იოანე ნათ­ლის­მ­ცე­მელს უფალ­მა უწო­და უდი­დე­სი ადა­მი­ან­თა შო­რის - გზაპრესი

იოანე ნათ­ლის­მ­ცე­მელს უფალ­მა უწო­და უდი­დე­სი ადა­მი­ან­თა შო­რის

მას თავად უფალმა უწოდა უდიდესი ადამიანთა შორის. ამჯერად იოანე ნათლისმცემელზე ვისაუბრებთ...

იოანე ნათლისმცემლის შესახებ სახარება გვაუწყებს: "იყო კაცი მოვლინებული ღვთისა მიერ და სახელი მისი იოვანე". მას უდიდესი მისია ერგო - კაცობრიობა უფალთან შესახვედრად უნდა მოემზადებინა, ადამიანთა გულები განემზადებინა მესიის მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს, როდესაც იოანე ქადაგებდა, კაცთა და მით უფრო - ღვთის რჩეული ერის შვილების გულები უდაბნოდ ქცეულიყო და იოანეს ხმა იყო "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", მან თავისი მისია აღასრულა, იოანეს ქადაგებით არაერთი ადამიანი მივიდა უფალთან...

- ვიცით, რომ ძველ აღთქმაში იყო წინასწარმეტყველება მაცხოვრის შობის შესახებ, ასევე იყო წინასწარმეტყველება, რომ მაცხოვრის შობამდე უნდა მოსულიყო კაცი, რომელიც გზას განუმზადებდა მაცხოვარს, მაგრამ მის სიტყვას მრავალნი არ მიიღებდნენ. ის იქნებოდა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. უდაბნოში მღაღადებელი რას ნიშნავს?

მამა მაკარი:

- იოანე კი იქადაგებდა, მაგრამ მისი ქადაგების მიმღებნი არ იქნებოდნენ, ისევე, როგორც უდაბნოში ქადაგების დროს, სადაც ადამიანები არ ცხოვრობდნენ. მისი მოწაფეები გახდნენ ურჩეულესნი უფლის მოციქულთა შორის, ანდრია პირველწოდებული და იოანე ღვთისმეტყველი - ვიდრე მაცხოვარს გაჰყვებოდნენ, იოანეს დაემოწაფნენ, შეიტყვეს რა იოანესგან, რომ იესო იყო მაცხოვარი, ისინი უკვე იესოს გაჰყვნენ... იოანე ნათლისმცემელი იშვა მაცხოვრის შობამდე რამდენიმე თვით ადრე. სასწაულებრივი იყო შობა იოანესი, იგი ხანდაზმულობის ჟამს, ხანგრძლივი ლოცვის შედეგად მიეცათ მართალ ზაქარიასა და ელისაბედს. იოანე ხორციელი ნათესავი გახლდათ ქრისტესი.

- ვიცით, რომ იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში აღიზარდა, სადაც დედამისმა მამამისის, მღვდელმთავარ ზაქარიას სიკვდილის შემდეგ შეაფარა თავი, ყრმა იოანესთან ერთად. როგორც გარდამოცემა გვაუწყებს, როდესაც იოანე 5 წლის გახდა, მართალი ელისაბედიც მიიცვალა, იოანე მარტო დარჩა უდაბნოში და მარტოდმარტო იზრდებოდა. სახარება გვამცნობს, რომ მკალისა და ველური თაფლის გარდა, არაფერს იხმევდა: "ყრმა იგი აღორძინდებოდა და განმტკიცდებოდა სულითა და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებამდე ისრაელისა მიმართ".

- რატომ უნდა ყოფილიყო იოანე ამ დრომდე უდაბნოში? საერთოდ, რატომ გახდა საჭირო მისი უდაბნოში ყოფნა?

- უდაბნო, სადაც მართალმა ელისაბედმა იოანესთან ერთად შეაფარა თავი, იქვე, იერუსალიმის მახლობლად მდებარეობდა. იქ იოანეზე ხელი არ მიუწვდებოდა ჰეროდეს, რომლის რისხვასაც განარიდა ელისაბედმა ყრმა იოანე. უდაბნოში დედა-შვილი სრულად უფალზე იყო მინდობილი. ცხადია, უფალს ყველგან შეუძლია დაიცვას ადამიანი, მაგრამ როდესაც ადამიანი თვითონ განარიდებს თავს წუთისოფელს, მას მეტად იცავს, რადგან მხოლოდ უფლის იმედი აქვს. იოანემ უდაბნოში 30 წელი დაჰყო, ვიდრე ქადაგებას დაიწყებდა. ამ ხნის მანძილზე თავისი ასკეტური ღვაწლით განიწმინდა. მართალია, იოანე, რომელსაც თავად უფალმა უწოდა უდიდესი ადამიანთა შორის, იყო ყველაზე ზეაღმატებული (თუ არ ჩავთვლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს) თავისი ცხოვრებით, ღვთისმოსაობით, მაგრამ ის იყო მაინც ადამიანი და საჭიროებდა განწმენდასა და განმტკიცებას იმ მისიისთვის, რაც უნდა აღესრულებინა. ამგვარ სულიერ მდგომარეობას სწორედ უდაბნოში ყოფნით მიაღწია.

- იოანე ნათლისმცემელმა თავისი მისიის გაცხადებულად აღსრულება მდინარე იორდანეს შემოგარენში სინანულის ქადაგებით დაიწყო: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი", - ამ სიტყვებით ამზადებდა ადამიანებს მხსნელის მისაღებად წინამორბედი უფლისა. რატომ დასჭირდა უფალს წინამორბედი, დამოწმება იოანესგან?

- როგორც ვთქვით, ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მოვიდოდა წინამორბედი, რომელიც გზას განუმზადებდა მაცხოვარს. ეს იყო იოანე. ის ქადაგებდა, - მე არ ვარ მესია, ის ჩემს მერე მოვა, მე გზას განვუმზადებ მასო. წინამორბედი არა უფალს, არამედ ადამიანებს სჭირდებოდათ. როდესაც იხილავდნენ მის მოსვლას, განმზადებულიყვნენ მხსნელთან შესახვედრად. სინანულისკენ მოწოდებით იოანე განწმენდდა ადამიანთა გულებს იმისათვის, რომ ღვთის სიტყვა უფრო ადვილად მიეღოთ. იოანე ცხოვრობდა და იქცეოდა ისე, როგორც ამ დრომდე არავის უცხოვრია. იგი გამორჩეული იყო წმინდა ცხოვრების წესით. მას მთელი ერი აღიარებდა, მისი სწამდათ და სჯეროდათ იმდენად, რომ იმასაც კი ეკითხებოდნენ - შენ ხომ არა ხარ მესიაო. სწორედ ასეთ კაცს უნდა დაემოწმებინა მაცხოვარი.

- უფალი სახარებაში იოანეს შეფასებისას ამბობს: "არა აღდგომილ არს ნაშობთაგან დედათაი უფროის იოვანეს ნათლისმცემლისა; ხოლო უმცირესი სასუფეველთა ცათასა უფროის მისა არს". როგორ გავიგოთ ეს სიტყვები? ვიცით, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უაღმატებულესია არა მხოლოდ ადამიანთა, ანგელოზთა დასებზეც კი...

- თავისთავად, აქ არ იგულისხმება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. როდესაც მაცხოვარი ხალხს უქადაგებდა, არ იტყოდა უმეტესი დედაჩემია და შემდეგ იოანეო. იმ დროს, როდესაც მაცხოვარმა ეს სიტყვები წარმოთქვა, საერთოდ არ იყო გახსნილი სასუფევლის კარი, მხოლოდ ანგელოზები განადიდებდნენ მარადიულად უფალს. აქ შეიძლება ვიგულისხმოთ ანგელოზებიც. რა თქმა უნდა, სასუფეველში მყოფი უმცირესი ანგელოზთაგანიც გაცილებით მეტად განადიდებს უფალს და აღასრულებს ღვთის მცნებებს, ვიდრე თუნდაც ყველაზე წმინდა ადამიანი, დედამიწაზე ყოფნის ჟამს. ხოლო როდესაც იოანე სასუფეველში შევიდა, ის უაღმატებულესი შეიქმნა ყველა ადამიანთა შორის, თავისი ღვთის მადიდებლობით. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს.

- ძველი აღთქმის პერიოდში მრავლად იყვნენ წმინდა და მართალი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით, თავიანთი სიტყვით განადიდებდნენ უფალს, თუმცა უფალი მხოლოდ იოანეს მიმართ ამბობს ამ სიტყვებს. მაინც რითი იყო იოანე ნათლისმცემელი უდიდესი, გამორჩეული ადამიანთა შორის?

- რა თქმა უნდა, ძველი აღთქმის პერიოდში არაერთი მართალი და წმინდა ადამიანი არსებობდა, მაგრამ ასეთი რამ, რაც იოანეს შემთხვევაში მოხდა, არასოდეს მომხდარა. როგორც ვთქვით, ჰეროდეს მიერ 14 ათასი ყრმის ამოხოცვისა და მართალი ზაქარიას მოკვდინების შემდეგ, მართალმა ელისაბედმა ორი წლის ყრმა იოანე უდაბნოში გაიყვანა. მალე ელისაბედიც გარდაიცვალა და ხუთი წლის ასაკიდან მარტოდმარტო აღიზარდა. მისი გონება განუწყვეტლივ უფლის დიდებით იყო დაკავებული, თავისი მიწიერი ღვაწლითა და სულიერი მდგომარეობით ყველას აღემატებოდა. ამიტომაც იყო იოანე უპირატესი ადამიანთა შორის და შეიქმნა ღირსი, რომ უფლის წინამორბედი ყოფილიყო.

შორენა მერკვილაძე