ბანქოს სახლი (ნაწილიXVI) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (ნაწილიXVI)

ოცი წუთის შემდეგ მატი სასტუმროს ფართოსაფეხურებიან საპარადო კიბეს დაუყვა, ფოიეში ჩავიდა და მაშინვე სასაუზმე ოთახში გაუჩინარდა, სადაც მხოლოდ ადრე ადგომის მოყვარულთა პატარა ჯგუფი თუ დახვდა. ამით გახარებულმა მოშორებით მდგარი თავისუფალი მაგიდა შეარჩია, ჯგუფს ზურგით დაუჯდა და იმის დიდი იმედით, რომ იქ მყოფთაგან თითქმის არავინ იცნობდა და შესაბამისად, არც შეაწუხებდა, თავი გაზეთ "ექსპრესსში" ჩარგო.

პირველი ფინჯანი ყავის დალევას თითქმის არანაირი შედეგი გამოუღია, მეორემ კი მცირეოდენი შვება ნამდვილად მოჰგვარა, თავის ტკივილმაც ოდნავ უკან დაიხია და მატიმ აშკარად იგრძნო, გარემომცველი სამყაროსადმი უწინდელი ინტერესი თანდათან როგორ დაუბრუნდა. "ალბათ, უკვე ვინმესთან წაჭორავებასაც კი შევძლებდი", - გაიფიქრა მან შემდეგ და, ოთახისთვის თვალის გულმოდგინედ მოვლების შემდეგ, მისი ყურადღება მეზობელ მაგიდასთან მასავით მარტო მჯდარმა უცნობმა ახალგაზრდა მამაკაცმა და მის გვერდით, მეორე სკამზე, დახვავებულმა დოკუმენტებით სავსე საქაღალდეების გროვამ თითქმის ერთნაირად მიიპყრო. სიმახვილედაბრუნებულ ჟურნალისტის მზერას, რაღა თქმა უნდა, საქაღალდეებზე ცოტა დაუდევრად წაწერილი გვარი - კ.ჯ. სპენსიც არ გამორჩენია.

მატიმ ჩანთაში თავის დროზე დიდი ძალისხმევით მოპოვებული თუ, საერთოდაც, ვიღაცისთვის უსინდისოდ აწაპნილი პარტიის შტაბბინის მუშაკთა შიდა სატელეფონო ნომრების სია მოძებნა და იქ სასურველ ინფორმაციასაც - "კევინ სპენსი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები" - მალევე მიაგნო. "გამართლებაც ამას ჰქვია". - გაიფიქრა გოგონამ და ჩაის სმაში გართულ მამაკაცს მანამ უცქირა, სანამ ამ უკანასკნელმა თავი არ ასწია და მისი გამჭოლი მზერა არ დაიჭირა.

- კევინ სპენსი, პარტიის შტაბბინიდან, ხომ? - წამით დაფიქრებაც კი აღარ აცალა სასიამოვნოდ გაკვირვებულ კევინ სპენსს მატიმ.

- დიახ...

- მატი სტორინი "დეილი ტელეგრაფიდან". - ისევ უცბად მიახალა გოგონამ. - მართალია, სულ ცოტა ხნის წინ დაივიწყე ამ გაზეთში მუშაობა, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობათაგანი უკვე პარტიის მთელი ხელმძღვანელობის ვინაობის ცოდნაა.

- გასაგებია...

- თითო ფინჯანი ყავა ერთადაც ხომ არ დაგველია, მისტერ სპენს?

- მაგრამ მე რომ ჩაის გეახლებით?

- მაშინ მეც ჩაის დავლევ. - არ დაიბნა მატი. - თუ, რა თქმა უნდა, მცირე ხნით ჩემს საზოგადოებაში ყოფნას ისურვებთ.

როგორც კი მამაკაცმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, მატი მაშინვე მის მაგიდასთან გადასკუპდა და ცოტა ხანში საკმაოდ გულითად საუბარშიც სრულიად უმტკივნეულოდ ჩაითრია.

ნამდვილი საკადრო ბიუროკრატი, 32 წლის უცოლო კევინ სპენსი საკმაოდ მორცხვი აღმოჩნდა, თუმცაღა, ცნობილი გაზეთის მომხიბვლელი კორესპონდენტის ყურადღება იმდენად ესიამოვნა, რომ მარტო თავისი საქმიანობის შესახებ კი არ უამბო, ისიც გაანდო, რომ პრემიერ-მინისტრი და პარტიის სამხედრო კომიტეტის წევრები საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებს მეტისმეტად სერიოზულად აღიქვამენო.

