ბანქოს სახლი (ნაწილიXVI) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (ნაწილიXVI)

პენის საკეტში გასაღების გადატრიალების ხმა არ გაუგონია და, ამიტომაც, როცა მისი ბინის კარი ხმაურით გაიღო, ეს მისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ საწოლიდან ფეთიანივით წამოხტა. ოთახში კი არანაკლებ დაფეთებული როჯერ ო"ნეილი შემოვარდა.

- უხ შენი! - ბალიში ესროლა მამაკაცს პენიმ. - ოდესმე სადმე აკაკუნებ?

- გასაღები რომ არ მქონოდა, ნამდვილად დავაკაკუნებდი. - სკამზე მოწყვეტით დაეცა ო"ნეილი.

- ამ დილაადრიან აქ საერთოდაც რა ჯანდაბა გინდა?

- რაღაცის სათხოვნელად შემოვირბინე.

- კარგი ერთი! შენ და რამის თხოვნა?

- გემუდარები, პენი, ნამდვილად არ მეხუმრება. მეტისმეტად დელიკატური საქმეა...

- ჰოდა, რაც შეიძლება დელიკატურადაც უნდა მთხოვო, თორემ არ შეგისრულებ.

- საგარეო საქმეთა მინისტრ პატრიკ ვულტონს ხომ კარგად იცნობ?

- არა, მაგრამ ასეც რომ იყოს, მერე რა?

- რა და გუშინ რომ შევხვდი, შენზე გამიბა ლაპარაკი. აინტერესებს, ჩემთან ერთად ხომ არ ივახშმებსო. თავად ვერ გიბედავს კითხვას, ეშინია, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენოო.

- ო"ქეი, როჯერ.

- რა `ო"ქეი~? - დაიბნა მამაკაცი.

- ვივახშმებ მაგ შენს ვულტონთან. რა დიდი ამბავიც ეგაა.

- ჰო, რა თქმა უნდა... მაგრამ საქმე ისაა, რომ დიდი მექალთანეა და ადვილი შესაძლებელია, მარტო ერთად ვახშმობას არ დაგჯერდეს...

- რა არის იცი, როჯ? - შუბლი უკმაყოფილოდ შეიკრა პენიმ. - ყველა მამაკაცს, ვისთანაც კი ჩვიდმეტი წლის ასაკიდან მოყოლებული სადმე მივახშმია, ჩემგან ყოველთვის რაღაც მეტი უნდოდა. ასე რომ, შენი ვულტონი პირველი არ არის და როგორმე გავუმკლავდები. ის კი არადა, შესაძლოა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩახუტება ჩემთვის სასარგებლოც კი აღმოჩნდეს. სხვა რომ არაფერი, ფრანგულის დახვეწაში მაინც დამეხმარება.

- ხუმრობ, ხომ?

- აბა, იმაზე რომ სერიოზულად დავფიქრდე, საყვარელი მამაკაცი სხვასთან დაწოლისკენ როგორი მონდომებით მიბიძგებს, ხომ გულიც გამისკდება.

- სხვა გზა არ მაქვს, პენი.

- არ გაქვს და ნუ გაქვს...

ხუთი წუთის შემდეგ ო"ნეილიმ უკვე ურჰარტს დაურეკა:

- ყველაფერი მოვაგვარე.

- ყოჩაღ, როჯერ. ძალიან დამეხმარე. ვფიქრობ, საგარეო საქმეთა მინისტრიც კმაყოფილი დაგვრჩება.

- სიმართლე გითხრა, ვერაფრით მივმხვდარვარ, ეს ყველაფერი ჩვენ რაღაში გვჭირდება?

- იმაში, რომ ყველაფერი, რაც ამის შემდეგ მოხდება, პირველ რიგში ჩვენ და, თანაც, ზედმიწევნით გვეცოდინება. ცოდნა კი, ჩემო როჯერ, ძალიან დიდი ძალაა.

რედაქციაში სტატიის გაგზავნის შემდეგ მშვენიერ ხასიათზე დამდგარ მატის მოულოდნელად ტელეფონთან უხმეს. გრევილ პრესტონის პირადი მდივანი ურეკავდა:

- შეფს უნდოდა შენთან ლაპარაკი, მაგრამ მეორე ტელეფონზე დაურეკეს, ამიტომ მოადგილესთან შეგაერთებ.

- კარგი, შემაერთე. - სიტყვა `შემაერთეს~ საგანგებოდ გაუსვა ხაზი კიდევ უფრო გახალისებულმა მატიმ.

- გამარჯობა, მატი, - გაისმა ყურმილში აშკარად ნირწამხდარი ჯონი კრაევსკის ხმა. - სამწუხაროდ, უნდა გითხრა, რომ გრევი შენი სტატიის დაბეჭვდას არ აპირებს.

- რაო? - გაოგნდა მატი. - რას ჰქვია, არ აპირებს? ახლავე დამალაპარაკე!

- სხვას ელაპარაკება.

- არა უშავს, დაველოდები.

- ტყუილად დაელოდები, რადგან დღეს შეფი შენთან ლაპარაკსაც აღარ აპირებს.

- ლაპარაკსაც აღარ აპირებსო?.. წადი ერთი შენიც და შენი შეფისაც! - ყურმილი გამეტებით დაახეთქა გაცოფებულმა მატიმ. - ახლავე რაღაც ჩემზე უფრო ცოფიანი უნდა დავლიო, თორემ ნაღდად გავგიჟდები! - ისევ ხმამაღლა დასძინა შემდეგ და პირდაპირ ბარისკენ გაქანდა.

გოგონამ ბარმენს დახლზე დაჭმუჭნილი ხუთგირვანქიანი დაუგდო და, თან, მისგან ზურგით მდგარ, დახლზე ჩამოყრდნობილ მამაკაცს შემთხვევით მხარი გაჰკრა. მამაკაცი მაშინვე მისკენ შემობრუნდა და მშვიდად ჰკითხა:

- დალევა გიშველიდათ, ხომ, ახალგაზრდა ლედი?

- და მერე როგორ!

- წინააღმდეგი ხომ არ იქნებით თუ თანამეინახეობას მამისტოლი კაცი გაგიწევთ?

- სულაც არა, მისტერ...

- ჩარლზ კოლინრიჯი გახლავართ.

- ვიცი, მისტერ კოლინრიჯ, - თვალები მაშინვე ეშმაკურად აუციმციმდა მატის. - თქვენთან მართლაც დიდი სიამოვნებით დავლევ. ოღონდ, იმ პირობით, რომ პოლიტიკაზე კრინტსაც არ დავძრავთ.

- რა თქმა უნდა.

- მაშინ ნება მომეცით, ჩემი, უფრო სწორად კი, ჩემი ძვირფასი რედაქტორის სახელით რამე ორმაგით გაგიმასპინძლდეთ...

მთავარ შოლტთან გამართულ მიღებაზე იმდენად ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომ ცოტა ხანში საკმაოდ ფართო ოთახში ნემსის ჩასავარდნი ადგილიც კი აღარ დარჩა. თუმცაღა, სტუმრები თავს მაინც ძალიან თავისუფლად და ლაღად გრძნობდნენ. მასპინძელზე კი იმავეს ნამდვილად ვერ იტყოდა კაცი, რადგან მიღების დაწყებისთანავე მთლად გაოფლილმა ზორბა საგაზეთო მაგნატმა, ბენჟამინ ლენდლესმა ოთახის ერთ-ერთ კუთხეში მიიმწყვდია და დანარჩენ სტუმრებთან ურთიერთობის და, რაც მთავარია, მათი კომპლიმენტების მოსმენის საშუალება აღარ მისცა.

- რას გეტყვი იცი, ფრენკი, - ოფლით დაცვარულ შუბლზე უზარმაზარ ცხვირსახოცს ხშირ-ხშირად ისვამდა ლენდლესი. - მე ამ ქვეყანაში უკვე მილიონები ჩავდე, ბოლო არჩევნებისას კი თქვენზე მთელ ჩემს საგაზეთო კონცერნსაც ჩამოვედი. მაგრამ თუ თქვენი უნიათობის გამო ძალაუფლება მაინც არამზადა ოპოზიციონერების ხელში აღმოჩნდა, ხომ იცი, რომ წამითაც კი არ დაფიქრდებიან, ისე გამლურსმნავენ.

- კარგი რა, ბენ, არც ასე ცუდად არის საქმე. - ცალყბად ამშვიდებდა მას მთავარი შოლტი. - ყველა მთავრობას აქვს რთული პერიოდები.

- რთული პერიოდებიო?.. შენ რა, თქვენი ბოლო გამოკითხვის შედეგები არ გინახავს თუ რა ხდება?

- ჯანდაბა! - ხმაში შეშფოთების ნოტები გამოურია ურჰარტმა. - მაინც გაჟონა პრესაში ამ ინფორმაციამ? ეს ხომ ხვალინდელ შუალედურ არჩევნებში ხელს ძალიან შეგვიშლის.

- ამაზე არ იღელვო. პრესტონს უკვე დავურეკე და მასალის ნომრიდან მოხსნა ვუბრძანე.

- პრემიერ-მინისტრი ძალიან მადლობელი დაგრჩება, ბენ.

- არ დამრჩება და ერთი მაგისიც! ყველაზე არაპოპულარული პრემიერ-მინისტრის მადლობას ნეტავ საერთოდ რა თავში ვიხლი... პოლიტიკურ პოპულარობას, პირველ რიგში, ფული მოსდევს, ფრენკი, დიდი ფული. და სანამ თქვენ, ბიჭებო, სათანადო სიმაღლეზე ხართ, მეც წარმატებით შემიძლია ჩემი საქმის კეთება. მაგრამ როგორც კი თქვენი პოპულარობა დაცემას იწყებს, მეც მაშინვე პრობლემები მექმნება. დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ურეიტინგობა, მთელ თქვენს პარტიასთან ერთად, უკვე ჩემს ბიზნესსაც გამუდმებით დაბლა ექაჩება. ასე რომ, თუ დროულად არ იღონეთ რამე, მალე ყველანი ერთ დიდ და ღრმა ორმოში აღმოვჩნდებით.

- გამოდის, რომ მართლა სერიოზული პრობლემა გვქონია. - თავი მოიკატუნა მთავარმა შოლტმა.

- და მანამ გექნებათ, სანამ პრემიერი ასე უაზროდ მოიქცევა.

- მაგრამ თუ სხვაგვარად მოქცევა უკვე აღარ შეუძლია?

- მაშინ ადექით და თავიდან მოიშორეთ!

ურჰარტმა ლენდლესს გაკვირვებით შეხედა, მაგრამ მას წარბიც კი არ შეუხრია:

- სიცოცხლე მეტისმეტად ხანმოკლეა საიმისოდ, რომ ის უიღბლოების მხარდაჭერაზე დავხარჯო, ფრენკი. ბოლო ოცი წელი ქანცის სრულ გაწყვეტამდე იმიტომ კი არ ვიშრომე, რომ ახლა მშვიდად ვუყურო, შენი ბოსი ყველაფერს ქარს როგორ გაატანს!

- ძალიან სამწუხარო იქნება თუ მართლა ასე მოხდა, ბენ, მაგრამ დამიჯერე, რომ... ერთი სიტყვით, პრემიერ-მინისტრისა რაღა გითხრა, მაგრამ მე პირადად შენ მხარდასაჭერად ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ.

- მახარებს ამის მოსმენა, ფრენკი. ნეტავ, პრემიერი იყოს ასე შემართული და გაბედული. უკვე ისე ვარ მასზე გაცოფებული, ჩემი ნება რომ იყოს, პოსტიდან კინწისკვრითაც კი გავაგდებდი!

- მერედა ვინ გითხრა, რომ შენზე არ არის დამოკიდებული?

- ჩემზე? რანაირად?

- ძალიან მარტივად, ბენ! შენ ხომ გაზეთები გაქვს, რომლებიც ადამიანების განწყობილებაზე უდიდეს გავლენას ახდენს, თავად კი მათ მიმართულებას აკონტროლებ. არადა, ზოგჯერ მხოლოდ მყვირალა სათაურიც კი საკმარისია, რომ ერთი შეხედვით თითქოს სრულიად ჩვეულებრივი ინფორმაცია მარტო დღის მთავარ ახალ ამბად კი არა, რომელიმე პოლიტიკოსის დასასრულის დასაწყისადაც იქცეს.

- მგონი, შენს აზრს ბოლომდე ჩავწვდი, ფრენკი. - თვალები ეშმაკურად მოწკურა მაგნატმა. - და უკვე იმასაც ვფიქრობ, რომ ერთმანეთს საკმაოდ კარგად გავუგეთ.

- მეც ასე ვფიქრობ.

- თუ ასეა, მაშინ ძალიან სასწრაფო ზომების მიღება მომიწევს, რადგან ოცდაათ წუთში უკვე გაზეთის ხვალინდელი ნომრის ბეჭდვა იწყება. - სკამზე დაუდევრად მიგდებულ პიჯაკს წამოავლო ხელი მაგნატმა და კარისკენ ენერგიული ნაბიჯით გაემართა.

გაგრძელება "გზის" მე-40 ნომერში