭეშმარიტ სწავლებას, საღვთო გამოცხადებას ემყარება. ეს ასე არ არის, ნებისმიერი მათგანის საფუძველი ბოროტისგან შთაგონებული ცრუ სწავლებაა, რაც სულისთვის დამღუპველია.

შორენა მერკვილაძე