ვინ უკვეთს მუსიკას?! - გზაპრესი

ვინ უკვეთს მუსიკას?!

თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ გამორჩეულად იშვიათად თუ მღერის და უკრავს ვინმე; ქართულად ნამღერსაც იშვიათად გაიგონებთ. რატომღაც, ყველა მსოფლიო კლასიკის შედევრების გაჟღერებას ცდილობს. თუ თავად წერენ მუსიკას, ამასაც ინგლისურენოვან ტექსტს ადებენ და ალბათ მათი გაგებაც შეიძლება, - ვინაიდან საქართველოში შოუბიზნესი არ არსებობს (ეს ისევ მათივე მტკიცებით), თითქმის ყველა მათგანი საზღვარგარეთ წასვლასა და იქ თავის დამკვიდრებაზე ოცნებობს (ღმერთმა ხელი მოუმართოთ!) საქართველოში დარჩენილები მხოლოდ ვიამაყებთ მათი მიღწევებით, მაგრამ რეალობა ჯერჯერობით, სულ სხვაგვარია და პირადად მე, ამწუთას ვერც ვიხსენებ ისეთ ქართველ მომღერალს, რომელმაც მსოფლიო აღიარება და პოპულარობა მოიპოვა, მით უფრო, უცხოური სიმღერების გადამღერება-კალკირებით...

ამ სტატიის დაწერა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც მიწისქვეშა გადასასვლელში არცთუ ისე სასიამოვნო სცენას შევესწარი: სამი კაცისგან შემდგარ მუსიკოსთა ჯგუფს ორი შუა ხნის მამაკაცი ეკამათებოდა და რომ არა შემთხვევითი გამვლელების სწრაფი რეაქცია, კამათი შეიძლებოდა, სერიოზულ ჩხუბში გადაზრდილიყო და მუსიკალური ინსტრუმენტები ერთმანეთისთვის გადაელეწათ...

აღმოჩნდა, რომ შექეიფიანებულ კაცებს მუსიკოსებისთვის "როკ-გნიასის" (როგორც ყვიროდნენ) ნაცვლად, "მოხევის ქალო, თინაო" და "დარი-დურის" დაკვრა მოუთხოვიათ და ათლარიანიც შეუთავაზებით, რომელსაც ერთ-ერთი მათგანი გამომწვევად აფრიალებდა ხელში...

მუსიკოსებმა რატომღაც, იუკადრისეს ასეთი დაკვეთა და მათ გემოვნება დაუწუნეს, შედეგად კი ერთ-ერთისგან სამართლიანი შენიშვნა (უნდა ვაღიარო) მიიღო:

- ყალბად და ამდენი დეტონაციით ნამღერს უძახი შედევრს და "დარი-დურია" უგემოვნება?!

უნდა გამოგიტყდეთ, რომ მეც კი, ვინც დიდი მუსიკალური სმენით ვერ გამოვირჩევი, ადვილად ვიჭერდი ყალბ ნოტებს მათ ნამღერშიც და დაკრულშიც...

მუსიკოსებმა უკან რომ არ დაიხიეს და მსმენელების ლანძღვაზე გადავიდნენ: ქართველებს გემოვნება ვინ მოგცათო?! გამვლელებმაც იმ ორი მთვრალის მხარე დაიჭირეს:

- თუ ასე მაგრები ხართ, ბილეთები გაყიდეთ და დარბაზები აავსეთ, სადაც თქვენი მუსიკით აღფრთოვანებული მსმენელი მოვა მხოლოდ. აქ კი, კეთილი ინებეთ და ის დაუკარით, რასაც ხალხი გთხოვთ, ვისგანაც მოწყალებას ელოდებით! - ხმას აუწია შუახნის მამაკაცმა და კოლოფში რკინის ლარიანი ჩაუგდო აშკარად საშოვარზე გამოსულ ტრიოს.

- დარბაზის დაქირავების საშუალება რომ გვქონდეს, აქ კი არ ვიმათხოვრებდით, უმადური მსმენელის წინაშე! - ისევ "დაგვამადლა" თავი ჯგუფის ვოკალისტმა.

- მართლაც, რომ მათხოვრობთ და თან - ხალხის მოწყალებით კმაყოფილებიც არ ხართ, გვედიდგულებით! - უსაყვედურათ ასაკოვანმა ქალბატონმა და გზა გააგრძელა. თუმცა, სათქმელი ბოლომდე თქვა: - წაიღეთ გული ამ გნიასით, მიწისქვეშა გადასასვლელია თუ ბალაგანი?!.

მიუხედავად იმისა, რომ აღარც მხარდამჭერი შემორჩათ და აღარც მსმენელი, ტრიომ მაინც შეასრულა კიდევ ერთი სიმღერა და ერთი გამვლელიც არ შეჩერებულა მათ მოსასმენად...

მცირე პაუზისას დრო ვიხელთე და სოლისტთან გასაუბრება ვცადე.

- დრო მოვა და დაგვაფასებენ!

- როდის დადგება ეგ დრო?!

- როცა კარგისა და ცუდის გარჩევას ისწავლის მსმენელი...

- მაპატიეთ, მაგრამ თქვენ ნამდვილად ვერ მღერით კარგად! - გავბედე და ვუთხარი სიმართლე, რასაც აშკარად არ ელოდა და გამიბრაზდა. ჰოდა, აღარც კითხვებზე მიპასუხა და აღარც სურათის გადაღების უფლება მომცა.

მოვერიდე მათ ზედმეტად გაღიზიანებას. არადა, მინდოდა მეთქვა: როცა ხელი მოწყალებისთვის გაქვს გაშვერილი და მსმენელზე ხარ დამოკიდებული, სწორედაც რომ მისი გემოვნების გათვალისწინებით უნდა იმღერო და დაუკრა. რაც მთავარია, ქართულად და ყველასთვის გასაგებად, რომ გულის სიმები ადვილად მოუძებნო ხალხს, რომელიც ადვილად ვერ ჩაიყოფს ხელს ჯიბეში, რომ თავისი მწირი ლუკმა გაგინაწილოს (თავისი თავიც გასჭირვებია და იმიტომ!). საქართველოში, მხოლოდ უცხო ენაზე მომღერალი ვერც ერთი ქართველი ვერასოდეს გაავსებს პატარა დარბაზსაც კი. ამის მიზეზი "ღამურას პრინციპი" მგონია. გახსოვთ ალბათ აკაკის უკვდავი სტრიქონები: "ერთმა უგნურმა თაგუნამ, იუკადრისა თაგვობა"... მოდით და ქართულად ნამღერით მოვიწონოთ თავი და გავუთბოთ გულები გნებავთ ქართველ და გნებავთ სხვა ქვეყნის მოლაქალეებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქროთ უცხოური სიმღერების შესრულებაზე. ქართული მუსიკა ძალიან აკლია მსმენელს და მოიგებს ის, ვინც ამ დანაკლისს შეუვსებს ღირებულ მუსიკას დანატრებულ ადამიანებს.

ინგა ჯაყელი