ვინ როგორ ასაღებს თავის პროდუქციას? რეკლამა, რომელიც ყველას სჭირდება - გზაპრესი

ვინ როგორ ასაღებს თავის პროდუქციას? რეკლამა, რომელიც ყველას სჭირდება

ალბათ არავის უყვარს, საინტერესო ფილმი ან გადაცემა რეკლამით რომ წყდება და იმდენ ხანს გვაწონებენ სხვადასხვა პროდუქციასა თუ მომსახურებას, რომ გვავიწყდება კიდეც, რას ვუყურებდით, რეკლამამდე... თუმცა, მის გარეშე ვერც მედიასაშუალებები იარსებებენ და კომპანიებსაც თავისი არსებობის შესახებ ინფორმაციის მომხმარებლამდე მიტანა გაუჭირდება.

დღესდღეობით რეკლამით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ იყო დრო, როცა ადამიანი მის გარეშეც იოლად გადიოდა და ყიდდა და ყიდულობდა საქონელს, სურსათსა და ტანისამოსს, ყოველგვარი განცხადებების გარეშე... საინტერესოა, როდის გაჩნდა პირველი რეკლამა და ვინ იყო მისი ავტორი?

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რეკლამა ჯერ კიდევ ძველი ცივილიზაციის პერიოდში გაჩნდა. რაღა თქმა უნდა, ის რადიკალურად განსხვავდებოდა დღეს არსებული პლაკატებისგან (სატელევიზიო სარეკლამო რგოლებისგან და ა.შ.), მაგრამ ძველ ეგვიპტელებს ეხმარებოდა, ხმა მიეწვდინათ მყიდველებისთვის... მონების გაყიდვის შესახებ.

ეგვიპტელები რეკლამას პაპირუსზე წერდნენ, ხოლო რომაელები - ხის ან ცვილის დაფებზე ამოკაწრავდნენ ხოლმე. სწორედ ასე გამოიყურებოდა მსოფლიოში პირველი, რომაული რეკლამა.

საბეჭდი დაზგის გამოგონების შემდეგ, ლონდონის ერთ-ერთ ეკლესიაზე გამოაკრეს განცხადება, რომ იყიდებოდა ლოცვის წიგნი.

სწორედ ამის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი ქაღალდზე დაბეჭდილი რეკლამების სხვადასხვა ადგილზე განთავსებას. საფრანგეთის მეფემ ბრძანებაც კი გამოსცა იმის შესახებ, რომ თუ ვინმე ნებართვის გარეშე რეკლამას გააკრავდა, ჩამოახრჩობდნენ.

პირველი სატელევიზიო რეკლამა 1941 წელს, ამერიკაში უჩვენეს. ეს იყო შავ-თეთრი, პრიმიტიული, მაგრამ შთამბეჭდავი რგოლი, რომლის საჩვენებლად ბეისბოლის მატჩი გაწყვიტეს და 20 წამის განმავლობაში სტილიზებულ ამერიკის რუკაზე "ბულოვას" ფირმის საათი ჩანდა. საათის რეკლამა 4 ათასმა ადამიანმა ნახა და რამდენიმე Dდღეში სწორედ ამდენივე საათი გაიყიდა.

თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ძნელია, რაიმე ახალი მოიფიქრო. ამიტომ, აქცენტი ძირითადად რეკლამის შემოქმედებით (კრეატიულ) მხარეზე კეთდება და ძალიან დიდი თანხაც იხარჯება. ზოგიერთი სარეკლამო რგოლი რამდენიმე ასეული ათასიც ჯდება.

არ გადაგღლით ბევრი ინფორმაციით. უბრალოდ, მოგიყვანთ მაგალითებს, როგორ ახერხებენ ადამიანები თავისი პროდუქციის რეკლამირებას, ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯის გარეშე... სწორედ შემოქმედებითი მიდგომით.GzaPress

გონიოს პლაჟზე, ზაფხულში შუახნის მამაკაცი დადიოდა და ხმამაღლა გაჰყვიროდა - სანოოოსე! სანოოოსე!

"სიმინდისგან", "ცივი ლუდისგან", "ნაყინისგან" განსხვავებით, რომელიც ყველამ ვიცით, რა არის, "სანოსე" ისე უცნაურად ჟღერდა, რომ ყველას აინტერესებდა, რას ყიდდა ეს შლაპიანი კაცი და ხან ერთი უხმობდა თავისთან, ხან - მეორე. როცა პოტენციურ კლიენტთან ახლოს მივიდოდა, მერე იწყებდა სარეკლამო ტექსტს: - ისეთი ფაფუკია, ისეთი გემრიელი, ასეთი რამ არსად გექნებათ გასინჯული... რომ ჩაკბეჩ, პირში სინაზე ჩაგეღვრება, რომ დაღეჭავ, ენაზე დაგადნება, სიამოვნებისგან კრუტუნს დაიწყებთ და მალე სანოსეს გარეშე ვერ გაძლებთ...

თან თვითონაც ისე ილოკავდა ტუჩებს და ისე ყლაპავდა ნერწყვს, რომ აუცილებლად იყიდდი... ხელცარიელი არავისგან გაბრუნებულა. 2-3 ნაჭერს მაინც ყიდდა ერთ შეკითხვაზე - "რა არის სანოსე"?

მართლაც ძალზე გემრიელი ხილის ნამცხვარი გახლდათ სანოსე... პირველი "გაცნობის" მერე რეკლამა აღარც სჭირდებოდა. კლიენტები ბლომად ჰყავდა... მაგრამ დამსვენებლები მიდიოდნენ და მოდიოდნენ და სანოსეს გამყიდველიც, ახალჩამოსულ დამსვენებლებთან სანოსეს გემრიელობაზე ლაპარაკით არ იღლებოდა...

ავტოსადგურში ასაკოვანი მამაკაცი წლებია, ათას წვრილმანს ყიდის და თითოეულ გასაყიდ საქონელზე ლექსად აკეთებს რეკლამას: "შეიძინე ბატიბუტი, გზაში წადი კნატაკნუტით"... "შეიძინე ჟურნალი, შენი ტვინის მკურნალი", "თუ იყიდი "სალფეთქს", კარგად შეჭამ "კანფეტს"... და თქვენ წარმოიდგინეთ, ყიდის... კლიენტების კეთილგანწყობასაც იმსახურებს და 1-2 "კაპიკსაც" აკეთებს. ხან რაიმე სიტყვას ეტყვიან ხოლმე და სთხოვენ, გარითმოს. ისიც არ დაზარდება და უცებ მოიგონებს ერთკუპლეტიან ლექსს. ამ სიცილ-ხარხარში ასაღებს თავის პროდუქციას...

ბაზარში, ხილბოსტნეულის გამყიდველებიც არ ჩამორჩებიან და ათასგვარ ხრიკს იგონებენ მყიდველის მოსაზიდად.GzaPress

კარტოფილი "გიჟური", "ქართული მარწყვი სტამბოლიდან", "მალინა" პოტენციის ასამაღლებლად", "თაფლი ინგლისურად მოლაპარაკე ფუტკრებისგან"...

ადამიანის ფანტაზიას ხომ საზღვარი არა აქვს და ოფისებისთვისაც უცნაური სახელის მოფიქრება კლიენტის მისაზიდად კარგი ხერხია... "საპარიკმახერო "ჩახუტება", "ძონძო არმანი", მაღაზია "ქექეთ", არაყი "ჯიგრული", "ვარდი? არა - ხორცი!" და არ შემიძლია, არ აღვნიშნო ზესტაფონში, ერთ-ერთი კაფეს რეკლამა - "დალიეთ და გაფრინდით" და ამავე კაფეს კრეატიული მეპატრონე ტუალეტის რეკლამასაც კი შემოქმედებითად მიუდგა.

მინახავს "პროფილაქტიკაზე" გაკეთებული წარწერა - "მოდი ბუქსირით, წადი - დაქოქვით"...

მანქანის გასაყიდად კი პატრონს ისიც კი აქვს მითითებული, რომ მანქანას "კლუჩი" და "კოვრიკები" აქვს...

ერთ სამკერვალოზე კი ასეთი რეკლამაც ვნახე: "ვკერავთ ყველაფერს, "როჟების" გარდა...

ეს უბრალო მოკვდავთა რეკლამებია... რომელიც მუშაობს... არც ერთ ზედმეტ თეთრს არ იხდიან და სასურველ შედეგს იღებენ და ალბათ საკმაო კონკურენციასაც უწევენ იმ რეკლამებს, რომელიც რამდენიმე ათასი ჯდება...

გადახედეთ დღევანდელ წინასაარჩევნო რეკლამებს, რომლებიც ძირითადად კონკურენტების ლანძღვაზეა აგებული და მიხვდებით, რომ მართალს ვამბობ...

თუ მათი პრინციპით იმოქმედებენ, ეს ადამიანები რეკლამებს ასე უნდა აკეთებდნენ:

"გამოცადეთ ჩემი მეზობლის დამპალი კარტოფილის გემო? ახლა ჩემი კარტოფილი იგემეთ და მიხვდებით განსხვავებას!"

"შეიძინეთ პატიოსანი, კაი გვარის ოჯახში გაზრდილი ქათამი, სხვა მამლისკენ რომ არ გაუხედავს, ჩემი მეზობლის ბოზი ქათმებივით კარდაკარ კი არ არიან ნაწანწალები"...

დაბოლოს: თუ რეკლამაში საკუთარ კონკურენტზე გინდა აქცენტის გაკეთება, ისე უნდა გააკეთო, როგორც ეს "მერსედესმა" მოიფიქრა და ბე-ემ-ვეს 100 წლისთავზე ასეთი რეკლამა გააკეთა: "მადლობა, 100-წლიანი კონკურენციისთვის... პირველი 30 წელი უთქვენოდ მოსაწყენი იყო"...

მარი ჯაფარიძე