აინ­შ­ტა­ი­ნი... სატ­რ­ფი­ა­ლო... და "გო­გოვ, გნა­ხე ფეხ­შიშ­ვე­ლი" - გზაპრესი

აინ­შ­ტა­ი­ნი... სატ­რ­ფი­ა­ლო... და "გო­გოვ, გნა­ხე ფეხ­შიშ­ვე­ლი"

ამბობს, რომ კითხვა უყვარს, მაგრამ ბოლო წლებში, მის ცხოვრებაში არის ხოლმე ისეთი პერიოდები, როცა წიგნებისთვის დროის გამონახვას ვერ ახერხებს. საყვარელი ავტორები არ ჰყავს. ნაწარმოებებში კი ძლიერი პერსონაჟები მოსწონს.

- ყველაზე მეტს ბავშვობაში, სკოლის პერიოდში ვკითხულობდი, დღეს ისეთი აქტიური მკითხველი სამწუხაროდ ვეღარ ვარ. პირველი ნაწარმოები, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, ამერიკელი მწერლის, ჯეკ ლონდონის "დიდი სახლის პატარა დიასახლისი" იყო. ამ ნაწარმოებმა დიდი ემოცია მომიტანა, ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით კი წერის ორიგინალურმა სტილმა მომხიბლა. საყვარელი ავტორები არ მყავს.

ლიტერატურული პერსონაჟები რეალურ ცხოვრებაში რომ არსებობდნენ, დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი შერლოკ ჰოლმსთან. მისგან ძალიან ბევრ კითხვაზე მივიღებდი სწორ პასუხს და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი მეგობარი იქნებოდა. ქალი პერსონაჟებიდან არ ვიცი, რომელი შემიყვარდებოდა, ზოგადად ძლიერი ხასიათის მქონე გოგონები მომწონს.

პროფესიით მსახიობი და რეჟისორი ვარ. თავის დროზე პროფესიულ არჩევანზე გავლენა რაიმე კონკრეტულ ფაქტს არ მოუხდენია. დღეს ჩემი საქმე ძალიან მიყვარს.

სკოლიდან მოყოლებული, ყოველთვის მქონდა სურვილი, ძალიან კარგად მესწავლა, მაგრამ ასეთი ბეჯითიც ვერ ვიყავი. გამოცდებზე გასვლის არასდროს მეშინოდა, "შპარგალკებს" არ ვიყენებდი. სკოლაში გამორჩეულად ისტორია და ფიზკულტურის გაკვეთილი მიყვარდა.

- ვის მიმართა დახმარებისთვის წრუწუნამ მულტფილმში - "წუნა და წრუწუნა"?

- რა ერქვა? ერთი წუთით მადროვე, ხომ შეიძლება, დავფიქრდე? (პაუზის შემდეგ) აუ! აუ! აუ! ვერ ვიხსენებ.

- ფიცხელას.

- (იცინის) აბა, ფიცხელა რამ დამავიწყა.

- ეს ცნობილი მწერალი ამბობდა: "ჩემი დეტექტიური რომანების სიუჟეტებს ჭურჭლის რეცხვის დროს ვიგონებ. ეს ისეთი სულელური რამ არის, რომ ძალაუნებურად მოგდის თავში აზრები მკვლელობაზე". დაასახელე იგი.

- (ფიქრობს).

- მიგანიშნებ, ის ინგლისელია.

- აგათა კრისტი.

- დაასრულე მონიკა ბელუჩის ცნობილი გამონათქვამი: "სილამაზე ქალისთვის პრობლემად გადაიქცევა ორ შემთხვევაში: როდესაც ის არ გაქვს და როდესაც..."

- "...მის გარდა არაფერი გაქვს".

- რას თვლიდა ყველაზე დიდ სისულელედ ბერნარდ შოუ, რაც ორ ერთმანეთზე შეყვარებულ ადამიანს შეიძლებოდა გაეკეთებინა?

- ქორწილი ანუ დაქორწინება?

- დიახ. რა ერქვა წვეტიან ჯოხს, რომლის დახმარებითაც ძველ რომში საქონელს მიერეკებოდნენ?

- შემდეგი შეკითხვა.

- ამ ჯოხს სტიმული ერქვა.

- ჯოხს სტიმული ერქვა? პირველად გავიგე, საინტერესოა.

- რა შემთხვევაში არა აქვს მსაჯს უფლება, იმსაჯოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში?

- თუ მისი ქვეყნის ნაკრები გუნდი თამაშობს.

- ადამიანის ამ ორგანოს 24 კუნთი აქვს და ყველაზე სწრაფად მოძრაობა შეუძლია. რაზეა ლაპარაკი?

- ვა! რა შეიძლება იყოს, გული?

- ცდები, ენაზეა ლაპარაკი. რომელ მოედანს ერქვა ერევნის მოედანი?

- თავისუფლების მოედანს.

- "ჩემი თავია ჩემივე მტერი,/ თავი რომ არა, მე რა დამწვავდა"? რომელი ნივთის მონოლოგია მიხეილ ქვლივიძის ეს ლექსი?

- ასანთის. თავიდან ასანთი იწვება.

- ნადირობა გიყვარს?

- არა. ცხოველების ხოცვის წინააღმდეგი ვარ. არ მესმის, ამ პროცესმა ადამიანს სიამოვნება როგორ უნდა მოგანიჭოს.

- თუ ბერძენ მონადირეებს დავუჯერებთ, ბოლო დროს ფრინველები ძალიან გაეშმაკდნენ. ცდილობენ, საბერძნეთს ორშაბათობით გადაუფრინონ. რატომ ეთვლებათ ეს მათ "ეშმაკობაში"?

- არ ვიცი.

- ორშაბათობით საბერძნეთში ნადირობა აკრძალულია. "ქალი კამელიებით" ალექსანდრე დიუმამ მოგვიანებით პიესად გადააკეთა და "მარგარიტ გოტიე" უწოდა. რომელი ოპერა შექმნა ამ სიუჟეტზე ჯუზეპე ვერდიმ?

- "ტრავიატა", არა?

- დიახ. ის ცხელ გარემოში ბინადრობს, მაგრამ სიცოცხლისუნარიანია გაყინვის შემდეგაც. მეცნიერებმა მის ორგანიზმში ყველა საშიში ბაქტერია და ვირუსი შეიყვანეს, მაგრამ მასზე არ იმოქმედა. ცოცხალი რჩება და მოძრაობს რადიოაქტიური დასხივებისას, რომელიც 130-ჯერ აღემატება ადამიანისთვის სასიკვდილო დოზას. მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს ლეგენდა, რომ იგი ხიფათის დროს თავს თავისივე შხამით იკლავს. რაზეა ლაპარაკი?

- (ფიქრობს) მორიელი.

- "საერთო სენია კაცთა, მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი", ამქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს, არც ბრძენია სადმე ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას". რომელი ქართველი კლასიკოსია ამ სიტყვების ავტორი?

- კონსტანტინე გამსახურდია.

- ორმა კაცმა 900 ლარი გაიყო. ერთ-ერთ მათგანს მეორესთან შედარებით 500 ლარით მეტი შეხვდა, რამდენი შეხვდა მეორეს?

- მარტივია, 200 და 700 ლარი შეხვდებოდათ.

- არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ XIII საუკუნეში მცხოვრებმა მოხუცმა მეშუშემ, ფლორენციელმა სალვინო დელია არმატიმ ერთი შემთხვევის შემდეგ სრულიად ახლებურად შეხედა სამყაროს. მის საფლავზე წერია, რომ სალვინო პირველია, ვინც ეს დაამზადა. რაზეა ლაპარაკი?

- ბინოკლზე?

- არა.

- ტელესკოპი?

- არა. იმ ნივთზეა ლაპარაკი, რომელსაც დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მოიხმარს: ზოგიერთი ჯანმრთელობის გამო, ზოგიერთი - როგორც აქსესუარს.

- სათვალე.

- გამოიცანი. ვინ არის ავტორი ლექსისა - "გოგოვ, გნახე ფეხშიშველი"?

- ვაიმე, დედა! რომ ვერ გიპასუხო, "გამიტყდება". ვაჟა-ფშაველა, არა?

- დიახ. რომელ ჟანრს განეკუთვნება ცეკვა "ქართული"?

- ჟანრებს ვერ მეტყვი?

- სატრფიალოს, სახუმაროს თუ საომარს?

- სატრფიალოს.

- ეს ინგლისელი პოეტი 1824 წელს ნაადრევად გარდაიცვალა, იგი სიცოცხლის ბოლო წლებში საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ომში აქტიურად მონაწილეობდა. "საბრალო საბერძნეთი" - მან სიკვდილის წინ ბოდვისას ეს სიტყვები წარმოთქვა. დაასახელე ეს პოეტი.

- ჯორჯ ბაირონი.

- "მომეცით ცარიელი გალერეა და მე გავავსებ მას". რომელ მხატვარს ეკუთვნის ეს სიტყვები?

- სალვადორ დალის?

- პაბლო პიკასოს. ეს გამოჩენილი მეფე ტახტზე 27 წლისა ავიდა და 65 წელი იმეფა. რომელ მეფეზეა ლაპარაკი?

- ფარნავაზზე.

- მირიანი, ფარნავაზი, ვახტანგ გორგასალი, გიორგი ბრწყინვალე. ჩამოთვლილი მეფეებიდან, რომელი არ იყო ქრისტიანი?

- ქრისტიანობა მირიანის მეფობის დროს მივიღეთ.

- ეგ არ მიკითხავს.

- ფარნავაზი არ იყო ქრისტიანი.

- რომელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს ფინეთის დედაქალაქი - Hჰელსინკი?

- ბალტიის ზღვის.

- მდედრობითი სქესის რამდენი მეფე ჰყავდა საქართველოს?

- ორი: თამარი და რუსუდანი.

- როცა აინშტაინი 72 წლის გახდა, ამ დღის აღსანიშნავად ფოტო გადაუღეს. რა გააკეთა მან, როცა კადრში მოხვდა?

- ენა გამოყო, ეს ცნობილი ფოტოა.

- "სულ უბრალო სოფელს მაშინ გაუვარდება სახელი, თუ იქ დიდი ვაჟკაცი დაიბადა". რომელი ნაწარმოების ეპილოგში წერს ამ სიტყვებს მიხეილ ჯავახიშვილი?

- თუ სწორად მახსოვს, "არსენა მარაბდელში".

- ამ ქვეყნის ფართობი 400 ათასი კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა 8,5 მილიონი. რელიგია - პროტესტანტობა, ფულის ერთეული - ევრო. ქვეყანა 21 გუბერნიად იყოფა, მისი დედაქალაქია სტოკჰოლმი. დაასახელე ეს ქვეყანა.

- შვედეთი.

- იოჰან სებასტიან ბახს, როგორც კომპოზიტორს, ქვეყანა იცნობს. ის არა მარტო ქმნიდა მუსიკას, არამედ კარგი შემსრულებელიც იყო, მაგრამ არანაკლებ სახელგანთქმული იყო სხვა სფეროშიც და ამ გატაცების შესახებ წიგნიც კი დაწერა. რით იყო ბახი გატაცებული?

- არ ვიცი.

- ბანქოს თამაშით. ამერიკაში მის სახელს 7 მთა, 8 მდინარე და უამრავი დასახლებული პუნქტი ატარებს. ვის სახელს?

- ვაშინგტონის.

- დაასახელე ინდოეთის ძველი სამეფო, რომელიც შალის მსუბუქი ქსოვილის წარმოებით იყო ცნობილი.

- ქაშმირი.

- დაბოლოს, დაასრულე ფრანკლინის ცნობილი გამონათქვამი: "ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ფულს შეუძლია ყველაფერი, ისეთი პიროვნებაა, რომელიც წავა ყველაფერზე..."

- "... ფულის გამო".

თამუნა კვინიკაძე