ნა­თე­სა­უ­რი ქორ­წი­ნე­ბის დროს ხში­რად შთა­მო­მავ­ლო­ბა ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლით იბა­დე­ბა - გზაპრესი

ნა­თე­სა­უ­რი ქორ­წი­ნე­ბის დროს ხში­რად შთა­მო­მავ­ლო­ბა ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლით იბა­დე­ბა

- საიდან დაედო სათავე ადამიანთა შორის ნათესაურ კავშირებს?

მამა მაკარი:

- ნათესაური კავშირები ყალიბდება ადამიანის გაჩენის დროიდან. როდესაც უფალმა ადამს ნეკნი ამოუღო, შექმნა ევა და მიუყვანა ადამს, ადამმა თქვა: ესე არს ხორცი ჩემი ხორცთაგანი და ძვალი ჩემი ძვალთაგანიო. ეს ნათესაობა იყო (არა სისხლისმიერი ნათესაობა იმ გაგებით, რასაც დღეს ნათესაობად აღვიქვამთ, მდგომარეობა, როდესაც ქორწინება არ შეიძლება). ყველა ადამიანი ერთმანეთის ნათესავია. რადგან უფალმა შექმნა ადამი და შეუქმნა ევა, ყველანი ადამის ნათესავები ვართ. ადამმა მოიწყინა, რადგან მისი მონათესავე, მისი გვარისა არავინ იყო, ამ დროს შექმნა უფალმა ევა და ადამმა შეიცნო, რომ ის იყო მისი ნათესავი, მისი სისხლისა და ხორცის. ამ დროიდან ადამიანებმა იცოდნენ, რომ ნათესავნი იყვნენ ერთმანეთისა. თუ ქორწინებასთან დაკავშირებულ ნათესაობაზე ვისაუბრებთ, წარღვნამდელ პერიოდში და წარღვნის შემდგომაც, მამამთავარ აბრაამის დრომდე, ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები არ არსებობდა, სისხლისმიერი ნათესაური ქორწინება არ იკრძალებოდა, ერთი დედის და მამის შვილებს - და-ძმას შორის ქორწინება აღარ ხდებოდა, მაგრამ ხდებოდა უახლოესი ნათესავების, ბიძაშვილების, ნახევარძმისა და ნახევარდის ქორწინებები. ქრისტიანობის პერიოდიდან ნათესაური ქორწინებების საზღვარი გაიზარდა - მერვე თავამდე ანუ მეოთხე თაობის ნათესაობამდე აიკრძალა ნათესაური ქორწინება. რატომ მოხდა ეს? - უფალი არასოდეს გვიკრძალავს იმას, რაც ჩვენთვის საზიანო არ არის. ედემის ბაღშიც კი, უფალმა კეთილისა და ბოროტის ხის ნაყოფის ჭამა აუკრძალა ადამსა და ევას, არა იმის გამო, რომ ღმერთს მოესურვა ასე, არამედ იმის გამო, რომ გარკვეულ დრომდე ეს საზიანო იყო მათთვის. დადგებოდა დრო, როდესაც უფალი თავად მისცემდა მათ ამ ხის ნაყოფის ხმევის უფლებას. ასევე მოხდა ქორწინებასთან დაკავშირებითაც, იმ პერიოდში, როდესაც არ არსებობდა ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები, რასაც ჩვენ ნათესაურ ქორწინებას ვუწოდებთ. როგორც ვთქვით, ახლო ნათესავებს შორის აკრძალული არ იყო ქორწინება და შემდეგ დაწესდა. XIX-XX საუკუნეებში, მეცნიერული კვლევებით დამტკიცდა, რომ ნათესაური ქორწინების დროს, ძალიან ხშირად შთამომავლობა ფიზიკურად არასრულყოფილი იბადება, ეს უკვე ადამიანის გენეტიკაზე, ქრომოსომებზეა დამოკიდებული. ყველა ადამიანის გენეტიკის რაღაც ნაწილი დაავადებულია, მაგრამ თუ დაავადებული ქრომოსომები და გენები რაღაც ზღვარს არ გადააჭარბებს, შთამომავლობის ფიზიკურობაზე ეს არ აისახება. ნათესაური ქორწინების დროს დაავადებული ქრომოსომები ერთმანეთს ავსებს და ვთქვათ, ასი ბავშვიდან ასივე თუ არა, უმეტესობა ფიზიკური ნაკლით იბადება. ეს ხდება თანამედროვე პერიოდში, მაგრამ როგორ იყო წარღვნამდელ პერიოდში? იმ დროს ადამიანთა გენეტიკა არ იყო დაზიანებული იმ უამრავი სნეულებით, რაც ადამიანის ცოდვის დაცემის შედეგად გაჩნდა. ყველა ცოდვა ადამიანში იწვევს ფიზიკურ დაავადებას. მაგალითად, თუ ადამიანი გემოთმოყვარეა, მას კუჭ-ნაწლავის დაავადებები ემართება, თუ მრისხანეა - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები შეიძლება გაუჩნდეს... ეს ჩვეულებრივი მომენტია. ადამიანის გენეტიკა ნელ-ნელა ბინძურდებოდა ცოდვებით და საუკუნეების მანძილზე იმდენად დაზიანდა ადამიანის გენეტიკა, რომ უკვე გავლენა მოახდინა შთამომავლობაზე და ამის შემდეგ უფალმა მცნებად დაგვიდო, რომ ადამიანთა შორის ნათესაური ქორწინება არ დაეშვათ, რათა ადამიანის მოდგმა არ დაზიანებულიყო ფიზიკურად და არასრულყოფილები არ დაბადებულიყვნენ.

ამჟამად ნათესაური კავშირები ყველაზე ვრცლად დაცულია მართლმადიდებლურ ეკლესიაში - ნათესავებს შორის ქორწინება ყველაზე მეტადაა დაშორებული. არც კათოლიკურ, არც მუსლიმურ და მით უმეტეს, ბუდისტურ სამყაროს არ აქვს ასეთი ყოვლისმომცველი და ვრცელი წრე იმისა, სადაც ქორწინება არ შეიძლება.

- რომელ თაობამდე გრძელდება სისხლისმიერი ნათესაური კავშირი? რომელ თაობაში შეიძლება ქორწინება?

- სჯულის კანონის მიხედვით, ნათესაური კავშირი გრძელდება მეშვიდე თავამდე, ანუ მეოთხე თაობამდე - უკვე შვილთაშვილების შვილების თაობაში ქორწინება შეიძლება. ერთი თაობა, ვთქვათ, ძმები, დები, ან და-ძმანი არის ორი თავი, ბიძაშვილები არის ოთხი თავი, ბიძაშვილისშვილები - უკვე ექვსი თავი და გრძელდება ასე, ანუ მეშვიდე თავი გამოდის მეოთხე თაობა. ასევეა ნათელმირონობის შემთხვევაშიც. არსებობს ნათესაობითი ქორწინების ორი კატეგორია: ერთი, როდესაც აუცილებლად უნდა დაინგრეს, რადგან ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, ხოლო მეორე კატეგორიის წყვილზე ხდება ეპიტიმიის დადება, მაგრამ ქორწინება არ იშლება. თუ ქორწინება მოხდა ისეთი კატეგორიის ნათესავებს შორის, როდესაც ერთი ნაბიჯია დარჩენილი ნათესაობასა და არანათესაობას შორის, მღვდელმთავრის მიერ წყვილს ეძლევა საეკლესიო სასჯელი, ეპიტიმია და ხდება ოჯახის შენარჩუნება, ხოლო თუ ქორწინება ახლო ნათესავებს შორის მოხდა, ოჯახი აუცილებლად უნდა დაინგრეს.

- ხშირად სადავო თემად იქცევა მოგვარეზე ან დედის თუ ბებიის მოგვარეზე ქორწინების საკითხი. ამაზე რას გვეტყვით?

- მოგვარეზე, ასევე დედის მოგვარეზე, მით უფრო - ბებიის მოგვარეზე ქორწინებას ხელს არაფერი უშლის, თუ მათ შორის არ არსებობს ნათესაური კავშირი.

- არსებობს ნათესაობის სახე - ნათელმირონობითი ნათესაობა. ვისზე ვრცელდება ეს ნათესაობა?

- ნათელმირონობითი ნათესაობა იწყება ნათლიიდან და ნათლულიდან და ნათლულის მშობლებიდან. რაც შეეხება ნათლულის და-ძმებს, ნათლულის ბიძებს, დეიდებსა და მამიდებს, მათთან ნათლიას ნათესაური კავშირი არ აქვს. ნათესაობა იწყება უშუალოდ ნათლიიდან და ნათლულიდან და ვრცელდება მათ შთამომავლობაზე და ნათლულის მშობლებზე. ერთმანეთის ნათესავები ხდებიან ნათლულის სულიერი და ხორციელი მშობლები, - ნათლია და ხორციელი მშობლები და ნათლიისა და ნათლულის შთამომავლობა. სხვათა შორის, ჩვენთან გაცილებით დიდი პრობლემაა ნათლობით დაკავშირებული ნათესაობის საკითხი. ხშირად ირღვევა ნათელმირონობითი ნათესაობა. ნათელმირონობითი ნათესაობის კონტროლი თითქმის შეუძლებელია, რადგან ადამიანებმა არ იციან, რომ სულიერი ნათესაობა აკავშირებთ. ალბათ იშვიათად ვნახავთ ადამიანს, რომელიც დაასახელებს, ვთქვათ, ვინ იყო ბაბუამისის ბაბუის ნათლია. თუმცა დაქორწინებამდე ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ გამოვიკვლიოთ ნათესაობითი კავშირები.

- არსებობს ასევე მძახლობითი ნათესაობა, რას გულისხმობს ეს, ვინ არიან მძახლობით ნათესაობაში მყოფი ადამიანები?

- სჯულის კანონი პირდაპირ კრძალავს მძახლობით ნათესაობაში მყოფთა ქორწინებასაც. ვთქვათ, ადამიანი დაშორდა ცოლს ან დაქვრივდა და მეორედ სურს დაოჯახება. პირველი ცოლის ნათესავებსა და მეორე ცოლის ნათესავებს (თაობებს ვგულისხმობ) შორისაც კი, არ შეიძლება ქორწინება. მძახლობითი ნათესაობა ვრცელდება დაქორწინებული წყვილის მშობლებსა და ახლო ნათესავებზე. ისინი უკვე ერთმანეთთან ახლო ნათესაურ კავშირში არიან. ამის ათვლა ამ შემთხვევაშიც ხდება თავების მიხედვით, როგორც ხორციელი და ნათელმირონობითი ნათესაობის შემთხვევაში. მაგალითად, მძახლობითი ნათესაობის დარღვევაა ორი დედმამიშვილის, ვთქვათ, ორი ძმის ორ დაზე ქორწინება. ასეთი კავშირი აუცილებლად უნდა დაირღეს.

- რადგან მართლმადიდებლობა ასე მტკიცედ იცავს ამ კავშირებს, ცხადია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს...

- თავისთავად, ჩვენთან ყველაზე მეტადაა გამოხატული ის წეს-განრიგი, რაც უფალმა მოგვცა.

შორენა მერკვილაძე