"სიცოცხლის უფლება მხოლოდ ვაჟებს არ უნდა ჰქონდეთ!" - სელექციური აბორტის შედეგად "გამქრალი" გოგონები - გზაპრესი

"სიცოცხლის უფლება მხოლოდ ვაჟებს არ უნდა ჰქონდეთ!" - სელექციური აბორტის შედეგად "გამქრალი" გოგონები

ასეთი ფაქტები, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათია და ოჯახის გავლენით, ხშირ შემთხვევაში - ზეწოლითაც, სელექციური აბორტი საქართველოში კვლავაც აქტუალური თემაა: პირველი ქალიშვილის შემდეგ, ვიდრე სასურველი სქესი არ ჩაისახება, აბორტი თითქოს "გამართლებულია"...

თამარი, 29 წლის:

- პირველი გოგონა მყავს. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს პატარა გოგონები და ამის ხათრით, მეორე ქალიშვილიც მაპატია ოჯახმა. თუმცა, როდესაც მესამედ დავორსულდი, გადავწყვიტე, ექოსკოპია გამეკეთებინა.

ისიც გოგონა იყო... ძალიან გამიჭირდა, ბევრი ვიტირე, მაგრამ აბორტი მაინც გავიკეთე, სხვაგვარად ქმრის ოჯახის კეთილგანწყობას დავკარგავდი. მას შემდეგ კიდევ ორჯერ მომიხდა ამის გაკეთება. შემდეგ ვაჟიც გავაჩინე და ამით უზარმაზარი ტვირთი მოვიხსენი მხრიდან... არავინ მოგატყუოთ, რომ ასეთი ტენდენცია მხოლოდ რეგიონებშია. თბილისში ნათესავები მყავს. ორი ქალიშვილი ჰყავთ და ყოველ ჩასვლაზე, ვითომ ხუმრობით ეუბნება რძალს დედამთილი, - ამან გაჯობაო... სოფელში ამას პირდაპირ ამბობენ, ქალაქში კი ირიბი დაპირისპირების მიზეზი ხდება. თუმცა, ზოგი შეგნებულია და თავის აზრს ხმამაღლა არ გამოხატავს, მაგრამ არაერთხელ გამიგონია, - ვიღაც სხვა გვარისას რატომ უნდა შევაჭმევინო ჩემი ნაწვალებიო?.. ჩემთვის შვილი შვილია, სქესს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ქმრის აზრს ვითვალისწინებ. ბევრი შვილის ყოლის მატერიალური საშუალება არ გვაქვს, ბავშვის აღზრდა ახლა ნამდვილი ფუფუნებაა, ამიტომ ქალებს გვიწევს მძიმე არჩევანის გაკეთება.

ანა, 38 წლის:

- პირველი ბიჭი მყავს. როდესაც მეორე ბავშვზე დავფეხმძიმდი, ჩემი დედამთილი ძალიან ცდილობდა, ჯერ სქესი გამეგო და მერე გამეჩინა... არც კი მიფიქრია ამაზე. მერე ჩემი ქმრის გადაბირებაც გადაწყვიტა, - ჯერ მეორე შვილისთვის მზად არ ვართო. არადა, მეც ვმუშაობ და ისიც ვუთხარი, - მუშაობას გავაგრძელებ და ძიძას ავიყვან-მეთქი. - დედაჩემი ბავშვის მომვლელად უცხოს არ შემოუშვებს და უსიამოვნებები არ მინდაო... არც ამჯერად დავიხიე უკან: - მაშინ დედაჩემს ვთხოვ დახმარებას, ისიც უცხო ხომ არ არის-მეთქი. ამის შემდეგ დედამთილმა ტაქტიკა შეცვალა, - ასე მოკლე პერიოდში მეორე შვილის გაჩენა დაგაბერებსო. - თუ ბიჭი იქნა, მაშინ რა მოხდება, გავახალგაზრდავდები-მეთქი? - ბიჭის გამო ღირს დაბერებაო... მეგონა, მამამთილი მაინც დამიჭერდა მხარს, რომელიც საკუთარ ქალიშვილზე ჭკუას კარგავს, მაგრამ დუმდა. ალბათ, მეუღლის გავლენის ქვეშ მოექცა... რაღაც დროის განმავლობაში, ქმრის სახლიდან გაბრაზებული წამოვედი, მაგრამ ისევ დავბრუნდი, რადგან პირველი შვილიშვილის გარეშე ვერ გაძლეს. იმ პერიოდში ახლობლებთან ურთიერთობას თავს ვარიდებდი, - როგორ მეთქვა, XXI საუკუნეში, დედამთილ-მამამთილთან დაპირისპირება მომიხდა იმის გამო, რომ გოგონას ველოდები და ქმარიც მათ პოზიციას იზიარებს-მეთქი?.. მოკლედ, მაინც გავაჩინე. 40 დღის განმავლობაში, ვიდრე დედაჩემთან ვიყავი, არც ერთხელ არ დაურეკავთ. ქმარი ზოგჯერ მოდიოდა და გიჟივით ეფერებოდა ჩვენს პატარა გოგონას, მაგრამ მშობლებზე საუბარს თავს არიდებდა. როდესაც მეუღლის სახლში დავბრუნდი, გულმა არ მოუთმინა და ბავშვს მაინც მიეფერა. თუმცა, დაგვიანებულ მილოცვებს ამ ტექსტით იღებდა, - არაფერია მოსალოციო... ვიდრე ლიზი არ წამოიზარდა და მათთან კონტაქტი თავად არ დაამყარა, ისინი თავს იკავებდნენ. ბავშვი ახლა 4 წლის არის და ორივეს ძალიან უყვარს, მაგრამ უფროსს მაინც სხვანაირად ექცევიან, რადგან ბიჭია...

