"ქერის უბანში" ყველა წამყვან პოლიტიკოსს შეხვდებით" - გზაპრესი

"ქერის უბანში" ყველა წამყვან პოლიტიკოსს შეხვდებით"

მსახიობი გიორგი მარშანია იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა. როცა დავურეკე, მისმა რეაქციამ გამაკვირვა, - "უი, "ერუდიტში" უნდა ჩამწერო? მიხარია". შეხვედრის დროს კი "სიხარულის" მიზეზი ასე ახსნა:

პრეამბულის მაგიერ

- განა იმიტომ მიხარია, რომ ძალიან დიდი ერუდიტი ვარ და ყველა კითხვას პასუხს გავცემ. რომელ კითხვაზეც პასუხი არ მეცოდინება, შემრცხვება. მომავალში მეტის წაკითხვასა და ცოდნის შეძენას შევეცდები. რომ გითხრა, ჟურნალებს ხშირად ვკითხულობ-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ "გზაში" ამ რუბრიკას წაუკითხავს არასდროს ვტოვებ. იმასაც ვაღიარებ, რომ ბევრი რამ მისწავლია.

- თუ ასეა, მიხარია. ახლა რას კითხულობ?

- დღეს 2 საათი თავისუფალი დრო მაქვს, რობერტ ბლოხის ნაწარმოებებს ვკითხულობ, ეს წიგნი ბებიასთან არის. ინტერვიუს შემდეგ იქ მივალ, წავიკითხავ და წამოვალ. დღეს დავამთავრებ. ეს ავტორი კარგი ტიპია.

- "კარგი ტიპი" როგორია?

- სანამ წიგნის კითხვას დავიწყებდი, მის ბიოგრაფიას გავეცანი. ბლოხის ნაწარმოების მიხედვით ჰიჩკოკს ფილმი "ფსიქო" აქვს გადაღებული. ფილმებში საშინელებათა ჟანრი არ მიყვარს, მაგრამ წიგნში საინტერესო აღმოჩნდა.

- წაკითხულ ნაწარმოებებს ხელახლა უბრუნდები?

- ბავშვობაში უფრო ხშირად ვუბრუნდებოდი.

- რომელმა ნაწარმოებმა მოახდინა შენზე წარუშლელი შთაბეჭდილება?

- ქრისტინე ნესტლინგერის "ძირს კიტრა ხელმწიფე" საბვშვო მოთხრობაა. ის შთაბეჭდილება დღემდე მახსოვს, რომელიც ამ ნაწარმოების წაკითხვისას დამეუფლა.

- მალე ეთერში "კომედი ჯგუფის" კიდევ ერთი პროექტი - "ქერის უბანი" გავა. ამ პროექტზე რას იტყვი?

- ეს პოლიტიკური მულტფილმია, სერიები იქნება.

- ანუ პოლიტიკაში ყოფნა ქერის ორმოში ყოფნის ტოლფასია?

- (იცინის) მაგას თავად ნახავთ. ჩვენი სცენარისტები და პაროდისტები მუშაობენ. მოქმედება ქერის უბანში ვითარდება, სადაც 2 საცხოვრებელი სახლი დგას. ერთი წითელია, მეორე - ლურჯი. ფერები რაზე მიანიშნებს, ადვილი მისახვედრია. "ქერის უბანში" ყველა წამყვან პოლიტიკოსს შეხვდებით.

- რომელი ქართველი მოქანდაკე მუშაობდა როდენთან?

- იაკობ ნიკოლაძე.

- ბერძნულ მითოლოგიაში კარგად ერკვევი?

- ბავშვობაში უფრო ვიყავი გატაცებული, ახლა - ნაკლებად. ალბათ ბევრი რამ დავიწყებულიც მაქვს.

- აფროდიტე, პოსეიდონი, ეროსი. ბერძნული მითოლოგიის ამ ღმერთებს, რომელი ღმერთები შეესაბამებიან რომაულ მითოლოგიაში?

- ვაიმე, მაგდენი მართლა არ მახსოვს.

- ვენერა, ნეპტუნი, კუპიდონი. რომელ ქალაქში ინახებოდა "10 მცნების ქვა", ვიდრე იგი ტაძრის დარბევის დროს დაიკარგებოდა?

- იერუსალიმში.

- ვის ეკუთვნის გამონათქვამი - "გვარდია კვდება, მაგრამ არ ნებდება"?

- რომელიმე ცნობილ მხედართმთავარს, მაგრამ რომელს? (ფიქრობს) განწყობით ნაპოლეონს "ჰგავს". ასეა.

