რას ეუბ­ნე­ბა მძლე­ო­სა­ნი "შტან­გას", რო­ცა მას ვერ ას­წევს - გზაპრესი

რას ეუბ­ნე­ბა მძლე­ო­სა­ნი "შტან­გას", რო­ცა მას ვერ ას­წევს

ბარსელონის ოლიმპიადიდან ოქროს მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლერი ხაბელოვმაც ჩამოიტანა. მისი და ხახალეიშვილის ბავშვობისდროინდელი კარიერის დასაწყისი ერთმანეთს რაღაცით ჰგავს. ორივე ტანმაღალი და ნიჭიერი იყო, არც შრომისმოყვარეობა აკლდათ და წარმატებებსაც მალევე მიაღწიეს.

12 წლის იყო ლერი, თანატოლებმა საჭიდაოდ რომ შეაგულიანეს და დარბაზში მიიყვანეს. მალე თბილისის მოსწავლეთა პირველობაზე პრიზიორებში მოხვდა, შემდეგ უფრო სერიოზული გამარჯვება მოიპოვა, ინტერნებს შორის გამართულ საკავშირო ტურნირზე ყველა დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. 1981 წელს კი ვილნიუსში მოსწავლეთა საკავშირო პირველობაც მოიგო. ცოტა ხანში ჯერ ჭაბუკებში, ხოლო შემდეგ ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ფალავანის სახელი მოიპოვა. მოგვიანებით ახალგაზრდული ტიტულებით დახუნძლულმა ხაბელოვმა მსოფლიოს მცირე ჩემპიონატზე" _ თბილისის საერთაშორისო ტურნირზეც რომ იმარჯვა, საბჭოთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან იარიგინმა ქვეყნის მთავარ გუნდში მიიწვია.

ლერი ხაბელოვი:

"ჩემს წონაში თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ძალიან ტიტულოვანი მოჭიდავეები გამოდიოდნენ, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები _ ასლანბეკ ხადარცევი, ილია მატე, პიოტრ ნანიევი, ასლანბეკ ბისულთანოვი. ამათთან ჭიდილში გამარჯვება ძალიან პრესტიჟული იყო და იარიგინმაც 1985 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ლაიფციგში ქვემძიმე წონაში მე დამაყენა. ჩემი პირველი ევროპული ტიტული იქ მოვიპოვე. ფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, გერმანელი უვე ნოიპერტი დავამარცხე. მოგვიანებით, იმავე სეზონში ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზეც ოქროს მედალს დავეუფლე".

სეულის ოლიმპიურ თამაშებამდე ლერი ხაბელოვმა კონტინენტის ჩემპიონატები კიდევ ორჯერ მოიგო, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულებს კი ერთიც მიუმატა. 1987 წელს, ორივე ამ ტურნირის ფინალში ჩვენმა ფალავანმა წმინდად დაამარცხა რუმინელი ვასილე პუშკაშუ. ბედის ირონიით, ავსტრალიური ოლიმპიადის ფინალი სწორედ პუშკაშუსთან წააგო.

ლერი ხაბელოვი:

"ოლიმპიური ტურნირის დაწყებამდე ორი საათით ადრე, მოთელვისას ხალიჩაზე ფეხი გამიცურდა, დავეცი და ბარძაყის კუნთი გამიწყდა. აუტანლად მტკიოდა, ექიმები საჭიდაოდ აღარ მიშვებდნენ, მაგრამ ჩემი დაჟინებული მოთხოვნით გამაყუჩებელ ნემსებს მიკეთებდნენ და ასე ცალი ფეხით ფინალამდე ყველა მეტოქე დავამარცხე. იქ კი პუშკაშუ მელოდა. მანამდე მას რვაჯერ შევხვდი სხვადასხვა ტურნირში და რვაჯერვე ისე მოვუგე, რომ ერთი ქულაც არ მიმიცია. რუმინელს არასდროს არაფერი არ მოეგო, ფინალში გასვლითაც კმაყოფილი იყო და ლუდიც კი დალია, მაგრამ ჩემი ტრავმის შესახებ რომ გაიგო, შანსი გაუჩნდა. ჭიდაობის დროს შიშით ვერ მეკარებოდა, თუმცა ბოლოს ერთი ქულა მაინც აიღო და ჩემპიონი გახდა, მე ვერცხლის მედალი მერგო".

ბარსელონის ოლიმპიური თამაშებისათვის ლერი ხაბელოვი უკვე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი იყო და, რაღა თქმა უნდა, სპეციალისტებიც ოქროს მედლის უპირველეს კანდიდატად სწორედ მას მიიჩნევდნენ. მაგრამ ჭიდაობაში იმდენად დიდი გამოცდილება ჰქონდა, რომ ყოველი შეხვედრისას ფრთხილობდა, ეშინოდა სეულის მსგავსად რაიმე გაუთვალისწინებული არ მომხდარიყო. ფინალამდე ხუთივე შეხვედრა ქულებით მოიგო, ზედმეტად არ რისკავდა, თან ძალებს ზოგავდა. ფინალშიც მოზომილად ჭიდაობდა გერმანელ ჰეიკო ბალცთან, ყოველგვარი რისკის გარეშე და გამარჯვებამდეც მიიყვანა საქმე, მინიმალური უპირატესობით 2:1 მოიგო.

ლერი ხაბელოვი:

"ოთხი წლის წინ, სეულის ფინალში განცდილი მარცხი ჩემთვის ტრაგედია იყო. ამჯერად შეცდომის უფლება არ მქონდა და ამიტომაც ვფრთხილობდი. ჩემთვის მთავარი გამარჯვება იყო. გავიმარჯვე და ამით ძალიან ბედნიერი ვარ".

ძალოსანთა შეჯიბრებები გამორჩეულია სპორტის სხვა სახეობებისაგან. ათლეტი რომ ფიცარნაგზე დადგება, დარბაზი გასუსულია. მცირე ხნით სპორტსმენიც გაირინდება, დინჯად ჩაავლებს ხელებს ლატანს და თითქოს აფეთქდაო, შტანგას წამში აიტაცებს თავს ზემოთ. კახი კახიაშვილმა, ვიდრე ძალოსნობას აირჩევდა, ჭიდაობაში მოსინჯა ძალები. ტანვარჯიშზეც დადიოდა, ჭადრაკზეც და ფეხბურთზეც. სწორედ ფეხბურთის თამაშის დროს დაადგა თვალი 12 წლის კახის ახალგაზრდა მწვრთნელმა, ვანო გრიქუროვმა. მოედანზე ბიჭი დუნედ მოძრაობდა, სრული ფლეგმა იყო, მაგრამ ბურთი რომ მიიღო, თვალის დახამხამებაში მოწყდა ადგილიდან და შურდულივით გავარდა მეტოქის კარისაკენ. ბატონ ვანოს სწორედ ეს ფეთქებადი ხასიათი მოეწონა ბავშვის და მასთან ერთად 13 წელი იმუშავა, ვიდრე კახი ბარსელონის ოლიმპიადის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდოდა. თუმცა ეს გზა კვარცხლბეკამდე კახისათვის ძალზე რთული გამოდგა. ეროვნულ-გამათავისუფლებელმა მოძრაობამ მის კარიერასაც დაატყო ხელი.

კახი კახიაშვილი:

"1991 წელს საქართველოდან რუსეთში წავედი. აქ სპორტისათვის არავის ეცალა. ცხინვალიდან რომ მოვდიოდი, ტყვიების ზუზუნი მომდევდა. ცოტა ხანს თბილისში, ნათესავებს შევაფარე თავი, მერე კი როსტოვში ჩავედი, სადაც ადრე სავალდებულო სამხედრო სამსახურს გავდიოდი. ევროპის ჩემპიონატისათვის იქ მოვემზადე და კონტინენტის ჩემპიონის პირველი ტიტულიც მაშინ მოვიპოვე. 1992 წლის გაზაფხულზე გაირკვა, რომ ოლიმპიადაზე საქართველოც აგზავნიდა თავის დელეგაციას და მაშინვე დავბრუნდი. ბარსელონაში ჩემი მთავარი კონკურენტი მსოფლიოს ჩემპიონი, რუსი სერგეი სირცოვი იყო, ძლიერი ათლეტი, თუმცა მისი ჯობნა შეიძლებოდა".

სირცოვის ჯობნა კი შეიძლებოდა, მაგრამ წეღან ვთქვით, ძალოსანთა შეჯიბრებები გამორჩეულია. საქმე ის არის, რომ წონას, რომელიც უნდა დაძლიოს ათლეტმა, ყოველ ცდაზე გუნდის მწვრთნელი უკვეთავს, დსთ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი ასევე რუსი, ვასილი ალექსეევი იყო. ბუნებრივია, მას სირცოვის გაჩემპიონობა უნდოდა და კახისათვის დაბალ წონებს უკვეთავდა. ატაცის დაწყება კახიაშვილს 175 კგ-ით უნდოდა, მაგრამ ალექსეევმა მისთვის 170 კგ. დაუკვეთა. მაღალ წონაზე არც მეორე ცდაზე მიუშვა და საბოლოოდ კახიმ პირველი მოძრაობა 177,5 კგ-ით დაამთავრა, სირცოვმა კი სწორედ ამ წონით დაიწყო შეჯიბრება. საბოლოოდ მან 12,5 კგ-ით მოუგო ატაცი ქართველს. აკვრაში კახი უფრო ძლიერი იყო და მეორე მოძრაობა მან 220კგ-ით დაიწყო, მაშინ, როდესაც სირცოვმა 222,5 კგ-ით დაასრულა ასპარეზობა და ორჭიდში 412,5 კგ. მოაგროვა. კახიმ შემდეგ 225 კგ-იც დაიმორჩილა, მაგრამ ბოლო ცდის წინ მაინც 10 კგ-ით ჩამორჩებოდა რუსს. ამ დროისათვის სირცოვს განაღდებული ჰქონდა პირველობა, კახიაშვილი მეორე ადგილზე იყო, ხოლო მესამეზე _ პოლონელი სერგიუშ ვოლჩანიეცკია. საპრიზო ადგილები უკვე განაწილებულია. თუმცა რჩებოდა კახიაშვილის ერთი ცდა. ოლიმპიური ოქროს მოსაპოვებლად მან მსოფლიოს რეკორდის ტოლფასი წონა _ 235 კგ. უნდა დაძლიოს. ამ შემთხვევაში კახი სირცოვის მსგავსად 412,5 კგ-ს. მოაგროვებს და ვინაიდან მეტოქეზე უფრო მსუბუქია, ჩემპიონიც ის გახდება. ფორმალურად ალექსეევს აღარავითარი არგუმენტი არა აქვს, რომ კახი არ მიუშვას სარეკორდო წონაზე, გუნდის ინტერესები არ ზარალდება და თანხმდება.

დარბაზი გაირინდა, სრული სიჩუმეა, ტრიბუნები ცდილობენ ხელი არ შეუშალონ ათლეტს, ბევრი გულშემატკივრობს კიდეც, განსაკუთრებით ქართველები. კახი დინჯად მივიდა შტანგასთან, ხელები მჭიდროდ მოარგო ლატანს, მშვიდად ჩაუჯდა და წამის შემდეგ უკვე მკერდზე დაიგდო იარაღი. კიდევ ორიოდ წამი, რომ სუნთქვა დაიმშვიდოს და მძლავრი აკვრა... სულ სამი წამია საჭირო შტანგის დაფიქსირება, მსაჯებმა რომ ცდა ჩაგითვალონ. ამ სამ წამში კი ყველაფერი ერთად დატრიალდა, ტრიბუნების ოვაციები, ალექსეევის გაოგნება, სირცოვის იმედგაცრუება და კახიაშვილ-გრიქუროვის საოცარი სიხარული, 13-წლიანი დაუღალავი შრომა ორივეს დაუფასდა, კახი კახიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია.

P.s. შეიძლება შეგიმჩნევიათ კიდეც, ძალოსანი შტანგას რომ დაეჭიდება და დაძლევს, ფიცარნაგზე დაუშვებს და თითქოს ეფერებაო, ხელს გადაუსვამს. ერთგვარად გულში მადლობას უხდის, რომ დაემორჩილა. იგივე ხდება თუ ვერ ასწია წონა, ოღონდ ამჯერად ეუბნება, _ არა უშავს, შემდეგი ჯერი ჩემი იქნებაო. იმ დღეს კახი კახიაშვილის შტანგამ მოფერება დაიმსახურა.

გოგი ფრანგიშვილი