სასიკვდილო ინფექცია, რომელსაც "უწყინარი" მწერები ავრცელებენ
font-large font-small
სასიკვდილო ინფექცია, რომელსაც "უწყინარი" მწერები ავრცელებენ
ყირიმ-კონგოს ცხელებით წელს კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა

ზაფხული ის პერიოდია, როდესაც ადამიანს საშუალება ეძლევა, ყველაზე შორეული, იდუმალი ადგილები მოინახულოს, ბუნების სილამაზით დატკბეს და ჯანმრთელობაც გაიკაჟოს, თუმცა ზაფხული ზოგჯერ უსიამოვნო სიურპრიზებსაც გვიმზადებს: საქმე ის არის, რომ თაკარა მზეში მავნე ბაქტერიები და ვირუსები განსაკუთრებით აქტიურდებიან და ძალიან საშიში დაავადებების წყაროდ იქცევიან. ასეთ დაავადებებს შორის უნდა დასახელდეს ყირიმ-კონგოს ცხელება, რომელმაც გასულ წლებში რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ყირიმ-კონგოს ცხელების ერთი შემთხვევა წელსაც ლეტალური შედეგით დასრულდა: როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რამდენიმე კვირის წინ, ამ დაავადებამ ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორ დავიცვათ თავი ამ ვერაგი დაავადებისგან? - ამის თაობაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა ცანავა გვესაუბრა:


- გარდა ნაწლავთა ინფექციებისა და ენტეროვირუსებისა, რომელიც ზაფხულის პერიოდში ძალიან ხშირად გვხვდება, წელიწადის ამ დროს ძალიან აქტუალური დაავადებაა ყირიმ-კონგოს ცხელება. ეს არის ძალიან საშიში ინფექცია, რომელსაც შეიძლება საწყის ეტაპზე ადამიანმა ყურადღებაც არ მიაქციოს. ყირიმ-კონგოს ცხელებას მთელ რიგ ქვეყნებში განსაკუთრებით საშიში დაავადების კლასიფიკაცია აქვს მინიჭებული. ჩვენთანაც, ის ცნობილია, როგორც განსაკუთრებით საშიში ვირუსული ინფექცია.
- სად უფრო მეტადაა გავრცელებული ყირიმ-კონგოს ცხელება?
- დაავადება გვხვდება ჩრდილოეთ კავკასიასა და რუსეთის სამხრეთ ნაწილში, სადაც ყოველწლიურად რეგისტრირდება ყირიმ-კონგოს ცხელების შემთხვევები. ასევე აფრიკის ქვეყნებში, შუა აზიაში და ა.შ... შეიძლება ითქვას, რომ ეს ვირუსი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც.
- რამდენად ხშირად გვხვდება ის ჩვენს ქვეყანაში?
- ყირიმ-კონგოს ცხელების შემთხვევები საქართველოში ყოველ წელიწადს რეგისტრირდება. ეს არის ვირუსული დაავადება, რომელიც მწვავე ცხელებით მიმდინარეობს. მინდა თავიდანვე აღვნიშნო, რომ ლეტალური შედეგი ამ დაავადების დროს საკმაოდ მაღალია: სხვადასხვა მონაცემებით 2%-დან 50%-მდე შემთხვევებისა სიკვდილით სრულდება. საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ დაავადების 30-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული. რამდენიმე შემთხვევა წელსაც აღინიშნა და ერთი მათგანი ლეტალური შედეგით დასრულდა - ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ყირიმ-კონგოს ცხელება მასობრივად არ ვრცელდება, საკმაოდ ვერაგი დაავადებაა.
- ძირითადად, რა შეიძლება გახდეს ინფექციის წყარო?
- ამ ვირუსის გადამტანი ხშირად არის ერთი შეხედვით უწყინარი მწერი - ტკიპა, რომელიც ადამიანს ჰკბენს და აინფიცირებს. ოღონდ, ეს მხოლოდ დაინფიცირებულ ტკიპებს ეხება. მხოლოდ რამდენიმე სახეობის მწერს აქვს უნარი, რომ ეს ვირუსი გადაიტანოს. საქართველოში ტკიპის უამრავი სახეობაა, მაგრამ ყველა როდი ხდება ამ საშიში ინფექციის წყარო. ასევე შესაძლებელია, ჯანმრთელი ადამიანის დაინფიცირება ავადმყოფთან კონტაქტის დროს. საშიშია დაავადებული პირუტყვის სისხლთან ან გამონაყოფთან კონტაქტიც. ეს პროფესიული დაავადებაა - მედპერსონალიც რისკ-ჯგუფში შედის, რადგან მას ავადმყოფ ადამიანთან აქვს კონტაქტი. თუ მედდა ან ექიმი არ იყენებს ხელთათმანს, სათვალეს და სხვა დამცავ საშუალებებს, ის შეიძლება დაინფიცირდეს.
- როგორ უნდა შეატყოს ადამიანმა, რომ ის უკვე დაინფიცირებულია?
- დაავადების საინკუბაციო პერიოდი საშუალოდ 3-4 დღეა, თუმცა, მისი სიმპტომები ადამიანს შეიძლება 2 კვირის შემდეგაც აღმოაჩნდეს. მისთვის დამახასიათებელია ცხელება და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა: ავადმყოფს ჯერ ძალიან მაღალი ტემპერატურა აქვს, მერე კი მკვეთრად ეცემა. ამ დაავადების დროს პაციენტებს თავისა და სახსრების ტკივილი და საერთო სისუსტე აღენიშნებათ. შემდეგ კი - სისხლჩაქცევები უჩნდებათ. დაავადების სიმპტომატიკა საკმაოდ მძიმეა. სიმპტომები კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ მასზე ეჭვი გაგვიჩნდეს. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი დაინფიცირებულმა ტკიპამ დაკბინა.
- ზაფხულობით ძალიან ბევრი ადამიანი მიდის დასასვენებლად ქალაქგარეთ, ისინი როგორ უნდა მოიქცნენ?
- აგარაკზე, სარეკრეაციო ზონებში, მინდორში, ან მდინარეზე ყოფნისას, ტკიპებისგან შეძლებისდაგვარად თავი უნდა დავიცვათ. ისეთი ტანსაცმელი უნდა ჩავიცვათ, რომ კბენა გამოვრიცხოთ, რადგან ეს მთავარი წყაროა დაავადებისა. თუმცა, კიდევ გავიმეორებ: ყველა დასახელების ტკიპა ინფექციის მატარებელი არ არის, ამიტომ მათ მიმართ შიშის გრძნობა კი არ უნდა გვქონდეს, არამედ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ფრთხილად უნდა იყვნენ სოფლად მცხოვრები ადამიანები და ის სპეციალისტები, რომლებსაც ხშირი კონტაქტი აქვთ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან. ამ დროს ისინი ხელთათმანებით უნდა იყვნენ დაცული. ძალიან კარგია დეზინფექცია, რომელსაც ტკიპების საწინააღმდეგოდ აკეთებენ. ამ გზით ტკიპები ნადგურდებიან და მათი კბენა საშიში აღარ არის.
- რატომ სრულდება ეს დაავადება პაციენტის დაღუპვით?
- ძირითადად, ექიმთან დაგვიანებული ვიზიტის გამო. როგორც ვიცი, წელსაც ასე მოხდა: მამაკაცმა, რომელიც ამ ზაფხულს გარდაიცვალა, ექიმთან მისვლა დააგვიანა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმთან დროულად მისვლას. თუ ადამიანს აღენიშნება თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, სახსრების ტკივილი, როდესაც სისხლჩაქცევები უჩნდება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ეს ძალიან საშიში და ვერაგი დაავადებაა, ამიტომ არ უნდა გავრისკოთ, რადგან ლეტალური შედეგი სწორედ დაგვიანების გამო დგება. ამ დაავადების მკურნალობის დროს დაგვიანება არ შეიძლება. თანაც, ექიმი, მედდა და მთელი პერსონალი თავად უნდა იყოს ყურადღებით, რომ ვირუსის მსხვერპლი თვითონაც არ გახდეს. დაავადება საშიშია იმის გამოც, რომ ტკიპის ნაკბენს ადამიანმა ყურადღება შეიძლება სულ არ მიაქციოს. როდესაც ტკიპის ნაკბენს ეს უჩვეულო სიმპტომები მოჰყვება, მაშინვე ექიმს უნდა მივმართოთ: თუ რამდენიმე დღის წინ ვიყავით ტყეში, ბუნებაში და ტკიპის ნაკბენის ფონზე ეს სიმპტომები აღმოგვაჩნდება, ბევრი აღარ უნდა ვიფიქროთ და სამკურნალო დაწესებულებას მივაშუროთ.
- რატომ არ ვრცელდება დაავადება მასობრივად?
- ყირიმ-კონგოს ცხელება საკმაოდ მძიმე დაავადებაა, თუმცა მისი ერთეული შემთხვევები იმით აიხსნება, რომ ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის. ამიტომ ის მასობრივად ნაკლებად ვრცელდება, როგორც მაგალითად, ენტეროვირუსი, რომელიც წყლითა და საკვებით გადადის. ამიტომ, ზაფხულობით ენტეროვირუსით დაავადების შანსი უფრო მეტია, ვიდრე ყირიმ-კონგოს ცხელებით დაავადებისა. მართალია, ამ დაავადების დიდი კერები ცნობილი არ არის, მაგრამ მისი ერთეული შემთხვევებიც საშიშია. ამიტომ, მოსახლეობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი იცოდეს ამ დაავადების, მისი გადამტანების, სიმპტომატიკის და სპეციფიკის შესახებ. საბედნიეროდ, ჩვენს ჯანდაცვას აქვს საშუალება, რომ ამ საშიში დაავადების გამოვლენა და მკურნალობა შეძლოს.

ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვა