აურზაური არაფრის გამო - გზაპრესი

აურზაური არაფრის გამო

4 ოქტომბერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა საიუბილეო - 90-ე სეზონი პრემიერით გახსნა. უილიამ შექსპირის კომედია "აურზაური არაფრის გამო" რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში წარმოადგინა. აქვე აღვნიშნავთ: თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ყოველ ახალ სეზონზე თბილისურ პრემიერამდე ერთი სპექტაკლის პრემიერა რეგიონებში გაიმართება. სწორედ ამიტომ, "აურზაური არაფრის გამო" ჯერ გორში, საგარეჯოსა და რუსთავში წარმოადგინეს და შემდეგ უკვე - თბილისში.

კომედია სიყვარულისა და სიძულვილის, კეთილისა და ბოროტის უხსოვარი დროიდან ჩასახულ კონფლიქტზე მოგვითხრობს, რომელშიც გამარჯვებული სიკეთე რჩება. რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა შექსპირისეულ ხერხს მიმართა: გასტროლიორ მსახიობთა დასის წევრები მაყურებლის თვალწინ ინაწილებენ როლებს და იბრძვიან ტექსტისთვის, კინკლაობენ, პერსონაჟებს ითავისებენ, რასაც სპექტაკლში მეტი სიხალისე და თეატრის კულისებს მიღმა ინტრიგა შემოაქვს.

"კომედია "აურზაური არაფრის გამო" ქართულ სცენაზე, თბილისში, აქამდე ერთადერთხელ - 1963 წელს დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში დიდი ქართველი რეჟისორისა და პედაგოგის, ლილი იოსელიანის მიერ. ამ სპექტაკლს მის ნათელ ხსოვნას ვუძღვნით. 2017 წლის 25 მარტს, ქალბატონი ლილის დაბადებიდან 95 წელი შესრულდება და გამოვდივართ ინიციატივით, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვიზეიმოთ ეს თარიღი", - აღნიშნა წარმოდგენის დაწყებამდე დიმიტრი ხვთისიაშვილმა.

პიესის თარგმანი გივი გაჩეჩილაძეს ეკუთვნის, მხატვარი ლომგულ მურუსიძეა, მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილის, ხოლო ქორეოგრაფია - გია მარღანიასი. სპექტაკლში მონაწილეობენ: ვახტანგ ნოზაძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე, ნინო არჩაია, ირაკლი გოგოლაძე, ნიკოლოზ ნანიტაშვილი, ირაკლი გოგოლაძე, ნინო მუმლაძე, გიორგი ჯიქურიძე, ვანო დუგლაძე, დავით ხახიძე და სხვ.

ორმოქმედებიანი სპექტაკლის დასასრულს, ფოიესა და საგრიმიოროში სპექტაკლში მონაწილე რამდენიმე მსახიობსა და მაყურებელს ვესაუბრეთ; მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორმა თამარ ლორთქიფანიძემ თეატრის უახლოეს გეგმებზე მოგვითხრო.

ვახო ნოზაძე:

- ვთვლი, რომ ამჟამად მოზარდ მაყურებელთა თეატრში ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული ახალგაზრდა მსახიობები არიან. ძალიან საინტერესოდ მუშაობენ და ამაში მგონი, ეჭვი არავის ეპარება.

- ფაქტობრივად, მხოლოდ თქვენ და დათო ხახიძე ხართ ერთი თაობის, ხოლო დანარჩენი მსახიობები თქვენზე ასაკით უმცროსები არიან...

- დიახ, მე და დათო 40 წელს გადაცილებულები ვართ, დანარჩენები 30-ისაც კი არ არიან. ახალგაზრდებს თუ ფერხულში არ აჰყვები, ძალიან გაგიჭირდება და ეს სპექტაკლსაც დაეტყობა. ამიტომ ვღელავდი და მინდოდა, საერთო ფერხულში ვყოფილიყავით. მგონი, გამოგვდის ფეხის აწყობა (იღიმის).

