"წმინდა გონების მსხვერპლი" - რატომ თქვა უარი ოჯახურ ბედნიერებაზე იმანუელ კანტმა? - გზაპრესი

"წმინდა გონების მსხვერპლი" - რატომ თქვა უარი ოჯახურ ბედნიერებაზე იმანუელ კანტმა?

გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ფუძემდებელმა, იმანუელ კანტმა, რომელმაც ადამიანის მორალური ქცევის - თავისუფალი მოქმედების უმაღლესი პრინციპი დაადგინა და "კატეგორიული იმპერატივი" უწოდა, საკუთარ თავს უფლება არ მისცა, ჰქონოდა ოჯახი. ამ შემთხვევაში დაბრკოლებად იქცა არა ხასიათის თავისებურებანი (რაც მრავალ მეცნიერს ახასიათებს), არამედ მისი პირადი მრწამსი.

უმთავრესი სიყვარული

როგორც ფილოსოფოსის თანამედროვენი აღნიშნავდნენ, ახალგაზრდა იმანუელი მშვენიერი გარეგნობის ყმაწვილი იყო. თუმცა, რაღა თქმა უნდა, მისი მთავარი ფასეულობა გონება გახლდათ. კანტის კარიერა თამამად შეიძლება ჩაითვალოს ბრწყინვალედ და ამასთან - კანონზომიერადაც. წარმატების მიღწევაში მას დაეხმარა ნიჭი, შრომისმოყვარეობა და არაჩვეულებრივი ორგანიზებულობა.

სახელგანთქმული ფილოსოფოსი ქვეყნიერებას 1724 წლის 22 აპრილს, აღმოსავლეთ პრუსიის ქალაქ კენიგსბერგში, მოკრძალებული ხელოსნის ოჯახში მოევლინა. პატარა, გამხდარმა ბიჭუნამ სკოლაში ისეთი უჩვეულო მიდრეკილება გამოავლინა ყველა მეცნიერების მიმართ, რომ ის მეცენატებმა შენიშნეს და მისი სწავლება დააფინანსეს: 1740 წლიდან კანტმა კენიგსბერგის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა (დღეს ის ფილოსოფოსის სახელს ატარებს).

ალმა-მატერში იმანუელმა არჩევანი ფილოსოფიაზე შეაჩერა, რაც მისი ცხოვრების უმთავრეს და შეიძლება ითქვას, ერთადერთ სიყვარულად გადაიქცა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ხანგრძლივი დროის მანძილზე, თავს კერძო მასწავლებლობით ირჩენდა და ოჯახსაც ეხმარებოდა (მამის გარდაცვალების მერე, ერთადერთი მარჩენალი იყო).

სხვათა შვილების სასარგებლოდ განვლილმა მძიმე შრომის წლებმა, ფილოსოფოსი ოჯახურ ცხოვრებას სამუდამოდ დააშორა. დრო, რომლის გატარებაც მსოფლიოს მოწყობის ფიქრში სურდა, კერძო გაკვეთილების ჩატარებაში გადიოდა... 1755 წლიდან კენიგსბერგის უნივერსიტეტში ლექციების კითხვა დაიწყო: მეტაფიზიკაში, ფიზიკაში, ეთიკაში, მათემატიკასა და ფიზიკურ გეოგრაფიაში.

ხმელ-ხმელი, საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა კაცი ქალებს ყოველთვის მოსწონდათ. იმანუელი გონებამახვილობით, გალანტურობით, ელეგანტური ჩაცმულობითა და დახვეწილი საუბრით იქცევდა ყურადღებას. ყოველთვის გარშემორტყმული იყო მეგობრებით, მოწაფეებითა და მისი ტალანტის თაყვანისმცემლებით.

ფილოსოფოსის ბიოგრაფები დღემდე ვერ გარკვეულან, რატომ გაატარა მთელი ცხოვრება კენიგსბერგის განაპირას, პატარა სახლში, ერთგული მსახურის - გადამდგარი ჯარისკაცის, მარტინ ლამპეს გარემოცვაში (კანტი მსახურადაც კი მხოლოდ მამაკაცს მოიაზრებდა).

საქმე ის გახლდათ, რომ ახალგაზრდა ასაკიდან კარგი ჯანმრთელობით არ გამოირჩეოდა. იმავდროულად, ის თავის თავში უზარმაზარ მეცნიერულ პოტენციალს გრძნობდა და რადგანაც ფიქრობდა, რომ მისი ტალანტი კაცობრიობას ეკუთვნოდა, ადრეული წლებიდან საკუთარი ცხოვრება მკაცრ რეჟიმს დაუქვემდებარა. მისი დრო წინასწარ იყო გაწერილი სწავლებაზე, ლექციებზე, სამეცნიერო სამუშაოსა და მეგობრებთან ურთიერთობაზე. ის სტუდენტებისთვის საყვარელი ლექტორი იყო, მეგობრებისთვის კი - შეუცვლელი თანამოსაუბრე. ასეთ მკაცრ რეჟიმში უწევდა ყოფნა და ოჯახზე ფიქრისთვის დროც აღარ რჩებოდა.

მეცნიერების მონა

განსჯა ადამიანური შემეცნების საზღვრებზე, კეთილსა და ბოროტზე, მთელი სიცოცხლის მანძილზე არ ტოვებდა ფილოსოფოსს. ეს მისი ცხოვრებისეული კრედო, არსებობის აზრი გახლდათ. საკუთარ სწავლებაზე ფიქრი არც სეირნობის ჟამს ანებებდა თავს. მის მრავალრიცხოვან მეგობარსა და მოწაფეთა შორის, ვერც ერთმა ვერ შეძლო კანტის აზრისმიერ წიაღსვლებში მიეღო მონაწილეობა, გამხდარიყო ამ პროცესის თანადამსწრე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მადლიერმა ინტელექტუალებმა მისი ღვაწლი ჯეროვნად დააფასეს (კანტის მოწაფეები და მოწაფეთა მოწაფეები იყვნენ: ი. ფიხტე; ფ. შელინგი; გ. ჰეგელი; ა. შოპენჰაუერი და სხვა). დიდი ფილოსოფოსის მოძღვრებანი ბევრჯერ გამოუცხადებიათ დაძლეულად და გადალახულად, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩენილა, რომ ისინი აქტუალობას არასდროს კარგავდა და ახალი ძალებით წარმოდგებოდა ხოლმე კაცობრიობის წინაშე.

ერთი სიტყვით, ასეთმა გამოზომილმა ცხოვრებამ კანტი საუკეთესო შედეგებამდე მიიყვანა. მან შეძლო ყველა ჩანაფიქრის განხორციელება და ყველა თავის მეგობარზე მეტხანს იცოცხლა - იმ მეგობრებზე მეტხანს, რომელთა ცხოვრებაც, მისი აზრით, სწორედ ოჯახურმა უსიამოვნებებმა შეიწირა... დაქორწინებულ ადამიანებზე ამბობდა, რომ ისინი "სახეზე უღელის ბეჭედს ატარებენ". ეს შეხედულება, შესაძლოა, კიდევ უფრო გაუმძაფრა 23 წლის ქალბატონ მარია-შარლოტა იაკობისთან შეხვედრამ.

კანტი მას 1762 წელს, ერთ მდიდრულ წვეულებაზე გაეცნო. ქერათმიანი, მიმზიდველი მარია-შარლოტა ბანკირის ცოლი იყო. ის ქორწინებაში თავს უიღბლოდ მიიჩნევდა და მის მიღმა ეძებდა გასართობს. გონიერი, განათლებული და დახვეწილი ახალგაზრდა ქალბატონი ერთი შეხედვით, ქორწინების უღელით დამძიმებულს არ ჰგავდა. კანტის ყურადღება მხიარულმა და სიცოცხლით სავსე შარლოტამ იოლად მიიქცია.

ფილოსოფოსი ქალის ფსიქოლოგიაზე გარკვეული წარმოდგენისა გახლდათ და ამაზე ერთი ფაქტიც კარგად მეტყველებს: ერთხელ, მეგობრებთან სადილობისას (კანტი მარტო არასდროს სადილობდა), საუბარი წამოიჭრა თემაზე - რა იქნებოდა ყველაზე შეურაცხმყოფელი მამაკაცისთვის და დამამცირებელი ქალისთვის. იმანუელმა მაშინვე თქვა, რომ კაცისთვის იმაზე საწყენი არაფერია, ვიდრე მისი სულელად დასახელება; ხოლო ქალისთვის ყველაზე მძიმე, მისი მახინჯად გამოცხადებაა.