- მეტისმეტად სერიოზულად? - მაშინვე ჩაეჭიდა ამ შეფასებას მატი. - რა გაქვთ მხედველობაში? განა ეს მთელი თქვენი საქმიანობის უმთავრესი შედეგი არ არის?

სპენსმა ამჯერადაც არ დაიზარა და გოგონას მსგავსი გამოკითხვების ნაკლოვანებებსა თუ უზუსტობებზე საკმაოდ ვრცლად უამბო და იმასაც საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ ზოგჯერ ისინი საერთო სურათს საგრძნობლადაც კი ცვლიანო.

- აი, ამაში კი სავსებით გეთანხმებით. - ხმაში სინანული გამოურია მატიმ. - და, სამწუხაროდ, იმის თქმაც შემიძლია, რომ რაღაც მსგავსი ეს-ესაა, მეც კი ვნახე და წავიკითხე.

- რა ბრძანეთ?.. - ფერი ეცვალა და თვალებში სხივიც სასწრაფოდ ჩაუქრა სპენსს. - უფრო სწორად რა გაქვთ მხედველობაში?

- რა და ის, რომ საზოგადოებრივი გამოკითხვის ბოლო მონაცემები და, პირველ რიგში, მმართველი 31 პროცენტზე მინიშნება მეტისმეტად დამთრგუნველია-მეთქი.

- რომელი ბოლო მონაცემები?.. რა 31 პროცენტი?.. - ჩაის ფინჯანს ინსტინქტურად დასწვდა ნერვიულობისგან ხმააკანკალებული კევინი, მაგრამ ხელიც მაშინვე მოღალატურად აუკანკალდა.

- ახლა პრემიერ-მინისტრის 24 პროცენტს აღარ იკითხავთ? - მშვიდად განაგრძო მატიმ. - ალბათ, დამეთანხმებით, რომ კოლინრიჯივით არაპოპულარული თუ, რაღა თქმა უნდა, ბოლო გამოკითხვის შედეგებს დავუჯერებთ, არც ერთი პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა.

- ვერ ვხვდები, რაზე ლაპარაკობთ... - ჩაიბურდღუნა სპენსმა, რომელსაც ხელი უკვე იმდენად უკანკალებდა, რომ ფინჯანში დარჩენილი ჩაი პირთან მიტანამდე მთლიანად სუფრაზე დაეღვარა.

- რაზე და... - ჩანთაში ხელი კიდევ ერთხელ ჩაჰყო მატიმ და იქიდან ორად მოკეცილი თაბახის ფურცელი ამოაძვრინა. - განა ეს თქვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვის საბოლოო მონაცემები არ არის?

- ხომ გითხარით, რომ საერთოდ ვერ ვხვდები, რაზე მელაპარაკებით-მეთქი.

- აი, ამაზე. - ფურცელი ჯერ ხმაურით გაშალა, შემდეგ მაგიდაზე დადო და ხელითაც გულმოდგინედ გაასწორა მატიმ.

სპენსმა ფურცელს ერთი დახედა და მაშინვე გვერდზე და, თანაც, ისე სწრაფად გასწია, თითქოს, ხელზე ცეცხლის წაკიდებისა ეშინიაო.

- მართლა ბოლო მონაცემებია თუ ვცდები? - მაინც არ მოეშვა ჟურნალისტი.

- ეს... ეს ხომ... - ირგვლივ სასოწარკვეთილი მზერა მოავლო სპენსმა. - თქვენ ეს საიდან გაქვთ?

პასუხის გაცემის ნაცვლად მატიმ ფურცელი მშვიდად აიღო და ხმამაღლა კითხვას შეუდგა:

- "აზრის გამოკითხვის ანალიზი #40"...

- ძალიან გთხოვთ, მის სტორინ! - გააწყვეტინა კევინმა. - ცოტა ხმადაბლა... მე თქვენთან არანაირ გამოკითხვებზე მსჯელობის უფლება არ მაქვს. ეს მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაციაა.

- ვერ ვხვდები, ასე მაინც რამ აგაღელვათ? - თვალები ეშმაკურად მოწკურა ჟურნალისტმა. - როგორი გასაიდუმლოებულიც არ უნდა იყოს, ეს ხომ მაინც მხოლოდ ქაღალდის უბრალო ნაგლეჯია და სხვა არაფერი?

- ქაღალდის ნაგლეჯიო?!. - ამჯერად უკვე ნერვულ ჩურჩულზე გადავიდა კევინ სპენსი. - წარმოდგენაც კი არ გაქვთ, ეს რა არის.

- თუ ასეა, რაღას უცდით? გამანათლეთ, მისტერ სპენს!

- თქვენ ხუმრობთ და ამ ციფრების შესახებ რომ ცნობილი გახდეს, ეჭვს მაშინვე ჩემზე მოიტანენ და სამსახურიდან კინწისკვრით გამაგდებენ.

- კარგი რა, კევინ, ასე უბრალოდ სამსახურიდან ვის აგდებენ?

- დამიჯერეთ, სწორედ ასე მოხდება. იცით, რომ პრემიერ-მინისტრი პარტიის თავმჯდომარეს აღარ ენდობა, თავმჯდომარე კი - ჩვენ და ყველა განტევების ვაცს ეძებს?

- რას მეუბნებით, მართლა?

- ...Mმე კი ჩემი სამუშაო მომწონს და სულაც არ მინდა, თქვენთვის საიდუმლო დოკუმენტების გადმოცემაში დამდონ ბრალი. - მატის ირონიულ შეკითხვას ყურადღება საერთოდ აღარ მიაქცია აღელვებულმა სპენსმა.

- უყურე შენ!.. - თავისი მაინც არ დაიშალა გოგონამ. - ნამდვილად არ ვიცოდი, ვიცოდი კი არა, ვერც კი წარმოვიდგენდი, მმართველ პარტიაში მორალური სულისკვეთება თუ ასე ძალიან იყო დაცემული.

- და მერე როგორი დაცემული... - უკვე სრულიად გაუბედურებული გამომეტყველება მიიღო კევინ სპენსმა. - ამაზე უარესი მდგომარეობა მე პირადად საერთოდაც არ მახსოვს... ბოლო არჩევნებმა ყველა ისედაც საშინლად დაღალა და ამას ისიც დაემატა, რომ შედეგებიც სავარაუდოზე ბევრად უარესი აღმოჩნდა.

- ამაში ნამდვილად გეთანხმებით.

- მერე მთავრობიდან ინფორმაციებმა დაიწყო გაჟონვა, რის გამოც კაბინეტის წევრებიც სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს. ამ ყველაფრის ფონზე კი ლორდმა უილიამსმა ჯოხი ისევ ჩვენზე გადატეხა და ძალების ხელახალი მობილიზება ისე გვიბრძანა, რომ დასვენების კი არა, სულის მოთქმის საშუალებაც კი არ მოგვცა.

- რას იზამთ, ამ დროს ჯოხი მართლაც ყოველთვის ხელქვეითზე ტყდება. აბა, შეფები საკუთარ თავებს ხომ არ დაისჯიან.

- ასეა, ასე... - თავი დამნაშავესავით დახარა სპენსმა. - სიმართლე გითხრათ, ბევრი ჩვენგანი მხოლოდ იმაზეღა ფიქრობს, ნეტავ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ როცა სკანდალი ატდება, რაც შეიძლება, ნაკლები მოგვხვდესო...

- სკანდალი?

- დიახ, მის სტორინ, წინ ძალიან სერიოზული სკანდალი გველის. ამიტომაც ძალიან გთხოვთ, მეტიც, გემუდარებით, რომ ამ საქმეში მაინც ნუღარ გამრევთ.

- მგონი, ახლა უკვე მე ვეღარ ვხვდები, რაში და როგორ უნდა გაგრიოთ? - მხრები მიამიტური გამომეტყველებით აიჩეჩა გოგონამ. - თქვენ რომ ჩემთვის ეს მოხსენება არ მოგიციათ, სადაც გინდათ და ვისთანაც გინდათ, უპრობლემოდ დაგიდასტურებთ...

- დიდი მადლობა. - როგორც იქნა, შვებით ამოისუნთქა მამაკაცმა.

- მაგრამ თუ გინდათ, რომ მართლა დაგეხმაროთ, ჯერ თავად დამეხმარეთ.

- დაგეხმაროთ?.. მე?.. კი, მაგრამ როგორ?

- დამიდასტურეთ, რომ ეს ნამდვილად ბოლო გამოკითხვის შედეგების შესახებ მომზადებული მოხსენებაა. - ფურცელი ისევ სპენსისკენ მისწია მატიმ.

- გიდასტურებთ... - ძლივსღა ამოთქვა მამაკაცმა და თავი ხელებში ჩარგო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში