შე­რე­კი­ლე­ბის კავ­ში­რი ანუ გაფ­რინ­დე­ბი­ან თუ ვე­რა? - გზაპრესი

შე­რე­კი­ლე­ბის კავ­ში­რი ანუ გაფ­რინ­დე­ბი­ან თუ ვე­რა?

მიზანმიმართული, საქმიანი, ხელმარჯვე და საკუთარი იდეის ერთგული კაცია ჩვენი რესპონდენტი. თავისი ხელით თვითმფრენი ააგო... ჰოდა, ბორჯომში ნიკო ბოსტოღანაშვილს ვესტუმრეთ, თუმცა ეზოში, სანამ მას შევხვდებოდით, დასაზუსტებლად მაინც ვიკითხეთ, - აქ ცხოვრობს ბატონი ნიკო? მეზობლებისგან ღიმილნარევი საყვედურიც მოვისმინეთ, - გინდათ, რომ გააფრინოთ ეგ კაცი?..

ჩვენ ის გვინდა, ეს ადამიანი საზოგადოებას გავაცნოთ...

თვითმფრენს, რომელიც თავად შექმნა, შედევრს უწოდებს. მასზე მუშაობა დროის დაკარგვად არ მიაჩნია. პირიქით, ეს მისთვის სიამოვნებაა და მეტიც, 24 საათის განმავლობაში ამ აპარატზე ფიქრითა და შრომით სულ არ იღლება.

- მიყვარს ავიაცია, ჰაერში ფრენა, ეს ხომ ადრენალინია? მიუხედავად იმისა, რომ 60 წელს გადავაბიჯე, ცაში აფრენის სურვილი არ გამქრობია. მეკითხებიან: "არ გეშინია?" არა, სულაც არა, ერთი სული მაქვს, ცაში როდის ავიჭრები. ეს სურვილი ბავშვობიდან გამიჩნდა, თვითმფრინავი რომ გადაიფრენდა, სულ იმის ინტერესი მქონდა, შიგნით ნეტა ვინმე ჩამსვამდეს-მეთქი. მერე ისიც მომინდა, რომ თვითმფრინავი მქონოდა და იმით მეფრინა. რომ გავიზარდე, დავფიქრდი, - ნუთუ არ შეიძლება, თვითონ გავაკეთო-მეთქი? ეს ფიქრი არ მეშვებოდა, სულ მაწვალებდა და 47 წლისამ მოტოდელტაპლანის მშენებლობა დავიწყე. გავაკეთე და ვიფრინე კიდეც, მაგრამ მერე რაღაც აღარ მომეწონა, მოვიწყინე, თან, ბორჯომის პირობებმა ვერ დამაკმაყოფილა, მეტი სივრცე იყო საჭირო. შემდეგ რამდენიმე ხანი პაუზა მქონდა. კომპიუტერს რომ დავეუფლე, ინტერნეტით ბევრი საინტერესო რამ ვნახე, რამაც ასეთი სურვილი გამიჩინა, - თუ სადმე თვითნაკეთი თვითმფრენი არსებობს, ე.ი. მეც უნდა გავაკეთო-მეთქი, ინტერნეტით ინტენსიური ძებნა დავიწყე და ვიპოვე კიდეც ისეთი, რომელიც საქართველოს პირობებში გამოდგებოდა...

- მოკლედ, საბოლოოდ მიზანს მიაღწიეთ. რამდენად უსაფრთხოა თქვენი საფრენი აპარატი?

- აბსოლუტურად უსაფრთხოა. მისი ფრთა მუდმივად ავტოროტაციაშია და ტრიალებს. მოტორი რომც გაითიშოს, ჩამოვარდნის საფრთხე არ არსებობს. ის 20-იან წლებში გამოიგონეს. რადგანაც მისი ავტორი თავისი გაკეთებული თვითმფრინავიდან არაერთხელ ჩამოვარდნილა, სულ იმის ფიქრში იყო, როგორ გავაკეთო ისე, რომ მსგავს საფრთხეს ავცდეო... წარმოიდგინეთ, თუ ძრავი შემთხვევით გაჩერდა, თვითმფრენი ნეკერჩხლის ფოთოლივით, ტრიალით ეშვება.

- რამდენ ხანს მუშაობდით საკუთარ თვითმფრენზე?

- 2010 წლიდან განვაახლე მუშაობა, დელტაპლანის ნაწილები (საბურავები, დეტალები) გამოვიყენე და იდეის განხორციელება დავიწყე. ბევრჯერ დავშალე, გადავაკეთე და ახლაც დაშლილია.

- რატომ?

- ერთადგილიანი იყო და არ მომეწონა, რადგან მასზე დაჯდომის მსურველები სხვებიც აღმოჩნდნენ. მართალია, ეს ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მაინც დავიწყე მასზე მუშაობა.

- პირველად სად იფრინეთ?

- ნატახტარში, თან, იქ ერთი ადამიანი, ვერტმფრენის მფრინავი, იმედა მაისურაძე გავიცანი. ასეთ აპარატზე იტალიაში აქვს გავლილი პრაქტიკა. ამ აპარატს ცოტა სხვანაირი მართვა უნდა, ყველას არ შეუძლია. მოკლედ, იმედამ გასინჯა, იფრინა და დადებითად შემიფასა. საერთოდ, ნატახტარის აეროდრომზეა ჩვენი, ანუ "შერეკილების" ბირჟა... იქვეა ერთი პიროვნება - ვალერი მიქაძე, ავიამშენებელი, კონსტრუქტორი, სტუდენტებს ამეცადინებს. ჩემი ნამუშევარი რომ გავსინჯეთ, ძალიან მოეწონა. სულ პირველად თვითმფრინავები რომ გამოუშვეს, მარტივი აპარატები იყო, დღეს კი უკვე როგორი ბოინგები დაფრინავენ. ყველაფერი წლების მანძილზე უმჯობესდება.

- მოკლედ, ოცნება აიხდინეთ?

- ჯერ არა, მაგრამ ავიხდენ, როდესაც დამოუკიდებლად ვიფრენ. თუმცა, ზუსტად არც ვიცი, ამ სურვილს ოდესმე თუ დავიკმაყოფილებ. ხშირად საკუთარ თავს ვეკითხები, - ნუთუ ეს ყველაფერი მომბეზრდება?

- რაზეც თქვენ მუშაობთ, ეს ინჟინრული კონსტრუქციებია. ამას ცოდნა სჭირდება. გაქვთ ამ მიმართულებით სპეციალური განათლება მიღებული თუ თვითნასწავლი კონსტრუქტორი ხართ?

- შევხედავ თუ არა ტექნიკის ნებისმიერ ნიმუშს, ვხვდები, როგორ და რანაირად არის აწყობილი. მოკლედ, ერთხელ რომ ვნახო, ყველაფერს მაშინვე ვიმახსოვრებ. გასაღები გავაკეთე ისე, კლიტე არც ვიცოდი, როგორი იყო და მოერგო. ასეთი აღქმის უნარი მაქვს, თუმცა სხვა რამის ასე დამახსოვრება არ შემიძლია.GzaPress

- ამ თვითმფრენის თითოეული დეტალი შეძენილია თუ ხელით გამოჩარხული?

- საქართველოში ნაკლებად იშოვება ამ აპარატის დეტალები, საზღვარგარეთ კი არის მაღაზიები, რაც გინდა, მიხვალ და იყიდი. ამას თუ რომელიმე ავტომანქანის ნაწილი მიესადაგა, ყველაფერი მოვარგე, დანარჩენი კი ჩემი ხელითა და ფანტაზიით დავამზადე. როდესაც ამ აპარატზე დავიწყე მუშაობა, ადამიანების დამოკიდებულება ჩემ მიმართ შეიცვალა. მეტი რაღა გინდათ, გიჟადაც შემრაცხეს, რის გამოც კლიენტიც კი დავკარგე (ბატონ ნიკოს სახლთან ახლოს, საკუთარ სახელოსნოში ვულკანიზაციის საამქრო აქვს გახსნილი. - ავტ.). იმის გამო, რომ ხმა გამივრცელეს, - ცოტა ვერ არისო, ხალხი დაფრთხა. ცხადია, არანორმალურ ხელოსანთან არავის უნდა მისვლა. წარმოიდგინეთ, რაც ამას ვაკეთებ, კლიენტი შემომეცალა. ნორმალური თვალით აღარ მიყურებენ, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ და ვამბობ: გიჟს მაშინ გეძახიან, როცა აკეთებ ისეთ რაღაცას, რისი გაკეთებაც სხვებს არ შეუძლიათ. გულს ასე ვიმშვიდებ და ვიმხნევებ, რომ ვიცი და ვაკეთებ, ეს არის სიგიჟე?! თუმცა, ბევრი ჩემს ხელობას აფასებს. გულით უდგება ამ საქმეს და მგულშემატკივრობს...

- ასე რომ გიყვარდათ ფრენა, თავის დროზე, საავიაციო სასწავლებელში რატომ არ განაგრძეთ სწავლა?

- ოჯახმა არ მოიწადინა, არადა, საავიაციო სასწავლებელში ბევრჯერ მქონდა ჩაბარების სურვილი. მერე სამხედრო სავალდებულო სამსახურმა მომიწია, მაგრამ ვინაიდან მარჯვენა ხელზე თითი მაკლია, არ წამიყვანეს. მერე მშობლებმა საავიაციო სასწავლებელშიც არ გამიშვეს.

- აღნიშნეთ, რომ შერეკილს გეძახიან. ალბათ, ეს კინოფილმის - "შერეკილების" გავლენით ხდება, ვინაიდან მისი გმირებიც ცათმფრენს აშენებდნენ და ცაში აფრენა სურდათ...

- ეს ფილმი მიყვარს კი არა, არასდროს მომბეზრდება მისი ყურება, მით უფრო, რომ როგორც გითხარით, თვითონაც "შერეკილს" მეძახიან. მუდმივად ჩამესმის ფილმიდან ცნობილი ფრაზები: "ხომ გეუბნებოდი, გაფრინდებიანო?" და ა.შ.

- უამრავი ნაწილი თავად გაქვთ თქვენი აპარატისთვის შეძენილი, ამასთვის ხომ თანხებია საჭირო. რა თანხა დაჯდა ოცნების ახდენისკენ სწრაფვა?

- ეს არის ჩემი სახელოსნო, მეორე სახლი, ცხოვრების ნახევარს აქ ვატარებ, მეტწილად სულ აქ ვარ. მიყვარს ეს ადგილი, როგორც ხედავთ, ვულკანიზაციის საამქროც მაქვს, კლიენტებს ვემსახურები, ამისთვის საკმარისი ფართობიც მაქვს... რაც შეეხება ფინანსებს, არავის იმედი არ მაქვს, 5-6 წელია, ყველაფერს ჩემი ძალებით ვაკეთებ. ამ ხნის მანძილზე, ეს დალოცვილი სადღაც 15 ათას დოლარზე მეტი დავხარჯე. გიჟს უფრო ამიტომაც მეძახიან, მაგრამ არ დავეძებ, სახლში ბევრი რამ არ მაქვს, მაკლია, მაგრამ, არა უშავს, მთავარია, ამას არ დააკლდეს რამე.

- შვილებს მოსწონთ თქვენი გატაცება?

- მოსწონთ, ერთ-ერთი მეხმარება კიდეც. მხარში მიდგას, ერთად ვიფრინეთ... ისე, ერთი ჩემნაირი კაცი ბაკურიანშიც არის და გურჯაანშიც, ასეთი საფრენი აპარატები აქვთ აწყობილი...

- ჰოდა, დაგეარსებინათ მერე "შერეკილების" კავშირი.

- კი, გვინდოდა, მაგრამ "შერეკილებს" ვინ დაეხმარება? რესტორანში დახარჯავენ და არ დაგეხმარებიან... ნეტავ, შვილები და შვილიშვილები კარგად მყავდეს, ჯანმრთელად იყვნენ, ოცნება ავისრულო, ვიფრინო და არაფერს დავეძებ. მეუბნებიან, - სულ ასე უნდა იწვალოო? რატომღაც ჰგონიათ, რომ ვწვალობ, არადა, უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია. თან, ეს საქმე კი არ მტანჯავს, სიამოვნებას მანიჭებს. ოღონდაც, ხელს ნუ შემიშლიან და ეს ყველაფერი ჩემთვის დომინოს თამაშიც არის, ჭადრაკისაც და დალევაც... რას ვიზამთ, ცხოვრებაში ყველას თავისი გატაცება აქვს...

ლალი ფაცია