ცარიელი ინტრიგა

ერთ დღეს, როცა კანტი უნივერსიტეტიდან შინ დაბრუნდა, თავდაჭერილმა მსახურმა - მარტინმა მას ფრაუ იაკობის წერილი მიაწოდა. იმანუელმა ბარათი გახსნა და გზავნილის არასერიოზული ტონით გაოგნდა: "ღმერთო ჩემო! რას კადრულობს?!" თუმცა, ფილოსოფია ფილოსოფიად და კაცი მაინც, მოგეხსენებათ, კაცად რჩება, მით უმეტეს - ახალგაზრდა და ის მაინც წავიდა მშვენიერ ქალთან შესახვედრად.

ერთნი ამტკიცებენ, რომ მათ შორის ხანმოკლე რომანი იყო, მეორენი ფიქრობენ, რომ კანტს საკუთარი პრინციპებისთვის არ უღალატია. წესით, ყველაფერი მიმოწერაში უნდა ასახულიყო, კანტის უზარმაზარ არქივში კი მსგავსი არაფერი არსებობს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მისი მეგობარი იხსენებდა, რომ იმანუელს ქალი ძალიან შეუყვარდა და ისიც კი სურდა, რომ მარია-შარლოტა ქმარს გაყროდა.

რა მიზანი ამოძრავებდა ლამაზმანს? ფილოსოფოსის მეგობრები დარწმუნებული იყვნენ, რომ მას მხოლოდ გართობა სურდა - ისეთი "ბასტიონის აღება", რომელიც მანამდე ქალებთან ურთიერთობას ეწინააღმდეგებოდა კიდეც. ამას ქალბატონი პირადი ღირსების საკითხადაც კი მიიჩნევდა. როცა იმანუელი მას შეყვარებული თვალებით შესცქეროდა, ის იცინოდა. კანტი მისთვის მხოლოდ ქალური თავმოყვარეობის დასაკმაყოფილებელ ობიექტს წარმოადგენდა. მას მეცნიერის გარდა, კიდევ მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავდა. კანტი, როგორც გონიერი ადამიანი, ჯანსაღად აფასებდა გარემოებებს. ის მალე მიხვდა, რომ ახალგაზრდა თავქარიანი ქალბატონი სულაც არ გახლდათ ის ქალი, რომელიც მეცნიერებაზე ფიქრში თანაზიარად მოევლინებოდა. მარია-შარლოტამ ვერც მისი გონება დააფასა ჯეროვნად და ვერც აზრისმიერი სიმაღლე. ამიტომაც, მათი კავშირი სწრაფად დასრულდა და კანტს საკუთარი შეხედულებები ქალებზე კიდევ უფრო გაუმყარდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოგვიანებით (6 წლის შემდეგ), ფრაუ იაკობიმ საკუთარი საქციელი ინანა და ბერლინში სპეციალურად ჩავიდა, საიდანაც კანტს ცრემლიანი წერილებით სთხოვდა შეხვედრას. ქალბატონს სურდა, მას ისეთ ადგილას შეხვედროდა, რომელიც პირველ უიღბლო შეხვედრებს არ მოაგონებდა, მაგრამ კანტმა მის თხოვნებს იგნორირებით უპასუხა.

"კარგია!.."

ფილოსოფოსის კარიერა და ავტორიტეტი დღითი დღე იზრდებოდა. 62 წლის ასაკში კენიგსბერგის უნივერსიტეტის რექტორი გახდა. მეცნიერება მას სევდიანი ფიქრებისგან იფარავდა, ხოლო დღის რეჟიმი, უკანასკნელ წუთებამდე, მთელ დროს იკავებდა.

1804 წლის 12 თებერვალს, საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი ფილოსოფოსი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ერთი სიტყვა წარმოთქვა: "კარგია!" შესაძლოა, ამგვარად შეაფასა განვლილი ცხოვრება.

იმანუელ კანტი კენიგსბერგში, მთავარი ტაძრის კედელთან დაასაფლავეს. იქვე ამოტვიფრულია სიტყვები მისი "პრაქტიკული გონების კრიტიკის" დასკვნითი ნაწილიდან: "ორი რამ ავსებს სულს მუდამ ახალი და მით უფრო, ძლიერი გაკვირვებით და მოკრძალებით, რაც უფრო ხშირად და დაბეჯითებით ვაზროვნებ მათზე, ესენია: ვარსკვლავიანი ცა ჩემს ზემოთ და მორალური კანონი ჩემში".

ირინა ჯანდიერი