ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის კუ­ლი­ნა­რია, დიეტები, სასმელები, სუსტი ორგანოები - გზაპრესი

ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის კუ­ლი­ნა­რია, დიეტები, სასმელები, სუსტი ორგანოები

ასტროლოგების თქმით, პლანეტების განლაგება და ვარსკვლავები ზემოქმედებას ახდენენ არა მხოლოდ ჩვენს ხასიათსა და ტემპერამენტზე, არამედ ჩვენს კულინარიულ მიდრეკილებებზეც. სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა გურმანობის, საჭმელ-სასმლის მიმართ მათი დამოკიდებულების შესახებ ასტროლოგი სოფია ბზეკალავა გვესაუბრება.

"ნასაზე" აგორებული ჭორი

- ეს დეზინფორმაცია იყო და სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება ის ფაქტი, თითქოს ზოდიაქოს ნიშნებთან დაკავშირებით რაიმე შეიძლებოდა შეცვლილიყო. მსგავსი რამ გამორიცხულია და ყველას შეუძლია მშვიდად იყოს. ასეთი ინფორმაცია თვითონ "ნასას" საიტზეც კი არ იდო. თუმცა, ჭორის აგორება კი მოსალოდნელი იყო, რადგან იმ პერიოდში ცაზე პლანეტა მერკური რეტროგრადული (უკანმოძრავი) იყო, რომელიც ინფორმაციის გავრცელებაზეა პასუხისმგებელი და ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში დავწერე: ჟურნალისტებო, ინფორმაციების მოპოვებისას ფრთხილად იყავით-მეთქი. შესაბამისად, შედეგიც სახეზე იყო, როცა აბსოლუტურად გადაუმოწმებელი, სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც არა მხოლოდ ქართულმა, მსოფლიო მედიამ აიტაცა. როგორც ვიცი, ერთ-ერთმა უცხოურმა საიტმა გაავრცელა და "ნასას" ოფიციალურ ვებგვერდზე გადამოწმება, რატომღაც არავის მოუვიდა თავში.

ასტროლოგია - ცხოვრების განუყოფელი ნაწილი

- ასტროლოგიით დიდი ხნის წინ დავინტერესდი, როცა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი. ზოდიაქოს ნიშნებზე ინფორმაციებს ვაგროვებდი, ზოგ რამეს მასწავლებლებს ვეკითხებოდი, მაშინ ჩვენთან შესაბამისი ლიტერატურაც კი არ არსებობდა... მერე, უკვე, გარკვეული ცოდნა შევიძინე და ამ სფეროში სერიოზულად ჩავერთე. ახლა ასტროლოგია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

სხვადასხვა სტიქიის კულინარიულად აქტიური ნიშნები

- ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მაგალითად, ცეცხლის ნიშნები ძალიან დინამიკურები არიან, მოქნილები, სულ მოძრაობაში არიან და ამ ნიშნებში, შესაძლოა, კარგი კულინარი ნაკლებად ნახოთ, ვიდრე - მიწის ნიშნებში, მათ საკუთარი სიამოვნებისთვისაც და სხვისთვისაც საკუთარი ხელით მომზადებული კერძები, საოჯახო სადილები, ტრადიციები ურჩევნიათ. მზარეულობისკენ წყლის ნიშნები უფრო მიდრეკილნი არიან და კარგად ეხერხებათ. საერთოდ, ყველაფერი პირად რუკაზეა დამოკიდებული, შესაძლოა, ადამიანი ვერძი იყოს, მაგრამ სხვა პლანეტების გავლენას დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადი ტენდენციები კი ასეთია. როცა მე თვითონ ვაკვირდებოდი, თუ ვინ გვხვდება ყველაზე ხშირად კულინარებში, ბევრია მორიელი, კურო, ტყუპი, რომელიც ხელის მოქნილობითაა გამორჩეული და კულინარიაც ხომ სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

სასმელი და ზოდიაქოს ნიშნები

- სასმლის მოყვარული კირჩხიბიცაა და მორიელიც. კირჩხიბები ალკოჰოლს სტრესულ სიტუაციაში უფრო ეძალებიან. მორიელი უფრო ამტანი, გამძლე ნიშანია, ნებისმიერ დროს შეუძლია დალევას თავი დაანებოს, კირჩხიბისა და თევზების ფსიქიკისთვის კი ეს ძალიან ცუდია. სასმელი ვერძზე ძალიან ნაგატიურ გავლენას ახდენს, ალკოჰოლისა და დალევის მოყვარული დიდად არაა, მაგრამ როცა ვერძი სვამს, უხეში, აგრესიული ხდება. არც ისეა ტაქტიანი ნიშანი, ამიტომ, სასურველია, თუ თავს გააკონტროლებს.

დიეტები, საკვების მავნე ზემოქმედება და სუსტი ორგანოები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

- უპრიანი იქნება დავიწყოთ იმით, თუ რომელი ნიშნები არიან მიდრეკილნი წონის მატებისკენ. მაგალითად, იშვიათად შეხვდებით ძალიან გამხდარ კუროს, ძვალმსხვილი ხალხია; როგორც აღვნიშნე, სიმსუქნისკენ მიდრეკილება მშვილდოსნებს აქვთ, ზორბა ტიპები არიან, თუმცა ძალიან მოქნილები; წონის მატებისკენ მიდრეკილება მერწყულებსაც აქვთ, თუმცა, ეს ნივთიერებათა ცვლის პრობლემით უფროა განპირობებული, ვიდრე - ზედმეტი ჭამით. ვერძი, ტყუპი, ლომი - სიმსუქნეს დიდად არ უნდა უჩიოდნენ. კირჩხიბები, განსაკუთრებით ქალები, წონაში ადვილად იმატებენ. ასევე, ტკბილეულის მოყვარული სასწორები, თუმცა, ზედმეტი კილოგრამების დაკლებაც მალევე შეუძლიათ. ვერძის სუსტი ორგანოები თირკმლები და თავია, თუმცა, ტრავმულობა უფრო ახასიათებთ, ვიდრე კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. კუროებს ყელი აქვთ პრობლემატური, ამიტომ ძალიან ცივ სასმელებს უნდა მოერიდონ, ანგინებისკენ არიან მიდრეკილნი. ტყუპის სისუსტე სასუნთქი გზები, ფილტვებია, საკვებზე მეტად, თამბაქოსგან თავის შეკავებას ვურჩევდი. კირჩხიბი კუჭით იმართება, მისი სუსტი ორგანოა, ამიტომ ალკოჰოლი უნდა შეზღუდოს, თუმცა, მის შემთხვევაში, ჯობია მწარე, ცხარე, სტრესი აკონტროლოს, რადგან კუჭის პრობლემები სწორედ ნერვიულობის დროს ეწყება. ლომის შემთხვევაში მთავარი სისხლის ცირკულაციაა, გული, აქედან გამომდინარე, სასურველია, ისეთი პროდუქტები მიიღოს, რომელიც ამ ყველაფრის მოწესრიგებას უწყობს ხელს. ქალწულს კუჭ-ნაწლავი, საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვს პრობლემური და კარგია, როცა ისინი კვებას აკონტროლებენ. შესაბამისად, პრობლემები ნაკლებად შეექმნებათ. სასწორის სუსტი ორგანო თირკმელია, რადგან ის თირკმლით იმართება, ზოგს ფარისებური ჯირკვალიც აწუხებს. შევამციროთ ან რაციონიდან ამოვიღოთ ყველა ის პროდუქტი, რომელიც თირკმელს აზიანებს. მორიელი შარდ-სასქესო სისტემას მართავს და ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება მისთვის არასასურველია, რადგან ეს აუცილებლად გამოიწვევს პრობლემებს. მშვილდოსნისთვის ნივთიერებათა ცვლა, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტია მოსაფრთხილებელი, შესაბამისად, სასურველია, ქოლესტერინის შემცველი საკვების ამოღება. ზედმეტად ცხიმიანი საკვები ხომ ისედაც მავნებელია. თხის რქა ვიტამინების ნაკლებებობით "იტანჯება" და კბილები, ღრძილები, ძვლები მის სისუსტეს წარმოადგენს. ამიტომ, კარგია, თუ რაციონში D ვიტამინით მდიდარი საკვები იქნება ჭარბად. მერწყულებმაც ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებელი საკვები უნდა მიირთვან. მათ ხშირად ვენური პრობლემები აქვთ, ამიტომ, კარგია, სისხლის გამათხელებელი, ჩ ვიტამინით მდიდარი საკვები. თევზების პრობლემა თვალები და მხედველობაა და ფოსფორის შემცველი პროდუქტის მიღებაა სასურველი.

საყვარელი კერძები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

- ზოდიაქოს ნიშნების თორმეტეული, მოგეხსენებათ, ვერძით იწყება. ვერძს სწრაფი კვება უყვარს, რადგან ძალიან დინამიკური ნიშანია და ლოდინი ეზარება. ვერძისგან განსხვავებით, კურო უფრო გურმანია, სახლში მომზადებული კერძები უყვარს და თვითონაც კარგად ამზადებს. ტყუპს შეუძლია თან იმუშაოს, თან ილაპარაკოს და რამდენიმე საქმე აკეთოს ერთად. სასუსნავები უფრო უყვარს. კირჩხიბი კუჭით იმართება და მისთვის ჭამა პრიორიტეტულია, წვნიანები უფრო მეტად უყვართ. ლომს ძვირფასი საჭმელი, დელიკატესები უყვარს და ამაში ფულს არ ზოგავს. ქალწული ერთ-ერთი ძალიან პრეტენზიული ნიშანია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ბავშვები კვების მხრივ ძალიან პრობლემურები არიან. სასწორის მთავარი სისუსტე ტკბილეულია, მთავარია ჰქონდეს შოკოლადი და ნამცხვარი! მორიელს მძაფრი შეგრძნებები უყვარს, რაც კვებაზეც აისახება - მწარე, ცხარე და პიკანტური გემოს მქონე კერძები, ხორცეული უყვარს. მშვილდოსანი ეგზოტიკის მოყვარული ნიშანია და მასშტაბები, კარგად ჭამა, მოლხენა უყვარს. თხის რქა, ზოგადად, ტრადიციების, ტრადიციული კერძების, ოჯახური სიმყუდროვის მოყვარული ნიშანია. მერწყულს სამზარეულოში ექსპერიმენტები განსაკუთრებულად მოსწონს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ გურმანია. თევზებს სასმელი უყვართ, ნებისმიერი სახის, უალკოჰოლოც და ალკოჰოლურიც, ეს კი ხშირად პრობლემებს უქმნის მათ, ამიტომ, უმჯობესია, მოთხოვნები დააბალანსონ.

სხვათა შორის, ადამიანების მსგავსად, საკუთარი ზოდიაქოს ნიშანი ქვეყნებსაც აქვთ და ეს გავლენას მათ სამზარეულოზეც ახდენს. მაგალითად, საქართველო მშვილდოსანია, ამიტომაცაა ჭამა-სმისა და ქეიფის მოყვარული ხალხით განთქმული, კეთებაც გვიყვარს და გულუხვად გამასპინძლებაც. ამაში ასევე მშვილდოსანი იტალიაც ძალიან გვგავს.

თამთა დადეშელი