ბანქოს სახლი (ნაწილიXV) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (ნაწილიXV)

პარტიის რეკლამისა და პროპაგანდის განყოფილების დირექტორი, როჯერ ო"ნეილი კი, რომლის მოვალეობაშიც ტრადიციულად კონფერენციის რაც შეიძლება მომგებიანად გაშუქება შედიოდა, ჟურნალისტებთან საუბრისას, პარტიის კურსზე ზოგადი საუბრისა თუ მისი კონკრეტული წევრების არაპოპულარული ნაბიჯების ასე თუ ისე ახსნის გარდა, რატომღაც უკვე ზოგიერთი მათგანის სერიოზული მაკრიტიკებლის და ზოგჯერ მბრალდებლის როლშიც კი გამოდიოდა. თანაც, ასეთი ბრალდებების ობიექტად ყველაზე ხშირად პარტიის თავმჯდომარეს ირჩევდა. მისი თქმით, თავმჯდომარე ბოლო ხანებში განვითარებული მოვლენების არსს საერთოდ ვეღარ სწვდებოდა, ამის გამო გადაწყვეტილებების მიღებას აგვიანებდა და პროპაგანდაზე გასაწევი ხარჯებიც სრულიად უსაფუძვლოდ შეამცირა. მეტიც, პარტიის შტაბბინაში თურმე, უკვე იმის შესახებაც კი დადიოდა ხმები, თითქოს თავმჯდომარემ, რომელიც შიშობდა, ამჯერად პრემიერ-მინისტრს მისი მომხრეებისგან `მაგრად მოხვდებაო~, ყველაფერი გააკეთა, კონფერენციას რაც შეიძლება შეუმჩნევლად, მისი მუშაობის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ფართოდ გაშუქების გარეშე რომ ჩაევლოო. პარტიის მთავარი პროპაგანდისტის მიერ მისი მთავარი თუ რიგითი წევრების მიერ გაწეული საქმიანობის ესოდენ `ერთგული~ შეფასების შემდეგ გასაკვირი სულაც აღარ ყოფილა, `გარდიანმა~ მმართველი პარტიის კონფერენციაზე გამოქვეყნებულ პირველივე სტატიას `პარტია კოლინრიჯის ლიდერობაში სერიოზულადაა დაეჭვებული~ რომ დაარქვა.

ოთხშაბათი, 13 ოქტომბერი

მატი სტორინი დილაადრიან საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა. გარეთ ჯერ ისევ ბნელოდა, ზღვიდან კი ცივი და ნესტიანი ქარი უბერავდა. მმართველი პარტიის კონფერენციაზე ერთ-ერთი უმსხვილესი საერთო-ეროვნული გაზეთის წარმომადგენლად მივლინებულ ახალბედა ჟურნალისტს, იმ საკმაოდ გამოცდილ კოლეგებს შორის მოხვედრის ბედნიერება ხვდა წილად, ვისაც პარტიის ხელმძღვანელობის მიერ იჯარით აღებულ სასტუმროში ცხოვრებისა და, შესაბამისად, წონიან პოლიტიკურ მოღვაწეებსა და პარტიის თანამდებობის პირებთან უშუალო ურთიერთობის საშუალება ჰქონდათ. ალბათ, თქმაც არ უნდა, რომ გოგონამ ამ საშუალებით პირველსავე საღამოს ისარგებლა, მაგრამ ძალები სათანადოდ ვერ მოზომა და ახლა ნაბახუსევზე რამენაირად გამოსვლის კი არა, თვალის გახელის თავიც კი აღარ ჰქონდა. `იქნებ, ცოტა წახემსებამ მაინც მიშველოს~. - გაიფიქრა მან და ის იყო, საწოლიდან წელი ძლივს აითრია, რომ გარკვევით გაიგონა, დერეფანში, მისი ნომრის კართან, იატაკს რაღაც მძიმედ როგორ დაენარცხა. შემკრთალმა მატიმ შიშველ მხრებზე მაშინვე პლედი მოიგდო და დერეფანში გავიდა. იატაკზე დილის გაზეთების მთელი დასტა მიმოფანტულიყო. გოგონამ ისინი ტანჯვით წამოკრიფა, ნომერში შეიტანა და საწოლზე დაუდევრად დაყარა. გაზეთები ამჯერად უკვე დაჭმუჭნილ ზეწარზე მიმოიფანტა, ერთ-ერთიდან კი ორად მოკეცილი თაბახის ფურცელიც გამოვარდა. მატიმ ფურცელი უახალისოდ აიღო, გაშალა და ხელში საიდუმლო დოკუმენტი - `საზოგადოებრივი გამოკითხვის ანალიზი. #40~ შერჩა. `რაო?.. - თვალებს არ დაუჯერა გოგონამ. - შეუძლებელია... მეტიც, სრულიად წარმოუდგენელია, ეს ინფორმაცია `მირორის~ თუნდაც ჟურნალისტი ხელმომწერებისთვის ასე უბრალოდ ჩამოერიგებინათ~.

მატისთვის ცნობილი იყო, მმართველი პარტია სხვადასხვა პოლიტიკურ პრობლემებზე საზოგადოებრივი გამოკითხვის ყოველკვირეულ მიმოხილვებს რომ ადგენდა, მაგრამ შემდეგ ეს მასალები, სიის მიხედვით, მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და რამდენიმე უმაღლესი პარტიული თანამდებობის პირს თუ ურიგდებოდა. ჟურნალისტებს და, განსაკუთრებით, მატისნაირ ახალბედებს კი, ასეთი მიმოხილვებისთვის თვალის შევლება მხოლოდ მაშინ თუ შეეძლოთ, როცა ისინი პარტიისთვის სასიკეთო ინფორმაციას შეიცავდა და მისი ფართოდ გავრცელება მომგებიანი იყო. `ნეტავ, ეს ბოლო მიმოხილვა პარტიისთვის სასიკეთო ინფორმაციას რანაირად უნდა შეიცავდეს? - გაუკვირდა ჟურნალისტს. - ანდა მისი ასე უცნაურად, თევზის, ანდა კარტოფილის ულუფასავით შეფუთვა და გავრცელება თავში აზრად ვიღას მოუვიდა?~

მიმოხილვაში მმართველი პარტიისთვის სასიკეთო საერთოდ არაფერი აღმოჩნდა. ყველაზე შემაშფოთებელი კი მაინც პრემიერ-მინისტრის პოპულარობის სერიოზული დაცემა იყო. მიმოხილვის თანახმადაც, მას მხარს მხოლოდ ყოველი მეოთხე გამოკითხულიღა თუ უჭერდა და, თანაც, ეს იმ ფონზე, როცა ოპოზიციის ლიდერის მხარეზე უკვე მათი ნახევარი იყო გადასული. `კოლინრიჯამდე ასეთი დაბალი რეიტინგი არც ერთ პრემიერ-მინისტრს არ ჰქონია. - გაიფიქრა მატიმ და საწოლზე მოწყვეტით ჩამოჯდა. - ეს ინფორმაცია კი არა, ნამდვილი ბომბია და უკვე იმასაც კი ცხადად ვგრძნობ, ხელებს როგორ გამეტებით მიწვავს... ჩანს, ვიღაცას ძალიან უნდა, რომ ის პირდაპირ პარტიული კონფერენციის გულში მოვისროლო, მაგრამ მაინცდამაინც მე რატომ?.. თუმცაღა, ამას რა არსებითი მნიშვნელობა აქვს? მთავარია, ეს ინფორმაცია მშვენიერი სტატიის საფუძველი გახდეს, რომელსაც პირველი სწორედ მე დავწერ!~ მატიმ ტელეფონის ყურმილს ხელი დასტაცა და რედაქტორის ნომერი უსწრაფესად აკრიფა.

ზარს რედაქტორის მეუღლემ უპასუხა.

- ალო, მის პრესტონ, - მაშინვე ჩასძახა ყურმილში გოგონამ. - მატი სტორინი ვარ. გრევილს ხომ ვერ დაუძახებდით?

ხანმოკლე პაუზის შემდეგ გრევილ პრესტონმა, რომელსაც ხმაზე ეტყობოდა, რომ ის-ის იყო, გააღვიძეს, ყურმილი აიღო:

- ვინმე მოკვდა?

- რა? - დაიბნა მატი.

- ვინ მოკვდა-მეთქი! - ხმას აუწია რედაქტორმა.

- არავინ.

- აბა, ამ უდროო დროს სხვა რა ჯანდაბისთვის მირეკავ?

- უდროო დროს?.. - კიდევ უფრო დაიბნა გოგონა. - აუ, ბოდიში რა, გრევ, დრო საერთოდ აღარ გამხსენებია... მოგვიანებით დაგირეკავ...

- რადგან უკვე მღვიძავს, ბარემ ამოღერღე, რა გინდა? რამე სიახლეა?

- სიახლე და მერე როგორი!..

- მაინც?

- პარტიის მიერ ჩატარებული მოსახლეობის გამოკითხვის ბოლო მონაცემები ჩამივარდა ხელში.

- მერე?

- სენსაციური მონაცემებია!

- მაინც როგორ მოიპოვე?

- კართან მომიგდეს.

- კართანო?.. ახლა იქნებ, ისიც მითხრა, საგანგებო საჩუქარივით ლამაზად შეფუთულიც იყოო?

- დამიჯერე, გრევ, მართლა კართან დამხვდა და მართლა სენსაციური დოკუმენტია!

- მერედა, ვინ დაგიტოვა კართან? სანტა კლაუსმა? ან იქნებ, მთლად ჰენრი კოლინრიჯმა მოიცალა შენთვის? იმაზე აღარ დაფიქრებულხარ, ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შენს ხელში აღმოჩენით ვინ და რატომ უნდა იყოს დაინტერესებული?

- დაფიქრებით კი დავფიქრდი, მაგრამ მთავარი ხომ მაინც თავად ინფორმაცია და გაზეთში მისი დროულად დაბეჭვდაა...

- დავუშვათ, მაგრამ ჯერ ის მითხარი, გუშინ საღამოს რომელიმე შენს კოლეგასთან ერთად ცოტა ზედმეტი ხომ არ დაგილევია?

- ჯანდაბა, გრევ! - მაშინვე დანაშაულზე წასწრებულივით შეჰყვირა მატიმ. - დალევა რა შუაშია?

- შუაში კი არა, თავშია! - ხმას აუწია რედაქტორმაც. - შენ რა, მართლა არ გსმენია, კონკურენტი გაზეთების ჟურნალისტები ერთმანეთს ათასნაირ ხრიკს როგორ უწყობენ?

- მსმენია, მაგრამ ახლა ეს ზუსტად როგორ უნდა დავადგინო? - ხმაში სასოწარკვეთილება გაუკრთა გოგონას.

- ეგ რომ ვიცოდე, რაღა მიჭირს!

- ნუთუ იმის გაგებაც კი არ გაინტერესებს, თუ რაზეა ამ დოკუმენტში საუბარი?

- ნამდვილად არ მაინტერესებს, რადგან დარწმუნებული ვარ, ვიღაცამ უბრალოდ გაგამასხრა ანდა უარესი - ხაფანგი დაგიგო. Aახლა ამ საქმეს რაღა ეშველება, მაგრამ სამომავლოდ მაინც დაიმახსოვრე, რომ რაც უფრო სენსაციურია ასე უცნაურად მოპოვებული ინფორმაცია, მით მეტია იმის ალბათობა, რომ ხაფანგში გიტყუებენ. ასე რომ, მსგავსი სისულელის გამო მეტად აღარ გამაღვიძო!

ამ სიტყვების შემდეგ გრევილ პრესტონმა ყურმილი ისეთი ხმაურით დაუგდო, რომ უამისოდაც გაუსაძლისი თავის ტკივილით შეწუხებულ მატის ის უკვე ლამის აფეთქების ხმადაც კი მოეჩვენა. `სასწრაფოდ ერთი ფინჯანი მაგარი შავი ყავა მაინც უნდა დავლიო~. - გაიფიქრა მან და ხელში შერჩენილი ტელეფონის ყურმილი თავადაც გამეტებით დაახეთქა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში