ბანქოს სახლი (ნაწილიXIII) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (ნაწილიXIII)

სხდომის დასრულებიდან სულ რამდენიმე წუთი იყო გასული, სირბილისგან აქოშინებული მატი სტორინი პოლიტიკოსებითა და კორესპონდენტებით გადაჭედილ თემთა პალატის ვესტიბიულში სოლივით რომ შეიჭრა. ოპოზიცია მორიგ გამარჯვებას ზეიმობდა, მთავრობის მომხრეები კი სრულიად ამაოდ ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ ეს მათი მოწინააღმდეგეების კი არა, პირველ რიგში, საღი აზრის გამარჯვება იყო. თუმცაღა, როგორც ერთ, ისე მერე მხარეს ცოტა ვინმესღა თუ ეპარებოდა ეჭვი, რომ პრემიერ-მინისტრის მიწასთან გასწორების უშუალო მოწმე გახდა. უცბად მატიმ ფრენსის ურჰარტს მოჰკრა თვალი, რომელიც მარტო ხალხის ზღვის გარღვევას კი არა, აღელვებული მთავრობის მომხრეების კითხვებისთვის თავის დაღწევასაც ყველანაირად ცდილობდა.

- ბატონო ურჰარტ! - პალატის ზედა გალერეაზე ამავალ კიბესთან დაეწია ჟურნალისტი მთავარ შოლტს. - მომხდართან დაკავშირებით თქვენი აზრის გაგება მაინტერესებს!

- არა მგონია, მის სტორინ, რომ დღეს აზრი საერთოდ გამაჩნდეს. - ფეხი ოდნავაც კი არ შეუნელებია, ისე უპასუხა ურჰარტმა მატის.

- მე კიდევ ის არა მგონია, რომ ჩემთან ისევ იმ თამაშის - `მთავარი შოლტი უარს ამბობს პრემიერ-მინისტრის პოზიციის სისწორის დადასტურებაზე~ - გაგრძელება გინდოდეთ.

- ამის გაკეთება არც მიფიქრია, მის სტორინ, უმალ შეჩერდა და ჟურნალისტისკენ ღიმილით შებრუნდა მთავარი შოლტი. - ჩანს, მართლა არ ცდებოდით, როცა მარწმუნებდით, მალე რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდესო. საინტერესოა, ახლა რას ფიქრობთ? ამის შემდეგ როგორღა განვითარდება მოვლენები?

- ვფიქრობ, დღევანდელი ჩავარდნის შემდეგ პრემიერ-მინისტრს წინ მხოლოდ მორიგი კოშმარები თუ ელოდება.

- კაცმა რომ თქვას, იმაში, რომ პრემიერ-მინისტრი ხანდახან საკუთარ გადაწყვეტილებებს ცვლის, უჩვეულო არაფერია, მაგრამ როცა ამის გაკეთება და, თანაც, ყველას თვალწინ მხოლოდ იმიტომ უწევს, რომ ამ გადაწყვეტილების დაცვა ვერაფრით შეძლო, მაშინ... - აზრის დასრულება შეგნებულად აღარ ისურვა ურჰარტმა.

- მაშინ რა? - მაინც ჩაეძია მატი.

- არაფერი, - თავი უკმაყოფილოდ გაიქნია მთავარმა შოლტმა. - მეტი არაფერი...

- მაშინ იქნებ, ის მაინც ამიხსნათ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორი უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის გაჟონვა როგორღა უნდა მომხდარიყო? თქვენი აზრით, მაინც საიდან მოდის ეს ყველაფერი?

- მის სტორინ...

- ხომ შევთანხმდით, რომ მატის დამიძახებდით...

- კარგი, მატი იყოს... მაგრამ მოდი, იმაზეც აქედანვე შევთანხმდეთ, რომ მე, როგორც მთავარი შოლტი, ძირითადად, სამთავრობო შენობებსა და პარლამენტის უკანა რიგებში დისციპლინის დაცვაზე ვაგებ პასუხს.

- ამაზე შეთანხმებაც კი არ არის საჭირო, სერ.

- მაშინ ვერ ვხვდები, ჩემგან კიდევ რისი გაგება გსურთ ან ჩემი კოლეგების კაბინეტებში მომხდარზე რატომღა მთხოვთ პასუხს?

- ანუ ინფორმაციამ კაბინეტიდან გამოჟონა?

- მე ეს არ მითქვამს.

- რა თქმა უნდა, არ გითქვამთ, მაგრამ ისედაც ცხადია, რომ ეს ამბავი სწორედ კაბინეტიდან მოდის. ხომ ვერ მეტყვით, მაინც ვინ არის იქ ამით დაკავებული და რატომ?

- არ ვიცი, მატი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი ამის გარკვევას აუცილებლად მოისურვებს.

- ოფიციალურად თუ არაოფიციალურად?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია.

- ნებისმიერ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი თავის კოლეგებს შორის გამცემის მოძებნას პირადად თქვენ დაგავალებთ, ხომ?

- ოჰ, მატი, მატი, მაინც რა სწრაფად ხვდებით ყველაფერს.

- მხოლოდ თქვენი დახმარებით, სერ.

- არა, არა! - ხელები გაასავსავა მთავარმა შოლტმა. - მე თითქმის არაფერ შუაში ვარ, რადგან ამ დასკვნებამდე ჩემს ნათქვამზე მეტად თქვენი ლოგიკური მსჯელობის წყალობით მიხვედით. ხომ ასეა?

- თუ თავად ასე ინებებთ, სერ, რა თქმა უნდა.

- იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ჩემს სახელს საერთოდაც არ დაუკავშირებთ.

- დიახ, - კიდევ ერთხელ დაჰყვა მთავარი შოლტის სურვილს ჟურნალისტი. - ჩვენთან, ლობიში, ხომ სწორედ ასეა მიღებული. მაგრამ მე მაინც საკითხში სრული სიცხადის შეტანას ვისურვებდი.

- რაც თქვენგან უკვე ოდნავადაც კი აღარ მიკვირს.

- მაშინ კითხვასაც პირდაპირ დაგისვათ: ადასტურებთ, რომ პრემიერ-მინისტრს კაბინეტის წევრების საქციელის გამოძიების დაწყება აქვს გადაწყვეტილი?

- თუ ჩემს სახელს არ ახსენებთ, ვადასტურებ.

- აუ, რა აურზაურიც ატყდება! - შესძახა მატიმ, რომელმაც გაზეთის პირველ გვერდზე თავისი სტატიის უზარმაზარი ასოებით აწყობილი ხმაურიანი სათაური უკვე სრულიად ცხადად წარმოიდგინა.

- არადა, 10 ივნისის შემდეგ თითქოს, არც ისე დიდი დროა გასული არა, მატი? - კიბეს სწრაფად აუყვა აშკარად კმაყოფილი მთავარი შოლტი.

კიბეზე ავლის შემდეგ ფრენსის ურჰარტი მომსვლელთათვის განკუთვნილ გალერეაში აღმოჩნდა, სადაც საკმაოდ ვიწრო სკამები ერთმანეთთან იმდენად მჭიდროდაც იყო მიდგმული, რომ პალატის სხდომებისთვის თვალყურის დევნების მსურველი მოქალაქეები თავს მარტო ცოტა უხერხულად კი არა, საკმაოდ მოუხერხებლადაც გრძნობდნენ ხოლმე. მთავარმა შოლტმა დამსწრეთ გადახედა და მზერა ორ ჩასკვნილ ქალს შორის ჩაჭედილ ტანდაბალ ინდოელ მამაკაცზე, ფირდაუს ჯაბვალაზე შეაჩერა. მამაკაცი უმალ ფეხზე წამოდგა და ცოტა ხანში ორივე ვიწრო დერეფანში გავიდა.

- ბატონო ურჰარტ, - მაშინვე დაიწყო ინდოელემა, - სერ, დიდზე დიდი მადლობა, რომ აქ მოხვედრის საშუალება მომეცით. უნდა გითხრათ, რომ ეს საათ-ნახევარი ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და შემეცნებითი იყო. ადგილიც მთლად მოუხერხებელი როდი შემხვდა...

- ვწუხვარ, რომ შესაფერისად ვერაფრით მოგაწყვეთ, ბატონო ჯაბვალა. - ცალყბად გაუღიმა ინდოელს მთავარმა შოლტმა.

ამის შემდეგ მამაკაცები ფოიეში ჩავიდნენ, სადაც ჯაბვალამ თემთა პალატის დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩაბარებული შავი ტყავის დიპლომატი აიღო.

- სასიამოვნოა იმის აღიარება, რომ ჩვენ, ბრიტანელებს, საკუთარი ნივთების უბრალო მუშა ყმაწვილებისთვის ნდობა ჯერ კიდევ შეგვიძლია. - სერიოზული გამომეტყველებით დასძინა მან შემდეგ და ჩემოდანს ხელი ფრთხილად გადაუსვა.

- სავსებით გეთანხმებით, - მიუგო მას ურჰარტმა, რომელიც `უბრალო მშრომელ ყმაწვილებს~ კი არა, თავად ჯაბვალასა და მისთანებსაც არაფერში ენდობოდა, მაგრამ რა უნდა ექნა, თუკი ამომრჩეველმა წინასაარჩევნო კამპანიისას მათ პარტიას 500 გირვანქა სტერლინგი შესწირა და სანაცვლოდ მხოლოდ არჩევნების გამარჯვებით დასრულების შემთხვევაში თემთა პალატაში პირისპირ სასაუბროდ მიღება სთხოვა.

- ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ ცოტა ხნით გავჩერდებით და გავჩუმდებით კიდეც ამ ისტორიულ დარბაზში, სადაც ჩარლზ I გაასამართლეს და სადაც ჩერჩილის ნეშტი განისვენებს. - სთხოვა ჯაბვალამ მთავარ შოლტს ვესტმისტერის დარბაზის მუხის თაღის ქვეშ გავლისას.

პასუხად ურჰარტს სახეზე მხოლოდ მოწყალე ღიმილმა გადაურბინა, რაც ინდოელს არ გამორჩენია, მაგრამ არ კი შეიმჩნია და ისევ უწინდებურად გულმხურვალედ განაგრძო:

- უმორჩილესად გთხოვთ, ჩემი თხოვნა პოზიორობად არ ჩამითვალოთ, ბატონო ურჰარტ. ჩემი ოჯახის ბრიტანულ ინსტიტუტებთან ურთიერთობა 250 წლის წინ დაიწყო, როცა ფრიად პატივცემული კომპანია `ისტ-ინდოეთ კომპანი~ და ლორდ კლაივი ჩემი წინაპრების რჩევებით სარგებლობდნენ და მათგან მნიშვნელოვან ფულად თანხებსაც ხშირად სესხულობდნენ. იმ დროიდან მოყოლებული ჩემი ოჯახის წევრებს ინდოეთის მთავრობის სხვადასხვა სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში ყოველთვის პრესტიჟული თანამდებობები ეკავათ...

- ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერი სწორედ ასე იქნებოდა. - უკვე საკმაოდ აგზნებულ სტუმარს თავადაც დროულად შეაშველა სიტყვა მთავარმა შოლტმა. ჯაბვალამ კი თავი სევდიანად დახარა და ხმაშიც საკმაოდ სევდიანი ნოტები გამოურია:

- მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ბატონო ურჰარტ, ჩვენს ოდესღაც დიად სუბკონტინენტზე თანდათან ისევ მძიმე დრომ დაისადგურა. მუსლიმანები ინდუსების, მუშები მეწარმეების, მოსწავლეები კი მასწავლებლების წინააღმდეგ აამხედრეს. შესაძლოა, არ დამეთანხმოთ, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ, რომ ინდოეთის ხელისუფლებაში დღეს მყოფი განდების დინასტია ბევრად უფრო ნაკლებად შთაგონებული და ბევრად უფრო მეტად კორუმპირებულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა, ვისაც ჩემი ოჯახი კოლონიალურ პერიოდში ემსახურებოდა. მე კულტურული უმცირესობა პარსის წარმომადგენელი ვარ, რომელსაც ინდოეთის დღევანდელი ხელისუფლების პირობებში დიდად როდი ულხინს. მაგალითად, ჩემი ოჯახის ქონება იმდენად საგრძნობლადაც კი შემცირდა, რომ საცხოვრებლად ბრიტანეთში, იქ, სადაც ჩემი მამა-პაპა აღიზარდა და განათლება მიიღო, გადმოსვლა გადავწყვიტე. ისიც სრულიად გულახდილად უნდა გითხრათ, ბატონო ურჰარტ, რომ აქ თავს როგორც საკუთარ სახლში, ისე ვგრძნობ. ყოველდღე იმის ბედნიერი შეგრძნებით ვიღვიძებ, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ვარ, ჩემი შვილები კი განათლებას აქაურ უნივერსიტეტებში იღებენ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში