საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი სარ­კას­ტუ­ლი იუმო­რით და იდუ­მა­ლი ამ­ბე­ბით - გზაპრესი

საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი სარ­კას­ტუ­ლი იუმო­რით და იდუ­მა­ლი ამ­ბე­ბით

"სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ნასწავლის დიდი ნაწილი მგონია, რომ აღარ მახსოვს. ვნახოთ, კითხვარს თავს როგორ გავართმევ, ეს მეც მაინტერესებს", - მითხრა "ილო ბეროშვილის შოუს" სცენარისტმა და "პოეზიური ქრონიკის" წამყვანმა, მიშა აბრამიშვლმა. მას პოეზიაზე მეტად პროზა უყვარს, ყველაზე მეტად კი დეტექტივები იზიდავს.

- სამსახურს იმდენად დიდი დრო მიაქვს, სურვილის მიუხედავად, აქტიური მკითხველი ვეღარ ვარ. ზოგიერთი ისეთი წიგნიც არ მაქვს წაკითხული, აუცილებლად წასაკითხი წიგნების ჩამონათვალში რომ შედის. ყველაზე ბევრს სკოლის პერიოდში ვკითხულობდი, სტუდენტობის წლებში თვითმმართველობის ამბებში ჩართული და ძალიან დაკავებული ვიყავი.

ბოლოს დოჩანაშვილის ნაწარმოებები წავიკითხე. წლები რაც უფრო მემატება, უფრო მეტად ვცდილობ, თავისუფალი დრო წიგნებს დავუთმო. შეიძლება ბანალურია, მაგრამ ყველაზე მეტად დეტექტივები მიყვარს.

ბავშვობაში წასაკითხ ლიტერატურას მშობლები და პედაგოგები მირჩევდნენ.

ნაწარმოები, რომელმაც ჩემზე პირველი წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, "რობინ ჰუდის თავგადასავალი" იყო, მისმა გმირობებმა გამიტაცა.

დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი შერლოკ ჰოლმსთან, მისი სარკაზმით სავსე იუმორი მომწონს. ძალიან ბევრ რამეს ვისწავლიდი, დავაკვირდებოდი. იდუმალებით აღსავსე ამბები მაინტერესებს.

ქალი პერსონაჟებიდან რომელი შემიყვარდებოდა, ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ. გამორჩეულად საყვარელი ქალი პერსონაჟი არც მყავს. ძალიან მომწონს კეტრინ ზეტა ჯონსის გმირი ფილმში "ზოროს ნიღაბი". საოცარი გამოხედვა აქვს, ძლიერი ქალია. მასში არის ქალური სინაზეც და სიძლიერეც, ეს ერთობლიობა ძალიან მომწონს, თან ძალიან ეშხიანია.

- ერთმა ბრიტანულმა კლუბმა გამოსცა პლაკატი, რომელზეც ეწერა: "ღმერთმა შექმნა არც ისე ბევრი სრულყოფილი თავი, ხოლო დანარჩენები მან დაფარა თმით". ვინ არიან ამ კლუბის წევრები?

- საფეხბურთო კლუბია?

- არა. ამ კლუბში გაერთიანებულნი არიან ადამიანები, რომლებსაც ვიზუალურად საერთო ნიშანი აქვთ.

- (ფიქრობს) ჩემნაირები?

- ანუ?

- მელოტები?

- დიახ. შანტაჟი ფრანგული სიტყვისგან - "შანტე" არის ნაწარმოები. რას ნიშნავს იგი?

- არ ვიცი.

- სიმღერას, გალობას.

- რა კავშირი აქვს?

- ფრანგმა ჩიტის დამჭერებმა იციან ერთგვარი სიმღერა, რომელიც ჩიტის გალობას ჰგავს. ამ "გალობით" მოიტყუებენ ხოლმე ჩიტებს და იჭერენ.

- რატომღაც ვერ დავაკავშირე.

- ინგლისში მდებარე ეს უნიკალური სამეფო რეზიდენცია 600 ოთახისგან შედგება და მასში განთავსებული ხელოვნების ნიმუშები, მსოფლიოს მრავალი ცნობილი მუზეუმისთვისაც კი დიდი ფუფუნებაა. რომელ სასახლეზეა ლაპარაკი?

- ბუკინგემის სასახლე.

- ბარონი დენონი ფრანგი გრავიორი, მხატვარი, მწერალი და დიპლომატი იყო. ის დაწინაურებული იყო ლუდოვიკო XVI-სა და ნაპოლეონ I-ის დროს. ალექსანდრე I კი მისგან სურათებს და სხვადასხვა ნივთს იძენდა. სად ინახავდა ამ ნივთებს?

- ერმიტაჟში.

- ამ ხელსაწყოს, რომელიც გამიზნულია ადამიანის მდგომარეობისა და ფიქსირებისთვის, ოფიციალურად პოლიფიზიოგრაფი ჰქვია. დაასახელე მისი საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება.

- მე პოლიგრაფი მახსოვს, მაგრამ შესაძლოა ვცდები. სიცრუის დეტექტორი, არა?

- დიახ. "პატარაობიდანვე ვოცნებობდი, კოსმონავტი გავმხდარიყავი, მაგრამ ამას საკმაოდ ბევრი მეცადინეობა სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ გავხდი პრეზიდენტი". ამერიკის რომელი პრეზიდენტია ამ სიტყვების ავტორი?

- ზუსტად არ ვიცი, კლინტონი?

- კოსმონავტობაზე ბუში ოცნებობდა. "გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ლანძღავენ და ომობენ". ვინ არის ამ გამონათქვამის ავტორი?

- კოკო შანელი იქნება.

- მარკ ტვენს ეკუთვნის. ციყვს ხეზე აძრომა უფრო სწრაფად შეუძლია თუ მიწაზე სირბილი?

- ხეზე აძრომა, არა?

- გამოიცანი. ნელის მამას 5 ქალიშვილი ჰყავს. პირველს ჰქვია ნინო, მეორეს - ნანა, მესამეს - ანა, მეოთხეს - ნატო. რა ჰქვია მეხუთეს?

- ნელი.

- თუ ის კარგია, ქაფი 3 წუთზე ადრე არ უნდა უქრებოდეს, უნდა შედგებოდეს პატარა ბუშტულებისგან, მისი არომატი უფრო საგრძნობია, როცა ის ცივია. რაზეა ლაპარაკი?

- ლუდზე. გამოვიცანი?

- დიახ.

- ლუდი მიყვარს, ჩემთვის წითელი ნახევრად ტკბილი ღვინოც სასიამოვნო დასალევია.

- რისი შიშია ჩეროფობია?

- ჩრდილის, არა?

- გართობის. რამე უცნაური ფობია ხომ არ გაქვს?

- არა.

- მოგზაურები ყოველთვის ცდილობდნენ, სასმელი წყალი ვერცხლის ჭურჭლით ეტარებინათ. რატომ?

- ვერცხლის წყალს გაფუჭებისგან იცავს..

- ერთ ქართველ პოეტს სახლის შესასვლელ კარებზე ასეთი წარწერა ჰქონდა: "მეგობრებო! ჩემს ბინაში,/ რომ მოდიხართ ასე ხშირად,/ ბოდიშს ვიხდი, თქვენს წინაშე,/ მაგრამ გეტყვით პირდაპირად:/ თუ არა გსურთ, რომ ჩვენ შორის/ უძრახობა ჩამოვარდეს,/ სურნელება ჰქონდეს შმორის/ ჩვენს გულებში დარგულ ვარდებს,/ თუ არა გსურთ, მძლედ და უხმოდ/ დამიჩაგროთ პოეტს გული,/ წიგნებს ნუ მთხოვთ! წიგნებს ნუ მთხოვთ!/ შეისმინეთ ჩემი თქმული". დაასახელე ეს პოეტი.

- ლექსი მეცნობა. მინიშნებას მეტყვი?

- ეს პოეტი ძველ თბილისში...

- (მაწყვეტინებს) იოსებ გრიშაშვილი.

- უფასოა, მაგრამ ძვირი ღირს, რაც მეტს გასცემ, მეტს მიიღებ. წამიერია, მაგრამ ხსოვნაში სამუდამოდ რჩება, ვერსად იპოვი მდიდარს, რომელიც უმისოდ ძლებს, და ვერც ღატაკს, რომელსაც ის არ გაამდიდრებს. მას ვერ იყიდი, ვერც თხოვნა-მუდარით მოიპოვებ, ვერც ისესხებ, ვერც მოიპარავ, რადგან თუ ნებით არ გაიცა, გროშია მისი ფასი.

- სიყვარული?

- მიგანიშნებ, პასუხი პირდაპირ კავშირშია იმ საქმესთან, რასაც შენ ტელევიზიაში აკეთებ.

- სიცილი, ღიმილი...

- მეცნიერულად მას ფილემატოლოგია ჰქვია, რაზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- ადამიანის ქმედებაზეა ლაპარაკი, რომლის დროსაც გჭირდება პარტნიორი.

- ვერ ვხვდები.

- კოცნა.

- მართლა ასე ჰქვია? დავიმახსოვრებ.

- ვინ იყო კონიაკის პირველი მწარმოებელი საქართველოში?

- სარაჯიშვილი.

- რომელი ფილმის პერსონაჟია ბოლოკა?

- "ღიმილის ბიჭების".

- მზის სისტემის რომელი პლანეტა ანდომებს ღერძის გარშემო შემობრუნებას ყველაზე მეტ დროს?

- ვენერა.

- "უხერხულია - შენ გერქვას ცოლი/ შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე./ აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი!../ მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ". - დაასახელე ლექსის ავტორი.

- ტარიელ ჭანტურია.

- "პოეზიაში მოყვარულებს არაფერი ესაქმებათ, მუზასთან არშიყობა არ შეიძლება, იგი თავდავიწყებით უნდა გიყვარდეს". ვინ არის ამ სიტყვების ავტორი?

- არ ვიცი.

- მიხეილ ქვლივიძე. შემდეგი კითხვა ძველბერძნული მითოლოგიიდან არის. ქალღმერთ თემიდას რომელი ქალღმერთი შეესაბამება რომაული მითოლოგიიდან?

- არ ვიცი.

- იუსტიცია. რომელი სახელმწიფოა მეორე ადგილზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით?

- ინდოეთი.

- არც ისე დიდი ხნის წინ, ინდოეთში ჩატარდა დემონსტრაცია ხურდა ფულის გაუქმების მოთხოვნით. ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები? მიგანიშნებ, ისინი გარკვეული სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ.

- ადამიანები, რომლებიც მოწყალებას ითხოვდნენ.

- რომელი ქვეყნიდან გავრცელდა სერენადა?

- იტალიიდან მგონი, არა?

- დიახ, შუა საუკუნეების იტალიიდან და ესპანეთიდან გავრცელდა. სერენადა გიმღერია?

- არა, მაგრამ სურვილი მქონია.

- ვინ იყო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეერთებული სამეფოს ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი?

- მარგარეტ ტეთჩერი.

- რომელ ნაწარმოებს უწოდებენ ბეთჰოვენის მუსიკალურ ანდერძს?

- მე-9 სიმფონიას, რომელიც დაყრუების შემდეგ დაწერა.

- დაბოლოს, დაასრულე ვოლტერის ცნობილი გამონათქვამი; "არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და..."

- "...გაიზრდება და თაყვანისცემას მოითხოვს".