სკოლისაკენ ჰერი, ჰერი...
font-large font-small
სკოლისაკენ ჰერი, ჰერი...
სკოლაში დაბრუნება მოსწავლესაც ეზარება და არანაკლებ, მასწავლებელსაც

სულ ცოტაც და, სკოლებში სწავლა განახლდება. ვაღიაროთ სიმართლე და ვთქვათ, რომ არდადეგების შემდეგ სკოლაში დაბრუნება მოსწავლესაც ეზარება და არანაკლებ, მასწავლებელსაც. თუმცა, ამისი მიზეზი ის არ არის, რომ სკოლა არავის უყვარს. ფაქტია, დასვენება და დროის თავისუფალ რეჟიმში გატარება ურჩევნია ყველას, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როცა პირველივე დღეს, ნებისმიერი დირექტორი ასე იწყებს მასწავლებლებთან საუბარს: ხომ არ გგონიათ, შარშან რომ იყავით თავისუფლად და თქვენს ჭკუაზე, ისე იქნება წელსაც?! განათლების სამინისტრო ისეთ მოთხოვნებს აყენებს, დღე და ღამე სკოლაში უნდა იყო, არ გააკეთებ და წახვალ სახლშიო!
მეც მაქვს სკოლაში მუშაობის გამოცდილება და ის პირველი პედაგოგიური საბჭოს სხდომა რომ მახსენდება, რომელსაც სკოლაში ახალი მისული, ოცი წლის ასაკში დავესწარი, თან მეღიმება და თან - გული მწყდება...
დაინტერესდებით ალბათ, რატომ?!
იმიტომ, რომ მალე დავრწმუნდი: ყველა სასწავლო წელი იწყებოდა დირექტორის `მუქარით~, უხილავი `ბუას~ მოსვლის შიშით და ტრადიციულად, ასე თუ ისე `მშვიდობით~ მთავრდებოდა: ვინც მართლა მასწავლებლადაა დაბადებული, საქმეს სულ აკეთებდა და ახლაც აკეთებს, ხოლო ვისაც მხოლოდ ხელფასი აინტერესებს, არც სკოლა ადარდებს და არც თაობების სწავლა-განათლება, ყველა ნათქვამს ერთ ყურში უშვებს და მეორიდან ატარებს. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ საქმე სანახევროდ კეთდება კეთილსინდისიერი და მართლა მცოდნე მასწავლებლების ხარჯზე. სკოლა წინ ვერ მიდის, მაგრამ არც დანგრეულა ჯერ საბოლოოდ და ეგეც ხეირია, ალბათ... იმას, რასაც სახელმწიფო მოხელეები რეფორმას არქმევენ, კარგი არაფერი მოჰყოლია და ნებისმიერ პედაგოგს რომ ჰკითხოთ, დაუფიქრებლად გეტყვით, რომ მოსწავლეთა ზოგადი განათლების დონე ათი და ოცი წლის წინ უფრო მაღალი და უკეთესი იყო, ვიდრე დღევანდელ სკოლაშია და სანამ რეფორმა ქართული სკოლის ტრადიციების გათვალისწინებით არ გატარდება, უცხოეთიდან შემოტანილი პროექტებით შეიძლება, უარეს შედეგამდეც მივიდეთ...
თუ მართლა უნდათ რეფორმა წარმატებული იყოს, ღირსეულ და მცოდნე პედაგოგთა დიდ არმიას თითის ქნევით კი არ უნდა ელაპარაკონ, არამედ უბრალოდ, დახმარება სთხოვონ. ალბათ, წარმოდგენაც არა აქვთ მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ახალგაზრდა რეფორმატორებს, თუ რა განძი აქვთ უამრავი გენიოსი რიგითი მასწავლებლის სახით ქართულ სკოლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გამოცდილებას გამოიყენებდნენ...
ერთი და იმავე კითხვით რამდენიმე ადამიანს მივმართე:
- ახალი სასწავლო წელი იწყება და რა განწყობით ხვდებით მას?!

თამარი, 44 წლის, სკოლის დირექტორი:

- სკოლის დირექტორები ზაფხულშიც ვმუშაობთ და ფაქტობრივად, ვერ ვსარგებლობთ შვებულებით. უამრავი რამ არის მოსასწრები და გასაკეთებელი, რომ მასწავლებელსაც მოწესრიგებული გარემო დახვდეს, მოსწავლესაც და მშობელსაც უხაროდეს შვილის სკოლაში გამოშვება. გამოგიტყდებით და, ცოტა არ იყოს დაღლილიც ვარ, მაგრამ დირექტორობა თავად გადავწყვიტე და ვერ ვიწუწუნებ, თავს ვერ შევირცხვენ. პედაგოგების ოჯახიდან ვარ - დედ-მამაც სკოლაში მუშაობდა, ბებია-ბაბუებიც და ძალიან მინდა, მათი საქმის ღირსეული გამგრძელებელი ვიყო...

ანა, 24 წლის, დაწყებითი კლასების პედაგოგი:

- ძალიან ვღელავ და განვიცდი, რადგან წელს პირველად შევალ კლასში, როგორც მასწავლებელი. გამოცხადებულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ოცზე მეტ მსურველს შორის გავიმარჯვე. არ მინდა, რაიმე შემეშალოს და დირექციას სანანებელი გაუხდეს, ჩემზე რომ შეაჩერა არჩევანი. თანაც, დროებით ხელშეკრულებაზე ვარ, რომელსაც დამსაქმებელი გაწყვეტს, თუ საქმეს თავს ვერ გავართმევ. არ მინდა, სამსახური დავკარგო, თანაც - შერცხვენილმა. ჰოდა, ლამის გულის ტკივილი ამიტეხოს სწავლის დაწყების მოლოდინმა.

ეკა, პედაგოგი, ოცწლიანი სამუ­შაო სტაჟით:

- მალე დამთავრდა შვებულება და გული მწყდება. მეზარება სკოლაში დაბრუნება. დაიწყება ახლა წნეხის რეჟიმში მუშაობა. ვისაც არ ეზარება, ლექციებს გვიკითხავს და ჭკუას გვარიგებს. მათ შორის ისეთებიც არიან, ვისაც სათავისოდ არ ჰყოფნის ჭკუა და გამოცდილება. დირექტორიც საკმაოდ სუსტი გვყავს. აი, ისეთი, რომ ამბობენ: არც თავისი იცის რამე და არც სხვი­სი ეყურებაო... სად პოულობენ მაინც ასეთებს და რა კრიტერიუმით აფასებს მათ სამინისტრო?! ზოგჯერ მგონია, რომ ამდენი სულელური რეფორმით ისე დაიღალა ყველა, თუ სხვაგან დასაქმება მოახერხა, სკოლა აღარავის უნდა და არც დირექტორობა უნდა გამორჩეულად მოხერხებულსა და ჭკვიანს. ისე, მეც სიამოვნებით წავალ სკოლიდან, თუ სხვაგან მოვახერხე მუშაობის დაწყება. მართლა ძლიერი მათემატიკოსი ვარ და ვფიქრობ, ჯერ კიდევ მაქვს პროფესიის შეცვლის შანსი...

რეზიკო, 18 წლის, მეთორმეტეკლასელი:

- კლასელები მენატრებიან და ზოგიერთი მასწავლებელიც. რაც შეეხება სწავლის განახლებას: ყოველთვის მეზარებოდა და წელს ორმაგად მეზარება, რადგან აბიტურიენტი ვარ და სკოლის პარალელურად, რეპეტიტორებთან უნდა ვირბინო. ახლა ანაკლიაში გახლავართ, სადაც უამრავი რუსი და უკრაინელი გოგოა ჩამოსული და ამათ შემხედვარეს რა ჯანდაბა მინდა სკოლაში?!

დათუნა, 6 წლის, პირველკლასელი:

- მიხაროდა სკოლაში წასვლა, მაგრამ ჩემმა ძმამ, რომელიც მეშვიდეკლასელია, მითხრა: შტერი ხარ და იმიტომ გიხარია, თორემ სკოლაში სიარულში კარგი არაფერიაო... ახლა აღარ ვიცი, რა ვთქვა. მივალ სკოლაში და მერე მკითხე, რა...
ასეა თუ ისე, სწავლის დაწყება მაინც დღესასწაულთან ასოცირდება და ამიტომ, წარმატებასა და გამარჯვებებს ვუსურვებთ მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც. გამარჯვებული სკოლა ხომ გამარჯვებულ სახელმწიფოსაც ნიშნავს?!

ინგა ჯაყელი
ბეჭდვა