ამ საკითხზე აზრი უფროსი თაობის ქალბატონსაც ვკითხე, რომელსაც მართალია, მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავს:

ელენე, 67 წლის:

- ეტყობა, პატრონი არ მივარგოდა. ქმარს ან დედამთილ-მამათილს უნდა "ეყოჩაღათ" და იძულებული ვიქნებოდი, იქამდე გამეჩინა ბავშვები, ვიდრე ვაჟი არ შემეძინებოდა... ახლა ჩემს ქალიშვილს ვთხოვ, იგივე არ გაიმეოროს, - ბიჭი აუცილებელია! სხვა თუ არაფერი, ის გვარის გამგრძელებელი, ოჯახის საყრდენია და ფუძეა. ოდითგანვე ასე იყო და ბუნების კანონს ვერ შევცვლით. თუ გნებავთ, ძველმოდურად ჩამთვალეთ, მაგრამ ასეა!

რადიოლოგების თქმით, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობისთვისაც დამახასიათებელია სქესის მიხედვით აბორტის გაკეთება.

ბესო დევდარიანი, რადიოლოგი:

- სელექციური აბორტი გასულ წლებში უფრო ხშირი იყო. ბოლო დროს შედარებით შემცირდა, მაგრამ ეს სტატისტიკაზე დიდად არ ასახულა - გოგონების რაოდენობა მაინც ნაკლებია. არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ "არასასურველი სქესის" შემთხვევაში, ფეხმძიმე ქალები თვითნებურ აბორტს ან არალიცენზირებულ ექიმებს მიმართავენ...

"არასასურველი სქესის" მოშორების გამო, ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში დაბადებული გოგონების რაოდენობა შემცირდა. ექიმები ხშირად ამბობენ, რომ პაციენტები სქესის გაგების შემდეგ, ბავშვის გაჩენაზე ყოყმანობენ, მათ კი პაციენტის გადაწყვეტილებაში ჩარევის უფლება არ აქვთ, მხოლოდ რჩევის მიცემა შეუძლიათ.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2014 წლის ოქტომბერში აბორტის მიმართ რეგულაციები გამკაცრდა. 12 კვირის შემდეგ აბორტის გაკეთება მხოლოდ გაუპატიურების ან სამედიცინო ჩვენების შემთხვევაშია დასაშვები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მართალია, მინისტრის ბრძანებაში არის ჩანაწერი, რომ აკრძალულია სქესით განპირობებული აბორტი, მაგრამ რეალურად, ამას უფრო დეკლარაციული ხასიათი აქვს.

"გენდერული ნიშნით სქესთა შერჩევა საქართველოში" - ამ სახელწოდების გამოკვლევა საქართველოში, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით აწარმოეს. სისტემური კვლევის თანახმად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული 2010 წლამდე, შერჩევითი აბორტის გამო, 25 ათასი გოგოა "გამქრალი".

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლის, ლელა ბაქრაძის თქმით, 2014 წელს მათი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაფუძნებული მტკიცებით, პირველ რიგში, მიზეზები გენდერულ დისკრიმინაციაში იმალება - პატრიარქალურ საზოგადოებაში ვაჟების ყოლა გაცილებით აქტუალურია.

ლელა ბაქრაძე:

- ახალი არავისთვის არის, რომ საქართველოში პატრიარქალური საზოგადოებაა. ოჯახში მიიჩნევენ, რომ მინიმუმ, ერთი ბიჭის ყოლა აუცილებელია და ოჯახის რძალს ავალდებულებენ, ვაჟი გააჩინოს. ეს მხოლოდ საქართველოს კი არა, მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის მენტალური პრობლემაა. ჩვენთან ამ სფეროში მცირედი სასიკეთო ძვრებია. თუმცა, ეს საკმარისი არ არის... საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში შედარებით მაღალი შობადობა იყო. ძირითადად, იქამდე აჩენდნენ ბავშვებს, ვიდრე ბიჭი არ ეყოლებოდათ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე, შობადობამ მკვეთრად იკლო.

ნინო, 35 წლის:

- სიამოვნებით ვიყოლიებდი 4 შვილს, მაგრამ საკუთარ თავს ასეთი ფუფუნების უფლებას ვერ მივცემ. ჯერ ერთი, ბავშვის გაზრდა არ არის საკმარისი; მას ცოდნის მიღება, სწორად აღზრდა და გზაზე დაყენება სჭირდება, ჩვენს ქვეყანაში კი ეს ყველაფერი ადვილი გასაკეთებელი არ არის. ორი შვილი მყავს და მეშინია, ხვალ საჭმელი არ მოაკლდეთ, თორემ ფასეულ რაღაცებზე ლაპარაკიც ზედმეტია. წინასწარ ვდარდობ, რა იქნება წლების შემდეგ, როცა სკოლას დაამთავრებენ? მაშინაც თუ ფასიანი იქნება უნივერსიტეტში სწავლა, ჩვენი მატერიალური მდგომარეობა კი არ გაუმჯობესდება, მოუწევთ განათლების მიღებაზე უარის თქმა ან სულაც, სხვების მსგავსად, საზღვარგარეთ გამექცევიან. ჰოდა, მითხარით, ვის აღვუზარდო შვილები: ამერიკას, რუსეთს, იტალიას, საფრანგეთს თუ რომელ ქვეყანას? სამწუხარო რეალობაა, მაგრამ არამატერიალური ოცნების ახდენასაც ვერ ვახერხებთ ქართველების ის ნაწილი, რომლებსაც სოციალურად დაუცველებად მიგვიჩნევენ და არც იმის იმედი გვაქვს, რომ ოდესმე ისეთი მთავრობა მოვა ქვეყნის სათავეში, რომელიც რეალურად იზრუნებს მოსახლეობაზე. ჰოდა, ამიტომაც, უარს ვამბობ ქართველების გამრავლებაზე თუნდაც, ორი ბავშვით, თორემ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა რომ იყოს, ორზე მეტსაც გავაჩენდი და მათზე სიამოვნებით ვიზრუნებდი. ქალისთვის არაფერია შვილზე ძვირფასი... სქესის მიხედვით შვილის გაჩენა-არგაჩენაზე კი მხოლოდ ბრიყვები მსჯელობენ. ჩემი უფროსი შვილი გოგონაა. მეორეზე რომ დავორსულდი, ექოსკოპიაზე მითხრეს, ესეც გოგო იქნებაო, მაგრამ ამის გამო მოსაკლავად არ გამიმეტებია ჩემი პატარა. მერე, მოხდა სასწაული და ვაჟი გაჩნდა. ასე რომ, ბრმად არ უნდა ენდოთ აპარატურას და სქესის მიხედვით მაინც არ უნდა გაიკეთოთ აბორტი. სიცოცხლის უფლება მხოლოდ ვაჟებს არ უნდა ჰქონდეთ.

ჩვენ რამდენიმე მამაკაციც ჩავწერეთ და დავუსვით კითხვა, რატომ სურთ ქართველ კაცებს ვაჟების ყოლა და ხშირ შემთხვევაში, ოჯახები რატომ იშორებენ თავიდან კიდევ ერთ გოგონას?

თენგო, 32 წლის:

- იცით, მე ქალიშვილიც მყავს და ვაჟიც. მიუხედავად იმისა, რომ გოგო "უფრო ჩემია", მაინც მიხარია, ბიჭიც რომ მყავს. სხვა თუ არაფერი, ის ჩემი გვარის, ჯიშის გამგრძელებელია, გოგო კი გათხოვდება და სხვის გვარს გაამრავლებს. ამქვეყნად გოგოც უნდა დაიბადოს და ბიჭიც.

- თქვენს ცოლს მეორეც ქალიშვილი რომ შესძენოდა, ამის გამო მას ოჯახში პრობლემები შეექმნებოდა?

- არა, რა სისულელეა, მაგრამ კიდევ ერთი შვილის გაჩენაზე ვიფიქრებდით, ვაჟის ხათრით...

- მომდევნოც გოგო რომ აღმოჩენილიყო?

- ასეთ შემთხვევაში, ვერ გეტყვით, რას ვიზამდით. ალბათ, მეოთხესაც გავაჩენდით, მაგრამ შემდეგ ან შევწყვეტდით ვაჟზე ოცნებას, ან წინასწარი გამოკვლევების მიხედვით გადავწყვეტდით, როგორ მოვქცეულიყავით.

- ანუ ამ შემთხვევაში აბორტი გამართლებულია?

- აბა, რამდენიც ჩაისახება, იმდენს როგორ გააჩენ? ორი გვყავს და მაგათ საჭიროებებს ძლივს ავუდივართ და შვიდი-რვა რომ გვყავდეს, თავი გამიხდებოდა მოსაკლავი.

გია, 47 წლის:

- ორი ქალიშვილის მამა ვარ და შვილებით ვამაყობ. ხშირად ვამბობ, ჩემი გოგონებიც ესენი არიან და ბიჭებიც-მეთქი. ზოგჯერ სუფრასთან, ამის გამო მაშაყირებენ ხოლმე, მაგრამ "მკბენარებს" როგორღაც ვიგერიებ. ბიჭი ვარ, მაგრამ ჩემი დები რასაც დედ-მამისთვის აკეთებენ, იმას მე მთელი ცხოვრება ვერ გავუკეთებ მოხუცებს. მშობელი გოგოს სინამდვილეში, საკუთარი სიტკბოებისთვის აჩენს, ვაჟს კი იმ ქალისთვის, რომელმაც შვილები უნდა გაუჩინოს - ეს ასეა. ხშირად მესმის, რომ რძალ-დედამთილებს უკმაყოფილება აქვთ და ასეთ დროს ვაჟი ცოლის მხარესაა. იშვიათად, რომ დედის სიტყვები გაითვალისწინონ. ჰოდა, რა გამოდის, თქვენ განსაჯეთ. მე შვილები ჩემთვის გავაჩინე (იცინის).

- მაგრამ მათ მომავალი სიძეები წაგართმევენ.

- ეს ბუნების კანონია და ამას ვერავინ შეცვლის. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ სიბერეში მომივლიან და მოხუცებულთა თავშესაფარში არ მიმიყვანენ, - ამის ატანა აღარ შეგვიძლიაო და არც ლუკმას დამაყვედრიან.

- დავიჯერო, ვაჟის ყოლაზე არ ოცნებობდით?

- როგორ არა, მაგრამ ასე გამოვიდა, ორი ქალიშვილი გვეყოლა. ვიდრე მეორე დაიბადებოდა, ვიცოდით, რომ ისიც გოგო იყო და ცოლმა მკითხა, რა ვქნათო? ლამის გადავირიე, რას ნიშნავს, რა ვქნათ? ბავშვს სქესის გამო ხომ არ მოვკლავ-მეთქი? მეგონა, მესამე მაინც იქნებოდა ვაჟი. გულის სიღრმეში ამის იმედი მქონდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემს ცოლს ბავშვის გაჩენა კარგა ხნით აუკრძალეს, მერე საშვილოსნოს ამოკვეთაც გახდა საჭირო და ჩვენც ბედს შევეგუეთ. უფლის მადლიერი ვარ, რომ შესანიშნავი გოგონები მყავს. ისინი არიან ჩემი იმედები, გვარს კი სხვები გააგრძელებენ.

ლალი პაპასკირი