რა არის ღვთის წი­ნა­შე გა­მორ­ჩე­ულ ადა­მი­ან­თა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა? - გზაპრესი

რა არის ღვთის წი­ნა­შე გა­მორ­ჩე­ულ ადა­მი­ან­თა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა?

მამა მაკარი:

- ძველი აღთქმის პერიოდში, ბოლო ადამიანი, რომელიც ღვთის წინაშე იქნა გამორჩეული, იყო იოანე ნათლისმცემელი. ის იყო გამაერთიანებელი რგოლი ძველსა და ახალ აღთქმას შორის, შემდეგ მოდიან მოციქულები, წმინდა მამები და ის ადამიანები, რომლებიც უფალს მართლად განადიდებდნენ. თუ ვიფიქრებთ, რომ უფალმა მხოლოდ ზოგიერთი ადამიანი გამოარჩია, იმის მიუხედავად, რომ ამ ადამიანებში არავითარი სხვაობა არ იყო, გამოდის, უფალი უსამართლოა, რაც ცოდვილი აზრია. იმ ადამიანებს, რომლებიც ღვთისმოსაობით გამოირჩეოდნენ, მეტად განადიდებდნენ უფალს, შემდეგ მეტად შეიქმნებოდნენ ღირსნი იმისა, რომ უფალს სხვადასხვა მადლი და სხვადასხვა ნიჭი მიეცა. მოციქულთა მაგალითი ავიღოთ: უფალმა თორმეტივე მოციქულს ერთი და იგივე ნიჭი მისცა. როდესაც იუდა განუდგა უფალს, გასცა უფალი და მოსცილდა მოციქულთა დასს, მას ყველა ნიჭი წაერთვა. იუდა მანამდე იქნა განშორებული ყოველგვარი ნიჭისგან, სანამ მაცხოვარს გასცემდა და თავს ჩამოიხრჩობდა. ასევე, მაგალითად, ავიღოთ შვიდი დიაკონთაგანი, რომელთაგან ერთი, ნიკოლაუსი გახდა წინამძღვარი ნიკოლაელთა მწვალებლობისა, მიუხედავად იმისა, რომ მასაც ისეთივე მადლი მიეცა ღვთისგან, როგორიც სტეფანე პირველმოწამეს ან ფილიპესა თუ დანარჩენ შვიდ დიაკონთაგანს, მაგრამ როგორც კი უფალს განუდგა, ღვთისგან მიცემული მადლიც განეშორა ანუ ადამიანთა შორის განსაკუთრებული თვისებებით გამორჩეულნი, რომელთაც შეეძლოთ, ვთქვათ, სასწაულთა აღსრულება, ჰქონდათ ქადაგების ან წინასწარმეტყველების ნიჭი თუ სხვა და სხვა, რა თქმა უნდა, არა თავიანთი ძალითა და შესაძლებლობით იქმოდნენ ამას, არამედ ეს იყო ღვთისგან ბოძებული, მაგრამ მათ ეს ნიჭები და თვისებები მიეცათ მტკიცე რწმენისა და ღვთისმოსაობის გამო.

- რა არის ღვთის წინაშე გამორჩეულ ადამიანთა დანიშნულება?

