კა­ნო­ნი, რო­მელ­საც არ ვე­მორ­ჩი­ლე­ბით - გზაპრესი

კა­ნო­ნი, რო­მელ­საც არ ვე­მორ­ჩი­ლე­ბით

ბოლო დროს ძალიან გააქტიურდნენ ის ადამიანები, ვინც მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ითხოვს და ნარკოდამოკიდებული ადამიანების უფლებების შელახვად მიიჩნევს მათ პასუხისგებაში მიცემას, თუ ნარკოტიკის მოხმარებისთვის დააკავებენ...

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არ არის სულერთი იმ ადამიანების ბედი და მომავალი, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად იგდებს თავს საფრთხეში, მაგრამ როგორც ჭკვიან ხალხს უთქვამს, - არჩევანის უფლებას ვერავის წაართმევ. თუმცა, იმისი ნება კი უნდა დავუტოვოთ საზოგადოებას, რომ თავად გადაწყვიტოს - უნდა იცხოვროს თუ არა იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სტიმულატორების გარეშე არც ნერვების მოთოკვა შეუძლია და არც საკუთარი ქმედებების გაკონტროლება.

ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქართველები უცნაური ხალხი ვართ და რამდენი კანონიც უნდა დავწეროთ, თითქმის არც ერთს არ ვემორჩილებით - დაწესებულ ნორმებს თავადაც ვარღვევთ და სხვასაც თვალს ვარიდებთ...

წავიკითხე და გავიგე, რომ მარიხუანის მომხმარებელს უფლება არ ექნება საზოგადოებრივ ადგილებში მოსწიოს თუნდაც, ყველაზე უმსუბუქესი ნარკოტიკი და არც არასრულწლოვნებზე გაიყიდება, მაგრამ მსგავსი კანონი ხომ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებითაც შევიმუშავეთ და დავაწესეთ, მაგრამ იცავს კი ვინმე?

იშვიათია კვების დაწესებულება, სადაც არ ეწევიან. უკეთესი მდგომარეობა არც საზოგადოებრივ ტრანსპორტშია და წესრიგს პირველ რიგში, თავად მძღოლები არღვევენ. მკაცრი სამოძრაო რეჟიმის გამო, ხშირად ორიოდე წუთითაც რომ ვერ ჩამოდიან მანქანებიდან, პირდაპირ საჭესთან მსხდომები ეწევიან. თავად ღია ფანჯრებთან სხედან და მათი ამონასუნთქი ოხშივარი სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების სალონების უკანა ნაწილში გროვდება, სადაც ამოსუნთქვის საშუალება ამის გარეშეც არაა, რადგან არც კონდიციონერებია დღემდე და არც ბუნებრივი ვენტილაციის შესაძლებლობა.

ამას წინათ, მგზავრებმა შენიშვნა რომ მივეცით მძღოლს, ლამის მანქანიდან ჩაგვყარა: იქნებ ტუალეტში შესვლა და ჭამაც ამიკრძალოთ, ისედაც ტყუილად გემსახურებით და საღამოს პურის ფული ვერ წამიღია სახლშიო...

ალბათ, მათაც აქვთ პრობლემები, რაშიც ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე მგზავრი და თუ ასე აუცილებელია მძღოლი საჭესთან ეწეოდეს, მაშინ ტრაფარეტებიც გააკარით იმ სატრანსპორტო საშუალებებში: "მძღოლი მწეველია!" - და ვისაც არ შეგვიძლია თამბაქოს სუნის ატანა, არ ავალთ ავტომობილში - მომდევნოს დაველოდებით, რომლის მძღოლიც არამწეველი იქნება...

ასეთი შესავლის შემდეგ კი მთავარი სათქმელიც მინდა გითხრათ: დაახლოებით ოცდაათი ადამიანის აზრი შევისწავლე მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით და ყველა ერთ აზრზე შევთანხმდით: თუ ვაღიარებთ, რომ ეს ადამიანები კრიმინალები კი არა, ავადმყოფები არიან, კიდევ უფრო მკაცრად გავაკონტროლოთ მათი ქმედებები და თუ სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ადგილებზე კი არა, სხვაგან მოსწევენ (ამით ზიანს მიაყენებენ არამწეველ ადამიანებს), იმაზე მკაცრად დავსაჯოთ, ვიდრე ეს ახლა ხდება. საზოგადოება მკაცრად უნდა იქნას გაფრთხილებული, სად შეიძლება მარიხუანის მომხმარებლებს გადააწყდეს, რომ თავი აარიდოს ასეთ ადგილებსო...

ამას რომ ვწერ, ვიცი, ისეთებიც გამოჩნდებიან, ვინც აღშფოთდება და იტყვის: მარიხუანის მომხმარებლების დისკრიმინაციისკენ მოუწოდებთ საზოგადოებასო. როგორც ბებიაჩემი ეტყოდა ხოლმე სიგარეტის მოყვარულ ძმას: მე ნუ შემაწუხებ და შენ თუ გინდა, "ფეჩის ტრუბაში" შეყავი თავი და იქ ისუნთქეო. ჰოდა, სუფთა ჰაერისა და ჯანსაღი სუნთქვის მსურველი ადამიანებიც იმავეს ვთხოვთ მარიხუანის თუ ნებისმიერი მოსაწევის მოყვარულებს: ჩვენს უფლებებს ნუ დაარღვევთ, თორემ თუნდაც, ჩაუქრობლად გენთოთ ეგ შხამიანი უბედურება.

ინგა ჯაყელი