- გამოიცანი. რა ექრვა სევილიელ დალაქს?

- ვაიმეეე! მართლა ვიცოდი, ვერ ვიხსენებ.

- ფიგარო. რომელია ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტის ოკეანის დამაკავშირებელი სრუტე?

- გიბრალტარი.

- როგორ იბადება ზღარბი?

- არ ვიცი, რას გულისხმობ?

- ეკლებით იბადება?

- (იცინის) არა, თუ სწორად ვიცი, პატარა ზღარბუნიას თმა აქვს და მერე უუხეშდება.

- რომელი ქვეყანაა ბეისბოლის სამშობლო?

- ეს თამაში ძალიან უყვართ ამერიკაში. შესაძლოა, ეს ქვეყანა იყოს.

- დიახ. ცნობილია, რომ მეფის რუსეთში კატორღელებს წვერ-ულვაშს მხოლოდ ცალ მხარეს ჰპარსავდნენ. რატომ?

- თუ რომელიმე მათგანი გაქცევას მოახერხებდა, იოლად ამოიცნობდნენ.

- პოეზია გიყვარს?

- მიყვარს, მაგრამ ლექსები ზეპირად არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტსა და სკოლაშიც არაერთი გამოცდა მაქვს ჩაბარებული.

- "გაზაფხულის თქეში უშხაპუნებს...

GzaPress- ...(მაწყვეტინებს) ფანჯრებს,/ ყველა აივანი გადმოჰკიდებს ჩანჩქერს/ და მეზობლის გოგოც გაიხარებს მაშინ,/ წვიმის ასაღებად გავარდება კარში,/ რომ ხვალ უფრო კარგად თმები ზიმზიმებდეს,/ რომ ხვალ უფრო კარგად მე ვერ ვიძინებდე"...

- ადამიანის რომელ გრძნობას უწოდა შექსპირმა მწვანეთვალება ურჩხული? შურს, ბოღმას, ეჭვიანობას თუ სიძულვილს?

- ეჭვიანობას. არა?

- დიახ. შენში ეს გრძნობა რა დოზითაა?

- ეჭვიანი არ ვარ. ეს არაპრაგმატული გრძნობაა. თუ ეჭვიანობ, იმ ადამიანთან ურთიერთობა არ უნდა გააგრძელო. თუ მარტო შენთვის ეჭვიანობ, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს იტანჯავ. როცა გინდა, საყვარელი ადამაინი მარტო შენი იყოს და სულ შენთან იყოს, ეგოიზმი უფროა.

- "აიდა", "ოტელო", "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ბალ-მასკარადი". ვინ არის ამ ცნობილი ოპერების ავტორი?

- ჯუზეპე ვერდი.

- ერთხელ ვერდიმ განაცხადა, - ეს მუსიკის განუყოფელი ნაწილიაო და მისი პარტიტურაში ჩაწერაც კი მოითხოვა. რაზეა საუბარი?

- არ ვიცი.

- აპლოდისმენტებზე. რომელ კუნძულზე მომხდარ აჯანყებას ეხება ქართული ფილმი - "ჯვარცმული კუნძული"?

- ვერ ვიხსენებ.

- რეზო თაბუკაშვილის...

- (მაწყვეტინებს) დავიბენი, კუნძულ ტექსელზე მომხდარ აჯანყებას.

- 1872 წელს, თბილისსა და ფოთს შორის რკინიგზის გახსნის შემდეგ ერთ-ერთი უბნის ტერიტორია 2 ნაწილად გაიყო. რკინიგზის აღმოსავლეთ ნაწილში მუშახელი მიწებს უნებართვოდ იკავებდა. რა ეწოდა ახალ უბანს?

- ნაძალადევად იკავებდნენ და ნაძალადევი ეწოდა.

- ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ, რამდენი სამეფო ჩამოყალიბდა?

- სამეფო და არა - სამთავრო?

- მხოლოდ სამეფოებზე გეკითხები.

- ქართლის, კახეთისა და იმერეთის.

- ჭადრაკის თამაში გიყვარს?

- ნორმალურად ვთამაშობ.

- რამდენი პაიკია თამაშის დაწყების დროს საჭადრაკო დაფაზე?

- (ითვლის) 16 გამოდის.

- ჭოროხი, ენგური, თერგი, მტკვარი. ამ მდინარეებიდან რომელი მიედინება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე?

- ენგური.

- ამ ხელსაწყოს, რომელიც გამიზნულია ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის დასაფიქსირებლად, ოფიციალურად "პოლიფიზიოგრაფი" ჰქვია. დაასახელე მისი საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება.

- არ ვიცი.

- სიცრუის დეტექტორი. რომელმა მეფემ მოახერხა მონღოლთა თითქმის 100-წლიანი ბატონობის შემდეგ, მათი საქართველოდან განდევნა?

- გიორგი ბრწყინვალემ.

- საქართველოს რომელ მუნიციპალიტეტშია თავმოყრილი ისტორიული ძეგლები: წუღრუღაშენი, ქვეშის ციხე და ორბელიანთა კარის ეკლესია?

- ბოლნისში.

- ოჯახში მამის, დედისა და შვილის წლოვანებათა ჯამი 60-ია. მამის წლოვანება დედისა და შვილის წლოვანებათა ჯამის ტოლია. რამდენი წლის არიან მამა, დედა და შვილი?

- (პაუზის შემდეგ) 5, 25 და 30 წლის.

- მწერების რომელი ოჯახია დაყოფილი ფენებად: დედალი, მამალი, მუშა, ჯარისკაცი და მონა?

- ფუტკრების.

- ცდები.

- ჭიანჭველების.

- "ოსკარით" დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულებს სტატუეტებს ართმევენ და რამდენიმე დღის შემდეგ უბრუნებენ. რატომ?

- მათზე მფლობელის სახელი და გვარი რომ ამოტვიფრონ.

- ეს კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა და 1991 წლის 26 დეკემბერს დაიშალა. რომელ კავშირზეა ლაპარაკი?

- სსრკ-ზე.

- ამ ქვეყანაში ექიმებს კარგ გასამრჯელოს უხდიდნენ, მაგრამ თუ იმპერატორი ავად გახდებოდა, მის გამოჯანმრთელებამდე ფული აღარ ეძლეოდათ. რომელ ქვეყანაში ხდებოდა ასე?

- ვერ გეტყვი.

- ჩინეთში. დაასახელე მოგზაური, რომლის სახელსაც ატარებს სრუტე, რომელიც მან გაიარა, კუნძული, რომელზეც ის გარდაიცვალა და ზღვა, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში?

- ვერ გიპასუხებ.

- ბერინგი. რა ერქვათ მექადან მედინაში გაქცეულ მუჰამედის თანამებრძოლებს?

- მუჰაჯირები.

- რა ერქვა ალუდა ქეთელაურის ცოლს?

- 2 თვის წინ წავიკითხე, მაგრამ ვერ ვიხსენებ.

- ლელა. გოგონა სარკესთან მივიდა, საკუთარი გამოსახულება დაინახა და თავის თავს შუბლზე აკოცა. შეიძლება თუ არა, ასე რომ მოხდეს?

- არა. საკუთარ თავს სარკეში შუბლზე ვერანაირად ვერ აკოცებ.

- ვის პატივსაცემად ეწყობოდა ძველ საბერძნეთში ოლიმპიური თამაშები?

- ზევსის.

- "საკმარისია, ერთი უბრალო გასეირნება ფსიქიატრიულ კლინიკაში, რათა დარწმუნდე, რომ ძალა არაფერს ნიშნავს". რომელი ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსია ამ სიტყვების ავტორი?

- ვერ გიპასუხებ.

- ფრიდრიხ ნიცშე. - "თითქოს მზეს ჩამოვარდნოდა", "ბროწეულის ყვავილივით ჰყვაოდა"... რომელ პერსონაჟს აღწერს ასე გიორგი ლეონიძე?

- მარიტას.

- რომელი მხატვრის შემოქმედებაში უჭირავს განსაკუთრებული ადგილი ბალერინებს?

- ედგარ დეგას.

- კოლექციონერები მათ ხელში ჩასაგდებად საათობით დგანან რიგში, წერენ წერილებს და ქურდობასაც არ ერიდებიან. რაზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- ავტოგრაფებზე.

- მე მონეტების კოლექცია მქონდა და ჩემს ძმას ვაჩუქე, მაინც ის მამარაგებდა, ხშირად მოგზაურობს და ყველა ქვეყნიდან მონეტა ჩამოაქვს.

- დაბოლოს, დაასრულე დალაი ლამას ცნობილი გამონათქვამი: "კარგად შეისწავლე წესები და დარღვევის საუკეთესო და უმტკივნეულო გზებიც..."

- "გეცოდინება".

თამუნა კვინიკაძე