მში­შა­რა მა­მა­კა­ცე­ბი და გა­მოც­დი­ლი ქა­ლე­ბი ანუ ცო­ტა რამ ბო­ტოქ­სის შე­სა­ხებ - გზაპრესი

მში­შა­რა მა­მა­კა­ცე­ბი და გა­მოც­დი­ლი ქა­ლე­ბი ანუ ცო­ტა რამ ბო­ტოქ­სის შე­სა­ხებ

დღესდღეობით, სახეზე გაჩენილ სიბერის პირველ ნიშნებს თქვენთვის განწყობილების გაფუჭება აღარ შეუძლია, თუ ინიექციური მეთოდებით მკურნალობისთვის საკმარისი თანხა გაქვთ. ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე პოპულარული მეთოდი ბოტოქსი და ფილერია. საზოგადოებაში ბოტოქსის ინიექციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ჭორ-მართალია გავრცელებული, რაც დერმატო-კოსმეტოლოგ ნინო ნიშნიანიძესთან გადავამოწმეთ. ქალბატონმა ნინომ ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მოგვაწოდა, მათ შორის ის, რომ სხვადასხვა სალონში, 30-40 ლარად ტუჩის გადიდების მიზნით გაკეთებულმა A და E ვიტამინმა შესაძლოა, პაციენტი სავალალო შედეგამდე მიიყვანოს: 2 წუთში გადიდებულ ტუჩს მოჰყვება გართულება, იწყება ქსოვილის ფიბროზი და საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა... ასე რომ, თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს საფრთხეს ნუ შეუქმნით...

- რა თქმა უნდა, სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით, სახე უფრო ადრე იწყებს დაბერებას, რადგან მასზე პირდაპირ ზემოქმედებენ გარემო ფაქტორები... ზოგი ადამიანი მწველია, ზოგი - ალკოჰოლის მომხმარებელი, რაც სახეზე მეტად აისახება და ნაოჭები ნაადრევად (27-28 წლიდან) ჩნდება. საერთოდ, 25 წლის შემდეგ, აუცილებელია, რომ სახეს სხვადასხვა საშუალებით მივხედოთ: მეზოთერაპიით, ბიორევიტალიზაციით და ა. შ. ასევე - ბოტოქსით, რომელიც ძალზე აქტუალური და ცნობილია.

- ვიდრე ბოტოქსზე დაწვრილებით გკითხავდეთ, მაინტერესებს: ბუნებრივი საშუალებებით (ხილის, ბოსტნეულის ნიღბებით) იოლად ვერ "გამოვძვრებით"?

- ამით ნამდვილად ვერ "გამოვძვრებით", მაგრამ ცუდი არ არის: გაზაფხულსა თუ შემოდგომაზე, კანს ვიტამინები აკლია. ამიტომ სხვადასხვა ხილი სასარგებლოა. მაგალითად - მარწყვი ბევრ ვიტამინს შეიცავს, რომელიც კანს ამკვრივებს, მის სტრუქტურას თავისუფალი რადიკალებისგან იცავს და გარკვეულ ეტაპზე, შესაძლოა, დაბერების პროცესი შეაჩეროს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კანს დაბერებისკენ მიდრეკილება ნაადრევად აქვს დაწყებული. რა თქმა უნდა, ჯობია, რომ კანს კოსმეტიკური ჩარევით მივხედოთ, ვიდრე - სახლის პირობებში.

- დღესდღეობით ბოტოქსის ინიექციის ბუმია. რა შეუძლია ბოტოქსს?

- ბოტოქსის ინიექცია მიმიკურ ნაოჭებს ასწორებს: ხდება კუნთის გაშლა, გაშეშება, რასაც ზედაპირზე არსებული მოჭმუჭნილი კანის გასწორება მოჰყვება; ნაოჭები, რომლებიც, თვალის ირგვლივ, შუბლის არეში, წარბებს შორის გვაქვს, სწორდება. ბოტოქსის ბუმი იმიტომ არის, რომ ნაზ ნაოჭებს ძალიან კარგად ერევა, რასაც ფილერზე ვერ ვიტყვით. ასევე, ბოტოქსით ხდება წარბის კუთხის აწევა, ფორმის შეცვლა... ასე რომ, ბუმი ტყუილად არ არის.

- ბოტოქსის გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით, ბევრი დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდება: თითქოს თავბრუსხვევას, მხედველობის დაქვეითებას იწვევს... შესაძლოა, რომ პაციენტს ასეთი რამ მართლაც დაემართოს?

- "ბოტოქსი" ზოგადი სახელწოდებაა. მას რამდენიმე ანალოგი აქვს - საკმაოდ კარგი ბრენდია და ძალიან კარგ ეფექტს გვაძლევს, მაგრამ ინიექცია აუცილებლად დერმატო-კოსმეტოლოგმა და ექიმმა უნდა გააკეთოს, ვინც სახის ანატომია იცის, რადგან ბოტოქსი კუნთის საპროექციო ზონაში უნდა გაკეთდეს.Aარასწორად გაკეთებისას, შეიძლება მოხდეს ფტოზი და მხედველობა გააუარესოს; შესაძლოა, წარბის, ზედა ქუთუთოს ჩამოშვება გამოიწვიოს და კიდევ სხვადასხვა პრობლემამ იჩინოს თავი... ის, რომ ბოტოქსი თავბრუსხვევას, მხედველობის გაუარესებას იწვევს, სიმართლე არ არის: თუ დოზა სწორადაა შერჩეული - აღებულია თერაპიული დოზა, რომელიც კონკრეტულ პაციენტს სჭირდება და სწორ საპროექციო ზონაშია გაკეთებული, არანაირი გართულება არ მოჰყვება. ბოტოქსის ინიექციის გაკეთების შემდეგ, პაციენტს ვეუბნებით, რომ 4 საათის განმავლობაში არ წამოწვეს, თავი არ დაღუნოს. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ექიმის რჩევები, რადგან პრეპარატს დიფუზიის უნარი აქვს, ამან თავის დაღუნვისას შეიძლება გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. ბოტოქსის ერთ-ერთი ანალოგი, თავდაპირველად, ოფთალმოლოგიაში გამოიყენებოდა. ასევე, შაკიკის დროს ტკივილს ხსნის. ბოტოქსს ვიყენებთ, როცა პაციენტს იღლიების, ხელისგულების, ფეხისგულების არეში გაძლიერებული ოფლიანობა აწუხებს. ასე რომ, ესთეტიკურის გარდა, სამკურნალო ეფექტიც აქვს.

- ბოტოქსის ინიექციის შემდგომ, კიდევ რა უნდა გააკეთოს ან რისგან შეიკავოს თავი პაციენტმა?

- ინიექციიდან 4 საათის განმავლობაში, დაახლოებით, 20 წუთში ერთხელ, კუნთოვანი მიმიკა უნდა დატვირთოს. 2 კვირა მაინც, არ მიიღოს ალკოჰოლი, საძილე საშუალებები, რადგან ბოტოქსს მაქსიმალური ეფექტი 10-14 დღეში აქვს. ბოტოქსი 4-6 თვის ინტერვალით კეთდება, მაგრამ განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში გაკეთებული - 3-4 თვეს ძლივს ძლებს, რადგან მაღალ ტემპერატურას (სოლარიუმს, მზეზე გარუჯვას) ვერ უძლებს. ამიტომ ვინც ბოტოქსის ინიექციას ზაფხულში იკეთებს, ვაფრთხილებთ - არ ელოდოთ, რომ ეფექტი 4 თვე მყარად გექნებათ-თქო. ზამთარში გაკეთებულ ბოტოქსის ინიექციას 6-7 თვეც გაუძლია.

- ბოტოქსის ინიექციის გასაკეთებლად ბევრი ადამიანი მოდის?

- უამრავი მოდის, მაგრამ სხვათა შორის, თვითონვე გეუბნებიან - თუ არ მჭირდება, არ გამიკეთო, თუ შესაძლებელია, სხვა რამით შევცვალოთო... რატომღაც, ბევრს ეშინია. გვეკითხებიან: - მაინც ტოქსინია, რას გამოიწვევს? ხომ არაფერი დაგვემართებაო? ეს არის ბოტულოტოქსინი, კი, ბატონო, მაგრამ განზავებადი ბოტულოტოქსინია, რომელსაც ორგანიზმში შეყვანისას არანაირი ტოქსიკურობა არ გააჩნია. ცხადია, თუ პაციენტს არ სჭირდება, არ ვუკეთებთ. შესაძლოა, თავად ფიქრობდეს, რომ სჭირდება, მაგრამ ის ეფექტი, რაც მას სურს, შეიძლება, მეზოთერაპიით, ფილერით, სხვადასხვა ინიექციური მეთოდით მივიღოთ.

- აღნიშნეთ, ბოტოქსი უფრო ძლიერია, ვიდრე ფილერიო, თუმცა ტუჩების მიმდებარე არეში ბოტოქსის ინიექციას არ აკეთებთ. რატომ?

- ვაკეთებთ, მაგრამ ბოტოქსი ღრმა ნაოჭებს არ ავსებს, სახის ქვედა მესამედში კი - "მარიონეტის ხაზები" (ცხვირ-ტუჩის ნაოჭები) უფრო მეტადაა გამოხატული. ასეთი ღრმა დეფექტი სპეციალური გელით უნდა ამოივსოს - დაჭიმვა არ შველის, რადგან კუნთის პრობლემა არ არის. ესაა უბრალოდ, ნაოჭი, რომელიც მიმიკურია და იქ ცხიმოვანი ქსოვილი ჩავარდნილია ან ცხიმოვანი ქსოვილის დეფიციტია. ასეთ შემთხვევაში, მისი ამოვსება ხდება სპეციალური ფილერით. ექიმი აფასებს და ურჩევს, სხვადასხვა ზონაზე რომელი პროცედურა იქნება ეფექტიანი.

- ერთ ჯერზე, ინიექციის შეყვანა რამდენიმე ზონაზე შეიძლება?

- კი, თავისუფლად. მაგალითად, ბოტოქსის ინიექციის გაკეთება სახის ზედა და კისრის არეშიც ერთ ჯერზე შეიძლება, ეს ხელს არაფერს უშლის, არაფერს აფუჭებს.

- მკითხველი ცოტა უკეთ გავარკვიოთ - რა არის ფილერი?

- ფილერი - ესაა ბუნებრივი, ჰიალერონის მჟავის შემცველი გელები, რომელიც კანში შეყვანისას იწყებს წყლის მოლეკულის მიზიდვას. ამის ფონზე, კანი იჯირჯვება, გაჯირჯვების ადგილას ნაოჭი სწორდება, ივსება და შესაბამისად, სახის ოვალიც ფორმას იცვლის. ფილერები არის გაწოვადი და გაუწოვადი. გაწოვადი სწორედ ეს ბუნებრივი ფილერებია, რომელსაც ვიყენებთ. გაუწოვად, ბიოჰოლიმერულ ფილერებს (რომელიც მუდმივია) არ ვიყენებთ. მაგალითად, პაციენტი ცხვირ-ტუჩის ჩავარდნილი ხაზებით მოდის და შევსებულით მიდის. ეფექტი მაშინვე აქვს, მეათე-მეთორმეტე დღეს კიდევ უფრო უკეთესად გამოხატულია, პაციენტს მოსწონს.

- გვითხარით, ამჟამად, როგორი ფორმის სახეა მოდური?

- წინათ, მთავარი იყო, დიდი ტუჩები ჰქონოდათ, ახლა - არა. ახლა უნდათ, რომ ხელოვნურობა არ ეტყობოდეთ, ბუნებრივად ჰქონდეთ. სურთ, მხოლოდ კონტური გაიკეთონ, რომ შესამჩნევი არ იყოს. ოდნავ შემაღლებული ყვრიმალები ძალიან მოსწონთ. რა თქმა უნდა, თუ პაციენტს უხდება და თუ დაჟინებით გვთხოვს, ვუკეთებთ. შეიძლება ითქვას, რომ ცხვირ-ტუჩის ნაოჭების ამოვსება სულ მოდაშია, მაგრამ როცა პაციენტი ყვრიმალს "იკეთებს", ცხვირ-ტუჩის ნაოჭიც ოდნავ სწორდება. ასე რომ, ნაოჭი თუ ძალიან გამოხატული არაა, მას ფილერით აღარ "იკეთებს".

- არასრულწლოვნები თუ მოდიან?

- მოდიან, მაგრამ არ ვიღებთ. საერთოდ, აკრძალული არ არის, მაგრამ სასურველია, პროცედურები 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს გაუკეთდეთ. 12-13 წლის ბავშვს რად უნდა?! ყოველთვის მშობლების გარეშე, ჩუმად მოგროვებული ფულით მოდიან, მაგრამ არ ვუკეთებთ. რომ ვეუბნებით, მშობელი მოიყვანე-თქო, გვპასუხობენ, - ფულიც მაქვსო. თუ მშობელთან ერთად მოდის, სიტუაციას ვუხსნით და არასრულწლოვან პაციენტს ხელს არ ვკიდებთ.

- საინტერესოა, არასრულწლოვნებს რა სურთ?

- დიდი ტუჩები.

- ბოტოქსი თუ ფილერი რა ასაკიდან კარგავს ეფექტს და როდის ხდება საჭირო პლასტიკური ქირურგია?

- ასე ვერ იტყვი: 50 წლის ქალბატონი მოსულა, რომელსაც აღნაგობაც და სახეც ისეთი კარგი ჰქონია, რომ მხოლოდ თვალის ირგვლივ გაუკეთებია ბოტოქსი, მაგრამ ზოგჯერ 40-45 წლის ისეთი ქალბატონები მოდიან, რომ 55-ის მგონია. ამიტომ ქირურგთან გაგვიშვია. ქირურგსაც გამოუშვია ჩვენთან 50 წლის პაციენტი - ამას ბოტოქსის გარდა არაფერი უნდა ან ფილერიც კი გაუსწორებს დეფექტსო. ალბათ, სახის მოვლის კულტურა მაღალ დონეზე რომ იყოს (და მგონი, საქართველოში უკვე არის), ესთეტიკური მედიცინის დახმარება უფრო გვიან დაგვჭირდებოდა.

- ამბობენ, თითქოს ინიექციის მოქმედების ვადის გასვლის მერე, კანი კიდევ უფრო ეშვება, ვიდრე ინიექციის გაკეთებამდე.

- გამორიცხულია, პირიქით - კუნთს ინახავს, კანს გამოშრობის საშუალებას არ აძლევს, წყლით აჯირჯვებს... ვინც მოდის, ყველა ამას გვეკითხება, - კანი მართლა უარესად ხომ არ გვექნება, მერე ინიექცია რომ ვეღარ გავიკეთოთო?

- პაციენტებთან კურიოზული სიტუაციები გექმნებათ ხოლმე?

- მამაკაცები მოდიან, რომლებიც თავზე თმის მეზოთერაპიას იკეთებენ (მეზოთერაპია თმის ფოლეკულის ზრდაზე, ხარისხზე, სტრუქტურაზე ძალიან კარგად მოქმედებს). ვუხსნით, რომ პროცედურა ძალიან მტკივნეულია და შეიძლება, ვერ გაუძლონ (თავში პატარა, წვრილი ნემსებით ვაკეთებთ). ვაჟკაცურად გვპასუხობენ, - როგორ ვერ გავუძლებთო, მაგრამ როგორც კი პროცედურის გასაკეთებლად წვებიან, სულ "ვაი, დედას" იძახიან (იცინის). იმ დღის მერე, ისე სტკივათ, რომ აღარც მოდიან.

- ქალბატონები უფრო გულადები არიან?

- ქალბატონები ხმას არ იღებენ.Aმამაკაცი ტკივილს ძნელად უძლებს. ფილერიც გაუკეთებიათ, ბოტოქსიც... კაცი ასჯერ დარეკავს - პატარა სილურჯე მაქვს და ნეტავ, რატომ? ასე ხომ არ დამრჩებაო? ქალბატონები უფრო გამოცდილები არიან, არც გვაწუხებენ...

ეთო ყორღანაშვილი