ბანქოს სახლი (ნაწილიXII) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (ნაწილიXII)

პარასკევი, 16 ივლისი - ხუთშაბათი, 22 ივლისი

მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფრენსის ურჰარტის ნახვა, ძირითადად, სამთავრობო დერეფნებსა და იმ ბარებში შეიძლებოდა, სადაც მძიმე და აგრერიგად დაუფასებელი შრომით ლამის წელში გაწყვეტილი თემთა პალატის წევრები (ყოველ შემთხვევაში, მათ სწორედ ასე ეგონათ) ხანგრძლივი საზაფხულო დასვენების დაწყებამდე სულის მოსათქმელად იკრიბებოდნენ. მთავარი შოლტი კი დღენიადაგ თითოეული მათგანის (ძირითადად კი მაინც უფრო ახალბედების) სულისკვეთების ამაღლებას და გამხნევებას ცდილობდა. არწმუნებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, და რომ პრემიერ-მინისტრის მიმდინარე საქმიანობაში მცირედი ჩავარდნის გამო მის უნარსა და შესაძლებლობებში ეჭვი არაფრით უნდა შეჰპარვოდათ. ურჰარტის ესოდენი თავგამოდების შემხედვარე ბევრ ძველ და გამოცდილ პარლამენტარს ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს, ამ გზით ის პრემიერის პოზიციების გამტკიცებაზე მეტად ყველასთვის იმის გამუდმებით შეხსენებას ცდილობდა, რომ კოლინრიჯი მთავრობის მეთაურის სავარძელში თავს არცთუ მთლად მყარად გრძნობდა და სერიოზულ დახმარებას თუ არა, ხელის წაშველებას მაინც ნამდვილად საჭიროებდა.

საერთოდ კი, საზაფხულო დასვენების წინ, მთავრობას, ჩვეულებრივ, თავისი მინუსების, არაპოპულარული ნაბიჯების თუ განცხადებების ნეგატიური ეფექტის შერბილება სჩვევია და ამას პატარა ხრიკის გამოყენებით - პარლამენტის საქმიანობის თაობაზე მოცულობითი ანგარიშის, `წერილობითი პასუხების~ სესიის სულ ბოლო დღეს გამოქვეყნებით აღწევს. რა თქმა უნდა, ამ მხრივ მთავრობის გაშიფვრასა და მისი ეშმაკური მანევრის ხმამაღლა და ყველას გასაგონად გაკრიტიკებასაც ერთი შეხედვით თითქოს წინ არაფერი უდგას, მაგრამ ამის პრაქტიკულად განხორცილება მაინც საკმაოდ ძნელდება ხოლმე. სხვა რომ არაფერი, მთავრობის ანგარიშის უსასრულო გვერდების ყურადღებით წაკითხვის ნაცვლად, პარლამენტის წევრების უმეტესობა ხომ ამ დროს ძირითადად თავიანთი სამსახურებრივი მაგიდების მოწესრიგებითაა დაკავებული და სათანადო ხმაურის ასატეხად ფაქტობრივად აღარც დრო რჩებათ და არც სურვილი.

ამიტომაც იყო, რომ ყველა მართლა ძალიან შეწუხდა, როცა `ანას ბარში~, სადაც შევლა და მოსაზრებებისა და ჭორების გაცვლა ბრიტანელ პარლამენტარებსა და ჟურნალისტებს ასე ძალიან უყვართ, ერთ-ერთი სავარძლის ქვეშ სრულიად მოულოდნელად ფრიად მნიშვნელოვანი დოკუმენტი აღმოჩნდა. თანაც, ეს დოკუმენტი, უფრო ზუსტად კი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის წერილობითი პასუხის პროექტის ფოტოასლი, რომელიც თემთა პალატას ტერიტორიული არმიის მოსალოდნელ მნიშვნელოვან შემცირებაზე აწვდიდა ინფორმაციას და დღის სინათლე მხოლოდ ათი დღის შემდეგღა უნდა ეხილა, ბარის რომელიმე რიგითმა კლიენტმა კი არა, მთლად გაზეთ `ინდეფენდენტის~ დოკუმენტების სისწორის გადამოწმებაში უკვე გვარიანად გამოცდილმა და ყველას თვალში ფრიად სანდო და პატივცემულმა ლობისტმა კორესპონდენტმა იპოვა. ასე რომ, როდესაც პარლამენტის მუშაობის ბოლო კვირის პირველ დღეს `ინდეფენდენტმა~ ნახსენები გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დღის მთავარ სიახლედ გამოაქვეყნა, მასში მოხმობილი ფაქტების უტყუარობაში ეჭვი პრაქტიკულად აღარავის შეჰპარვია.

