რა­ტომ გვეძ­ლე­ვა ადა­მი­ა­ნებს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­სა­ძებ­ლო­ბე­ბი? - გზაპრესი

რა­ტომ გვეძ­ლე­ვა ადა­მი­ა­ნებს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­სა­ძებ­ლო­ბე­ბი?

ამქვეყნად ყოფნის ჟამს ადამიანთა უმეტესობა განუწყვეტლივ ისწრაფვის სიმდიდრის მოსაპოვებლად. შინაგანად ეს ყველა ადამიანის თვისებაა, თუმცა სიმდიდრეც და სიღარიბეც ადამიანს უფლისგან ეძლევა. ამჯერად სწორედ ადამიანის ამ თვისებაზე - მატერიალურის, სიმდიდრისა და ქონების მოპოვებისკენ სწრაფვაზე ვისაუბრებთ...

- რატომ გვეძლევა უფლისგან მატერიალური სიმდიდრე და როგორ განვკარგოთ იგი?

მამა მაკარი:

- ამქვეყნად ყველა ადამიანი არაფრის მქონენი ვართ, თუ რამ გვეძლევა, მათ შორის - მატერიალური სიმდიდრე, უფლისგანაა ბოძებული, ჩვენ კი დადგენილნი ვართ ჩვენი ქონების მნეებად. ამიტომ, სიმდიდრეს არ უნდა მოეპყრო ისე, როგორც საკუთარს. ის ღვთის საკუთრებაა - კეთილად უნდა გავანიავოთ. რას ნიშნავს კეთილად განიავება? - მოწყალება გავცეთ, შევეწიოთ გაჭირვებულებს, ეკლესია-მონასტრებს... რადგან უფალმა სიმდიდრე, ქონება მოგვცა არა ჩვენთვის, არამედ სწორედ იმისათვის, რომ გავცეთ. ჩვენს საკუთრებას კი არა, ღვთის საკუთრებას გავცემთ. უფალი ამ შეწირულობიდან ჩვენვე მოგვცემს წყალობას. როგორადაც უნდა მოინდომოს ადამიანმა, თუ უფალი არ შეგვეწია, არ გვყო ღირსად მოგვცეს ხორციელი, მატერიალური სიმდიდრე, ისევე, როგორც სულიერი და საერთოდ, ნებისმიერი ნიჭი, საკუთარი ძალისხმევით არ შეგვიძლია, რაიმე შევმატოთ ჩვენს სულიერ, გინდ ხორციელ ნიჭსა და ქონებას. გონიერება ისაა, თუ უფალი გვაძლევს ქონებას, პირველ რიგში ჩვენად არ უნდა ჩავთვალოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ მიწიერი სიმდიდრე ჩვენი არ არის, ღვთის საკუთრებაა და ღვთის სადიდებლად უნდა გამოვიყენოთ.

- ერთ-ერთ იგავში უფალი ბრძანებს: `სარწმუნოი იგი მცირედსა ზედა და მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს; და რომელი მცირედს ზედა ცრუ არს, მრავალსაცა ზედა ცრუ არს~. რას გულისხმობს უფალი ამ იგავურ თქმაში?

- თუ ადამიანი ამბობს: - მე მხოლოდ ასი ლარი მაქვს შემოსავალი და იმდენად მცირეა, არ შემიძლია, აქედან მოწყალება გავცეო, ვერც ასი მილიონიდან გასცემს ათ მილიონს. რაც უფრო ცოტა აქვს ქონება, უფრო მეტი შეუძლია გასცეს მოწყალებად. თუ მიწიერებაში ვერ შევძლებთ, უფლისგან ბოძებული ქონება სწორად განვკარგოთ, სულიერებაში როგორღა მოგვეცემა? ანუ ჩვენი შენაძენი, სიმდიდრე, ჩვენი სულიერი წარმატებაა, ხოლო მიწიერი არა ჩვენი, არამედ - უფლისაა და დროებით არის მოცემული. როდესაც გარდავიცვლებით, არავითარი მიწიერი ქონება არ დაგვრჩება. თუ იმის გაცემა არ შეგვიძლია, რაც დროებითია, როგორ მივიღებთ მარადიულს? გვინდა, რომ დროებითი არ გავცეთ და მარადიული მივიღოთ, მაგრამ თუ დროებითის განშორება არ შეგვიძლია, ვერ მივიღებთ მარადიულს. სარწმუნო არის ის მონა, რომელიც ღვთის ქონებას კეთილსინდისიერად ეპყრობა.

- სახარებაში უფალი გვეუბნება: არავის შეუძლია ორი ბატონის მონობა - ერთდროულად მამონას მონაც იყოს და ღვთისაცო. რას ნიშნავს ეს?

- ვინც მიწიერებაზეა მიჯაჭვული, ვისაც მატერიალური ქონების გაცემა არ შეუძლია, ის მამონას მონაა. უფალი გაცემას გვავალებს და თუ ეს არ შეგვიძლია, ვერცხლისმოყვარენი - შესაბამისად, მამონას მონები ვართ და ვერაფრით ვიქნებით ღვთის მონები. ამიტომ უნდა ავირჩიოთ, რა გვინდა - დროებითი, მიწიერი თუ მარადიული - სულიერი. ვინც გონიერია, ცხადია, ის მარადიულს აირჩევს. ასეც უნდა მოვიქცეთ თითოეული ჩვენგანი, რადგან როდესაც უფლის წინაშე წარვდგებით, ისე მოგვექცეს, როგორც მის კეთილგონიერ მონებს და არა - მამონას მონებს.

- `ძნიად შევიდენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუს საფასე. უადვილეს არს აქლემი განსვლად ხვრელსა ნემსსასა, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა ცათა~... ბრძანებს მაცხოვარი. როგორ უნდა გვესმოდეს ამ სწავლების არსი?

- ძნელად შევა მდიდარი სასუფეველშიო, ამბობს მაცხოვარი. მდიდარი კაცის სასუფეველში შესვლა კი არ არის ძნელი, არამედ იმის, ვინც `საფასეს თესავს~ - სიმდიდრის სიყვარული აქვს, სიმდიდრეზეა დამოკიდებული, სიმდიდრის იმედი აქვს. ზოგიერთს სიმდიდრე პირიქით, ცხონებად ექცევა, თუ კეთილად გამოიყენებს, მოწყალებას გასცემს, უპოვართ და ქვრივ-ობლებს მოახმარს. შემდეგ ბრძანებს უფალი, აქლემი გაცილებით ადვილად გაძვრება ნემსის ხვრელში, ვიდრე მდიდარი შევა სასუფეველშიო. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, ეს შეუძლებელია. წმინდა მამები ამ ადგილის რამდენიმე განმარტებას გვთავაზობენ, - იერუსალიმის ერთი-ერთი კარიბჭე იყო ძალიან პატარა, მასში მხოლოდ ტვირთმოხსნილი აქლემი შედიოდა. გვიან, როდესაც იერუსალიმის კარიბჭეებს დაკეტავდნენ და დაგვიანებული ქარავანი მიადგებოდა ქალაქს, მხოლოდ ამ მცირე კარიბჭეს უხსნიდნენ, ქალაქში რომ შესულიყვნენ. ცხოველები ცალკე უნდა შეეყვანათ. როგორც წმინდა მამები განმარტავენ, როგორც ტვირთი უნდა მოეხსნათ ცხოველებისთვის, რათა ამ კარით შესულიყვნენ ქალაქში, ასევე უნდა მოიხსნას ადამიანმა თავისი სიმდიდრე, სიმდიდრის სიყვარული, რათა სასუფეველში შევიდეს.

- რატომ აბრკოლებს სიმდიდრე ხშირად ადამიანს, რომ ღვთის გზას დაადგეს?..

- უფალი ადამიანს არაფერს აძლევს იმისათვის, რომ ცხონების გზაზე დაბრკოლდეს. უფალი ყოველივეს კეთილად, თავის მრავალმოწყალებით იქმს, თითოეულ ადამიანს იმას აძლევს, იმ გარემოსა და მდგომარეობას, რომლითაც ყველაზე ადვილად მოახერხებს ცხონებას, მაგრამ შემდეგ თავად ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენოს ის.

- რატომ გვეძლევა ადამიანებს სხვადასხვა მატერიალური შესაძლებლობა?

- როგორც ვთქვით, როდესაც უფალი მატერიალურს გვაძლევს, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქონება. შესაძლოა, ადამიანი ფიქრობს, - ეს ჩემთვის არავის მოუცია, ვიშრომე და ისე მოვიპოვეო. ასე არ არის, შესაძლოა, ჩვენ ერთნაირად ვიშრომოთ ორი დღე, მაგრამ ისე მოხდეს, რომ ერთ დღეს მივიღოთ სარგებელი, მეორე შემთხვევაში - ვერა. რა თქმა უნდა, ვშრომობთ, ამისთვის ძალასა და შემოსავალს კი უფალი გვაძლევს. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანია, რომელთაც ჩვენი დახმარება სჭირდება. შეიძლება ვინმემ იფიქროს, უფალი პირდაპირ რატომ არ აძლევს მათ, ვისაც სჭირდება? სწორედ იმიტომ, რომ ერთმანეთის სიყვარული და შეწევნა ვისწავლოთ. ვისაც ნაკლები აქვს და მოწყალებას მიიღებს, უფალს მადლობდეს, ხოლო ვისაც მეტი აქვს და მოწყალებას გასცემს, ისიც მადლობდეს უფალს, რომ მოწყალების გაღებისა და მოყვასის შეწევნის ძალა მისცა.

თემასთან დაკავშირებით საუბარს მომდევნო ნომერში განვაგრძობთ

შორენა მერკვილაძე