ვანო დუგლაძე:

- ვფიქრობ, პრემიერა დედაქალაქში უფრო მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებს, თუმცა, გორში, საგარეჯოსა და რუსთავში მაყურებელი მას დიდი მოწონებით შეხვდა და ასეთივე რამ მოხდა თბილისშიც. სპექტაკლში მონაწილე მსახიობების ნაწილს თეატრალური უნივერსიტეტიდან ვიცნობ, ნაწილს - თეატრიდან, მაგრამ "აურზაურის" რეპეტიციებმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს. პიესაც გვაძლევდა სილაღისა და კარგი გაგებით "ხულიგნობის" საშუალებას. ეს ეტყობა კიდეც სპექტაკლს, რადგან მონაწილეები ხშირად მიმართავენ იმპროვიზაციას, რაც ძალიან მიყვარს და ეს უხდება კიდეც ამ ჟანრსა და დადგმას. ძალიან კარგი გუნდი შეიკრა, ყველას გვიხარია ერთმანეთის ნახვა და ეს გუნდური მუშაობა მაყურებლის რეაქციასაც დაეტყო.

ნინო მუმლაძე:

- საერთოდ, პრემიერაზე ნებისმიერი მსახიობი ძალიან ღელავს. პრემიერა პირველად გორში, კომედიის ფესტივალზე ვითამაშეთ, მერე - კიდევ ორ ადგილას, რამაც თბილისურ პრემიერამდე მსახიობებს ერთგვარი თავდაჯერებულობა შეგვმატა და აქედან გამომდინარე, მეტად თავისუფლად ვითამაშეთ. ამან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. თავად ნახეთ, როგორ სიცილითა და ტაშით აგვყვა მაყურებელი სპექტაკლის მსვლელობისას. "აურზაური არაფრის გამო" ძალიან გვეამაყება, რადგან მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები არ ვართ განებივრებული ასეთი სერიოზული დრამატურგების პიესებში თამაშით. შექსპირი ნებისმიერი მსახიობისთვის ძალზე დიდი პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საიუბილეო სეზონი სწორედ ამ სპექტაკლით გაიხსნა და ვფიქრობ, ჩვენც მაყურებელთა მოლოდინი გავამართლეთ.

დათო ხახიძე:

- ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი გვქონდა. მონაწილეების უმრავლესობა ახალგაზრდები არიან და ეს კიდევ უფრო მეტი მოტივაციის მომცემი გახდა. მე სპექტაკლს მეორე მოქმედებიდან ვუერთდები და როცა მათი უკვე გაკეთებული პირველი ნაწილი ვნახე, გავგიჟდი, რა მაგარი ბავშვები ხართ-მეთქი! ახალგაზრდები რომ ასე მუშაობენ, საკუთარი თავის მიმართ მეტად მომთხოვნიც ხდები.

- კომპლიმენტს გეტყვი: სცენაზე შენს გამოჩენას ხშირად ახლავს აპლოდისმენტები, ხშირად მაყურებელმა უკვე იცის, რომ რაღაც განსაკუთრებულს "ჩაიდენ" და იმპროვიზაციასაც უხვად მიმართავ...

- გმადლობთ, მაგრამ ჩემი მხრიდან რთულია ამაზე ლაპარაკი. მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე შემიძლია საუბარი, როცა დარბაზში ვზივარ: ასეთი აღმაფრენის განცდა სხვის მიმართ მაქვს და სხვას ვუკრავ ტაშს.

- რუსთავში შენი მშობლიური თეატრია...

- დიახ, მესამე წელია, იქ არ მითამაშია და ჩემთვის ემოციური იყო.

- ისე, ხშირად გაქვს შექსპირთან შეხება?

- ბოლო პერიოდში "მოზარდში" შექსპირის სამი პიესა დაიდგა და სამივეში ვთამაშობ. ასევე ვმონაწილეობ "მარჯანიშვილის სარდაფში" გურამ ბრეგაძის მიერ დადგმულ "შეცდომათა კომედიაში". სამ წელიწადში შექსპირის ოთხი პიესა მგონი, არაჩვეულებრივი შედეგია (იღიმის).

გივი ბერიკაშვილი:

- სპექტაკლი პირველად ვნახე, დიდი სიამოვნება მივიღე, მაგრამ გასააზრებლად ყოველთვის დრო მჭირდება და ამიტომ შეფასებისგან თავს შევიკავებ.

- ბევრი აქებს მოზარდ მაყურებელთა თეატრის ახალ თაობას, თქვენ როგორ შეაფასებთ ამ მსახიობებს, რომელთა შორის ერთ-ერთი - თქვენი შვილიშვილის მეუღლე ნიკა ნანიტაშვილია?

- 83 წლის კაცი ვარ, ბავშვობიდან მახსოვს, როგორ მივიდოდით ზემელზე აზარიანცის სახლში, სადაც მაშინ თეატრი ფუნქციონირებდა, და კარში მდგომ ქალბატონს შეშვებას ვთხოვდით. ამ თეატრს მაშინაც და ახლაც ძალიან კარგი მსახიობები ჰყავდა, რაც შეეხება ამ თაობას, - მომწონს და ასევე ის, რომ ხელმძღვანელობა ყველა თაობის მაყურებელზე ფიქრობს. დიმამ ისე ააწყო რეპერტუარი, რომ თეატრს ყოველთვის ეყოლება ბევრი მაყურებელი და გამარჯვებული იქნება.

ონისე ონიანი:

- მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ძალიან საინტერესოდ გახსნა სეზონი არაჩვეულებრივი სპექტაკლით. თეატრს ნასიამოვნები და კმაყოფილი ვტოვებ. მინდა, მსახიობებს გულწრფელად მივულოცო, რეჟისორს, ქორეოგრაფს, მხატვარს, მუსიკალური გაფორმების ავტორს, რადგან ხშირადAარ ვართ განებივრებული ისეთი დადებითი ემოციებით, რომლითაც ახლა ავივსეთ.

- რამდენად ხშირად ახერხებთ თქვენი, მარჯანიშვილის თეატრის გარდა, სხვა წარმოდგენებზე დასწრებას?

- სხვებისგან განსხვავებით, ცნობილი ვარ იმით, რომ ყველგან და ყველა სპექტაკლზე დავდივარ. ეს ძალიან ჯანსაღი და აუცილებელი პროცესია (იღიმის).

თამარ ლორთქიფანიძე:

- პირველ რიგში მინდა, ეს თეატრი ყველამ ისე აღიქვას, როგორც - ჩვენ. ანუ ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი თეატრი, რომელიც მომავალი მაყურებლისა და მოქალაქის აღზრდას ემსახურება. ასაკობრივი აუდიტორია ძალიან დიდია და სპექტაკლები ყველა თაობაზეა გათვლილი. რეალურად, ახალგაზრდები ძალიან მალე იცვლებიან და მათ ფეხი უნდა ავუწყოთ. ვცდილობთ, მთლიანად შევუცვალოთ თეატრს იერსახე და გავათანამედროვოთ. ეს არა მხოლოდ რეპერტუარზე აისახება, არამედ ჩვენს საქმიანობაში შემოდის საგანმანათლებლო პროექტების დიდი ბლოკიც. გვინდა პატარებისთვის ზღაპრის ოთახის მოწყობა, ვგეგმავთ ხელოვნების სხვადასხვა დარგის ინსტალაციებსა და შეხვედრებს მაყურებელთან, სადაც გვექნება საუბარი ხელოვნებაზე და ა.შ. მოკლედ, ბევრი გეგმა გვაქვს, რომელსაც ეტაპობრივად გაეცნობა ჩვენი თეატრის გულშემატკივარი.

ანა კალანდაძე