ბანქოს სახლი (ნაწილიXIV) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (ნაწილიXIV)

და ფირდაუს ჯაბვალასთან შეხვედრიდან დაახლოებით ერთი კვირის თავზე, მთავარმა შოლტმა პარტიის ხაზინადრებს 50 ათასი გირვანქა სტერლინგი გადასცა და მათაც თანხა დიდი სიამოვნებით მიითვალეს, რადგან პარტიას ნაღდი ფული ძალიან სჭირდებოდა. ურჰარტმა ხაზინადრებს სთხოვა, ესოდენ მნიშვნელოვანი თანხის შემომწირველისთვის დაუნიგ-სტრიტზე გასამართ ერთი-ორ შეხვედრაზე მოწვევის გაგზავნა არაფრით დავიწყნოდათ და ამის თაობაზე ისიც წინასწარ გაეფრთხილებინათ, რათა მისტერ და მისის ჯაბვალებისთვის პრემიერ-მინისტრთან რამდენიმეწუთიანი შეხვედრის ორგანიზება მოესწრო. ხაზინადრები მტკიცედ შეჰპირდნენ, რომ ორივე თხოვნას პირნათლად შეუსრულებდნენ და შესანიშნავ ხასიათზე დამდგარი ფრენსის ურჰარტიც იმავე საღამოს შვებულებაში გავიდა.

ნაწილი II

დასტის მოჭრა

აგვისტო

აგვისტოს გაზეთები საშინელი წასაკითხი იყო, რადგან პოლიტიკური მოღვაწეებისა და წამყვანი პოლიტიკური კორესპონდენტების შვებულებაში გასვლის შემდეგ თავის ნებაზე მიშვებული ლობის დუბლიორი კორესპონდენტები ვაკუუმის შესავსებად და, რაც მთავარია, თავიანთი გაზეთების პირველ გვერდებზე საკუთარი გვარით რაიმეს გამოსაქვეყნებლად ათასნაირ ხრიკს მიმართავდნენ და ერთმანეთს ტოლს უკვე ჭორებისა და მოარული ხმების წმინდა წყლის სიმართლედ გასაღებაშიც კი აღარ უდებდნენ. ასე მაგალითად, საკმარისი იყო, სამშაბათს `გარდიანის~ მეხუთე გვერდზე რაიმე მინიშნების შემცველი მოკლე ცნობა გამოჩენილიყო, რომ პარასკევს ეს ცნობა უკვე `დეილი მეილის~ პირველ გვერდზე დამაინტრიგებელ სტატიად იქცეოდა. მეორეთანრიგოსანი კორესპონდენტები მომენტით ბოლომდე სარგებლობდნენ და საკუთარი მწირი შესაძლებლობების დემონსტრირებას ძირითადად ჰენრი კოლინრიჯის რეპუტაციის შელახვით თუ მისთვის უბრალოდ კბილის გაკვრით ცდილობდნენ. ამაში მათ მანამდე არაფრით გამორჩეული, ახლა კი მთავრობის მედგარი კრიტიკისთვის `პარტიის გამოჩენილ მოღვაწედ~ მოხსენიებული პარლამენტის ზოგიერთი რიგითი წევრიც ეხმარებოდა. შედეგად, აგვისტოს დასაწყისში `მინისტრთა კაბინეტიდან საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის გარემოებების ოფიციალური გამოძიების~ შესახებ გავრცელებული ხმები აგვისტოს ბოლოს უკვე მთავრობის შემადგენლობაში სერიოზული გადაადგილებების გარდაუვალობის მტკიცებულებადაც კი იქცა. ვესტმინსტერის წრეებში იმასაც სულ უფრო ხშირად გაიძახოდნენ, რომ რთულ სიტუაციაში აღმოჩენილ ჰენრი კოლინრიჯს საშინელი უხასიათობა დასჩემდა, რასაც თვით კანის მახლობლად, საკუთარ ვილაში განცხრომით დასვენებაც კი ვეღარაფერს შველისო.

ჭორ-მართალით გაჯერებული სტატიების ნიაღვარს ვერც პრემიერ-მინისტრის ძმა გადაურჩა და დაუნინგ-სტრიტის პრესის განყოფილებაშიც მაშინვე პრემიერ-მინისტრის მიერ თავისი ძვირფასი ძამიკოს საგადასახადო სამმართველოს საგანგებო ყურადღებისგან ვითომდა გათავისუფლების თაობაზე დარხეული ხმების სასწრაფო კომენტარის ხილვის თუ მოსმენის მსურველთა სატელეფონო ზარები გახშირდა. მაგრამ, რადგანაც საკითხი მხოლოდ მთავრობის მეთაურის პირად საქმეებს შეეხებოდა, დაუნინგ-სტრიტზე კომენტარის გაკეთება არც უფიქრიათ. მით უფრო იმ პირობებში, რომ პრემიერ-მინისტრის მისამართით გამოთქმულ თვით ყველაზე უფრო წარმოუდგენელ მოსაზრებებთან დაკავშირებითაც კი დაუნინგ-სტრიტი, როგორც წესი, მხოლოდ ფორმალური განცხადებით _ `ამის თაობაზე სათქმელი არაფერი გვაქვს~ იფარგლებოდა ხოლმე. თუმცაღა, ამჯერად, გაზეთებში გამოჩენის შემდეგ, ამ განცხადებამ სულ სხვა, ლამის ყველაზე წამგებიანი ელფერიც კი შეიძინა.

ოფიციალურად შვებულებაში მყოფი მთავარი შოლტი მთავრობის მეთაურის ძმასთან დაკავშირებულ სატელეფონო საუბრებში თავს მხოლოდ მცირედი მინიშნებების გაკეთების უფლებას თუ აძლევდა. თუმცაღა, ესეც სრულიად საკმარისი იყო საიმისოდ, რომ თავის ნებაზე მიშვებულ პრესას პრემიერ-მინისტრისა და მისი გაღლეტილი ძმის სახელები ერთმანეთთან სულ უფრო და უფრო ხშირად დაეკავშირებინა. არადა, ამ დროს თავად ჩარლზი თითქოს, არათუ სისულელეს სისულელეზე აღარ სჩადიოდა, უკვე იმის ჭკუაც კი ჰყოფნიდა, რომ თვალში ზედმეტად არავის მოხვედროდა. თუმცაღა, ერთხელ მაინც არ გაუმართლა, რადგან ბორდოს დასახლების იაფფასიანი სასტუმროში შესვლისას ვიღაცამ იცნო და ეს ამბავი ერთ-ერთი საკვირაო გაზეთის რედაქციას შეატყობინა.

რედაქციამ ბორდოში მაშინვე რეპორტიორი აფრინა, რომელსაც პრემიერ-მინისტრის უდღეური ძმა სასტუმროს რესტორანში ისე უნდა დაეთრო, რომ, სხვა თუ არაფერი, რამდენიმე კლასიკური `ჩარლიზმი~ მაინც უთუოდ დაეტყუა. მაგრამ ზედმეტმა თავგამოდებამ მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ უგონოდ მთვრალმა ჩარლზმა საბოლოოდ გათიშვამდე პირდაპირ სუფრასთან აღებინა და მარტო რეპორტიორის ბლოკნოტი კი არა, თავად ისიც გვარიანად `მორწყა~. თუმცაღა, ეს უკანასკნელი მაინც არ დაიბნა, სეირის მაყურებელ ერთ დიდმკერდა ვულგარულ ქალს ღრმა დეკოლტეში ორმოცდაათგირვანქიანი ჩაუკუჭა და ჩარლზთან ჩახუტებულს ფოტო გადაუღო.

მომდევნო კვირაში გაზეთის 11-მა მილიონმა მკითხველმა მის პირველ გვერდზე, ჩარლზ კოლინრიჯის ფოტოსთან ერთად, მყვირალასათაურიანი სტატია _ `გაკოტრებული და დათრგუნვილი ვარ, მოთქვამს ჩარლზი~ _ იხილა, რომელშიც ვინ იცის, უკვე მერამდენედ იტყობინებოდნენ, რომ პრემიერ-მინისტრის ძმა ძალიან ღარიბი და საკუთარი წარუმატებელი ქორწინებისა და სახელგანთქმულ ძმასთან დაკავშირებული უსიამოვნო ამბების გამო ფსიქოლოგიურად სრულიად განადგურებულიაო. სტატიას მითქმა-მოთქმის ახალი ტალღა მოჰყვა, დაუნინგ-სტრიტის მიერ გაკეთებული მორიგი განცხადება, ამის თაობაზე სათქმელი არაფერი გვაქვსო შექმნილ სიტუაციაში სრულიად წინდაუხედავ ქმედებად მოინათლა.

ჩარლზის ფოტო გაზეთში კვირის ბოლოს კიდევ ერთხელ დაიბეჭდა, ოღონდ ამჯერად მას გვერდს პრემიერ-მინისტრის ფოტოც უმშვენებდა. კომენტარის თანახმად, აუზის პირას წამოწოლილი ჰენრი კოლინრიჯი საფრანგეთის სამხრეთში განცხრომით ისვენებდა და როგორც გამომეტყველებაზე ეტყობოდა, თავისი ღატაკი ძმის დახმარების კი არა, შეზლონგიდან თავის წამოწევის სურვილიც კი არ ჰქონდა. არადა, ცოტა ხნის წინ სწორედ ამ გაზეთმა უამბო მკითხველს თუ ქვეყნის პრემიერი თავის უიღბლო ძმას მრავალრიცხოვან ფინანსურ სირთულეებთან გამკლავებაში როგორ გულმოდგინედ ეხმარებოდა. დაუნინგ-სტრიტის პრესის განყოფილებამ ამჯერად შემთხვევა ხელიდან აღარ გაუშვა და გაზეთის რედაქციას ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციებით მკითხველის დაბნევის თაობაზე უსაყვედურა.

`აბა როგორ გინდათ? _ წარბიც კი არ შეუხრია გაზეთის რედაქტორს, _ ჩვენ ხომ ამ შემთხვევაში სრულიად სამართლიანად მოვიქეცით და საკითხი ყოველმხრივ გავაშუქეთ. საერთოდ კი უნდა გითხრათ, რომ, არაერთი ნაკლის მიუხედავად, წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისიდანვე მხოლოდ მისტერ კოლინრიჯს ვუჭერდით მხარს. ასე რომ, ახლა ბალანსის გასწორების დრო დადგა~. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ყველაფერზე ხელისმომწერი აგვისტოს პრესა მართლაც საშინელი წასაკითხი იყო...

სექტემბერ-ოქტომბერი

სექტემბერი აგვისტოზე უარესი გამოდგა. თვის დასაწყისშივე ოპოზიციის მჭევრმეტყველებით გამორჩეულმა ლიდერმა გადადგომისა და მართვის სადავეების `უფრო ძლიერ და ქმედით ხელში~ გადასვლის თაობაზე გამოაცხადა. ან კი სხვა რაღა უნდა ექნა, თუკი მასზე ბევრად ენერგიულმა და, რაც მთავარია, ამბიციურმა თანამებრძოლებმა ეს სადავეები ხელიდან ისე ოსტატურად გამოაცალეს, რომ სანამ ფაქტის წინაშე არ დადგა საერთოდ, ვერაფერს მიხვდა. მერე კი მართალია, ერთი მაინც გაიბრძოლა, მაგრამ მალევე დარწმუნდა, რომ ვეღარაფერს შეცვლიდა და ბედს დაემორჩილა. დაცემულ ლიდერთან გამომშვიდობებისას თბილი სიტყვები არავინ დაიშურა, ზოგს კი იმის ირონიულად შენიშვნაც არ დავიწყნია, რომ მისმა პოლიტიკურმა სიკვდილმა თანაპარტიელთა რიგები კიდევ უფრო შეამჭიდროვა და განამტკიცაო.

ეს სიახლე პრესამაც მაშინვე აიტაცა და მატი სტორინიც, ბევრი თავისი კოლეგის მსგავსად, შვებულებიდან სასწრაფოდ გამოიხმეს. ლონდონში დაბრუნებული ჟურნალისტი მალევე მიხვდა, რომ საქმე უკვე თითქმის სრულიად ახალ ოპოზიციურ პარტიასთან ჰქონდა, რომლის წევრებსაც ყველანაირი შიდა დაპირისპირება და უთანხმოება დროებით გვერდზე გადაედოთ და მთელი ძალები უნიათო მთავრობაზე ფართო შეტევის მომზადებაზე გადაესროლათ.

ყოველწლიურ პარტიულ კონფერენციამდე ერთი კვირით ადრე ოპოზიციამ ახალი ლიდერი აირჩია და ამ ამბავზე საუბარს გაზეთებმა თავიანთი პირველი გვერდები თითქმის მთელი კვირის განმავლობაში დაუთმეს. თავად პარტიული კონფერენცია ახალი ლიდერისადმი ერთგულების ჭეშმარიტ დემონსტრაციად იქცა. დარბაზში კონფერენციის მონაწილეების საერთო განწყობილების ყველაზე კარგად გადმომცემი ერთადერთსიტყვიანი უზარმაზარი ლოზუნგი _ `გამარჯვება!~ იყო გამოფენილი. და ეს ყველაფერი იმ პარტიის თავს ხდებოდა, ვინც სულ რამდენიმე თვის წინ საპარლამენტო არჩევნები კინაღამ პირწმინდადაც კი წააგო.