ძვე­ლი ადა­მის­გან შე­მო­ვი­და სიკ­ვ­დი­ლი ამ­ქ­ვეყ­ნად, ახა­ლი ადა­მის­გან შე­მო­ვი­და მა­რა­დი­უ­ლი სი­ცოცხ­ლე - გზაპრესი

ძვე­ლი ადა­მის­გან შე­მო­ვი­და სიკ­ვ­დი­ლი ამ­ქ­ვეყ­ნად, ახა­ლი ადა­მის­გან შე­მო­ვი­და მა­რა­დი­უ­ლი სი­ცოცხ­ლე

უპირველესად, ასეთი ადამიანი გახლდათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, რომელიც მთელ კაცობრიობას ეხებოდა, კაცობრიობის გამომხსნელი ქალწულისგან უნდა შობილიყო. სწორედ ეს ქალწული გახლდათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი - წმინდა მარიამი, რომელმაც თავის წიაღში დაუტევნელი დაიტია - მისგან შეისხა ხორცი მაცხოვარმა. წმინდა ქალწული შეიქმნა დედა და ამიტომაც ეწოდა ღვთისმშობელი... ამჯერად სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ ვისაუბრებთ...

მამა მაკარი:

- როდესაც ადამმა შესცოდა და განიდევნა სამოთხიდან, უფალმა აღუთქვა, რომ მისი შთამომავლობიდან მოუვლენდა მხსნელს. მას შემდეგ, ის, ვინც ჭეშმარიტ ღმერთს აღიარებდა, ელოდა მესიის მოვლინებას. ეს აღთქმა აღესრულა სამყაროს შექმნიდან 55 საუკუნის შემდეგ - კაცობრიობას მოევლინა მხსნელი. მაცხოვრის შობამდე 15 წლით ადრე იშვა ყოვლადწმინდა ქალწული - მომავალი მშობელი ღვთისა. ღვთისმშობლის შობა იყო უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რადგან მისგან უნდა განხორციელებულიყო აღთქმული მესია, ადამიანთა ცოდვისა და მარადიული სიკვდილისგან გამომხსნელი. ფაქტობრივად, ღვთისმშობლის შობა იყო დასაწყისი კაცობრიობის ხსნისა.

- რატომ უნდა შობილიყო მხსნელი ქალწულისგან?

- ქალწულისგან შობა მიანიშნებდა, რომ ეს შობა უნდა ყოფილიყო არაბუნებრივი. შესცოდა რა ადამმა - ამით ადამიანის გენეტიკა დააზიანა. ადამიანმა მიიღო ხრწნილება და კვდომა თავის თავში და ყველა ადამიანი უკვე ადამში - ადამის ცოდვის გამო იყო ცოდვილი, მხსნელი თავისთავად, უნდა ყოფილიყო უცოდველი. შეუძლებელი იყო, ცოდვილი სისხლის მსხვერპლშეწირვით მომხდარიყო კაცობრიობის ცოდვის მონობისგან გამოსყიდვა. ამიტომაც, ღმერთი განკაცდა არაბუნებრივი გზით, რათა მასზე ადამის ცოდვა არ გადასულიყო, მაგრამ ღმერთი უნდა ყოფილიყო აუცილებლად სრულყოფილი კაციც, ამისთვის საჭირო იყო, ის დედაკაცისგან, ადამიანისგან შობილიყო. ცხადია, უფალს შეეძლო, ხორცი საერთოდაც ადამიანის ჩაურევლად შეესხა, ისევე, როგორც მამაკაცის ჩაურევლად შეისხა ხორცი, მაგრამ თუ ის ადამისგან არ იქნებოდა ნაშობი, ადამიანი ვერ იქნებოდა. უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთის განგებულებას ადამიანის გონება სრულად ვერასოდეს ჩასწვდება, რადგან ღვთის განგებულება ყოველთვის ზეაღმატებულია ადამიანის გონებაზე.

- ალბათ წმინდა ქალწულს სახელი - მარიამიც ღვთის განგებულებით ეწოდა...

- როგორც შემდგომში თვითონ წმინდა ქალწულს ეუწყა ღვთის ანგელოზის პირით, რომ მისგან შობილი ძისთვის იესო ეწოდებინა, არ ვიცით, ასე ეუწყათ თუ არა მართალ იოაკიმესა და ანას, რომ შვილისთვის მარიამი ეწოდებინათ, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლები იყვნენ ღვთისმოსავი ადამიანები და ღვთისგან გაბრძმობილნი. თუ მათ უფალი ხილულად არ მოუწოდებდა, მაინც ღვთის მადლითა და შთაგონებით უწოდებდნენ თავიანთ ასულს მარიამს, რომელშიც გამოხატული იყო მისი მისია. როდესაც ადამიანი ღვთის ნებასაა მინდობილი, თავის აზრებს უმორჩილებს ღვთის ნებას და მის ცხოვრებას უფალი განაგებს. ის, რომ წმინდა ქალწულს მარიამი უწოდეს, თავისთავად ღვთის განგებულებით მოხდა. მართალმა ცოლ-ქმარმა იცოდა, რომ შვილი პირდაპირ ღვთისგან მიეცა, მათი საკუთრება არ იყო, ამიტომ ბავშვს როგორც დედოფალს, ისე ექცეოდნენ. თავიდანვე უდიდეს პატივს მიაგებდნენ, რადგან უწყოდნენ, რომ მისგან რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო. როგორც აბრაამისადმი მიცემული აღთქმული სიბერის ძისგან წარმოიშვა ისრაელის ერი, ასევე მოხუცებულობის ჟამს მიცემული ასულისგან, ყოვლადწმინდა ქალწულისგან მიეცა დასაბამი უკვე ახალ რჩეულ ერს, ახალ ისრაელს - ქრისტეს ერს. მისგან წარმოიშვა მაცხოვარი, ხოლო ყველა ქრისტიანი ღვთის შვილია.Qქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ქრისტიანები ერთმანეთისგან არ განიყოფოდნენ ერების მიხედვით. თვლიდნენ, რომ იყვნენ ერთი ერი - ახალი ისრაელი, ქრისტეს ერი. სწორედ ღვთისმშობლიდან დაედო საფუძველი ამ ახალი ერის წარმოშობას.

- წმინდა წერილი არ მოგვითხრობს ღვთისმშობლის შობის, მისი თვისებების შესახებ, ყოვლადწმინდა ქალწულზე მხოლოდ წმინდა გარდამოცემებითაა ცნობილი.

- როდესაც მათეს სახარება იწერებოდა, ღვთისმშობელი ხორციელად ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. უმაღლესი თავმდაბლობის გამო, ის ყოველთვის ცდილობდა, მის შესახებ ხაზგასმით არ ყოფილიყო მოთხრობილი. წმინდა ქალწული სახარებაში მოხსენიებულია მხოლოდ იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც მას ხარებასთან, მაცხოვრის შობასთან, მის ჯვარცმასთან აკავშირებს.Mმისი შობის, ცხოვრებისა და თვისებების შესახებ ეკლესიამ წმინდა გარდამოცემით იცის, რომლებიც ჯერ ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, მესამე საუკუნიდან კი ჩაიწერა. წმინდა გადმოცემები წმინდა წერილში არ შედის, მაგრამ წმინდა წერილის ტოლფასია.

- მთელ კაცობრიობაში მხოლოდ წმინდა ქალწული შეიქმნა ღირსი, რომ მისგან შეესხა ხორცი კაცობრიობის მხსნელს, ღვთის ამ უდიდესი საიდუმლოს განხორციელებისთვის ემსახურა. რით იყო გამორჩეული სწორედ წმინდა მარიამი ადამის მოდგმაში, რატომ შეიქმნა ღირსი ამ უდიდესი მისიის აღსრულებისა?

- მხსნელი უნდა შობილიყო ურჩეულესი ადამიანისგან. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო ადამიანთა შორის ყველაზე აღმატებული თავისი ცხოვრებით. როგორც მამები გვეუბნებიან, მან ყველაზე მეტად მოისმინა და აღასრულა ღვთის მცნებები. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანის ნება ყოველთვის ღვთის ნებასთან თანამდევი, თანმხვედრი იყო. შესაძლოა, ბევრი ღვთის მსახური ადამიანის ნება იყო, რომ მისგან განხორციელებულიყო კაცობრიობის მხსნელი, მაგრამ არა მარტო მათ შორის, არამედ ყველა ადამიანთა შორის, ყველაზე ზეაღმატებული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ამიტომაც გამოარჩია უფალმა იგი, რათა ღვთის უდიდესი საიდუმლოს განხორციელებისთვის ემსახურა. წმინდა ქალწულმა მთელი თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ლოცვაში გაატარა. როგორც მღვდელმთავარი ამბროსი მედილიანელი წერს - "იგი არა მარტო ხორცით, სულითაც ქალწული იყო, გული მოხარული ჰქონდა, სიტყვა განზომილი, ჭკვიანი, სიტყვაძუნწი, საუბარშიც უმანკო იყო, უყვარდა კითხვა, შრომა..."

ღვთივსათნო ცხოვრების ერთ-ერთი ნიშანია თავმდაბლობა, როდესაც ადამიანი თავს უღირსად თვლის ღვთის წინაშე. ღვთისმშობელი თავმდაბლობითაც გამოირჩეოდა. როდესაც მთავარანგელოზისგან ეუწყა, რომ მისგან უნდა შობილიყო კაცობრიობის მხსნელი, მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ქალწულის სურვილიც იყო, მასზე აღსრულებულიყო ესაიას წინასწარმეტყველება - ქალწულისგან შობილი მხსნელის შესახებ, თავს ამ უდიდესი საიდუმლოს აღსრულების ღირსადაც არ მიიჩნევდა. ეს კარგად ჩანს ხარების ეპიზოდიდან. ამავე ეპიზოდიდან ჩანს მისი მორჩილებაც: როდესაც წმინდა ქალწული მთავარანგელოზისგან კეთილგონივრულად გამოიძიებს, თუ როგორ აღესრულება ეს უდიდესი საიდუმლო - უმამაკაცოდ შობა, მორჩილებით მიიღო, რასაც მთავარანგელოზი გაბრიელი აუწყებდა.Nნებისმიერი საქმე, რომელსაც ადამიანი აღასრულებს, ღვთისთვის სათნო იქნება თუ ცოდვა, პირადად ამ ადამიანის ნებით სრულდება. ღვთის ამ უდიდესი საიდუმლოს აღსრულებისთვის მსახურება რომ არ ყოფილიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თავისუფალი ნებაც, მასზე არ იქნებოდა ის დიდება და პატივი, რაც ამ მისიის აღსრულების სანაცვლოდ მიიღო.

- ვიცით, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ხანდაზმულობის ჟამს მიეცათ მის მშობლებს. საინტერესოა, ჰქონდა თუ არა მნიშვნელობა ხანდაზმული მშობლებისგან შობას?

- ცხადია, მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ხანდაზმულობის დროს მათი თანაცხოვრება იყო მხოლოდ და მხოლოდ შვილიერებისთვის და არა - ვნებითი. ღვთისმშობელი ვნების გარეშე ჩაისახა. ნებისმიერი ჩასახვა ღვთის სათნოა, მასში ღვთის ხელი ურევია და მისთვის ხელის შეშლა ღვთის მცნებებთან დაპირისპირებაა, მაგრამ ხანდაზმული მშობლებისგან ვნების გარეშე ჩასახვით ყოვლადწმინდა ქალწული ჩასახვისთანავე იქნა გამორჩეული. ამასთან, ის იშვა ორი მართალი ადამიანისგან, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე მოთმინებით იტანდნენ უშვილობას, თანაც ამის გამო ხშირად უხდებოდათ ყვედრების მოსმენა, რადგან ისრაელიანთა შორის უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა. თუმცა, მართალი იოაკიმე და ანა არასოდეს დამცხრალან ღვთის მიმართ ვედრებით, შესთხოვდნენ, მათთვის შვილიერების მადლი მიენიჭებინა. ამგვარი ღვთისმოსაობით განვლეს მთელი სიცოცხლე და სწორედ ამის შემდეგ მიეცათ ასული, რომლისგანაც იშვა კაცობრიობის მხსნელი.

- რატომ იწოდება ღვთისმშობელი ახალ ევად?

- რამეთუ ძველი, პირველი ევას შეცოდება სწორედ ღვთისმშობელმა გამოისყიდა. უფლის განხორციელება ადამიანის პატივის აღსადგენად მოხდა. თვით მაცხოვარსაც ახალი ადამი ეწოდა.Mმოვიდა ვითარცა ახალი ადამი. ძველმა, პირველმა ადამმა სცოდა, ხოლო ახალმა ადამმა - მაცხოვარმა ძველი ადამის ცოდვის შედეგებისგან იხსნა კაცობრიობა. ძველი ადამისგან შემოვიდა სიკვდილი ამქვეყნად, ახალი ადამისგან შემოვიდა მარადიული სიცოცხლე. ასევე შეიძლება შევადაროთ ძველ ევას ღვთისმშობელი - პირველმა, ძველმა ევამ შელახა პატივი ადამიანისა, ღვთისმშობელმა კი აღადგინა ეს პატივი, მოგვევლინა, ვითარცა ახალი ევა.

შორენა მერკვილაძე