ბანქოს სახლი (ნაწილიXIV) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (ნაწილიXIV)

- იქნებ, მაინც პარტიის ხაზინადრებისთვის გადაცემა სჯობდეს? - თავი შორს დაიჭირა მთავარმა შოლტმა.

- ხაზინადრებისთვის? - დაფიქრდა ჯაბვალა. - რატომ?

- იმიტომ, რომ მე ფულს მიღებით კი მივიღებ, მაგრამ სათანადოდ გაფორმებული ხელწერილის მოცემას ვერ შევძლებ. - თითქოს, ძალიან შეწუხდაო, ისეთი გამომეტყველება მიიღო მთავარმა შოლტმა.

- რას ბრძანებთ, სერ! - ხელები გაასავსავა ჯაბვალამ. - რა ხელწერილი, რის ხელწერილი! ყველანაირი ხელწერილის გარეშეც ბოლომდე გენდობით. თანაც, მე ხომ თავიდანვე ვინმე სხვა პარტიულ ფუნქციონერთან კი არა, სწორედ თქვენთან, როგორც ჩემი ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრთან, მინდოდა შეხვედრა და, ამიტომაც, დიპლომატზე თქვენი ინიციალების ამოტვიფრის უფლებაც კი მივეცი თავს.

`პატარა ცბიერი თაღლითი~... - გაიფიქრა მთავარმა შოლტმა და ისე, რომ პირზე ღიმილი წამითაც არ მოუშორებია, ინდოელს ხელი ენერგიულად ჩამოართვა:

- ძალიან სასიამოვნო და ფრიად სასარგებლოც იყო თქვენი გაცნობა, მისტერ ჯაბვალა...

პარასკევი, 23 ივლისი

მეორე დილით პადინგტონში, პრეიედ-სტრიტის მახლობლად მდებარე ჩაბნელებულ და ნესტის სუნით გაჟღენთილ გაქუცულ საგაზეთო დუქანში შესული ახალგაზრდა და ფრიად წარმოსადეგი შავკანიანი ქალი დაინტერესდა თუ საკუთარი კორესპონდენციის მისაღებად დუქნის მისამართის გამოყენება რა თანხა დაუჯდებოდა. `ფლეიბოიში~ თავჩარგულმა ზონზროხა გამყიდველმა მამაკაცმა ქალს თავიდან ცოტა უხალისოდ ახედა, მაგრამ როგორც კი მის მოხდენილ ტანს ჰკიდა თვალი, ჟურნალი მაშინვე გვერდზე გადადო და სმენად იქცა. ქალმა კითხვა გაუმეორა და ისიც დასძინა, რომ ამ რაიონში ვმუშაობ და საკუთარი ფოსტის მიღებაც აქვე მსურსო.

- მაინც სად მუშაობთ? - დაინტერესდა გამყიდველი და, თან, ქალს მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა, მაგრამ მისგან პასუხად კონკრეტულ მისამართს კი არა, ღიმილსაც ვერ ეღირსა და, ამიტომაც, მომსახურების თანხა ცოტა საქციელწამხდარმა დაუსახელა. ქალს მეტი საერთოდ არაფერი უთქვამს, სამი თვის ფული წინასწარ გადაიხადა, ქვითარი ჩანთაში გულმოდგინედ შეინახა და იქაურობა ტანის მოხდენილი რხევით დატოვა.

- ხომ ყველაფერი რიგზეა, პენი? - დუქნის მახლობლად მომლოდინე ტაქსიში ჩაჯდომისთანავე ჰკითხა ქალს მანქანის უკანა სავარძლის საზურგეზე მისვენებულმა მამაკაცმა.

- რა თქმა უნდა, როჯერ, - უპასუხა მას ქალმა. - მაგრამ მაინც ვერაფრით მივმხვდარვარ, ეს ყველაფერი თავად რატომ არ გააკეთა?

- ხომ გითხარი, რომ რაღაც დელიკატური პირადი პრობლემები აქვს, რომლებიც ჯერ ვერაფრით მოაგვარა და, ამიტომაც, არ უნდა, ამ მისამართის შესახებ ვინმემ რამე იცოდეს-მეთქი. და, საერთოდაც, კარგი იქნება თუ ამ თემაზე მეტს აღარ ვილაპარაკებთ.

- როგორც გენებოს, მაგრამ ურჰარტი და რაიმეს მოუგვარებლობა? - უნდოდ გახედა პირადმა მდივანმა ო"ნეილს და ამის შემდეგ ხმა საერთოდ აღარ ამოუღია.

როჯერ ო"ნეილი მთავარ შოლტს მტკიცედ შეჰპირდა, ყველაფერს პირადად მოგიგვარებო და, ამიტომაც, იმის წარმოდგენაც კი უჭირდა, რა დაემართებოდა, ურჰარტს რომ გაეგო, ეს ბინძური საქმე სინამდვილეში ვის გააკეთებინა. `მაგრამ მე ხომ პენის ბოლომდე ვენდობი. - ვინ იცის, მერამდენედ დაირწმუნა თავი ო"ნეილმა. - და, სართოდაც, აბა პირადი მდივანი სხვა რაღაში უნდა გამოვიყენო?~

იმ დროისთვის, როცა სპორტულპიჯაკიანი და ფეტრისქუდიანი მამაკაცი სევენ სისტერზ როუდის ქუჩაზე მდებარე `იუნიონ ბენკ ოფ ტურკის~ ჩრდილოეთ ლონდონის ფილიალის შენობაში შევიდა, სიცხე უკვე სრულიად აუტანელი გახდა. კვიპროსელი კლერკი, რომელიც იმ დღეს ამინდისთვის საკმაოდ შეუფერებლად გამოწყობილ მამაკაცს მოემსახურა, მგონი, საბოლოოდაც კი დარწმუნდა, რომ ინგლისელებს მხოლოდ ტანსაცმლის ერთი კომპლექტი უნდა ჰქონდეთ, რომელიც ზამთარ-ზაფხულ, ტემპერატურის კლება-მატების მიუხედავად, გაუხდელად აცვიათო. უცნაურად ჩაცმული მამაკაცი კიდევ უფრო უცნაური აქცენტითაც ლაპარაკობდა, რომლის დადგენაც კლერკს ძალიან დიდი მონდომების შემთხევაშიც გაუჭირდებოდა, მაგრამ არ კი მოუნდომებია, რადგან მამაკაცს მთავარი - მოზრდილი თანხა და მათ ბანკში ანგარიშის გახსნის სურვილი აღმოაჩნდა. მამაკაცმა კლერკს ისიც აუწყა, კენიაში ვცხოვრობ და ინგლისში სულ რამდენიმე თვით, მხოლოდ საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად ვარ ჩამოსული, უფრო კონკრეტულად კი ფულის ჩადება ხმელთაშუა ზღვის თურქულ სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქ ანტალიის მახლობლად, სასტუმროს მშენებლობაში მაქვს გადაწყვეტილიო. კლერკი ანტალიაში ნამყოფი არ იყო, მაგრამ სმენოდა, რომ ძალიან ლამაზი კურორტიაო და მამაკაცი უმალ დააიმედა, ჩვენი ბანკი ყველანაირ დახმარებას სიამოვნებით აღმოგიჩენთო და მომავალ კლიენტს სარეგისტრაციო ბარათის შევსება სთხოვა. ბარათში სრული სახელისა და გვარის, სახლის მისამართისა და იმ ბანკის თუ ბანკების შესახებ მონაცემების მითითება იყო საჭირო, რომელთა კლიენტადაც მამაკაცი ადრე ითვლებოდა. ხუთი წუთის შემდეგ მამაკაცი კლერკთან შევსებული ბარათით დაბრუნდა და, თან, ბოდიში მოუხადა, მხოლოდ კენიის ბანკი მივუთითე, რადგან ბოლო ოცი წლის განმავლობაში ინგლისში პირველად ჩამოვედიო.

- ნუ ღელავთ, მისტერ კოლინრიჯ, - დაამშვიდა მამაკაცი კლერკმა, რომელმაც ახალგამომცხვარი კლიენტის ბარათში მითითებული გვარ-სახელის ნამდვილობის დადგენაც კი აღარ ჩათვალა საჭიროდ. - ჩვენს ბანკს კენიის ბანკთან დაკავშირება და ყველა თქვენი მონაცემის ოპერატიულად გადამოწმება ნამდვილად არ გაუჭირდება.

`გაუჭირდება და მერე როგორ!~ - გაიფიქრა ფრიად კმაყოფილმა ფრენსის ურჰარტმა, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ ბარათის შემოწმებას, სულ მცირე, ოთხი კვირა მაინც, ხოლო იმის ზუსტად დადგენას, რომ მასში მითითებული ყველა მონაცემი ყალბი იყო, კიდევ ამდენივე დრო დასჭირდებოდა. ანუ როცა ყველაფერი საბოლოოდ გაირკვეოდა, ყველა საბანკო ოპერაცია უკვე შესრულებული, მის მიერ პრემიერ-მინისტრის სახელით გახსნილი ანგარიში კი დახურული იქნებოდა.

- ანგარიშის გახსნას რა თანხით აპირებთ, სერ? - სასიამოვნო ფიქრი ცოტა ნაადრევად გააწყვეტინა მთავარ შოლტს კლერკმა.

- საწყის თანხად 50.000 გირვანქა სტერლინგის ნაღდი ფულით შემოტანა მაქვს გადაწყვეტილი.

- ძალიან კარგი! - გაიბადრა კლერკი.

ურჰარტმა კი ყავისფერი მუყაოს დიდი პაკეტი გახსნა და იქიდან ამოლაგებული ბანკნოტების შეკვრები კლერკისკენ მისწია. `რა კარგია, რომ ფულის გადათვლა არ მჭირდება~, გაიფიქრა მან, რადგან სათვალეს, რომელიც საკუთარი გარეგნობის კიდევ უფრო საფუძვლიანად შესანიღბად ბანკში შესვლამდე გაიკეთა, მრავალი წლის წინ ხმარობდა და მას შემდეგ საკონტაქტო ლინზების შეცვლა უკვე რამდენჯერმე მოუხდა.

მას შემდეგ, რაც ბანკნოტების დათვლა დაამთავრა და თანხა კოლეგასაც გადაამოწმებინა, კლერკმა ქვითრის გამოწერა დაიწყო. `ბანკებს ოღონდ ნაღდი ფული დაანახვე და საერთოდ აღარაფერს გკითხავენ~. - გაიფიქრა მთავარმა შოლტმა და შემდეგ კლერკს მიმართა:

- იცით, ახლა რა გავიფიქრე?

- რა? - მაშინვე სმენად იქცა კლერკი.

- ამ ფულის ანგარიშზე უმოძრაოდ დატოვებას იქნებ, აქციები ამეღო.

- აქციები?

- დიახ.

- როგორც ინებებთ, სერ! - დაფაცურდა კლერკი.

დამატებითი ფორმულარების შევსებას ურჰარტმა კიდევ ხუთი წუთი მოანდომა და კომპანია `რენოკს კემიკლის~ 240-პენსიანი 20 000 ჩვეულებრივი აქცია შეუკვეთა. კლერკმა კი დააიმედა, ოთხი საათისთვის ყველაფერი მზად იქნებაო. აქციების ღირებულებამ 49.288 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. ამ თანხის, საგერბე მარკებისა და ბროკერისთვის განკუთვნილი ჰონორარის გამოკლების შემდეგ, ანგარიშზე ზუსტად 712 გირვანქა სტერლინგი დარჩა. ურჰარტმა ფორმულარებზე ხელი დარდიმანდულად, თუმცაღა სრულიად გაუგებრად მოაწერა, ზედმიწევნით კმაყოფილმა კლერკმა კი ქვითრის გადაცემისას კიდევ ერთხელ გაუღიმა:

- ძალიან სასიამოვნოა თქვენთან საქმის დაჭერა, მისტერ კოლინრიჯ!

გაგრძელება შემდეგ ნომერში