რა­ტომ გაჩ­ნ­და სხვა­დას­ხ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ადა­მი­ან­თა შო­რის? - გზაპრესი

რა­ტომ გაჩ­ნ­და სხვა­დას­ხ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ადა­მი­ან­თა შო­რის?

რატომ ხდება ადამიანთა მატერიალურისკენ სწრაფვა? როგორი დამოკიდებულება უნდა იქონიოს მართლმორწმუნე ადამიანმა სხვა სარწმუნოების მიმდევარ ადამიანებთან? აქვთ თუ არა არამართლმადიდებლებს ცხონების შანსი? ამჯერად ამ საკითხს შევეხებით...

- რატომ გაჩნდა სხვადასხვა სარწმუნოება ადამიანთა შორის?

მამა მაკარი:

- სხვადასხვა სარწმუნოების წარმოშობას ადამიანთა პატივმოყვარეობამ, ამპარტავნებამ და მიწიერმა აზროვნებამ შეუწყო ხელი. ცხადია, ეს ხდებოდა დაცემული ანგელოზების ხელშეწყობით, რომლებიც განუწყვეტლივ იმის მცდელობაში არიან, რომ ადამიანები არ იყვნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევრები.

- ვიცით, რომ ქრისტიანობის გავრცელებამდე ადამიანთა შორის მხოლოდ ორი სარწმუნოებრივი მიმდინარეობა არსებობდა - ჭეშმარიტი სჯული, რომელსაც მხოლოდ რჩეული ერი, ისრაელის ერი მისდევდა და წარმართობა. წარმართობასაც ჰქონდა სხვადასხვა გამოხატულება, თუმცა ერთ სარწმუნოებად მოიაზრებოდა, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ კი უამრავი სარწმუნოებრივი მიმდინარეობა გაჩნდა...

- წარმართობა რაიმე სისტემატიზებული, ჩამოყალიბებული სარწმუნოება არ იყო. წარმართობაში იყო უამრავი სხვადასხვა მითი, შეხედულებები ადამიანებისა, რომელიც სიმართლეზე იყო აგებული ან უშუალოდ ადამიანთა წარმოდგენაში ჩამოყალიბდა. წარმართულ მითოლოგიაზე არსებით გავლენას ახდენდა წარღვნამდელი პერიოდი, როდესაც ადამიანების, განსაკუთრებით - ღვთისმოსავ ადამიანთა შესაძლებლობები, წარმოუდგენელი იყო. ძველი აღთქმის პერიოდში ღვთისმოსავ, მართალ ადამიანებს მისტიკური შესაძლებლობები ჰქონდათ. ასეთი ადამიანები გაცილებით მეტი იყო წარღვნამდელ პერიოდში. სწორედ ეს ყველაფერი შემორჩა ადამიანთა მეხსიერებას და შემდეგ ადამიანთა გაუნათლებლობის გამო წარმართობის განვითარებას მისცა დასაბამი და მიმართულება. დროთა განმავლობაში ადამიანებმა ამას მისცეს `ღვთაებრივი~ ელფერი, ანუ მისტიკად აქციეს და სხვადასხვა წარმართული ღმერთი გაჩნდა. წარმართობა რაიმე მწყობრი, ჩამოყალიბებული სისტემა არ ყოფილა, სხვა იყო ბერძნული წარმართობა, სხვა - რომაული, მაგრამ ისინი ხშირ შემთხვევაში არ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. უმეტესწილად ადამიანები წარმართულ `ღმერთებს~ იღებდნენ. ვთქვათ, ის, რომ რომაულმა წარმართობამ შეითვისა ბერძნული წარმართობა, ეს არის სწორედ ნიშანი, რომ წარმართობას რაიმე მწყობრი სისტემა არ ჰქონდა ჩამოყალიბებული. რაც შეეხება ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მას ყოველთვის ჰქონდა და აქვს მწყობრი სისტემა და უპირისპირდება ყველაფერს, რაც არ არის ჭეშმარიტი. ცხადია, დაპირისპირებაში არ იგულისხმება ძალადობა. არამედ ჭეშმარიტი სარწმუნოება ყოველთვის თავის სწავლებას იცავს, რადგან მცირედი სიცრუეც რომ შეერიოს ჭეშმარიტებაში, ის უკვე ჭეშმარიტება აღარ არის.

- რატომ გაჩნდა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ უამრავი მიმდინარეობა?

- მაცხოვრის მოსვლის დროისთვის წარმართობამ თავის შესაძლებლობები ამოწურა. ადამიანები ხვდებოდნენ, რომ წარმართობა არ იყო ჭეშმარიტება, ამიტომაც უამრავმა ადამიანმა უარყო წარმართობა და გახდა ქრისტიანი. თუმცა, მათ ნაწილს მაინც თავის წარმოდგენა ჰქონდა ღმერთზე. სამყაროში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ წარმოდგენებს ავითარებდნენ და საფუძველი დაედო სხვადასხვა მიმდინარეობას, რომლებიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად დაიყო და მეტი და მეტი მიმდინარეობა გაჩნდა. მოგვიანებით, VII საუკუნიდან იღებს სათავეს ახალი მიმდინარეობა, რომელსაც ქრისტიანობასთან არა აქვს არავითარი კავშირი, მაგრამ ბიბლიურიდან მომდინარეობს. ეს არის ისლამი. ისლამი აბსოლუტურად სხვა სწავლებაა, მაგრამ მისი ფესვები ბიბლიაშია. წარმართობა კი დღესაცაა შემორჩენილი ზოგიერთ ადგილებში, მაგრამ ძირითადად გავრცელებულია ბიბლიური რელიგიები, ასევე გვხვდება აღმოსავლური რელიგიები, რომლებიც წარმართობის მსგავსად, მრავალღმერთიანობას ქადაგებს ანუ არსებობს ბიბლიური და აღმოსავლური რელიგიები, მაგრამ ჭეშმარიტება არის მხოლოდ ერთი - მართლმადიდებლობა.