ისე, კაცმა რომ თქვას, სხვადასხვა `შემცირებაში~ გამუდმებულ ბრალდებებს მთავრობები უკვე დიდი ხანია, მიეჩვივნენ. ასე მაგალითად, თუ რომელიმე მთავრობა ხარჯების უწინდელ დონეზე შენარჩუნებას გადაწყვეტს და ასიგნებების გაზრდაზე უარს იტყვის, მას მაშინვე `შემცირებაში~ დაადანაშაულებენ; თუმცაღა, მაშინაც იგივე მოხდება, თუ ეს მთავრობა, ვთქვათ, რომელიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროში ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით დამატებით ასიგნებებს გამოყოფს, მაგრამ სხვადასხვა თვითმარქვია ექსპერტები ჩათვლიან, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გამოეყო; თუ მთავრობა ერთი სფეროდან მეორეში ახდენს რესურსების გადასროლას, ამ შემთხვევაშიც ყველა მხრიდან `შემცირებაში~ ბრალდებები ისმის. ხოლო თუ მთავრობა იმდენად გაკადნიერდება, რომ რომელიმე სფეროში (საკუთარი ხელფასის გარდა, რა თქმა უნდა!) მართლაც რეალურ შემცირებას განახორციელებს, მაშინ შურისძიებაც აღარ დაახანებს.

ამ შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა, რადგან არმია არმიად და ტერიტორიული ჯარის რაოდენობა, უფრო კონკრეტულად კი მასში გაერთიანებულთა ხმები სამთავრობო კანდიდატების არჩევნებშიც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მეტიც, მმართველი პარტიის უმაღლეს ეშელონებში მრავლად შეხვდებით უმაღლესი თანამდებობის პირებს, რომელთა გვარების გასწვრივაც სიებში ასოები `ს.ჯ.~ (სამხედრო ჯილდო) არის დასმული. ეს ის ადამიანები არიან, ვინც ტერიტორიულ ჯარში თავად მსახურობდა, ვინც ამ ჯარში მომსახურეებს უდიდეს პატივს სცემს და მათ სისხლის თუ არა, პერსონალურ ავტოკალამში ჩარჩენილი მელნის უკანასკნელ წვეთამდე მაინც ყოველთვის დაიცავს.

ასე რომ, როცა თემთა პალატა სპიკერთან საკუთარი მუშაობის პროგრამაზე სამსჯელოდ შეიკრიბა, დარბაზში უკვე ზაფხულის თაკარა დღისთვის შესაფერისი ატმოსფერო იყო შექმნილი. ოღონდ ამჯერად ღალატში ბრალდებები და კურსის შეცვლისკენ ემოციური მოწოდებები სამთავრობო პარლამენტარების მხრიდან გაისმოდა, ოპოზიციონერები კი თავიანთ სკამებზე რომაელი ლომებივით ისხდნენ და ძალიან მშვიდად და დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს, მათ საქმეს სხვები და თანაც, საკუთარი ნებით როგორ ასრულებდნენ.

ამასობაში სამთავრობო სკამიდან თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ღრმად პატივცემული სერ ჯასპერ გრეინჯერი წამოიმართა, ვის სიტყვასაც ძალიან დიდი წონა ჰქონდა. ჰაერის უვარგისი კონდიცირების მიუხედავად, ამ `სამხედროჯილდოიან~ პარლამენტარს ტვიდის ჟილეტიანი კოსტიუმის ყველა ღილი გულმოდგინედ ჰქონდა შეკრული და არც საგანგებოდ დაუთოვებული ჰალსტუხის გაკეთება დავიწყნოდა.

- მეც მინდა, რამდენიმე ჩემი პატივცემული მეგობრის მიერ წამოწეულ ჩვენი ტერიტორიული ჯარების შემცირების ფუჭ და დიდი ზიანის მომტან საკითხს მივუბრუნდე. - მკაცრად დაიწყო მან. - ძალიან მაინტერესებს, ხვდება თუ არა პალატის ლიდერი, მისი გადაწყვეტილება მისსავე პოლიტიკურ მომხრეებში რა გრძნობებსაც აღძრავს? ხვდებიან თუ არა ის და პრემიერ-მინისტრი, ამ გადაწყვეტილების გამო უკვე უახლოეს რამდენიმე თვეში მთავრობის მხარდაჭერას რამხელა დარტმა მიადგება? ასე რომ, სანამ ჯერ კიდევ მთლად გვიან არ არის, იქნებ, მასზე სამსჯელოდ და, რაც მთავარია, გასაუქმებლად დრო გამონახონ.