- უფალი ადამიანებს იმისთვის კი არ აძლევს გამორჩეულ ნიჭს, რომ მხოლოდ თავისთვის გამოიყენონ, მხოლოდ საკუთარ თავს შეეწიონ და თავიანთი თავი გამოიხსნან, არამედ სხვა ადამიანებსაც სარგებელ ეყონ, სხვა ადამიანების სულიერი წარმატებისთვისაც გამოიყენონ. მაგალითად, ავიღოთ წმინდა გიორგის აურაცხელი სასწაული, რომელიც უფალმა მისი მოწამეობის დროს ქმნა. ამ სასწაულთა ხილვით უამრავი ადამიანი მოიქცა ქრისტიანობაზე, უამრავი ადამიანი განმტკიცდა ქრისტეს სარწმუნოებაში. როდესაც მოციქულები სასწაულებს აღასრულებდნენ, ეს სასწაულები სწორედ იმისთვის იყო, რომ წარმართები მოქცეულიყვნენ მართალ სარწმუნოებაზე. უფალი გვეუბნება: - სასწაული ურწმუნოთათვის აღესრულება, მორწმუნეს სასწაული არ სჭირდება. თუ ადამიანმა უფალი შეიცნო, მას სასწაული არ სჭირდება. თუ უფალი აძლევდა გამორჩეულ ნიჭს ადამიანებს - წინასწარმეტყველების, სასწაულებისა თუ სხვა, არა იმისთვის, რომ პირადად მათ სჭირდებოდათ, არამედ იმისთვის, რომ ადამიანებს შეეცნოთ ღვთის ძალა. როდესაც ნახავდნენ, რა შეუძლია ადამიანს უფლის ხელით, თავადაც შესდგომოდნენ უფალს. სხვა ადამიანებსაც ჰქონოდათ მათი ცხოვრება მაგალითად, სულიერი წარმატების მისაღწევად. მართალია, უფალი ადამიანებს სასწაულებს მოუვლენს, მაგრამ გვიკრძალავს სასწაულთა ძიებას. თვითონ ადამიანმა სასწაული არ უნდა ითხოვოს ღვთისგან. როდესაც ფარისევლები და იუდეველები სასწაულს ითხოვდნენ უფლისგან, უფალი ეუბნებოდა მათ: - მემრუშე მოდგმა სასწაულს ვერ იხილავსო, - ის, ვინც სასწაულს ითხოვს, სასწაულს ვერ იხილავს, თუ მაინც იხილა, ეს იქნება არა ღვთისგან, არამედ დაცემული სულის მიერ მოწყობილი. სულის ცხონებისთვის ადამიანს სასწაული არ სჭირდება. როდესაც მაცხოვარი სასწაულებს აძლევდა ადამიანებს, ეს საჭირო იყო, რომ ადამიანები სულიერად განმტკიცებულიყვნენ და ღვთის სწავლება მიეღოთ. დღეს კი, როდესაც საღვთო სწავლება მიღებულია, სასწაულები ნაკლებად ხდება, რადგან სასწაულის ხილვა საჭირო და აუცილებელი აღარ არის, რომ ადამიანმა ქრისტეს სწავლება, ქრისტეს სარწმუნოება მიიღოს. ეს სწავლება უკვე მიღებულია. გვიანი შუა საუკუნეების შემდეგ გაცილებით იკლო სასწაულებმა, რადგან ადამიანების შინაგანი მდგომარეობა ისე შეიცვალა, რომ სასწაულები მათ არა სულიერად განამტკიცებდა, არამედ პატივმოყვარეობასა და ამპარტავნებაში აგდებდა. ამის გამო უფალი ნაკლებად აძლევს სასწაულებს ადამიანებს. ის ვინც სასწაულს ეძიებს, ყველა ნაბიჯზე თვლის, რომ თითქოს მის თვალწინ სასწაული აღესრულა, გამოცხადება ჰქონდა, ღვთის ხილვის ღირსი შეიქმნა... მოტყუებულია ეშმაკისგან და დაღუპვის გზაზე დგას, რადგან ასეთ ადამიანს ბოროტი ადვილად იგდებს ხელში და აძლევს ჩვენებას, რომელიც ძალიან ჰგავს სასწაულს.

- მხოლოდ მიწიერად განდიდებულ ადამიანებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

- ადამიანს ყველა შესაძლებლობას უფალი აძლევს. მას შეუძლია, ეს გამოიყენოს სულის სასარგებლოდ ან არ გამოიყენოს. თუ ამ შესაძლებლობებს სულის სასარგებლოდ იყენებს, მაშინ არა საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც შეეწევა, მაგრამ თუ ამას თავისი სულისთვის არ იყენებს, ვერც სხვებს შეეწევა და პირველ რიგში იზიანებს თავის სულს. უფლისგან მიცემული ნიჭი თითოეულ ადამიანს თავისი ნებისამებრ შეუძლია გამოიყენოს, რადგან ადამიანებს მიცემული აქვთ თავისუფალი ნება.Gგამორჩეული ნიჭი და შესაძლებლობები, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ვთქვათ - წინასწარმეტყველების, სასწაულთა აღსრულების, ეძლევათ იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე მიაღწიეს სულიერების იმ საფეხურს, რომ არა მხოლოდ საკუთარი სულისთვის, სხვა ადამიანებისთვისაც იზრუნონ. თუ ადამიანი არ მიისწრაფვის უფლისკენ, მას ასეთი ნიჭი არ მიეცემა. მიწიერ წარმატებასაც - იმავე მეცნიერებაში, ბიზნესსა თუ სხვა სფეროში, ადამიანი ღვთისგან ბოძებული ნიჭის წყალობით აღწევს, მაგრამ თუ ამას სხვა ადამიანებისთვისაც არ გამოიყენებს, ამაოდ დაუკარგავს, შესაძლოა თავის ნიჭი საბოლოოდ არა წარმატებად, არამედ დაღუპვად ექცეს, როდესაც ღვთის წინაშე წარდგება.

- ხშირად, როდესაც ადამიანი მიწიერ პატივსა და დიდებას მიაღწევს, ცდილობს, რომ სხვა ადამიანები თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს, მორჩილებაში ჰყავდეს. რატომ დევს ეს თვისება ადამიანის ბუნებაში?

- ეს ადამიანის ბუნებაში არ დევს, არამედ დაცემული ადამიანის თვისებაა, რაც ადამიანურმა ბუნებამ ადამის დაცემის შემდეგ შეიძინა. მიუხედავდა იმისა, რომ მაცხოვარი ჯვარს ეცვა, გამოიხსნა კაცობრიობა ადამის ცოდვისგან და მოგვცა გზა სასუფევლისკენ, ადამიანის ბუნებაში დარჩა იგივე თვისებები, რაც ადამის დაცემის დროს შეიძინა. ადამიანი მიდრეკილია ცოდვებისკენ და ადამიანისთვის გაცილებით ადვილია აღასრულოს ცოდვა, ვიდრე იცხოვროს ღვთისმოსაობით.Aმას უდიდესი შრომა სჭირდება, რომ ესა თუ ის ცოდვა დასძლიოს, რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნით. თუ ადამიანი ცოდვებს არ ებრძვის, არ ცდილობს მოერიოს მათ, არა ერთ და ორ, არამედ უამრავ ცოდვაში ვარდება. თუ კაცი ცდილობს, ვიღაცაზე აღმატებული იყოს, სხვაზე მეტი ჰგონია თავი, სურს, სხვის ხარჯზე მოიპოვოს სიმდიდრე, ეს უკვე არის ის, რაც დაემართა ადამიანურ ბუნებას, როდესაც ადამმა შესცოდა და განიდევნა სამოთხიდან.

- ვიცით, რომ პირველი ადამიანების უსინანულობისა და ცოდვაში ჩავარდნის მიზეზიც სწორედ ამპარტავნება იყო...

- უსინანულობა თავად ადამიანის ბრალია. მის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, ცოდვის შეცნობის შემდეგ ინანებს თუ არა. ის, რომ ადამიანმა აკრძალული ხის ნაყოფი იხმია, ცხადია, ურჩობა და ამპარტავნება იყო. ეშმაკმა გველის პირით უთხრა: - თუ კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხის ნაყოფს გასინჯავთ, იქნებით ვითარცა ღმერთიო. ამის გამო იხმიეს აკრძალული ხილი. დაცემულმა ანგელოზმა ის უთხრა, რაც თვითონ სურდა - გამხდარიყო ღმერთი. მათაც ამპარტავნების გამო შეჭამეს აკრძალული ნაყოფი, ამპარტავნების გამო ჩაცვივდნენ ურჩობაში. ამდენად, პირველი ცოდვა ადამიანებშიც, ისევე, როგორც ანგელოზებში, ამპარტავნება იყო. ჯერ ამპარტავნებით დაეცნენ, შემდეგ - ურჩობით, რასაც უსინანულობისა და ცოდვის სხვაზე გადაბრალება მოჰყვა.

- წმინდა მამები ამპარტავნებას უწოდებენ ყველა ცოდვათა დედას. რატომ წარმოშობს ამპარტავნება ყველა ცოდვას?

- როდესაც ადამიანი ამპარტავნებაში ჩავარდება, ეს ცოდვა მას აცლის აბჯარს, აცლის ღვთის მფარველობას. რა არის ამპარტავნება? - ეს არის მდგომარეობა ადამიანისა, როდესაც ის თვლის, რომ ღმერთი არ სჭირდება. შესაძლოა, ადამიანს პირდაპირ, კონკრეტულად ასეთი აზრი არ დაებადოს, მაგრამ ამპარტავნების ცოდვაში მყოფი ადამიანი თავის ძალებზე, თავის თავზეა მინდობილი, დარწმუნებულია, რომ ყველაფერს საკუთარი ძალისხმევით შეძლებს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი განშორებულია ღვთის მადლს. ღვთის მადლის გარეშე დარჩენილი კი ადვილად ხელმისაწვდომია ბოროტისთვის და უკვე ყველა ცოდვისთვის ხელმისაწვდომი ხდება.

შორენა მერკვილაძე