"ო­თა­რა­ანთ ქვრი­ვის სიძ­ლი­ე­რე მა­ო­ცებს" - გზაპრესი

"ო­თა­რა­ანთ ქვრი­ვის სიძ­ლი­ე­რე მა­ო­ცებს"

"ჩემს ცხოვრებაში არის პერიოდი, როცა ბევრს ვკითხულობ, მაგრამ საქმიდან გამომდინარე, ზოგჯერ წიგნებისთვის დროის გამონახვა მიჭირს", - ამბობს მსახიობი ზაზა თაგოშვილი. თვლის, რომ ფენომენალური მეხსიერებით არ გამოირჩევა, მაგრამ ინტელექტუალური თამაშები ძალიან უყვარს. ინტელექტკლუბში ჰყავს საყვარელი გუნდი, რომელსაც გულშემატკივრობს.

- ბავშვობაში ჩემი მეგზური წიგნის სამყაროში ოჯახის წევრები იყვნენ. დედა აქტიურობდა. წარმოშობით საინგილოდან ვარ, კახიდან. იქ ჩემი ბიძაშვილი და ბევრი ნათესავი ცხოვრობს. ბავშვობაში კახში რომ ჩავდიოდი, წასაკითხ ლიტერატურას ბიძაშვილი მირჩევდა. ძალიან კარგი მრჩეველი იყო.

იმ პერიოდში მსახიობობა ნაკლებად მიზიდავდა, უფრო მეტიც, სატელევიზიო სპექტაკლები მაღიზიანებდა. თან სანათესავოში მსახიობი არავინ მყავდა. სცენისადმი სიყვარული მოგვიანებით გამიჩნდა და დღეს ეს საქმე ძალიან მიყვარს. ჩემი ახლობლებიც შეეგუვნენ, რომ დაკავებული ვარ, მუდმივად რეპეტიციები მაქვს, პრემიერებისთვის ვემზადები. სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მღვდლის როლმა პოპულარობა მომიტანა.

მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი კარგი პერსონაჟია, დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი დონ-კიხოტთან. წარმომიდგენია, მასთან ძმაკაცობა რამდენად რთული, ამავდროულად რამდენად საინტერესო იქნებოდა. ვიმეგობრებდი დოსტოევსკის გმირებთან, ჯეკ ლონდონის მარტინ იდენთან... არასდროს მიფიქრია, ქალი პერსონაჟებიდან რომელი შემიყვარდებოდა. ძალიან მომწონს ლეონიძის მარიტა. სუფთა ადამიანია, რომელიც მსხვერპლი გახდა. მას "მფარველ ანგელოზს" ვეძახი. ოთარაანთ ქვრივის სიძლიერე მაოცებს. ილია ჭავჭავაძეს ამ ნაწარმოებში ძალიან კარგად აქვს ახსნილი სიტყვა "დედაკაცი".

წიგნი მომიპარავს თუ არა? რა თქმა უნდა, მომიპარავს, თან - არაერთხელ. 30-მდე წიგნი მაქვს მოპარული, მაგრამ იმ წიგნებიდან ერთი მეც მომპარეს და ძალიან გავბრაზდი.

ვერ ვიტყვი, რომ ფენომენალური მეხსიერებით გამოვირჩევი, მაგრამ ინტელექტუალური თამაშები ძალიან მიყვარს. ბავშვობაში "რა? სად? როდის?" ხშირად ვუყურებდი, ეს გადაცემა დღესაც ძალიან მომწონს, ოთარ საბაშვილის გუნდის გულშემატკივარი ვარ.

- ერთმა ბრძენმა თქვა: თუ ბევრი ფული დაკარგე, არაფერი დაგიკარგავს. თუ მეგობარი დაკარგე, - ბევრი რამე დაგიკარგავს, ხოლო თუ ის დაკარგე, ყველაფერი დაგიკარგავს. რა არის "ის"?

- ზუსტად არ ვიცი. ჩემი აზრით, ყველაზე ცუდია, როცა ადამიანი ღირსებას კარგავს.

- ვერ შეგედავებით, თუმცა, ამ შემთხვევაში ბრძენი რწმენას გულისხმობდა. რომელ სოფელში დაიბადა ნიკო ფიროსმანი?

- მირზაანში.

- "მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე სიყვარულით ერთხელაც არ ამძგერებია გული, თუმცა მოჩვენებით ხშირად მომჩვენებია თავი, ტრფიალების ალი მწვავს-მეთქი. ეტყობა ვერც ვერასდროს ვიგრძნობ ამ გულის ძგერას... ავხორცი თუ ვარ? მაშა! არ მოუტყუებიხართ, ოღონდ განა საშიშარი ვარ. ქალს დავინახავ თუ არა, როდი შევყივლებ და ვეძგერები, ჯერ არასდროს ვყოფილვარ გასამართლებული ვნებიანობის მკაცრი გამოვლინებისთვის: სრულიად ურისკოდ შეიძლება ჩემთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა, მით უმეტეს, თუ ხმის მისაწვდენ ადგილზე პოლიციელი მორიგეობს". - ეს არის ერთ-ერთი ფრანგი მწერლის მიერ შეულამაზებლად დახატული ავტოპორტრეტი. დაასახელე ეს მწერალი.

- (ფიქრობს).

- მიგანიშნებ: ამბობენ, როცა ეს მწერალი გარდაიცვალა, პარიზის ყველა საროსკიპომ გლოვა გამოაცხადაო.

- გი დე მოპასანი, არა?

- დიახ. რა ჰქვია დღის და ღამის გათანაბრებას?

- ბუნიობა.

- რა ერქვა გულივერს?

- ვაიმე! ვაიმე! არ მითხრა, უნდა გავიხსენო (იცინის). ლემუელი.

- რომელი ჯირკვლის ამოკვეთა ხდება გლანდების ოპერაციის დროს?

- არ ვიცი.

- ნუშისებრ ჯირკვალს კვეთენ. ფილმი "იმერული ესკიზები" კარგად გახსოვთ?

- რა თქმა უნდა.

- რომელ სპექტაკლს დგამენ სოფლის სცენაზე?

- "ოტელოს".

- ანდაზის მიხედვით, რა არ დაიმალება თივაში?

- ნემსი?

- ნემსის დამალვა ადვილია.

- (ფიქრობს) ასეთ ანდაზას ვერ ვიხსენებ.

- ცეცხლი. რომელი მეფის დედა იყო ქეთევან დედოფალი?

- თეიმურაზ I-ის.

- ქაშუეთის ეკლესიაში დასვენებულ რომელი მწერლის ცხედარს ეფარა შუბლზე მუხის ფოთოლი?

- ილია ჭავჭავაძეს.

- "ო, ენავ ჩემო,/ დედაო ენავ,/ შენ ჩვენო ნიჭო,/ სრბოლავ და ფრენავ,/ შენ, ჩვენთა სუნთქვის დიდო ალამო, / შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,/ შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,/ შენ ერთს, /შენ ვერ გთმობ/ სამარის პირთან". - ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- ირაკლი აბაშიძეს ეკუთვნის, "ხმა კატამონთან" ჰქვია.

- ჰოლანდიის რომელ ქალაქშია რემბრანდტის სახლ-მუზეუმი?

- ვერ ვიხსენებ.

- ამსტერდამში. ნიზამი, ომარ ხაიამი, საიათნოვა: - მათგან რომელი იყო მათემატიკოსი?

- ხაიამი.

- დაასახელე მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი პოლიტიკური პარტია.

- საიდან უნდა ვიცოდე?

- დაფიქრდი, რთული მისახვედრი არ არის. მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი რომელი ერია?

- ჩინეთი (ფიქრობს). ჩინეთის კომუნისტური პარტია იქნება. გამოვიცანი?

- ნამდვილად ასეა. რომელი ფრინველი დებს კვერცხს სხვის ბუდეში?

- გუგული.

- რომელმა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ უთხრა საფრანგეთის მოხუცებულ მეფეს - ლუდოვიკოს შემდეგი სიტყვები: ისეთი მოხდენით ატარებთ ასაკს, რომ ყველა ინატრებდა თქვენს ადგილზე ყოფნას.

- სულხან-საბა ორბელიანმა.

- რა წოდება ჰქონდა ლავრენტი ბერიას?

- ვერ ვიხსენებ.

- საბჭოთა კავშირის მარშალი იყო. რომელი ლიტერატურული გმირია ალონსო კეხადა: დონ კიხოტი, გულივერი, რობინზონ კრუზო თუ გრაფი მონტე-კრისტო?

- დონ კიხოტი.

- რა ერქვა ძველ საბერძნეთში მონას, რომელსაც ბავშვებისთვის თვალყურის დევნება ევალებოდა?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებთ, დღეს ეს ერთ-ერთი პროფესიის აღმნიშვნელი სიტყვაა. ამ პროფესიის ადამიანებს კი ბავშვებთან აქვთ კავშირი.

- ვერ ვხვდები.

- პედაგოგი ერქვა. იოსებ გრიშაშვილი "ძველი თბილისის ლიტერატურულ ბოჰემაში" წერს: "ძველად ქალაქგარეთ მხოლოდ ორი დროის გასატარებელი ადგილი არსებობდა: მდაბიო ხალხისთვის - ორთაჭალის ბაღები და ევროპულად გაზრდილთათვის...

- ალექსანდრეს ბაღი?

- მეორე ადგილი მუშთაიდის ბაღი იყო. ამ ფილმის სცენარის ავტორი მერაბ ელიოზიშვილია, მონაწილეობენ: დოდო აბაშიძე, ლია კაპანაძე, მზია მაღლაკელიძე, ზურაბ ქაფიანიძე. გადაღებები ერწოს ტბაზე მიმდინარეობდა, პრემიერა 1968 წელს გაიმართა. დაასახელე ეს ფილმი და მისი რეჟისორი.

- მერაბ კოკოჩაშვილის "დიდი მწვანე ველი".

- რომელი კომპოზიტორის მუსიკა დაედო საფუძვლად საქართველოს ჰიმნს?

- ზაქარია ფალიაშვილის.

- ზოგიერთ ქვეყანაში, რომელთა სასამართლო სისტემაც შარიათის ნორმებზეა დაფუძნებული, ქალებს აქვთ მანქანის მართვის უფლება, მაგრამ ავარიულ შემთხვევაში არც ერთ მამაკაცს არ აქვს უფლება დაეხმაროს. ამ კანონის ფონზე, მათ აქვთ ერთი უპირატესობა, დაასახელე რაზეა ლაპარაკი?

- წარმოდგენა არ მაქვს.

- მძღოლ ქალებს პოლიცია არ აჩერებს. არგენტინა, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ეკვადორი: ჩამოთვლილთაგან ტერიტორიულად რომელია ყველაზე დიდი?

- (ფიქრობს) ბრაზილია.

- ამ მომღერლებიდან რომელზე ჰქონდათ ეჭვი, რომ მაფიასთან იყო კავშირში: ლუი არმსტრონგზე, რეი ჩარლზზე, ელვის პრესლიზე თუ ფრენკ სინატრაზე?

- ფრენკ სინატრაზე.

- ამერიკის რომელი პრეზიდენტი იყო მსახიობი?

- რეიგანი.

- როგორ პიროვნებას უწოდებდნენ ხარჭას?

- პირს, რომელიც ვინმესთან ქორწინების გარეშე ფარულ კავშირში იმყოფება.

- 1898 წელს ინგლისელმა მწერალმა მორგან რობერტსონმა გამოაქვეყნა თავისი ნაწარმოები "ამაოება", რომელიც მალე ყველამ მიივიწყა. წლების შემდეგ მწერალი მოხვდა "ტაიმსის" პირველ გვერდზე, სტატიაში ის მოხსენიებული იყო, როგორც ნათელმხილველი და ბოროტი გენია. რა აღწერა თავის ნაწარმოებში რობერტსონმა?

- რამე მოვლენაზეა ლაპარაკი?

- ერთ-ერთ ტრაგედიაზე, რომელიც რობერტსონის "ამაოების" გამოქვეყნებიდან 14 წლის შემდეგ მოხდა.

- ტიტანიკის ტრაგედიას გულისხმობ?

- რა თქმა უნდა. ძველად გალებს ჰქონდათ ასეთი უცნაური და მკაცრი წესი, ომის დაწყების დროს ყველა მამაკაცი ვალდებული იყო გამოცხადებულიყო შეიარაღებულ ყრილობაზე. ერთ-ერთ მათგანს სიკვდილით სჯიდნენ. რა პრინციპით არჩევდნენ მას?

- ზუსტი პასუხი არ ვიცი. ალბათ მას დასჯიდნენ, ვინც ბოლოს მივიდოდა.

- რომელი მეფის დროს მოხდა ბასიანის ბრძოლა?

- თამარ მეფის დროს.

- დაბოლოს, დაასრულე თაგორის ცნობილი გამონათქვამი: "ადამიანის ცხოვრების სიძნელეთა დაძლევის საფუძველი არის კარგი...

- "...განათლება".

თამუნა კვინიკაძე