რა­ტომ არ უნ­და მი­ვირ­თ­ვათ ხში­რად ტკბი­ლი გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი? - გზაპრესი

რა­ტომ არ უნ­და მი­ვირ­თ­ვათ ხში­რად ტკბი­ლი გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი?

ლიმონათის და ტკბილი სასმელების სიყვარულს ადამიანი ადრეული ასაკიდანვე ეჩვევა. ალბათ ძნელია ვინმემ თავისი ბავშვობა წარმოიდგინოს და ამ ნუგბარის გემო არ გაიხსენოს, თუმცა გაზიანი სასმელების ყოველდღიურ რაციონში ჩართვა, დაუშვებელია, - ამბობს კვების პროდუქტების ექსპერტი, პროფესორი ლია ბერიკაშვილი. რატომ? - ამ შეკითხვაზე პასუხს მისსავე ინტერვიუში ამოიკითხავთ:

- ჩვენს მაღაზიებში უამრავი დასახელების უალკოჰოლო, ტკბილი გაზიანი სასმელი იყიდება. ადგილობრივი მწარმოებლებიც ბლომად გვყავს და იმპორტიორებიც. ეს სასმელები ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ: მატონიზებელ და გამაგრილებელ ტკბილ სასმელებად, რომლებსაც ჩვენში ლიმონათს ეძახიან. ეს სასმელები ჩვენში ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს. ისინი განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ.

- რამდენად ხარისხიანია ეს პროდუქტი?

- არ ვიცით, რადგან 2012 წლამდე ჩვენ შესაბამისი კანონი არ გვქონდა: კანონი, რომელიც სურსათის უვნებლობას შეამოწმებდა, 2004 წელს გააუქმეს, რის გამოც ყველაფერი თვითდინებაზე იყო მიშვებული. მართალია, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2012 წელს დაიწყო ამ საკითხებზე მუშაობა, მაგრამ პრობლემის უცბად მოგვარება ძალზე რთულია: ყველა სასაქონლო ჯგუფზე შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაა საჭირო, ბაზარზე ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქცია რომ არ გაიპაროს. პირველ რიგში იმას უნდა მიექცეს ყურადღება, რომ ადამიანი არ მოიწამლოს და არ მოკვდეს, ხარისხზე მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი.

- ყველამ ვიცით, რომ უცხოურ სასმელებს შორის ყველაზე უფრო პოპულარული `კოკა-კოლაა~, მიუხედავად იმისა, რომ მასზე უამრავი უარყოფითი ინფორმაცია ვრცელდება. როგორია თქვენი, როგორც სპეციალისტის აზრი ამ უცნაურ მოვლენაზე?

- მართლაც ვინ იცის, რამდენი ჭორ-მართალი ვრცელდება ამ სასმელზე: ამბობენ, რომ ამ სასმელით ნიჟარებს და უნიტაზებს წმენდენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს კომპანია მაინც არსებობს და ყოველდღიურად ვითარდება. ვერაფერს აკლებენ და ამის მიზეზი ისიც არის, რომ მატონიზებელი სასმელია. ამგვარი სასმელები ადამიანს დამოკიდებულებას უჩენს, როგორც მაგალითად, ყავა, რომელიც კოფეინს შეიცავს - კოფეინი დამოკიდებულს გვხდის ყავაზე, სხვათა შორის, კოფეინი გაზიან სასმელებშიც არის, გარდა ამისა, მას შეიძლება შერეული ჰქონდეს ჟენშენი ან სხვა ნივთიერება - ალკალოიდები, რომლებიც სერიოზულ დამოკიდებულებას იწვევენ. კოფეინის და ტონუსის მიმცემი ნივთიერებების გამო, მსგავსი სასმელების მიღება ბავშვებისთვის ნამდვილად არ არის სასურველი. როგორც ყავის მოყვარულებს ორგანიზმი გვთხოვს კოფეინის მიღებას, დაახლოებით იგივე ხდება მატონიზებელი სასმელების მიღების დროსაც - რაც უფრო მეტს ვსვამთ, მეტი და მეტი გვინდება. ყოველდღიურად მისი მიღება არათუ ბავშვებისთვის, მოზრდილებისთვისაც არ არის მიზანშეწონილი და სასურველი.

- რას იტყოდით ჩვეულებრივ, გაზიან სასმელზე - ე.წ. ლიმონათზე, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ?

- ჩვენს სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში სხვადასხვა დასახელების, ფერად-ფერადი ლიმონათები იყიდება. მომხმარებელი უნდა ეცადოს ბავშვისთვის არ იყიდოს ისეთი გაზიანი სასმელი, რომელიც მკვეთრი ფერისაა: როდესაც სასმელი არის მკვეთრი წითელი, მკვეთრი მწვანე ან მკვეთრი ყვითელი, ესე იგი, მასში დიდი რაოდენობით ხელოვნური საღებავია შერეული. რატომ? - საერთოდ, ბუნებრივი საღებავი გადამუშავების შემდეგ ასეთ მკვეთრ ფერს ვერ ინარჩუნებს. ამგვარი სასმელების ყოველდღიურად მიღება არ არის სასურველი მოზარდის ორგანიზმისთვის.

- ესე იგი, დანამატებიც უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე?

- დანამატები არსებობს ბუნებრივი და ხელოვნური. სასმელში სარებავს ურევენ ლამაზი და ხასხასა შეფერილობის მისაცემად, ან რომ არ გაფუჭდეს და დიდი ხნით შენარჩუნდეს. ასეთი სასმელი შეიძლება უფრო გემრიელია, ვიზუალურადაც ლამაზია, მაგრამ ხელოვნური, ქიმიური დანამატები ჩვენს ორგანიზმში ილექება და დიდხანს რჩება. დღეს ძალზე ძნელია რაღაც სასმელი კი არა, პროდუქტი იპოვო, რომელსაც ხელოვნური დანამატი - ე.წ. ემულგატორი არ ექნება.

- ძალიან ბევრი სვამს გაზიან სასმელს, რომელსაც აწერია `0%~, ნუთუ ასეთი სასმელები მართლა დიეტურია?

- დიახ, არსებობს ასეთი მარკეტინგული ხრიკი, რომელსაც უცხოური ფირმებიც იყენებენ და ადგილობრივებიც: როდესაც გაზიან სასმელს აწერია კალორია 0% ანუ ე.წ. ზერო. საერთოდ, 0% კალორია არ არსებობს. უბრალოდ, ზოგიერთი 0 პროცენტ შაქარს ნულ პროცენტ კალორიად აღიქვამს. ამ ტიპის სასმელები შაქრის შემცვლელით არის დამზადებული და არა - შაქრით. შაქრის შემცვლელი არის ხელოვნური ტკბილი მასა, რომელიც არ არის სასურველი ჯანმრთელი ადამიანისთვის, მით უმეტეს, მუდმივად ასეთი სასმელების მიღებაც არ არის რეკომენდებული. მე არ ვამბობ, რომ საერთოდ ავკრძალოთ და არ დავლიოთ, მაგრამ სისტემატურად მათი მიღება არ ვარგა. ძალიან ხშირად მესმის: დიეტაზე ვარ და 0%-იან სასმელს ვსვამო. ასეთი სასმელი დღეში შეიძლება 1-2 ლიტრიც დალიონ, რაც ნამდვილად არ არის სასურველი, უფრო მეტიც, შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი დააავადოს, დიაბეტი გაუჩინოს ან სხვა პრობლემა შეუქმნას.

- ახალგაზრდებს შორის ძალიან პოპულარულია ე.წ. ენერგეტიკული სასმელებიც. მათზე რას იტყვით?

- ენერგეტიკული სასმელი ნიშნავს, რომ დალევ და ენერგიაზე ძალზე სწრაფად მოჰყავხარ. კოფეინს, ნახშირწყლებს, საკვებ დანამატებს და ზრდად ექსტრაქტებს თითქმის ყველა გაზიანი თუ ენერგეტიკული სასმელი შეიცავს. ზემოთ უკვე ვთქვი, რომ კოფეინის და ზრდადი ექსტრაქტის გამო ადამიანი ამ სასმელებზე დამოკიდებული ხდება. მათში შემავალ შაქარს ორგანიზმი სწრაფად იწოვს და რაღაც პერიოდით ენერგიას მართლაც გვმატებს. ამიტომ, ამ სასმელების დიდი რაოდენობით მიღებაც არ არის სასურველი. ენერგეტიკულ სასმელთან ალკოჰოლის მიღება კი, საერთოდ საშინელებაა. ისიც გამიგია, რომ ახალგაზრდები `კოკა-კოლას~ და არაყს ერთად სვამენ, ესეც არ შეიძლება. გაზიანი სასმელი და ალკოჰოლი სავსებით საპირისპირო გავლენას ახდენს ორგანიზმზე და ძალზე ცუდ მდგომარეობაში აგდებს მას.

- სხვათა შორის, ენერგეტიკული სასმელები ბევრზე საერთოდ არ მოქმედებს, არც ენერგიას მატებს. ეს რისი ბრალია?

- სხვათა შორის, მათი დალევისას მეც ვერაფერს ვგრძნობ - ვერც ტონუსის ამაღლებას და ვერც ენერგიის მომატებას, მაგრამ მყავს ნაცნობები, რომლებიც სვამენ და ამბობენ, რომ ენერგეტიკული სასმელი მათ ძალას და ენერგიას აძლევს. ალბათ, ყველაფერი ინდივიდუალურია: ზოგი ყავას დალევს და შეიძლება მთელი ღამე აღარ დაეძინოს, ზოგი - ძილის წინაც სვამს და მაინც ეძინება. იმავეს თქმა შეიძლება მატონიზებელ ანუ ენერგეტიკულ სასმელებზე, რომლებიც კოფეინს და ისეთ ექსტრაქტებს შეიცავს, რომელიც ორგანიზმს ტონუსს მატებს.

- ცნობილია, რომ ტკბილი სასმელები ზედმეტი კილოგრამების დაგროვებასაც უწყობს ხელს.

- ეს ბუნებრივია: ადამიანი მთელი დღის განმავლობაში ისედაც დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს იღებს თუნდაც პურის, ან ცომეულის მეშვეობით, ნახშირწყლებს კი, ძალიან სწრაფად ითვისებს ჩვენი ორგანიზმი. ამას რომ კიდევ გაზიან სასმელებს დავუმატებთ, ეს უარყოფით შედეგს აუცილებლად მოგვცემს. დავანებოთ თავი ტკბილ სასმელებს, დიდი რაოდენობით გაზიანი მინერალური წყლების მიღებაც არ არის რეკომენდებული. თუ დააკვირდებით, სუფრასთან რომ ზიხართ, ერთი ჭიქა ლიმონათიც რომ დალიოთ, მერე უკვე ვეღარ ეშვებით. აქედან გამომდინარე, სასურველია, მსგავსი სასმელები რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობით მიიღოთ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი სასმელი თქვენს რაციონში ყოველდღიურად არ უნდა იყოს, რადგან ეს დიდი რაოდენობით ნახშირწყლების და ხელოვნური დანამატების მიღებას ნიშნავს.

- როგორ მოქმედებს ეს სასმელები კბილების სიჯანსაღეზე?

- საერთოდ, შაქარიც კი მოქმედებს კბილის მინანქარზე, ამას ემატება გაზი, ხელოვნური დანამატები და რა თქმა უნდა, კბილები თანდათან ზიანდება. მით უმეტეს, ბავშვებს ამ სასმელების მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა აქვთ: სულ ლიმონათი და გაზიანი სასმელები უნდათ. თუ მაინც ყიდულობთ, სასურველია, შუშის ბოთლში ჩამოსხმული სასმელი შეიძინოთ, თუმცა, ყველაზე უკეთესია დედამ ბავშვები შინაურ პირობებში დამზადებულ ხილის წვენებს და კომპოტებს მიაჩვიოს, თუმცა ამის მიღწევა ცოტათი რთულია, რადგან ხშირი მიღების დროს ძალაუნებურად გაზიან სასმელებზე დამოკიდებული ხდები. მაგალითად მე ვცდილობ, მსგავსი სასმელები საერთოდ ამოვიღო ჩემი რაციონიდან. თანაც, უცხოურს ისევ ჩვენი პროდუქციის შეძენა მირჩევნია. არ ვამბობ, რომ ქართულ პროდუქციაში დანამატები არ არის, მაგრამ ის მაინც ვიცი, რომ ტრანსპორტირება არ დასჭირვებია და თვეების წინ არ არის ჩამოსხმული. ამავე დროს, არ შევიძენ ისეთ პროდუქციას, რომლის მწარმოებელსაც ვერ ვენდობი და არ ვიცნობ. ასე რომ, მე მაინც ადგილობრივი, ქართული პროდუქციის შეძენის მომხრე ვარ და სხვებსაც ამას ვურჩევ.

ხათუნა ჩიგოგიძე