ბანქოს სახლი (ნაწილიXVII) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (ნაწილიXVII)

- რა ხდება, გრევ? - ჩაჰყვირა ყურმილში მატიმ. - ჯერ იყო და ჩემი სტატია ნომრიდან სრულიად უცერემონიოდ ამოიღე, დილით კი ვიღვიძებ და გაზეთში მის სრულიად დამახინჯებულ ვარიანტს ვხედავ, რომელსაც ხელს ვიღაც "ჩვენი პოლიტიკური მიმომხილველი" აწერს. ამიხსენი ერთი, ჩემ გარდა კიდევ გყავს სხვა პოლიტიკური მიმომხილველი?

- ხმას დაუწიე და ჯერ იმაზე მიპასუხე, ყოველ დილით ჩემთან სახლში დარეკვა და გაღვიძება წესად რატომ გექცა? - თავიდანვე გაღმა შედავება გადაწყვიტა პრესტონმა.

- აბა, რა ვქნა, თუ სამსახურში ვერაფრით დაგიჭირე.

- დამშვიდდი და კარგად მომისმინე. გულახდილად რომ გითხრა, შენი მასალა ძალიანაც მომეწონა და მისი დაბეჭდვაც მინდოდა, მაგრამ მარტო შენ მიერ და, თანაც, კაცმა არ იცის, რა გზით მოპოვებულ ქაღალდის ნაგლეჯს ხომ ვერ ვენდობოდი და შუალედური არჩევნების დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შუაზე მხოლოდ ამის გამო გაგაგლეჯინებდი...

- მე კი არა, ამ დამახინჯებული საშინელების დაბეჭდვით სწორედაც რომ შენ გაგლიჯე შუაზე პრემიერ-მინისტრი!

- ამიტომაც ავდექი და პარტიის ხელმძღვანელობას მოვეთათბირე. - თითქოს, მატის სიტყვები საერთოდ არ გაუგონიაო, ისე განაგრძო რედაქტორმა. - პარტიის საიმედო წყაროებიდან გარანტიებიც მივიღე და რადგანაც ვეღარსად გიპოვე, შენი სტატიის გადაკეთებაც თავად მომიხდა. ასე რომ, ამჯერად "ჩვენი პოლიტიკური მიმომხილველი" შენ კი არა, ჩემო კარგო, მე ვარ, მე!

- შენ აბა როგორ შეგეცილები, მაგრამ ეს "პარტიის საიმედო წყაროები" მაინც რაღა უბედურებაა?

- არა მგონია, ჩემნაირ რედაქტორს შენნაირი დამწყები პროვინციელი თანამშრომლის წინაშე ანგარიშის ჩაბარების ვალდებულება ჰქონდეს. ასე რომ, რასაც დაგავალებ, მხოლოდ იმას გააკეთებ, მეც იმას გავაკეთებ, რასაც დამავალებენ და ყველანი კარგად ვიქნებით. გასაგებია?

ის იყო, მატიმ კითხვა დააპირა, "შენნაირ რედაქტორს" ვინ რას უნდა ავალებდეს და აკეთებინებდესო, რომ პრესტონმა ყურმილი ხმაურით დაუგდო.

ფრენსის ურჰარტი თავისი მზაკვრული გეგმის ასე სწრაფად განხორციელებით თავადაც გაოცებული იყო, რადგან როდესაც "ობსერვერის" რედაქციას პრემიერ-მინისტრის ძმის მაკომპრომეტირებელი დოკუმენტები და ფოტოასლები გაუგზავნა, მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ მათ გადამოწმებას რამდენიმე კვირა მაინც დასჭირდებოდა. გაზეთის ხელმძღვანელობა კი საერთო პოლიტიკურ აჟიოტაჟს აჰყვა და იმის შიშით, რომ კონკურენტებს არ დაესწროთ, ლამის ყველაფერი სასწრაფოდ გამოაქვეყნა. პუბლიკაციის წაკითხვისთანავე პრემიერ-მინისტრმა მთავარ შოლტთან დაკავშირება მოითხოვა, რომელსაც ამის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინეს და ცოტა ხანში ურჰარტმა ტელეფონის ყურმილში მთავრობის მეთაურის უსიცოცხლო ხმა გაიგონა:

- ძალიან ცუდად არის საქმე, ფრენსის... Eეს-ესაა, "ობსერვერის" რედაქციიდან დარეკეს და შეგვატყობინეს, რომ ხვალინდელ ნომერში კიდევ უფრო მძიმე დოკუმენტების გამოქვეყნებას აპირებენ. სიმართლე გითხრა, მთლად კარგად ვერ გავიგე, მაგრამ მგონი, ჩემი ძმა, ჩარლზი იმ კომპანიების აქციების ყიდვა-გაყიდვით აკეთებდა ფულს, რომლებთან დაკავშირებითაც მომგებიან სამთავრობო გადაწყვეტილებებს ვიღებდით და, შესაბამისად, მათი აქციების ფასიც განუხრელად იზრდებოდა. ღმერთო ჩემო, ფრენსის, რა უნდა ვქნა? ყველა იფიქრებს, რომ ამ აფერებთან მეც პირდაპირი კავშირი მაქვს.

- თავად თუ ელაპარაკეთ "ობსერვერის" ხელმძღვანელობას?

- არა.

- ჩარლზი სადღაა?

- ლონდონში, თავის სახლშია. ვუბრძანე, რომ ტელეფონის ყურმილი გადაედო და კარი არავისთვის გაეღო.

- კარგია, რომ სახლშია, მაგრამ...

- რა მაგრამ?

- ალბათ, ჩემგან ცოტა უხერხულია ამის რჩევა, მაგრამ... მოკლედ, დუვრის მახლობლად არის სპეციალური კლინიკა, რომელსაც შოლტების ოფისი სმას ან ნარკოტიკებს გადაყოლილი ზოგიერთი პარლამენტარის გონს მოსაყვანად იყენებს. კლინიკას შესანიშნავი მედპერსონალი და კიდევ უფრო შესანიშნავი მთავარი ექიმი - დოქტორი კრისტიანი ჰყავს. თუ თანახმა იქნებით, სასწრაფოდ დავურეკავ და ჩარლზს გავუგზავნი. ოღონდ, ვინმე ახლობელიც უთუოდ უნდა წაჰყვეს...

- ახლობელი?

- დიახ... იქნებ, თქვენი მეუღლე წაჰყოლოდა. მე კი შოლტებიდან სანდო კაცს შევარჩევ და ადგილზე უკვე ის დახვდებათ. ოღონდ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა გავაკეთოთ, რადგან როგორც კი "ობსერვერის" ახალი ნომერი გამოვა, ჩარლზის სახლს ჟურნალისტები შტურმით აიღებენ.

- კარგი, ფრენსის, ყველაფერი გასაგებია. კიდევ ხომ არაფერია გასაკეთებელი?

- არა, არაფერი. ჯერ ვნახოთ, კონკრეტულად რაზე იქნება "ობსერვერში" საუბარი და შემდეგი ნაბიჯები ამის შემდეგღა დავგეგმოთ. მანამდე კი ჩარლზს მივხედოთ.

- გმადლობთ, ფრენსის. "ობსერვერის" გამოსვლის შემდეგ კიდევ დაგირეკავ.

- ნუ ღელავთ, სერ, ყველაფერი კარგად იქნება.

მთავარი შოლტის დაპირების მიუხედავად, კარგად ნადვილად არაფერი დასრულებულა და სამკურნალო დაწესებულებაში ჩარლზის გადაყვანის გადაღება ყველას მითითებულ ადგილზე უსწრაფესად მისულმა სატელევიზიო კომპანია აი-ტი-ენის ოპერატორებმა დაასწრეს. გვიან ღამით კი ვიდეოფირი, რომელზეც მანქანის უკანა სავარძელში მიყუჟული ჩარლზი და პრემიერის მეუღლე იყვნენ გადაღებულნი, უკვე სატელევიზიო ახალ ამბებში აჩვენეს. "ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი უკვე ვეღარაფრით შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ ამ ყველაფერში თავადაც ყელამდე არ არის ჩაფლული..." - ჩაილაპარაკა ფირის ეთერში გაშვებისას მორიგე რედაქტორმა...

ორშაბათს რედაქციაში დილაადრიან მისული მატი გრევილ პრესტონის გამოჩენას მისსავე კაბინეტში სრულიად უშედეგოდ მანამდე ელოდა, სანამ იქ შემთხვევით რედაქტორის მოადგილე ჯონი კრაევსკიმ არ შეიხედა.

- მატი, სალაპარაკო მაქვს შენთან.

- მადლობა ღმერთს, რომ ამ უაზრო დაწესებულებაში ერთ ადამიანს მაინც შერჩა ჩემთან ურთიერთობის სურვილი. და რაზე აპირებ ჩემთან ლაპარაკს?

- ბევრ რამეზე.

- გისმენ!

- აქ - არა.

- მაშინ საღამოს რვა საათზე ჩემს სახლთან რომ რესტორანია, იქ გელოდები. ერთი წამითაც არ დააგვიანო, თორემ მთელ ჯავრს შენზე ვიყრი.

ზუსტად რვაზე ორივე ადგილზე იყო და სანამ ვახშამს მიუტანდნენ, მატიმ დაიწყო:

- რედაქციიდან წასვლას ვაპირებ, ჯონი!

- მეც.

- რაო?

- მეცხრე წელია, რაც "ტელეგრაფში" ვმუშაობ. სანამ გაყიდდნენ, მართლაც ჩინებული გაზეთი იყო, მაგრამ ის, რაც ახლა აქ ხდება, ჟურნალიზმის ცნებაში საერთოდ აღარ ჯდება. იცი, ვისი ბრძანებით გადააკეთა შენი სტატია გრევმა?

- ვისი? მოიცა, არ მითხრა! ლენდლესის, ხომ?

- სწორედაც! ასე რომ, იმ გაზეთში მუშაობა, რომელიც თანდათან "პრავდას" ემსგავსება, მართლა აღარ ღირს.

- გამოდის, რომ ლენდლესი კოლინრიჯს დაუპირისპირდა. აქამდე სრულიად ღიად ეპირფერებოდა, ახლა კი რატომღაც მასთან ანგარიშის გასწორება გადაწყვიტა.

- ასეა, მაგრამ ვერ მივმხვდარვარ, რატომ?

- ალბათ, უფრო ბიზნესის გამო, თორემ ხომ ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ვაიგამომცემელს პოლიტიკური შეხედულებები სულ ცალ ფეხზე ჰკიდია.

- მაგრამ თუნდაც ბიზნესში ის და კოლინრიჯი ასე რას უნდა დაეპირისპირებინა?

- რას კი არა, ვის, ჯონი!

- ვის?

- სწორედაც რომ!.. ლენდლესი, როგორც ბიზნესმენი, დიდი თავზე ხელაღებული კია, მაგრამ პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირებას მარტო მაინც ვერაფრით გაბედავდა! თავად პარტიაშია ვიღაც, ვინც ამ ყველაფერს მართავს. და, ამიტომაც, ახლა მხოლოდ ერთი რამეღა მაინტერესებს, ჯონი, ვინ არის ეს ადამიანი და რა მიზანი ამოძრავებს? ვინმეს მოკვლაც რომ დამჭირდეს, მაინც ყველაფერს გავარკვევ. შენც ჩემთან ხარ, თუ?..

- რა თქმა უნდა...

როჯერ ო"ნეილს მთავარმა შოლტმა დაურეკა. ყურმილი პენიმ აიღო და აპარატი მაშინვე როჯერის კაბინეტში გადართო. რამდენიმე წამის შემდეგ კი, კაბინეტიდან ყვირილის ხმა მოისმა. პენიმ გაცოფებული ო"ნეილის სიტყვები ვერაფრით გაარჩია, ამიტომ ჯერ კარზე ფრთხილად დააკაკუნა, მერე კი ოდნავ შეაღო. სამუშაო მაგიდასთან მჯდარმა აცახცახებულ ხელებში თავჩარგულმა ო"ნეილმა ხმაურზე თავი ასწია და ქალს შეშლილი მზერა ესროლა.

- რა მოხდა, როჯ? - შეწუხდა პენი.

- ის... ის დამემუქრა, პენი, გესმის? მითხრა, რომ თუ ამას არ გააკეთებ, ყველას ყველაფერს მოვუყვებიო... მე მაინც უარზე დავდექი. ის კი ისევ დამემუქრა...

- ვინ დაგემუქრა, როჯ? რის გაკეთებას გაიძულებს? რით შემიძლია შენი დახმარება?

- არა, არა, პენი, შენ კი არა, უკვე მამაზეციერიც კი ვეღარაფერში დამეხმარება. ამიტომ ძალიან გთხოვ, ყველაფერი, რაც აქ მოისმინე, სასწრაფოდ დაივიწყო და შინ წახვიდე.

- კი, მაგრამ, როჯ...

- აღარაფერი მკითხო, და ახლავე წადი აქედან! - კარისკენ ანიშნა ო"ნეილმა ქალს და როგორც კი ის ოთახიდან გავიდა, კარი შიგნიდან გადაკეტა.

დილის ათი საათისთვის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დაუნინგ-სტრიტზე დაიწყეს თავმოყრა. ყოველი მათგანი იქ პერსონალურად იყო მიწვეული და სხვა კოლეგების დანახვა ისე უკვირდა, თითქოს, მათ საერთოდაც პირველად ხედავსო. ყველა გრძნოდა, რომ რაღაც უჩვეულო ხდებოდა და, ამიტომაც, პრემიერ-მინისტრის გამოჩენამდე ჩვეული ხმაურის ნაცვლად, ერთმანეთს შეთქმულებივით ეჩურჩულებოდნენ. ამასობაში კაბინეტში კოლინრიჯიც შემოვიდა.

- დილა მშვიდობისა, ჯენტლმენებო! - უჩვეულოდ რბილი ხმით მიმართა მან შეკრებილთ. - მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და თავიდანვე გეტყვით, რომ დიდხანს ნამდვილად არ დაგაყოვნებთ.

თავისი ადგილის დაკავების შემდეგ პრემიერმა ტყავის საქაღალდიდან ფურცელი ამოიღო, წინ დაიდო და შეკრებილთ თვალი დინჯად მოავლო.

- წინასწარ შეგნებულად არ შეგატყობინეთ, რომ ჩვენი დილის შეხვედრა მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის სხდომა იქნებოდა, რადგან პრესის მხრიდან ზედმეტ ყურადღებას და უსაფუძვლო მითქმა-მოთქმას მხოლოდ ამ გზით თუ ავიცილებდით. ახლა კი მოკლე განცხადებას წაგიკითხავთ, რომლის ტექსტიც მოგვიანებით პრესაში გამოქვეყნდება. დღის პირველ საათზე უკვე ბუკინგემის სასახლეში უნდა ვიყო და ამ განცხადების თაობაზე მის უდიდებულესობა დედოფალსაც პირადად მოვახსენო. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, რომ განცხადების შინაარსი მანამ არ გაახმაუროთ, სანამ მას დედოფალი არ გაეცნობა. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მისმა უდიდებულესობამ ყველაფერი გაზეთებიდან კი არა, პირადად ჩემგან შეიტყოს.

მაგიდის გარშემო მსხდომებმა პრემიერს, თანხმობის ნიშნად, თავები უსიტყვოდ დაუქნიეს, რის შემდეგაც კოლინრიჯმა ფურცელი აიღო და კითხვა დაიწყო:

- ბოლო დროს მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებაში ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მისამართით სრულიად უკადრის კომერციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებების ნამდვილი ნიაღვარი დაიძრა და ბოლო აღარ უჩანს. უკვე არაერთგზის განვაცხადე და ახლაც ვიმეორებ, რომ მსგავსიც კი არასდროს არაფერი ჩამიდენია და პრემიერ-მინისტრის ქცევის მარეგულირებელ ყველა წესსა და დებულებას ყოველთვის უმტკიცესად მივდევდი და ვიცავდი.

რადგანაც თავად ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი იმ უცნაურ გარემოებებს, რომლებზეც საინფორმაციო საშუალებებშია საუბარი, ჩემთვის წაყენებული ბრალდებების ხასიათი კი საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცების შესაძლებლობას არ მაძლევს, მინისტრთა კაბინეტის მდივანს დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება ვთხოვე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ოფიციალური გამოძიება საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას მოჰფენს ნათელს და ჩემს სრულ უდანაშაულობასაც დაადასტურებს. მაგრამ რადგანაც გამოძიებას დიდი დრო დასჭირდება, პრემიერ-მინისტრის ოფისის მორალური სიწმინდე და შეუბღალაობა კი, რომელთა დაცვაც ჩემი უმთავრესი მოვალეობაა, უკვე ეჭვქვეშ დგას, გადავწყვიტე, დღეს მის უდიდებულესობა დედოფალს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის ნებართვა ვთხოვო.

მაგიდის გარშემო ჯერ გაოგნების შეძახილები გაისმა, რის შემდეგაც ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, თითქოს ოთახში მყოფნი რამდენიმე წამით საერთოდ გაქვავდნენო. ჰენრი კოლინრიჯმა კი, ქაღალდის ფურცელი საქაღალდეში მშვიდად ჩადო, გმადლობთ, ჯენტლმენებოო, ხმადაბლა ჩაილაპარაკა და კარისკენ დინჯი ნაბიჯით გაემართა.

გაგრძელება ჟურნალ "გზის" 41-ე ნომერში