პალატის ლიდერი საიმონ ლოიდი წელში საგანგებოდ გაიმართა და ტრიბუნასთან ხელმეორედ მისასვლელად მოემზადა. ის პალატის წევრების წინაშე ოცწუთიანი მგზნებარე სიტყვით ერთხელ უკვე გამოვიდა და მთავრობის პოზიციის ყველანაირად დაცვაც სცადა, თუმცაღა გულში კი ძალიან ბრაზობდა, რომ პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად მომზადებულ საკითხზე პასუხისგება მხოლოდ მას უწევდა.

- ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემმა ღრმადპატივცემულმა მეგობარმა მთავარი ვერ გაიგო. - ამჯერად უკვე ცოტა არ იყოს, უხალისოდ დაიწყო მან. - გაზეთის ფურცლებზე მოხვედრილი დოკუმენტი სახელმწიფო საკუთრება გახლავთ და ის უბრალოდ მოიპარეს. დიახ, მოიპარეს. ეს გარემოება კი უკვე მოცემული დოკუმენტის შინაარსზე ბევრად უფრო მნიშვნელოვან საფიქრალს აღძრავს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ჩემი მეგობარიც შემომიერთდება და ისიც მთელი გულით გაკიცხავს სახელმწიფო დოკუმენტის მოპარვის ფაქტს, რაც, ახლა, პრინციპში, უმთავრესია და ამ ფონზე საბიუჯეტო ხარჯების დეტალებზე მსჯელობა ჩვეულებრივი ქურდობის წახალისების ტოლფასიც კი იქნებოდა.

ამ სიტყვების მოსმენა და ღრმად პატივცემული სერ ჯასპერ გრეინჯერის ადგილიდან წამოხტომა ერთი აღმოჩნდა.

- ნუთუ ჩემი პატივცემული მეგობარი ახლაც ვერ ხვდება, რომ სწორედ ის ვერ მიხვდა მთავარს! - დაიგრგვინა მან. - სხვისი არ ვიცი და მე პირადად უბრალო ბრიტანელ ქურდთან ცხოვრებას ვამჯობინებდი უბრალო რუს ჯარისკაცთან ცხოვრებას, რასაც, პირველ რიგში, სწორედაც რომ ასეთი პოლიტიკა გვიქადის!

დარბაზში ისეთი ხმაური ატყდა, რომ სპიკერს მინიმალური წესრიგის დასამყარებლად მთელი წუთი დასჭირდა და სანამ ის დარბაზს აშოშმინებდა, პალატის ლიდერმა პირველ სკამზე მსხდომ პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს მავედრებელი მზერა მიაპყრო. პასუხად კოლინრიჯმა ჯერ თავდაცვის მინისტრს წასჩურჩულა ყურში რაღაც, შემდეგ კი პალატის ლიდერს თავი ცივად დაუქნია.

- ბატონო სპიკერო, - მაშინვე დაიწყო პალატის ლიდერმა და, თან, ნერვული დაძაბულობისგან გამშრალი ყელი ჯერაც ბოლომდე ჩაუმცხრალ საერთო ხმაურში შეუმჩნევლად ჩაიწმინდა. - პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრისგან მიღებული თანხმობის საფუძველზე და ორივე მხრიდან დღევანდელი გამოსვლების ხასიათიდან გამომდინარე, უნდა გაუწყოთ, რომ მთავრობა კიდევ ერთხელ იმსჯელებს ამ მნიშვნელოვან საკითხზე და ალტერნატიული გადაწყვეტილების პოვნასაც შეეცდება.

გამარჯვების შეძახილებმა ამჯერად ლამის უკვე თემთა პალატის კედლებიც კი შეაზანზარა. ამ საერთო ზარ-ზეიმის მოწმე საპარლამენტო კორესპონდენტები თავიანთ ბლოკნოტებში ყველაფერს გამალებით აფიქსირებდნენ. თავჩაქინდრული მთავრობის მეთაური კი, პირველ სკამზე სრულიად განყენებულად იჯდა და იატაკზე ერთ წერტილს მიშტერებოდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში