ბანქოს სახლი (ნაწილიXIII) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (ნაწილიXIII)

ჯაბვალა წამით გაჩუმდა.

- მაინც სად სწავლობენ თქვენი შვილები? - ეშხში საბოლოოდ შესული სტუმრის გრძნობებით სავსე მონოლოგის შეწყვეტის შესაძლებლობა ხელიდან არაფრით გაუშვა მთავარმა შოლტმა.

- ჩემმა უფროსმა ვაჟმა უორტონის მეწარმეობის სკოლა დაამთავრა და მაგისტრის ხარისხი მიიღო. უმცროსი კი კემბრიჯში, იესოს კოლეჯის იურიდიულ ფაკულტეტს ამთავრებს და იმის დიდი იმედიც მაქვს, რომ მალე მედიცინის შესწავლასაც სწორედ კემბრიჯში შეუდგება.

- თავად რას საქმიანობთ? - ჰკითხა ურჰარტმა ინდოელს.

- საქმე ისაა, ბატონო ურჰარტ, რომ საფუძვლიანი განათლების მიღების ყველანაირი იმედი ჯერ კიდევ იმ შფოთიან წლებში გადამეწურა, როცა ჩემმა ქვეყანამ ის-ის იყო, დამოუკიდებლობა მიიღო. - კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას შორიდან მოვლა ამჯობინა ჯაბვალამ. - ასე რომ, ცხოვრებაში გზის გაკვლევა მხოლოდ მოთმინებითა და მუხლჩაუხრელი შრომითღა მომიხდა.

- გასაგებია, მაგრამ ამჟამად კონკრეტულად მაინც რით ხართ დაკავებული? - ჩაეძია მთავარი შოლტი.

- მხოლოდ ვაჭრობით, სერ. - წამით ხმაში ისევ სინანული გაუკრთა ინდოელს. - თუმცაღა, მაინც სიამაყით შემიძლია იმის თქმა, რომ რაღაცას მეც მივაღწიე.

- კონკრეტულად რით ვაჭრობთ?

- ჩემს ბიზნესს, ბატონო ურჰარტ, რამდენიმე მიმართულება აქვს. კერძოდ: უძრავი ქონება, საბითუმო ვაჭრობა, ფინანსები...

- საკმაოდ სერიოზული მიმართულებები აგირჩევიათ.

- და არც შედეგებით ვარ უკმაყოფილო. თანაც, როგორც ბიზნესმენი, საზოგადოების წინაშე ჩემს ვალდებულებებსაც კარგად ვაცნობიერებ და, რაც მთავარია, ვასრულებ კიდეც.

- ეს განსაკუთრებით მისასალმებელია.

- გეთანხმებით, სერ და თქვენთანაც, პირველ რიგში, სწორედ ამაზე მინდოდა დალაპარაკება.

ამასობაში მთავარი შოლტი და მისი სტუმარი უკვე სასაუბრო ოთახში შევიდნენ და ერთ-ერთ მწვანე ტყავის სავარძელში მოხერხებულად მოკალათებულმა ჯაბვალამ ისევ თავისი ამბის მოყოლა განაგრძო:

- ბატონო ურჰარტ, მე სხვა ქვეყანაში დავიბადე და კარგად ვიცი, აქაურ საზოგადოებაში რომ სათანადოდ დამაფასონ, რაოდენ გულმოდგინედ უნდა ვიშრომო. თანაც, ეს ხომ ჩემზე მეტად ჩემს შვილებს სჭირდებათ. ძალიან მინდა, მათ ყველა იმ უპირატესობითა და სიკეთით ისარგებლონ, რითიც, დიდი მონდომების მიუხედავად, მამაჩემმა ვერაფრით უზრუნველმყო. ყველანაირად ვცდილობ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას, ვეხმარები `როტარი ქლაბის~ ადგილობრივ ორგანიზაციას, საქველმოქმედო მიზნებისთვის სახსრების გაღებაც არასდროს მავიწყდება და, როგორც თავადაც კარგად მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის მართლაც მხურვალე მხარდამჭერი გახლავართ.

- ამიტომაც ვწუხვარ, რომ დღეს ის თქვენ და სხვა მხარდამჭერების წინაშეც არცთუ მთლად დამაჯერებლად წარდგა.

- რაც იმას ნიშნავს, რომ მეგობრებისა და თანამოაზრეების მხარდაჭერა ახლა განსაკუთრებით სჭირდება.

ამ სიტყვების შემდეგ მცირე ხნით ორივე შეთქმულივით დადუმდა და ერთმანეთის ფარული ჩანაფიქრის ამოცნობას შეეცადა. მერე კი ისევ ჯაბვალა, ოღონდ კიდევ უფრო შემპარავად ალაპარაკდა:

- იცით, ბატონო ურჰარტ, თქვენით როგორი აღფრთოვანებული ვარ?

- მართლა?

- დიახ, დიახ, ნამდვილად ასეა. და, ამიტომაც, ჩემთვის ნამდვილი ბედნიერება იყო არჩევნების დროს მოკრძალებული დახმარება რომ აღმოგიჩინეთ და ბედნიერი ვიქნები, თუ ამის გაკეთების შანსი კიდევ მომეცემა.

- ჩემი დახმარების შანსი?

- თქვენი, პრემიერ-მინისტრის, მთელი მთავრობის... როგორც მთავრობის კურსის გულმხურვალე მხარდამჭერი, ყველას დახმარებას ერთნაირად ვისურვებდი.

- მაინც როგორ?

- კარგად ვიცი, საარჩევნო კამპანიების ჩატარება რაოდენ მნიშვნელოვან სახსრებს მოითხოვს და, ამიტომაც, თქვენს პარტიულ ხაზინას მოკრძალებულ თანხას მეც სიამოვნებით შემოვწირავდი.

- ა?.. პარტიულ ხაზინას?

- დიახ... რადგან ვფიქრობ, რომ ამჟამად სახსრები განსაკუთრებულადაც კი უნდა გაკლდეთ.

- მაინც რამდენის შემოწირვას აპირებთ?

ჯაბვალამ დიპლომატი მაგიდაზე დადო, ხმაურით გახსნა და მთავარი შოლტისკენ თავახდილი შეაბრუნა:

- ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ამ 50.000 გირვანქა სტერლინგს პარტია ჩემი მხარდაჭერის ნიშნად მიიღებს.

გაოგნებულ ფრენსის ურჰარტს ხელი კინაღამ ფულის შეკვრებისკენ გაექცა, მაგრამ ამის გაკეთების თითქმის დაუძლეველი სურვილი მაინც დროულად მოთოკა და ისიც მაშინვე შენიშნა, რომ ყოველი მათგანი დაჭმუჭნილი და გაცვეთილი ოცფუნტიანებისგან შედგებოდა და, თან, რეზინით კი არა, სპეციალური ქაღალდის ლენტით იყო შეკრული.

- ეს ძალიან უხვი შემოწირულობაა, მისტერ ჯაბვალა, - როგორც იქნა, თავი ხელში საბოლოოდ აიყვანა მთავარმა შოლტმა. - თანაც, პარტიის სახელით ასეთი დიდი თანხის და, მით უფრო, ნაღდი ფულით მიღება ჩემთვის საკმაოდ უხერხულიცაა.

- რაც სულაც არ მიკვირს, მაგრამ მეც უნდა გამიგოთ, ბატონო ურჰარტ. საქმე ისაა, რომ ინდოეთის სამოქალაქო ომის დროს მუსლიმების ბრბომ ჩვენი ოჯახის ბანკს ცეცხლი წაუკიდა, რის გამოც შენობა მთლიანად დაიწვა და მასთან ერთად ყველა აქტივი და დოკუმენტი განადგურდა. მართალია, ქვეყნის მთავარი ბანკის გამგეობამ მამაჩემს თანაგრძნობა გამოუცხადა, მაგრამ ისიც მაშინვე აუწყა, რომ შესაბამისი დოკუმენტების გარეშე (არადა, მშვენივრად იცოდა, რომ ყველაფერი ხანძარმა შთანთქა) ჩადებულ სახსრებს ვეღარ დაგიბრუნებთო. ასე რომ, შესაძლოა, თქვენს თვალში ძალიან ძველმოდური გამოვჩნდე, მაგრამ მას შემდეგ ნაღდ ფულს უფრო ვენდობი, ვიდრე ბანკებსა და მოლარეებს. - თვალები ეშმაკურად მოწკურა ინდოელმა.

ურჰარტმა მისი მონაყოლიდან ერთი სიტყვაც კი არ დაიჯერა, მაგრამ მაინც არაფერი შეიმჩნია და, თანაგრძნობის ნიშნად, საკმაოდ ღრმადაც კი ამოიოხრა:

- ძალიან კარგად მესმის თქვენი, მისტერ ჯაბვალა. ნება მომეცით, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ გკითხოთ, ასეთი მხარდაჭერის სანაცვლოდ რის მიღება გსურთ? ჩვენთან ხანდახან ისეთი დონორებიც მოდიან, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ პარტიასაც შეუძლია მათთვის რაიმე მნიშვნელოვნის გაკეთება. არადა, უნდა გითხრათ, რომ ჩვენი შესაძლებლობები ძალზე შეზღუდულია...

პასუხად ჯაბვალამ თვალისმომჭრელად გაიღიმა და, უარის ნიშნად, თავი ენერგიულადაც გაიქნია:

- მე მხოლოდ პრემიერ-მინისტრისა და პირადად თქვენი მტკიცე მხარდაჭერის სურვილი მამოძრავებს, მისტერ ურჰარტ!

- და სხვა არაფერი?

- როგორც ჩვენი საარჩევნო ოლქიდან არჩეულ პარლამენტის წევრს, რაღა თქმა უნდა, კარგად მოგეხსენებათ, რომ ხანდახან, ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მეგობრული კონტაქტების დამყარება მიწევს. - ისევ შორიდან მოუარა ჯაბვალამ. - ზოგჯერ ეს რაიმე ნებართვის მისაღებად, ზოგჯერ ტენდერებში მონაწილეობის მისაღები განაცხადის გასაფორმებლად და კიდევ უამრავი სხვა რამისთვისაც არის საჭირო. ასე რომ, იმის გარანტიას ნამდვილად ვერ მოგცემთ, რომ ადგილობრივ პრესაში ჩემს გვარს არასდროს წააწყდებით ანდა, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო, დახმარებისთვის არასდროს მოგმართავთ, მაგრამ მერწმუნეთ, პირადად ჩემთვის არასდროს არანაირი პრივილეგიის ძებნას არ დავიწყებ.

- სულ-სულ არანაირის? - კიდევ უფრო გულმოდგინედ ჩაეძია ინდოელს ურჰარტი.

- მხოლოდ ერთადერთი თხოვნა თუ მექნება... - როგორც იქნა, მთავარ სათქმელს მიადგა და, თან, თვალები მორცხვად დახარა ჯაბვალამ. - მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვინდა, რომ პრემიერ-მინისტრთან მისთვის მოსახერხებელ დროს შეხვედრის საშუალება მოგვეცეს და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მხარეში ოდესმე საერთოდ აღმოჩნდება. ალბათ, ხვდებით, ამას ჩემი მეუღლისთვის რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს.

`მერე კი განმარტოებით მოსაუბრე ჯაბვალასა და პრემიერ-მინისტრის ფოტო ადგილობრივ პრესაშიც აუცილებლად გამოჩნდება~, - გაიფიქრა მთავარმა შოლტმა, რომლისთვისაც მსგავსი ხრიკები ზედმიწევნით კარგად იყო ცნობილი, მაგრამ ინდოელს ისევ თავაზიანად გაუღიმა:

- დარწმუნებული ვარ, რომ ამის მოწყობა შესაძლებელია. მეუღლესთან ერთად დაუნინგ-სტრიტზე გამართულ რომელიმე მიღებაზე დასწრების შესახებ რაღას იტყოდით?

- დაუნინგ-სტრიტზე? - გაიბადრა ინდოელი. - ჩემთვის უდიდესი პატივია ასეთ მიღებაზე მოხვედრა. და თუკი პრემიერ-მინისტრისთვის კონფიდენციალურად რამდენიმე სიტყვის თქმის საშუალებაც მომეცემოდა, ხომ მთლად შესანიშნავი იქნებოდა. ძალიან მინდა მის მიმართ ჩემი უდიდესი აღფრთოვანების პირადად გამოხატვა.

- ამის მოწყობაც შეიძლებოდა, მაგრამ ხომ გესმით, რომ პრემიერ-მინისტრი ვერანაირ ფულს პირადად ვერ მიიღებს. ეს მისთვის მეტისმეტად დელიკატური საქმე იქნებოდა.

- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, მისტერ ურჰარტ! ამიტომაც გთხოვთ, რომ მისი სახელით ეს ფული თქვენ მიიღოთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში