დიტოს ზანგი ბებია - გზაპრესი

დიტოს ზანგი ბებია

ბავშვობიდან ყველა ისე უცქერდა, როგორც კეთროვანს, რადგან არც მეტი, არც - ნაკლები - კახური გვარისა და ქართული ისტორიული სახელის მქონე ბიჭი აფრიკის ჯუნგლებიდან ჩამოყვანილ ზანგს ჰგავდა, ხორკლიანი მოლურჯო ფერის კანით, რომელიც ჭაბუკობაში სიშავეში გადაეზარდა; ისეთი ხუჭუჭა იყო, დავარცხნას კი არა, ბოლომდე გადაპარსვასაც ვერ უხერხებდა პარიკმახერი, თმის სიხშირის გამო...

დედა კი შავგვრემანი ჰყავდა, მაგრამ წითურმა მამამისმა მაინც არ დაიჯერა ცოლის პატიოსნება, როცა ბავშვს დახედა. ჰოდა, ქალი ღალატში დაადანაშაულა და სამშობიაროშივე მიატოვა.

ბევრი იტირა დარომ, - ზანგი სიზმარშიც არ მინახავსო, მაგრამ არავინ დაუჯერა; არც ახლობლებმა შეიცოდეს "თავისმომჭრელი" ქალიშვილი და ვინ იცის, რა მოხდებოდა, სანიტარს რომ არ შესცოდებოდა ახალგაზრდა ქალი. კატო უშვილძიროდ დაბერდა, არც და-ძმა ჰყავდა და ისე აშინებდა მოსალოდნელი სიბერე, რომ დარო შვილად მიიღო, დიტო კი შვილიშვილად და ორივე თავის პატარა ბინაში შეიფარა.

ეს ამბავი 45 წლის წინ ხდებოდა, როცა საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა ქვეყანა იყო და მისი საზღვრები ისე იყო დაგმანული, ზანგები კი არა, ჩიტებიც ვერ მიფრინავდნენ თავის ნებაზე, ამიტომ დიტო პატარაობიდანვე იმ მაიმუნად გრძნობდა თავს, ზოოპარკში გამომწყვდეულს რომ უჭვრიტინებენ მნახველები და ცნობისმოყვარე მზერით აღიზიანებენ...

არც მეგობრობა იყო მისთვის, თორემ სიყვარულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. გოგონები ძაღლდაც არ აგდებდნენ და თუ ვინმე გვერდით დაუდგებოდა, სურათს იღებდნენ ისე, როგორც რომელიღაც ეგზოტიკურ მხეცთან...

გარდატეხის ასაკში ლამის გული გაუხეთქა დედას, - მითხარი, ვინ იყო მამაჩემი და ქმარს ვისთან უღალატეო?!

სახლიდანაც გაიქცა. საზღვარგარეთაც სცადა წასვლა, მაგრამ ჩანასახშივე ჩაეშალა განზრახული...

მერე ნელ-ნელა შეეგუა ბედს. სწავლის გაგრძელება არ ისურვა, საკუთარ თავში ჩაიკეტა და ღამის დარაჯის უფერული ყოფით დაამთავრებდა ცხოვრებას, რომ არა ეროვნული მოძრაობა, დანგრეული საბჭოთა კავშირი და ასე თუ ისე გახსნილი საზღვრები. ჰოდა, ერთხელაც ამერიკიდან ჩამოსულ ფოსტას ვიღაც ლილი როუზის წერილი ჩამოჰყვა ისეთი სახელითა და გვარით, რაიონში სულ ხუთი კაცი რომ ატარებდა. ვინაიდან მათგან დიდ სამამულო ომში ნამყოფი არც ერთი არ იყო, ადრესატს მკვდრებში დაუწყეს ძებნა და მიაგნეს კიდეც - დიტოს პაპას, რომელიც მის დაბადებამდე გარდაიცვალა და საიდუმლო საფლავში ჩაიყოლა, რომელიც არც მისმა ცოლმა გაამხილა მაშინაც კი, როცა დაროს სინდის-ნამუსის და ოჯახის გადარჩენა იყო საჭირო: მოკლედ, დიტოს პაპა დიდ სამამულო ომში რომ გაუწვევიათ, უკვე სამი შვილის მამა ყოფილა, მაგრამ როცა ამერიკელი ლილი როუზი "გაეკეკლუცა" ჰოსპიტალში მყოფს, ცდუნებას ვერ სძლია და ზანგმა ექთანმა ქალიშვილიც გაუჩინა. გოგონა თეთრკანიანი დაიბადა და რაღაც პერიოდის შემდეგ, ზანგმა დედამ ის მამას "აჩუქა": ჩემი ძმები თეთრ კაცთან კავშირს არ მაპატიებენ, მე კი მათი დაკარგვა არ მინდაო. ჰოდა, ასე აღმოჩნდა დედით შავკანიანი გოგონა საქართველოში, რომელსაც მამამ დარიკო დაარქვა და ცოლს გამოუცხადა:

- თუ საკუთარ შვილებში გამოარჩევ, იძულებული ვიქნები, ოჯახი დავტოვო და გოგონასთან ერთად ცალკე ვიცხოვრო!

დედინაცვალს დარო არ უყვარდა, მაგრამ ქმრის დაკარგვა არ უნდოდა და ამიტომ ხმას ვერ იღებდა. იქნებ ამიტომაც არ გაამხილა, რომ დიტოს კანის ფერი დედამისის გენების ბრალი იყო და არა - მისი უნამუსობის?!

ასეა თუ ისე, სიმართლე დღემდე არავინ იცის, რადგან დიტოს პაპაც მკვდარია და დედამისის ბოროტი დედინაცვალიც. დარომ კი ლილი როუზის წერილიდან შეიტყო, რომ ზანგი დედის შვილი იყო, რომელიც 90 წელს მიღწეული ომის დროს დაკარგული პირმშოს პოვნას ცდილობდა...

ეს ამბავი დიტოს ახლობლებმა მიამბეს. თავად მას არ შევხვედრივარ, რადგან ორი წლის წინ გადასახლდა თურმე ამერიკაში, დედასთან ერთად. ბებიას ცოცხალს ჩაუსწრო და მართალია, ბევრი არაფერი ჰქონდა მოხუცს, მაგრამ გარკვეული მემკვიდრეობა მიიღო და ბევრად უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე საქართველოში იცხოვრებდა. რაც მთავარია, ცოლი შეირთო და წითური ქალიშვილიც შეეძინა, ბიოლოგიური მამის ჭეშმარიტი შთამომავალი და ახლა სწორედ ის და-ძმა ცდილობს მასთან დაახლოებას, მამამისს მეორე ცოლთან რომ შეეძინა. მათ თუ დავუჯერებთ, უფროსი ძმა დასაკარგად არ ემეტებათ და იმ ტკივილის გამოსყიდვა სურთ, უნებურად რომ მიაყენეს. ჰოდა, ახლა სთხოვენ, ამერიკაში წაგვიყვანეო...

P.შ. დიტოს მამა ისე მოკვდა, სიმართლე არ გაუგია.

ინგა ჯაყელი