- თუ გადავხედავთ, ვნახავთ, ადამიანთა უმეტესობა ჭეშმარიტებას აცდენილია, ზოგადადაც ადამიანთა შეხედულებები უფრო მატერიალური გახდა.

- მსოფლიო გახდა სეკულარული ანუ მატერიალური. არა მარტო ჭეშმარიტებას მოცილებული, არამედ მისტიკას მოცილებული. ადამიანები არ ითვალისწინებენ სულიერებას, - რაც მატერიალურად აღიქმება, რაც მატერიალურ სამყაროში ტექნოლოგიებით შეიძლება აღმოვაჩინოთ, ამის იქით ადამიანთა აზროვნება აღარ მიდის. ისინი, ვინც ასე თუ ისე ფიქრობენ, რომ მატერიალურის გარდა სხვა სამყაროც არსებობს ანუ სულიერი სამყაროს არსებობისა სწამთ, მათი დიდი ნაწილიც არ ადგას ჭეშმარიტების გზას, არამედ თავიანთი წარმოდგენები აქვთ არამატერიალურ, სულიერ სამყაროზე, რაც საფუძველს უქმნის თანამედროვე მიმდინარეობების ჩამოყალიბებას. ადამიანთა უმეტესობა კი, იმდენად არის მიწიერ პრობლემებში ჩაფლული, მოთხოვნილებაც აღარ აქვს სულიერი ეძიოს. პრობლემებში არ უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ ის, რასაც ადამიანები პრობლემებს უწოდებენ, პრობლემაა ვთქვთ ისიც, როდესაც ადამიანები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ გაერთონ, როგორ გაატარონ დრო, ესეც პრობლემაა ამ ადამიანების სულისათვის.

- როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მართლმორწმუნე ქრისტიანს სხვა რელიგიურ მიმდინარეობათა წარმომადგენლებთან?

- უნდა ვიქონიოთ მხოლოდ ყოფითი და კეთილმეგობრული ურთიერთობა. სჭირდება დახმარება - დაეხმაროს, ითხოვს მოწყალებას - მისცეს და ა.შ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათთან სულიერი, რელიგიური კონტაქტები - მათთან ერთად ლოცვა, არამართლმადიდებლურ ტაძრებში მსახურებაზე დასწრება, მათი ნათლიად შერჩევა და სხვა. მართლმადიდებელი ვალდებულია, ილოცოს ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან განდგომილთათვის, შესთხოვოს უფალს, გაუნათლოს მათ გონება და დაუბრუნდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მაგრამ მათთვის შეიძლება ვილოცოთ მხოლოდ პირადი ლოცვების დროს - შინ. არამართლმადიდებლებისთვის ასევე ლოცულობს წმინდა ეკლესია შესაბამისი მსახურებების დროს, მაგრამ არ შეიძლება მათი მოხსენიება პრესკომიდიაზე, კვეთის დროს - ე.ი. არ უნდა მოვიხსენიოთ მოსახსენიებელ ბარათში.

- რატომ ეკრძალება მართლმადიდებელს არამართლმადიდებელთან ერთად ლოცვა?

- ლოცვითი ერთობა ნიშნავს სარწმუნებრივ ერთობას, რაც არ არსებობს მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებლებს შორის. ჩვენ, მართლმადიდებლები, ვლოცულობთ ჭეშმარიტი ღმერთის მიმართ, რადგან ჭეშმარიტ ღმერთს ვაღიარებთ, ყველა სხვა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელთა ღმერთი კი ისევე როგორც ღმერთნი წარმართთანი, ეშმაკია, რადგან თითოეული მათგანის სწავლება სიცრუეზეა აგებული. სიცრუის მამა კი ეშმაკია. ე.ი. არასწორი სარწმუნოების მიმდევრები ლოცულობენ ეშმაკის მიმართ და თუკი მართლმადიდებელი მათთან ერთად ილოცებს, გამოდის, რომ უფალი დაუტოვებია. სიცრუის მამა რომ ეშმაკია, ამის შესახებ პირდაპირ გვაუწყებს მაცხოვარი. იოანეს სახარებაში ბრძანებს: `რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვები, თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცისმკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან ცრუ არის იგი და სიცუის მამაა~. ამ სიტყვებით მაცხოვარი იუდეველებს მიმართავს იმის გამო, რომ ვერ ჩასწვდნენ მის ნათქვამს. იუდეველთა მსგავსად ვერ სწვდებიან მოციქულთაგან ნაქადაგებ ჭეშმარიტებას არამართლმადიდებელ სარწმუნოებათა მიმდევრები და ამის გამო არ შეიძლება მათთან ერთად ლოცვა.

შორენა მერკვილაძე