ადა­მი­ან­მა არ­ჩე­ვა­ნი უფალ­ზე უნ­და შე­ა­ჩე­როს - გზაპრესი

ადა­მი­ან­მა არ­ჩე­ვა­ნი უფალ­ზე უნ­და შე­ა­ჩე­როს

- როგორ უნდა განეწყოს ადამიანი სიღარიბის მიმართ, რომ სასოწარკვეთილებას არ მიეცეს? ვიცით, რომ მატერიალური გასაჭირი ბევრს სასოწარკვეთილებაში აგდებს...

მამა მაკარი:

- არა მარტო სიღარიბე, არამედ რა მდგომარეობაშიცაა ადამიანი, უნდა მიიღოს ღვთისგან. თუ ღარიბია და შეუძლია ამ მდგომარეობის გამოსწორება, ეს არ ეკრძალება. არ უნდა იფიქროს, რადგან ღარიბია, ეს ღმერთმა მისცა და აუცილებელია, ამ ყოფაში იყოს მუდამ. ასე არ არის, მაგრამ თუ შეუძლებელია მდგომარეობის გამოსწორება, მიიღოს ისე, რომ ეს მისი სულისთვისაა აუცილებელი. სიტუაციის გაუმჯობესება აუცილებლად უნდა მოხდეს კანონიერი გზებით, რაც არ ეწინააღმდეგება ღვთის მცნებებს. ამ გზით მატერიალური სიმდიდრის მოპოვება ცოდვა არ არის. შეუძლია, ეს სიმდიდრე გამოიყენოს როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვა ადამიანებისთვის ანუ ადამიანმა ყოველთვის უნდა იშრომოს და შრომის შედეგს მოელოდეს ღვთისგან.

- სახარება გავიხსენოთ, სადაც მდიდარი ჭაბუკი ეკითხება მაცხოვარს - რა ვქნა, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროო? რაზეა ყურადღება გამახვილებული სახარების ამ მონაკვეთში?

- ამ მონაკვეთში მოთხრობილია, როდესაც უფალთან მიდის მდიდარი ადამიანი და ეუბნება: მოძღვარო სახიერო, რაი ვქნა, რომ ცხოვრება საუკუნო დავიმკვიდროო. პირველ რიგში დავაკვირდეთ ამ ადამიანის ქმედებას, - გაიქცა, როდესაც მაცხოვარი დაინახა და მუხლებზე დაეცა. ჩანს, რომ მას მართლა აინტერესებდა, როგორ ეცხოვრა, რომ ღვთივსათნო ყოფილიყო. ერთი შეხედვით, ჭაბუკი არ იყო ამპარტავანი და პატივმოყვარე თავისი სიმდიდრის გამო, - მიირბინა და მუხლებზე დაეცა მაცხოვრის წინაშე. უფალმა ჰკითხა: - მცნებები იცი? და ჩამოუთვალა ის მცნებები, რომელიც მოსეს სჯულით მიეცათ ადამიანებს. უფალმა მშვენივრად უწყოდა, ეს ჭაბუკი აღასრულებდა თუ არა ღვთის მცნებებს, მაგრამ მაინც ჰკითხა, რათა თავად ეპასუხა და მისულიყო იქამდე, რომ საბოლოო ნაბიჯი გადაედგა უფლის მისაღებად. ჭაბუკმა სწრაფად უპასუხა: ამ ყველაფერს ახალგაზრდობიდან ვაკეთებ და რაღა მაკლიაო? დავუკვირდეთ ერთ რამეს: მიუხედავად იმისა, რომ მუხლზე დაეცა მაცხოვრის წინ, უკვე მაინც ჩანს მისი ამპარტავნება, რადგან ამბობს, - ცოდვები არ მაქვს და რაღა მაკლიაო? ანუ თავი უკვე სრულყოფილ ადამიანად წარმოედგინა. შესაძლებელია, მაცხოვრისგან ასეთ პასუხს ელოდა - არაფერი გაკლია, ასე გააგრძელე და სასუფეველს დაიმკვიდრებო, მაგრამ ასე არასოდეს ხდება, ადამიანი თუ რაიმეს მიაღწევს სულიერებაში, კიდევ მეტი ნაბიჯი უნდა გადადგას, რადგან უფალი ბრძანებს: `იყავ შენ სრულ, ვითცა მამაი შენი ზეცათაი სრულ არს~. შეუძლებელია, ადამიანმა უფლის მსგავს სრულყოფილებას მიაღწიოს, მაგრამ განუწყვეტელი სწრაფვა უნდა ჰქონდეს ამისკენ, დაუსრულებლად იაროს სრულყოფილების გზაზე და არასდროს ჩათვალოს, რომ სრულყოფილია. პასუხად უფალი ეუბნება: `უკეთუ გნებავს სრულ ყოფაი, ერთიღა გაკლს შენ, წარვედ და რაოდენი გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, აღიღე ჯუარი, მოვედ და შემომიდეგ მე~. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ის ადამიანი მართლაც აღასრულებდა მცნებებს, მას ჰქონდა ვერცხლისმოყვარეობის ცოდვა, სიმდიდრის სიყვარული. ის არ იყო სულიერად მდიდარი, პირიქით, ძალიან ღარიბი იყო, რადგან ვერ ფლობდა თავის სიმდიდრეს - სიმდიდრე ფლობდა მას და არ შეეძლო განშორებოდა. როდესაც ადამიანი სიმდიდრეს ფლობს, შეუძლია, როგორც თვითონ სურს, ისე განაგოს. ამ კაცს კი სურდა, სიმდიდრე განუყოფელი ყოფილიყო მისგან. უფალმა დაანახვა თავისი ცოდვა და ასწავლა, როგორ უნდა მოქცეულიყო. მაგრამ რა მოხდა ამ დროს? - `ხოლო იგი შეწუხნა ამის სიტყვისაი და წარვიდა, რამეთუ აქუნდა მონაგები ფრიადი~. წარმოიდგინეთ, მივიდა მაცხოვართან, მის წინაშე მუხლებზე დაეცა, ჰკითხა, რა ვქნა, უფალო, რომ ღვთის მცნებები მეტად აღვასრულოო, მაგრამ მწუხარე შეიქმნა და განეშორა მაცხოვარს. მდიდარს სურდა, თან ღვთის მცნებები აღესრულებინა, თან სიმდიდრე ჰქონოდა. იმ პერიოდში, როდესაც ადამიანებს საკვებ-საზრდელის ფულიც კი არ ჰქონდათ, მის გარშემო უამრავი ადამიანი ცხოვრობდა, ვისაც მისი სიმდიდრიდან ნაწილი სჭირდებოდა. მდიდარს სურდა ელოცა, მარხვა დაეცვა ანუ რასაც თვითონ აღასრულებდა ფიზიკურად, რის გაკეთებასაც შეძლებდა, ეგონა, ამით მოიპოვებდა უფალთან მყოფობას, მაგრამ მას აბსოლუტურად დავიწყებული ჰქონდა მოწყალება. უფალმაც სწორედ ამაზე მიუთითა. ის უწყალო იყო, მისი სიმდიდრე უწყალობით იყო მოპოვებული. ასე რომ არ ყოფილიყო, არ დაენანებოდა თავისი ქონება და მაცხოვრის მოწაფე შეიქმნებოდა. როდესაც ის ამბობს, - ეს მცნებები ჩემი სიყრმიდან აღმისრულებიაო, ცრუობს. სწორედ ამაში ამხელს მაცხოვარი. უმთავრესი - მოყვასის სიყვარული არ ჰქონდა. ვიცით, რომ ღვთის სიყვარული და მოყვასის სიყვარული არის ორი უმთავრესი მცნება, რომელზეც უნდა იყოს დაფუძნებული ადამიანის ცხოვრება, რაც მიიყვანს ადამიანს უფალთან. თუ ერთ-ერთი არა აქვს, ესე იგი, არც მეორე აქვს და ამ მდიდარი ჭაბუკის მსგავსად, ვერც ჭეშმარიტი მოწყალე იქნება. მას რომ ღმერთი ჰყვარებოდა და მცნებები აღესრულებინა სიყვარულით, მაშინ მოწყალეც იქნებოდა, მოყვასი ეყვარებოდა და უფლის სიტყვების აღსრულება - გაყიდე ყველაფერი და შემომიდექ მეო, - არ გაუჭირდებოდა.

- როდესაც მდიდარი ჭაბუკი მაცხოვარს ეკითხება: - რა გავაკეთო, რომ ცხოვრება საუკუნოდ დავიმკვიდროო, მაცხოვარი მიუგებს: - მცნებები დაიცავი და ცხონდებიო. აქედან ჩანს, რომ მხოლოდ მცნებათა დაცვითაც შეიძლება ცხონდეს ადამიანი...

- რა თქმა უნდა, მაგრამ დავუკვირდეთ ამ მონაკვეთს. მარტივად რომ ვთქვათ, მცნებების დაცვითაც ცხონდება ადამიანი, მაგრამ თუ მას სურს მიაღწიოს სრულყოფილებას, მაშინ უნდა დაუტევოს დედამიწაზე ყველაფერი და შეუდგეს უფალს, მხოლოდ ღვთისთვის იცხოვროს, რაც არის ბერმონაზვნობა. მაგრამ უფალი ყველას არ მოუწოდებს ამისკენ. ის მდიდარ ჭაბუკს ეუბნება: თუ გინდა სრულ იყო, მაშინ დაუტევე ყველაფერი და მე გამომყევიო, თუმცა აქ არის მეორე მომენტიც - თუ ამ ჭაბუკის ცხოვრებას დავუკვირდებით, მას იმდენად ჰქონდა სიმდიდრის სიყვარული, ერთი შეხედვით თითქოს მცნებებსაც კი აღასრულებდა, მაგრამ არ იყო სრულყოფილი. როდესაც მაცხოვარი მცნებებს ჩამოუთვლის, აღნიშნავს კიდეც, გლახაკებს, უპოვართ დაეხმარეო. თუ მოწყალე იყო და გლახაკებს ეხმარებოდა, მაშინ საიდან ჰქონდა ამდენი ქონება დაგროვილი, თან იმ პერიოდში, როდესაც ადამიანები შიმშილითაც კი იხოცებოდნენ? ამ ჭაბუკზე კი წერია: `რომელ იყო მდიდარ ფრიად~. სახარება შემთხვევით არაფერს აღნიშნავს და ესეც არ არის შემთხვევითი, ამით მიგვითითებს, რომ მხოლოდ გარეგნულად აღასრულებდა ღვთის მცნებებს. თუ ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, ყველაფერი მიატოვოს ღვთის გამო და მას ეს არ შეუძლია, მაშინ არ ყოფილა ჭეშმარიტი ქრისტიანი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუკი ადამიანს ოჯახი ჰყავს, შრომობს, მოწყალეა, უფლის მცნებებს იცავს, ის არ ცხონდება. მაგრამ თუ მის ცხოვრებაში დადგება მომენტი - გაჰყვეს უფალს, უარყოს ყველაფერი ღვთის გამო თუ მიწიერი აირჩიოს, მან უნდა უარყოს ყველაფერი და გაჰყვეს უფალს. ზუსტად ეს შემთხვევაა, როდესაც უფალი ეუბნება, - გაყიდე ყველაფერი და შემომიდექ მეო. მან კი უფალთან მყოფობაზე თქვა უარი. არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ უფალი გამოგვეცხადება და მოგვიწოდებს, ეს ცხოვრებისეულად ხდება, ვდგებით არჩევანის წინაშე - კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგათ უფლისკენ, ან ისევ მიწიერებაში დავრჩეთ. თუ ასეთი არჩევანი დაგვიდგება, ნაბიჯი ყოველთვის უნდა გადავდგათ ღვთისკენ და მოვაკლოთ მიწიერებას, რადგან უფალმა მოგვიწოდა და მას სიხარულით უნდა გავყვეთ.

შორენა მერკვილაძე